პროკურორის განცხადებით, სასამართლომ გირაოსთან ერთად „თბილისი პრაიდის“ ოფისში შეჭრისთვის ბრალდებულებს დამატებითი შეზღუდვები დააკისრა, მათ შორის ლგბტ თემის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია აუკრძალა

„თბილისი პრაიდის“ ოფისში შეჭრისთვის ბრალდებულებს სასამართლომ ლგბტ თემის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია აუკრძალა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქმის პროკურორმა ნათია გურულმა განუცხადა.

როგორც პროკურორი განმარტავს, ისინი დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გაუქმებას არ ეთანხმებოდნენ, ვინაიდან ბრალდების მხარის აზრით, მხოლოდ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება უზრუნველყოფდა ბრალდებულებიდან მომდინარე საფრთხეების განეიტრალებას.

ნათია გურულის განმარტებით, სასამართლომ გამოყენებულ გირაოსთან ერთად ბრალდებულებს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებებიც დაეკისრა, მათ შორის, პოლიციის განყოფილებაში კვირაში ერთხელ გამოცხადება.

„დღევანდელ პროცესზე არსებითი განხილვის სხდომა მიმდინარეობდა, დაიკითხნენ მოწმეები. იმის გათვალისწინებით, რომ მოსამართლე 2 თვეში ერთხელ ვალდებულია თავისი ინიციატივით გადასინჯოს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების საკითხი თუკი, ბრალდებულების მიმართ პატიმრობაა გამოყენებული, ამ შემთხვევაში, ვინაიდან გიორგი ელისბარაშვილს, გიორგი ოძელაშვილსა და ალიკა ალაზოვს შეფარდებული ჰქონდათ პატიმრობა, მოსამართლემ საკუთარი ინიციატივით გადასინჯა აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა. პროცესის განმავლობაში მხარეებმა ჩვენ-ჩვენი პოზიცია გავაჟღერეთ, ბრალდების მხარე გამოყენებული პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა, დაცვის მხარე არ დაეთანხმა ჩვენ პოზიციას და ითხოვა აღკვეთის ღონისძიება მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლილიყო, ან საერთოდ გაუქმებულიყო. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თითოეულ ბრალდებულს გამოყენებული პატიმრობა 5000-5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეცვლოდათ. ბრალდებულებს დამატებითი ვალდებულების სახით დაეკისრათ პასპორტის ჩამორთმევა, პოლიციაში კვირაში ერთხელ გამოცხადების ვალდებულება და ასევე ლგბტ თემის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია აუკრძალა, რათა რაიმე ფორმის ზემოქმედებას არ ჰქონდეს ადგილი.

ჩვენ არ ვეთანხმებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, პირველ პროცესზეც გავაჟღერეთ და მიგვაჩნდა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება უზრუნველყოფდა ბრალდებულებიდან მომდინარე საფრთხეების განეიტრალებას“, - განაცხადა გურულმა.

ბრალდების მხარეს სამივე პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.

ცნობისთვის, „თბილისი პრაიდის” ოფისში შეჭრისთვის ბრალდებული 3 პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ 5000-5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

გამოძიების ინფორმაციით, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ბრალდებულები ალიკა ალაზოვი, გიორგი ელიზბარაშვილი და გიორგი ოძელაშვილი ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, შეუწყნარებლობის მოტივით თავს დაესხნენ „თბილისი პრაიდის“ ოფისს, სიტყვისა და აზრის გამოხატვის, ასევე მათი საზოგადოებრივი მოღვაწეობის შეზღუდვის მიზნით, უკანონოდ შეიჭრნენ ოფისში და დემონსტრაციულად დააზიანეს და გაანადგურეს „თბილისი პრაიდის“ კუთვნილი ინვენტარი.

ალიკა ალაზოვს, გიორგი ელისბარაშვილს და გიორგი ოძელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, ჯგუფურად), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობის მუქარით) და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა