ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2021

საახალწლო შიმშილობა სააკაშვილისათვის - რას მოასწავებს 21 დეკემბრის აქცია და მასზე მიღებული გადაწყვეტილება

სათამაშო ბიზნესის შეზღუდვამდე რამდენიმე დღე დარჩა - დაძაბულობამ პიკს მიაღწია

***

საახალწლო შიმშილობა სააკაშვილისათვის - რას მოასწავებს 21 დეკემბრის აქცია და მასზე მიღებული გადაწყვეტილება

“შობა-ახალი წლის მოახლოებას ენმ მასობრივი შიმშილობით ხვდება და მათი მთავარი მოთხოვნა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებაა. ანალიტიკოსთა ნაწილი ამ შიმშლობას უპერსპექტივოდ მიიჩნევს, სამშაბათის აქცია კი, მათი შეფასებით, ენმ-სთვის სერიოზული ჩავარდნა იყო, რაც პარტიაში რღვევის დაწყებას მოასწავებს”, - წერს გაზეთი „რეზონანსი“, სტატიაში სათაურით, საახალწლო შიმშილობა სააკაშვილისათვის - რას მოასწავებს 21 დეკემბრის აქცია და მასზე მიღებული გადაწყვეტილება

„არაოფიციალური ინფორმაციით, მასობრივი შიმშლობის აქცია თავად სააკაშვილის მოთხოვნა იყო, რომელიც მან პარტიის ლიდერებს წაუყენა და დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა. გარდა ამისა, ერთი ვერსიით, სწორედ პარტიის ლიდერებით სააკაშვილის უკმაყოფილებას უკავშირდება მისი ბიძის, თემურ ალასანიას ჩამოსვლაც საქართველოში, რომელიც სააკაშვილის ციხიდან გასათავისუფლებლად ენმ-ს ხელმძღვანელობის მოქმედებებს არაეფექტურად მიიჩნევს. ასევე არაოფიციალური ინფორმაციით, მან „ნაცმოძრაობას“ ამ მიმართულებით გააქტიურება მოსთხოვა. მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი შიმშლობის დაწყების გადაწყვეტილება 21 დეკემბრის აქციაზე პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ გამოაცხადა. მისი თქმით, შიმშილობას „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან დაიწყებენ, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა ეწყობა. პარტიის თავმჯდომარე ამბობს იმასაც, რომ შიმშილობის მასობრივ აქციაში ჩართვისკენ ვერავის მოუწოდებს, თუმცა რაც უფრო ბევრნი იქნებიან, საბოლოო მიზნის მისაღწევად მით უკეთესი იქნება. „მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან გათავისუფლებისთვის ვიწყებთ ახალ საეტაპო ბრძოლას და დღეიდან ჩვენ ვაცხადებთ მასობრივ საპროტესტო შიმშილობის აქციას. ეს მძიმე გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს კონსტიტუციური უფლება და არაძალადობრივი მეთოდია,“ - განაცხადა ნიკა მელიამ”, - აღნიშნავს გამოცემა.

„რუსთაველის გამზირი სამშაბათს რამდენიმე საათით გადაიკეტა. ხალხმრავლობის გამო ჩაკეტილი იყო საავტომობილო მოძრაობა. სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული კოლონები და მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები პარლამენტის წინ სხვადასხვა ადგილებიდან მივიდნენ. თუმცა, აქციაზე მისული ხალხის რაოდენობა მაინც არ იყო ისეთი, როგორსაც, სავარაუდოდ, აქციის ორგანიზატორები ვარაუდობდნენ. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება იყო. 21 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილი 54 წლის გახდა. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ სერიოზული კრიზისია დაწყებული და ამის ნათელი მაგალითი კი 21 დეკემბრის აქციაა, რომელსაც, მისი შეფასებით, ხალხის არც ისე დიდი რაოდენობა დაესწრო. საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომვალში პარტია ორად გაიყოს და ნიკა მელიამ თავის გუნდთან ერთად ენმ დატოვოს. „ფაქტი სახეზა - „ნაციონალურ მოძრაობას“ იმ რაოდენობის ხალხი ქუჩაში ვეღარ გამოჰყავს, რაც უნდა გამოეყვანა. ამიტომაც პარტიის შიგნითვე დიდი დაპირისპირებაა და უახლოეს მომავალში არ გამოვრიცხავ, რომ მისი ორად გაყოფაც კი მოხდეს. 21 დეკემბრის აქციამ კარგად აჩვენა, რომ დანარჩენმა ოპოზიციამ ამ პარტიისგან თავი შორს უნდა დაიჭიროს, თორემ ქვეყანაში ძალიან მძიმე პოლიტიკურ რეალობას მივიღებთ. „სააკაშვილის ციხეში ყოფნამ, როგორც უკვე ჩანს, პარტიასაც და იმ მედიასაშუალებებსაც, რომელსაც ის აკონტროლებს, მძიმე ფინანსური მდგომარეობა შეუქმნა. ამიტომაც ამ პოლიტიკურმა მუქთახორობამ და არაფრის კეთებამ ენმ-ს მხარდამჭერებიც დააკარგვინა და ასევე დიდი ფინანსური პრობლემები შეუქმნან. ის ხალხი, რომელიც ქუჩაში ფულის სანაცვლოდ გამოდიოდა, ფაქტია, ვეღარ გამოჰყავთ. ამიტომაც გვაქვს ის რეალობა, რაც 21 დეკემბერს ისედაც მოსალოდნელი იყო. ეს იქნება ენმ-ის დასასრულის დასაწყისი“, - ამბობს საყვარელიძე „რეზონანსთან“, - განაგრძობს გამოცემა.

„მისივე თქმით, არ არის გამორიცხული ენმ ბოლოს მაინც გარკვეულ რადიკალურ ქმედებებზე გადავიდეს. ეს იქნება პარტიის ბოლო გაბრძოლება, რომელიც მას უფრო დააზიანებს, ვიდრე რაიმე შედეგს მოუტანს. საყვარელიძის აზრით, პოლიტიკური ლიდერების კვლავ შიმშილობის დაწყებამ შესაძლოა ქვეყანაში გარკვეული დისონანსი შემოიტანოს. ისინი დასავლეთის ყურადღების მიქცევას შეეცდებიან. თუმცა მას საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება და რეაქცია მაინც არ მოჰყვება. საყვარელიძე ერთადერთ გამოსავალს კვლავ სააკაშვილის ექსტრადირებაში ხედავს, თუმცა მას უკრაინის მხარე არ ითხოვს და როგორც ჩანს, ამის სურვილი, დიდი ალბათობით, არც თავად სააკაშვილს აქვს. „ხელისუფლება ამ ყველაფერს ძალიან წყნარად და მშვიდად ადევნებს თვალს. ხალხში საპროტესტო მუხტი არ არის, ამიტომაც ენმ-ის ელექტორატი, რომელიც ისედაც შემცირებულია, ქუჩაში მუდმივად ყოფნისთვის მზად არ არის. „მრჩება შთაბეჭდილება, რომ ენმ-ის შიგნით ჯუფის ნაწილს სააკაშვილის გარეთ გამოსვლა სულაც არ აწყობს. თუმცა, როცა ხალხში პროტესტი არ არის, ვერც ნიკა მელია და ვერც სხვა მოშიმშილე პოლიტიკური ლიდერები მასობრივი აქციების მოწყობას ვერ შეძლებენ. ახლა მთელი ზამთარი პოლიტიკურად მკვდარი პერიოდია და ხელისუფლებამ რამეზე რატომ უნდა იღელვოს?!“ - ამბობს საყვარელიძე „რეზონანსთან“, - დასძენს გამოცემა.

„ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი მიიჩნევს, რომ ამდენი ხნის ორგანიზებისა და დაგეგმვის მიუხედავად, „ნაციონალურ მოძრაობას“ სააკაშილის დაბადების დღის გრანდიოზულად აღნიშვნა რუსთაველის გამზირზე არ გამოუვიდა. ეს კი ენმ-ის კიდევ დამატებით დარტყმას მიაყენებს და უახლოეს მომავალში ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში დიდ ცვლილებებს უნდა ველოდოთ. „ენმ-ში დაწყებული დაპირისპირება საბოლოო ჯამში სააკაშვილის ბიძამ თემურ ალასანიამ დაარგვირგვინა. პარტიის შიგნით ძალიან დიდი განუკითხაობაა. ამიტომაც სააკაშვილმა მაშველ რგოლად საკუთარი ბიძა, რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი თემურ ალასანია გამოიძახა. საქართველოში მისი ჩამოსვლის მთავარი მიზანი ენმ-ში არსებული სიტუაციის დალაგება იყო. „ცხადია, სააკაშვილი საპატიმროდან პარტიას ვერ მართავს, მიუხედავად მისი შეხვედრებისა და მოწოდებებისა. ალასანიამ ცხადად დაგვანახა, რომ ენმ-ში უმწვავესი პრობლემებია და გვარამიას ინტერვიუზე დემონსტრაციულად უარი უთხრა. სანაცვლოდ კი ინტერვიუ „ტვ პირველს“ მისცა. ის გაწბილებულია „ნაციონალურ მოძრაობით“, რადგანაც ძალიან დიდი ფული იხარჯება და ხალხი ქუჩაში ვერ გამოჰყავთ. „ბუნებრივია, რამდენი ფულიც არ უნდა ხარჯონ, საზოგადოებრივი მხარდაჭერა ენმ-ს უკვე დაკარგული აქვს და ფულის ხარჯვა ვეღარ უშველით. ცალკეული უცხოელი დაქირავებული ლობისტების გარდა, სააკაშვილის ვადამდელ გათავისუფლებას მხარდაჭერა არ აქვს. დასავლეთშიც კარგად ხედავენ, რომ სააკაშვილის გათავისუფლება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობას არ სურს. ალასანიამ 21 დეკემბერს საკუთარი დის შვილის დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვედიო და ქვეყნიდან გავიდა. ამიტომ ეს დღე ქართულ პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანი დღე იქნება, რადგანაც ენმ-ის რღვევა ზუსტად ამ მომენტიდან დაიწყება“, - ამბობს აბაშიძე „რეზონანსთან“, - წერს სტატიის ავტორი.

სათამაშო ბიზნესის შეზღუდვამდე რამდენიმე დღე დარჩა - დაძაბულობამ პიკს მიაღწია

"მთავრობის გადაწყვეტილებამ სათამაშო ბიზნესის რეგულაციებთან დაკავშირებით როგორც ინდუსტრიის წარმომადგენლების, ასევე ცნობილი სპორტსმენების მხრიდან პროტესტი გამოიწვია. სექტორში ირწმუნებიან, რომ ქართული სპორტის განვითარებაში ინვესტირებას ვერ მოახდენენ. სპორტსმენების ნაწილი მათ პოზიციას მხარს უჭერს და ხელისუფლებას მოუწოდებს, არ მიიღონ რეგულაციები, რომლებმაც ბიზნესს შესაძლოა, რადიკალური გადაწყვეტილებისაკენ უბიძგოს. მეორე მხრივ, საზოგადოების ცნობილი სახეები მთავრობის ინიციატივას ბოლომდე მხარს უჭერენ. აზრთა სხვადასხვაობა დიდია, მაგრამ ფაქტი ერთია - მთავრობა დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას აპირებს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, სათამაშო ბიზნესის შეზღუდვამდე რამდენიმე დღე დარჩა - დაძაბულობამ პიკს მიაღწია / „ვწუხვარ სახელოვანი სპორტსმენების პოზიციის გამო და ვთხოვ, საზოგადოებასთან ბრძოლაში ჩაბმას მოერიდონ"

"სათამაშო ბიზნესის ასოციაციის განცხადებით, დაანონსებული საკანონმდებლო შეზღუდვების დამტკიცების პირობებში, სათამაშო ბიზნესის სექტორს მოუწევს, უარი თქვას სპორტის სპონსორობაზე, ასევე მოუწევს, შეამციროს ან უარი თქვას სპორტულ ტრანსლაციებზე. „რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ჩვენთვისაც ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ხელისუფლებამ არ დაგვიტოვა არანაირი გზა, მოვქცეულიყავით სხვაგვარად“, – აღნიშნულია საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის განცხადებაში. ბიზნესის პოზიციას სრულად იზიარებს სპორტსმენების ნაწილი, მათ შორის, ლევან საგინაშვილი, ლაშა ტალახაძე და ნინო ოძელაშვილი. მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილი („ქართველი ჰალკი“) რეგულაციების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ მომხრეა, არ შეეხოს სპორტს იმ სახით, რომ სათამაშო ბიზნესს დაეკარგოს სპორტის სპონსორობის ინტერესი. „პირადად ჩემზე შემიძლია ვთქვა, რომ თუ კანონი ამ სახით მიიღეს და შეწყდა დაფინანსება, მომიწევს ქვეყნიდან წასვლა ან სპორტისთვის თავის დანებება, რადგან ეს არის ჩემი ერთადერთი შემოსავალი. ამის გარეშე, უბრალოდ, საჭმელიც არ მექნება“, – განაცხადა მან”, - აღნიშნავს გამოცემა.

"სამბოში მსოფლოსა და ევროპის ჩემპიონის, ნინო ოძელაშვილის განცხადებით, სათამაშო ბიზნესი გვერდში ედგა სპორტსმენებს, ამიტომ ქართული სპორტი უნდა განვითარდეს, ხელი შეეწყოს მას, თუმცა არის პრინციპული პოზიციაც, რომ არ იქნას გათვალისწინებული სექტორის მოსაზრება და რეგულაციების გამკაცრებისას შეღავათებზე არ იყოს საუბარი, ზომების მიღება კი არ გადავადდეს, განსაკუთრებით - რეკლამის აკრძალვის ნაწილში. კამპანიას აზარტული თამაშების წინააღმდეგ იურისტი ანა დოლიძე უდგას სათავეში. იგი სპორტსმენებს მიმართავს თხოვნით, მაქსიმალურად შეიკავონ თავი და სათამაშო ბიზნესს მხარი არ დაუჭირონ. „3 წელი ვიომეთ ერთად, რომ რეკლამა და ასევე ონლაინ თამაშები შეგვეზღუდა. ბევრი ადამიანის წვლილია ამ საქმეში და როგორც იქნა, გარკვეულ შედეგამდე მივედით. უმწვავესი თემაა, რომელიც პირდაპირ ეხება ბავშვებსა და მათ მომავალს. ვინც რეგულაციას მხარს არ უჭერს, ეწინააღმდეგება რეალურად იმას, რომ ბავშვებს ჰქონდეთ უკეთესი მომავალი. დილიდან საღამომდე (არა ღამით), როცა ჩვენი შვილები არიან სახლში და უყურებენ ტელევიზორს, რეკლამით მოუწოდებენ მათ, რომ ითამაშონ, პირდაპირ დაპროგრამება მიდის. არც ერთ ქვეყანაში არ ხდება ასე. წყალი არ გაუვა, რომ რეკლამა არის შესაზღუდი, ამიტომ ხელისუფლებამ სწრაფად უნდა მიიღოს ზომები და რაც გასაკეთებელია ქვეყნისთვის, დღესვე გააკეთოს. ვწუხვარ სახელოვანი სპორტსმენების პოზიციის გამო, ვამაყობ ამ ადამიანებით, მაგრამ ვთხოვ, საზოგადოებასთან ბრძოლაში ჩაბმას მოერიდონ. ჩემპიონები ბავშვებისთვის მისაბაძნი არიან და ნუ მიიღებენ ამ კამპანიაში მონაწილეობას“, - განაცხადა ანა დოლიძემ”, - განაგრძობს გამოცემა.

"მან ასევე ისაუბრა იმ დაფინანსებაზე, რასაც ფეხბურთში იხდის სახელმწიფო და შესაბამისად ხალხზე, რომლის შენატანითაც ბიუჯეტი ფინანსდება. "აუდიტის სამსახური ამ ანგარიშებს ყოველწლიურად აქვეყნებს, ჩვენ ვიხდით დიდ ფულს სპორტში. სამწუხაროდ, იგი ხშირად არამიზნობრივად იხარჯება. ანგარიშის მიხედვით, ჭიდაობის ფედერაციაში 1,8 მილიონი ლარი გადაიხადეს ლერი ხაბელოვის დის სასტუმროში (ეტყობა, ერთსა და იმავე სასტუმროში ჩერდებიან სპორტსმენები). სხვადასხვა სპორტულ ფედერაციაში ასევე უზარმაზარ თანხას ვიხდით. 2016 წლიდან 2021 წლამდე ფეხბურთის დაფინანსებაში 251 მილიონი ლარია გადახდილი. აქედან 81% კლუბებზე მიდის და 19% საგანმანათლებლო ღონისძიებებს ხმარდება - კლუბებს და არა ბავშვებს. არსად არ არის გაწერილი, რა ნაწილი იხარჯება ხელფასებში და რამდენი მიდის ადმინისტრაციასა და მოთამაშეებზე. ამდენად, კატეგორიულად ვითხოვ, აზარტული თამაშების რეკლამა მაქსიმალურად შეიზღუდოს და დარჩეს მხოლოდ სპორტული ღონისძიებების დროს. ბათუმში სპორტის ახალი არენა ააშენეს და სათამაშო გიგანტის, "აჭარის“ სახელი დაარქვეს, რადგან მან იყიდა ეს სახელი მერიისგან. ასეთი პრეცედენტი არ უნდა დავუშვათ“, - განაცხადა ანა დოლიძემ“, - დასძენს გამოცემა.

"სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით შეუვალია ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პოზიცია. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი კაპანაძის შეფასებით, დროულად თუ არ მოხდა მათი რეგულირება, სამომავლოდ უფრო მწვავე პრობლემა გაჩნდება, რასაც შემდეგში მთავრობა ვეღარაფრით გაუმკლავდება. „ქვეყნის ეკონომიკისთვის სათამაშო ბიზნესი პრობლემურია, როგორი გადამხდელიც არ უნდა იყოს იგი, მით უფრო, როცა საქმე ონლაინ თამაშებს ეხება. განსაკუთრებით პრობლემური დღეს ქვეყანაში არის ონლაინ სექტორი, რაც მოსახლეობისთვის დიდი ზარალის მომტანია. ეს არ არის ბიზნესი, რომელიც ქმნის ეკონომიკურ დოვლათს და აძლიერებს ეკონომიკას, არამედ დიდი ზიანის მომტანია მოქალაქეებისთის - როგორც ფინანსური თვალსაზრისით, ასევე მათ ჯანმრთელობასაც უდიდეს საფრთხეს უქმნის. მიმაჩნია, რომ ზომები უნდა მიიღონ მალე და რეკლამის კანონი მკაცრი უნდა გახდეს. აქ უკან დახევა არ შეიძლება. პრობლემა წლებია, გროვდება და 32 მილიარდ ლარზე ავიდა სათამაშო ბიზნესის ბრუნვა. უდიდესი შემოსავლები მიიღო ამ ბიზნესმა და დღემდე ასე გრძელდება. თუკი დროულად არ მოახდენენ რეგულირებას და კანონპროექტით რეკლამის აკრძალვა გადავადდება, სამომავლოდ შეიძლება, უფრო მწვავე პრობლემა გაჩნდეს. აუცილებელი რეგულაციებია, რომლებსაც სჭირდება მხარდაჭერა, საზოგადოების პოზიცია უნდა იყოს ერთსულოვანი, თუკი ქვეყნის მომავალზე გული შეგვტკივა“, - განაცხადა „რეზონანსთან“ კაპანაძემ. პარლამენტმა 17 დეკემბერს მეორე მოსმენით უკვე მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც აზარტული თამაშების რეკლამას კრძალავს და ითვალისწინებს ონლაინ აზარტული თამაშების ორგანიზატორი კომპანიების ახლებურად დაბეგვრას. საბოლოო კენჭისყრაზე პროექტი პარლამენტს ამ კვირაში წარედგინება”, - წერს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა