თენგიზ ფხალაძე - თვითდამშვიდების უფლება არ გვაქვს, რუსეთი პროვოკაციებს მოაწყობს, გაასმაგებული ძალისხმევა გვმართებს, რომ საფრთხეების პრევენცია მოვახდინოთ, ეს კი მხოლოდ ჩვენს პარტნიორებთან სინქრონული მუშაობით მიიღწევა

საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ ჯიპა-ს ასოცირებულ პროფესორს, თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა.

- ბატონო თენგიზ, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა დასავლეთს პრაქტიკულად ულტიმატუმი წაუყენა მოითხოვა რა რომ დასავლეთმა ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომლითაც ნატო არ გაფართოვდება, კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა, რომ არა მარტო უკრაინაა საფრთხეში, რომლის საზღვრებთან რუსული ჯარები დგას, არამედ საფრთხეშია საქართველოც.

სავარაუდოდ, რაა მიზეზი იმისა, რომ დასავლეთი ვერ ახერხებს პუტინის შეჩერებას და ახლა კრემლი მთელ დასავლურ სამყაროს ულტიმატუმის ენით ესაუბრება?

- ეს მხოლოდ ულტიმატუმი არა, ვა-ბანკიცაა. ვითარება კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა და მისი განმუხტვა ადვილად არ მოხდება. რუსეთმა გადაკვეთა დასაშვები ზღვარი და მოთხოვნები საბჭოთა საგარეო პოლიტიკის კლასიკურ სტილში დააფიქსირა.

ამას მრავალი მიზეზი აქვს. ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მხოლოდ მთავარს შევეხები - დღეს რუსეთისათვის ახალი გამყოფი ხაზები და გავლენის სფეროების ოფიციალურად დაფიქსირება ის სასურველი პარადიგმაა, რომელიც კრემლის რევანშისტულ ექსპანსიონიზმის ლეგიტიმაციას მოახდენს და სხვებისათვის უკანონოდ წართმეულს ოფიციალურად გაუფორმებს.

ამასთანვე გასათვალისწინებელია ორი დამატებითი ფაქტორიც - მომავალ წელს უნდა შედგეს ბაიდენ-პუტინის მორიგი სამიტი და ნატომ უნდა დაამტკიცოს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილსაც შეეხება. აღნიშნულის წინ მოსკოვი ცდილობს პოზიციები გაიძლიეროს. ამიტომაც განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომ მათ „პასუხი ეჩქარებათ“.

ეს ლოგიკურია, რადგან თუკი დასავლეთმა ერთიანი გრძელვადიანი ხედვა ჩამოაყალიბა, კრემლს მნიშვნელოვნად შეეზღუდება მოქმედების ის თავისუფლება, რითაც დღეს ასე სარგებლობს. ამიტომაც მოსკოვი ფსონებს ზრდის და ვა-ბანკზე მიდის, რომ დრო მოიგოს და გავლენის სფეროები დაიკანონოს.

მოსკოვი ცდილობს პოზიციები გაიძლიეროს. ამიტომაც განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომ მათ „პასუხი ეჩქარებათ“... მოსკოვი ფსონებს ზრდის და ვა-ბანკზე მიდის, რომ დრო მოიგოს და გავლენის სფეროები დაიკანონოს

რაც შეეხება პუტინის შეჩერება-არშეჩერებას, ეს მომავლის საკითხია. რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, პუტინის ე.წ. „ძლევამოსილება“ მისდამი დასავლეთის ლოიალური პოლიტიკის შედეგია. სწორედ დასავლეთის ხელშეწყობით მოახერხა რუსეთმა ფეხზე წამოდგომა და იმ მახინჯი სისტემის რეინკარნაცია, რომელიც საბჭოთა კავშირის დასრულებასთან ერთად ბევრს უკვე ისტორიის საკუთრება ეგონა.

თავის დროზე ყველას ეღიმებოდა, როდესაც ბატონი პუტინი სსრკ-ს დაშლაზე, როგორც მე-20 საუკუნის ყველაზე დიდ გეოპოლიტიკურ კატასტროფაზე საუბრობდა და საბჭოთა იმპერიის გავლენების აღდგენის გეგმებს სახავდა.

მეტიც, კოლექტიური დასავლეთი ყოველნაირად ეხმარებოდა რუსეთს, რადგან სჯეროდა, რომ იქ დემოკრატიული რეფორმები განხორციელდებოდა. დასავლეთს არ სჯეროდა რუსეთის რევანშიზმის, ახალი „ცივი ომის“ ამბიციების, ექსპანსიონიზმის და ამ ყოველივეს მოჩვენებითი საფრთხის უსაფუძვლო ჰიპერბოლიზაციად აღიქვამდა. რუსეთის 2008 წლის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ ამის თვალსაჩინო მაგალითია.

რეალური გამოღვიძება მხოლოდ 2014-დან დაიწყო. დღეს კრემლის ქმედებების მიუღებლობაზე თითქმის ყველა საუბრობს, სანქციების მოცულობა იზრდება და მოსკოვისთვისაც ცხადია, რომ მის ქმედებებზე პასუხისმგებლობა მხოლოდ დამძიმდება. ამიტომ იგი ცდილობს სტატუს-კვო გააფორმოს და „გაღმა შედავების“ პრინციპით მოქმედებს.

დღეს კრემლის ქმედებების მიუღებლობაზე თითქმის ყველა საუბრობს, სანქციების მოცულობა იზრდება და მოსკოვისთვისაც ცხადია, რომ მის ქმედებებზე პასუხისმგებლობა მხოლოდ დამძიმდება. ამიტომ იგი ცდილობს სტატუს-კვო გააფორმოს და „გაღმა შედავების“ პრინციპით მოქმედებს

- რჩება შთაბეჭდილება რომ კოლექტიური დასავლეთი ცდილობს დიალოგში შევიდეს რუსეთთან და კიდევ საკითხავია, ეს დიალოგი რა შედეგით დასრულდება.

უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტ ბაიდენის მრჩევლის სალივანის შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ აშშ მზადაა რუსეთთან ჩაერთოს დიალოგში ევროპელ მოკავშირეებთან კოორდინირებულად.

მოსკოვში იმედოვნებენ, რომ დასავლეთისთვის შეთავაზებული წინადადებებით კრემლი მიაღწევს „იალტა-2“-ის მსგავს შეთანხმებას. რუსეთის მიზნები გასაგებია, მაგრამ პირველ იალტამდე იყო მეორე მსოფლიო ომი, რომელშიც ფაშისტური გერმანია სსრკ, აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა დაამარცხეს. ამის შემდეგ იყო „ცივი ომი“, რომელშიც სსრკ დამარცხდა, რასაც სსრკ-ს დაშლა მოჰყვა.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ აშშ-მ და ევროპამ რუსეთთან დიალოგის შემდეგ მართლაც შედგეს „იალტა-2“-ის მსგავსი შეთანხმება?

- ზოგადად, დასავლეთი ყოველთვის დიალოგის მომხრეა. მაღალგანვითარებული ქვეყნები რაციონალურ მიდგომას ამჯობინებენ და ამიტომაც, ძალიან ხშირად, არ ესმით რუსეთის მმართველთა ირაციონალიზმი.

ამავდროულად გასათვალისწინებელია, რომ მოლაპარაკების სურვილი აპრიორი არ გულისხმობს რუსეთის პირობებზე დათანხმებას. შეგახსენებთ, რომ სწორედ მოლაპარაკებების შედეგად დაიწყო განიარაღების პროცესი „ცივი ომის“ დროს, მოლაპარაკებებმა გააერთიანა გერმანია და შეცვალა ევროპა. დიალოგის სურვილი სისუსტის ნიშანი არ არის, მთავარია ეს პროცესი როგორ წარიმართება და შეთანხმების მიღწევის შემთხვევაშიც აღსრულების რა მექანიზმები იმოქმედებს.

მოლაპარაკების სურვილი აპრიორი არ გულისხმობს რუსეთის პირობებზე დათანხმებას... დიალოგის სურვილი სისუსტის ნიშანი არ არის, მთავარია ეს პროცესი როგორ წარიმართება და შეთანხმების მიღწევის შემთხვევაშიც აღსრულების რა მექანიზმები იმოქმედებს

თქვენს მიერ ხსენებული იალტის მსგავსი შეთანხმება სხვა არაფერია, თუ არა წარსულში დაბრუნება, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებზე უარის თქმა და მსოფლიოს გრძელვადიანი კონფრონტაციისათვის გაწირვა. მცდარია მოსაზრება, რომ გავლენის სფეროების გაყოფა მსოფლიოს სტაბილურობას მოუტანს.

თუკი ეს პრინციპი იქნა არჩეული, მაშინ ვერაფერი შეაჩერებს გამალებულ შეიარაღებას, ახალი ბირთვული სახელმწიფოების შექმნას, რადგან ყველა შეეცდება სამხედრო უპირატესობის მოპოვებას, რადგანაც სწორედ ეს და არა საერთაშორისო სამართალი იქცევა ჭეშმარიტების საზომ ერთეულად.

შესაბამისად მოხდება დანაწილება „მმართველებად“ და „მართულებად“, რაც გამოიწვევს დაძაბულობის მატებას, ახალ კონფლიქტებს და გრძელვადიან არასტაბილურობას. ამიტომ ეს „იალტა“ კი არა უფრო „მიუნხენი“ იქნება, ახალი გადანაწილებისათვის შემდგომი ბრძოლითა და თანმდევი მძიმე შედეგებით.

მცდარია მოსაზრება, რომ გავლენის სფეროების გაყოფა მსოფლიოს სტაბილურობას მოუტანს... თუკი ეს პრინციპი იქნა არჩეული ეს „იალტა“ კი არა უფრო „მიუნხენი“ იქნება, ახალი გადანაწილებისათვის შემდგომი ბრძოლითა და თანმდევი მძიმე შედეგებით

ასეთ სცენარზე დათანხმება რთულად წარმოსადგენია, ამიტომაც დასავლეთის მხრიდან დიალოგის სურვილს სწორედ ამ კონფრონტაციული სცენარის არიდების სურვილად განვიხილავ.

თუმცა, ჩვენ თვითდამშვიდების უფლება არ გვაქვს. ამ პოზიციურ ბრძოლაში რუსეთი ახალ-ახალ პროვოკაციებს მოაწყობს და ჩვენზე შეტევებსაც გააძლიერებს. გაასმაგებული ძალისხმევა გვმართებს, რომ საფრთხეების პრევენცია მოვახდინოთ. ეს კი მხოლოდ ჩვენს პარტნიორებთან ინტენსიური და სინქრონული მუშაობით მიიღწევა.

ჩვენ თვითდამშვიდების უფლება არ გვაქვს. ამ პოზიციურ ბრძოლაში რუსეთი ახალ-ახალ პროვოკაციებს მოაწყობს და ჩვენზე შეტევებსაც გააძლიერებს. გაასმაგებული ძალისხმევა გვმართებს, რომ საფრთხეების პრევენცია მოვახდინოთ. ეს კი მხოლოდ ჩვენს პარტნიორებთან ინტენსიური და სინქრონული მუშაობით მიიღწევა

- დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ რუსულ ულტიმატუმზე რუსეთისთვის მთავარია დასავლეთმა ოფიციალურად თქვას უარი უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე.

მათივე აზრით, დანარჩენი მოთხოვნები მოსკოვისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი მიზანი ეგაა. თუ აშშ-სა და ევროპის მონაწილეობით რუსეთთან დიალოგი დაიწყო, სულაც არაა გამორიცხული, რომ რუსეთში აშშ-ს ყოფილი ელჩის წინადადებები ამ დიალოგის დღის წესრიგის საკითხები აღმოჩნდეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ცალსახად თქვა - კიევმა უნდა იცოდეს, რისი იმედი უნდა გვქონდეს, რომ პრაგმატულად ვიმოქმედოთო. რაც იმასაც ნიშნავს, კიდეც რომ შედგეს აშშ-ს, ევროპასა და რუსეთს შორის გარკვეული შეთანხმებები, როგორ იქნება უზრუნველყოფილი უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხოება და სუვერენიტეტი.

რას შეიძლება ნიშნავდეს და თქვენ როგორ აღიქვით რუსეთში აშშ-ს ყოფილი ელჩის მაკფოლის წინადადებები რუსეთთან დიალოგის დასაწყებად გაჟღერებული წინადადებები?

- მაკფოლის განცხადება იმის მანიშნებელია, რომ დასავლეთი საკუთარ შეცდომებზე სწავლობს. თავის დროზე მაკფოლს და „რესტარტის“ არქიტექტორებს იგივე ხედვა რომ ჰქონოდათ, რუსეთი ამდენს ვერ გაბედავდა. ობამას ადმინისტრაციის რომანტიზმი ყველას ძვირად დაგვიჯდა. ვფიქრობ, დასავლეთი დაშვებულ შეცდომებს აცნობიერებს. თავად ბაიდენსაც კარგად ახსოვს როგორ კარგად გამოიყენა რუსეთის მმართველმა აშშ-ს პოლიტიკური რომანტიზმი და ზედმეტად მიმდობლობა.

დასავლეთი დაშვებულ შეცდომებს აცნობიერებს. თავად ბაიდენსაც კარგად ახსოვს როგორ კარგად გამოიყენა რუსეთის მმართველმა აშშ-ს პოლიტიკური რომანტიზმი და ზედმეტად მიმდობლობა

რაც შეეხება საქართველოსა და უკრაინის საკითხს, მოსკოვისათვის მათი ნატოში გაწევრიანება კი არა მათი დამოუკიდებელ და თავისუფალ ქვეყნებად არსებობაა მიუღებელი. ჩვენი ტერიტორიული პრობლემები ნატოში განაცხადის შეტანამდე გაცილებით ადრე დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ ჩვენ დსთ-ზეც დავთანხმდით, რუსეთის სამხედრო ბაზების განთავსებაზეც, საბაჟო კავშირზეც, რუსეთის მშვიდობისმყოფელობაზეც და კიდევ ბევრ სხვაზეც, მაგრამ ამას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ მოჰყოლია და რუსეთის მოთხოვნებიც ჩვენი დათმობების შესაბამისად იზრდებოდა და სულ უფრო მიუღებელი ხდებოდა.

რაც შეეხება უკრაინას, ყირიმის ანექსია მაშინ განხორციელდა, როდესაც უკრაინას ჯერ კიდევ უბლოკო სახელმწიფოს სტატუსი ჰქონდა. მოლდოვა საერთოდ არ გეგმავს ნატოში გაწევრიანებას, განაცხადიც კი არ შეუტანია, მაგრამ დნესტრისპირეთის თემა კვლავაც მოუგვარებელია და გაგაუზიაც შენელებული მოქმედების ნაღმად იქცა, რომლის აფეთქებაც მოსკოვს ყოველ წამს შეუძლია.

ასე რომ ნატოს საკითხი მხოლოდ სპეკულაციაა, კრემლისათვის ამ ქვეყნების არსებობაა მიუღებელი და ამიტომაც ცდილობს მათ დაშორებას დასავლეთისაგან, რათა ეულად დარჩენილი ყოფილი კოლონიები კვლავაც იოლად დაიმორჩილოს.

საქართველოსა და უკრაინის საკითხს, მოსკოვისათვის მათი ნატოში გაწევრიანება კი არა მათი დამოუკიდებელ და თავისუფალ ქვეყნებად არსებობაა მიუღებელი... ასე რომ ნატოს საკითხი მხოლოდ სპეკულაციაა, კრემლისათვის ამ ქვეყნების არსებობაა მიუღებელი და ამიტომაც ცდილობს მათ დაშორებას დასავლეთისაგან, რათა ეულად დარჩენილი ყოფილი კოლონიები კვლავაც იოლად დაიმორჩილოს

- მას შემდეგ რაც მოსკოვმა აშშ-სა და ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, გახშირდა საუბრები პეკინისა და მოსკოვის დაახლოების შესახებ. რუსეთის მოთვინიერების სანაცვლოდ პეკინი ვაშინგტონისაგან ითხოვს უარი თქვას ტაივანის მხარდაჭერაზე. არადა, ვიცით, პეკინს გაცხადებული აქვს, რომ ტაივანის პრობლემის გადაწყვეტას ძალის გამოყენებით არ გამორიცხავს.

როგორც რუსი ანალიტიკოსები იმედოვნებენ, რუსულ ულტიმატუმთან დაკავშირებით ჩინეთსა და რუსეთს შორის პოზიციები 2022 წლის თებერვალში გაირკვევა, როცა პუტინი ჩინეთს ზამთრის ოლიმპიადის ფარგლებში ეწვევა.

რა კორექტივები შეიძლება შეიტანოს უკრაინის ირგვლივ განვითარებულ პროცესებში ჩინეთის ჩარევამ? რა საფრთხეების შემცველია ეს ერთი მხრივ აშშ-სთვის, ხოლო მეორე მხრივ ატლანტიკური ალიანსისთვის, რომლისგანაც კრემლი მოითხოვს უკრაინისა და საქართველოს ნატოში არმიღებაზე გარანტიები წერილობით მიიღოს?

- ჩინეთი განსაკუთრებული თემაა. რუსეთისაგან განსხვავებით მას რესურსიც მეტი აქვს და მწყობრი სტრატეგიაც გააჩნია. დღეს რუსეთისა და ჩინეთის ინტერესები ბევრ საკითხში ემთხვევა, თუმცა ამ ქვეყნების სიახლოვესაც თავის ლიმიტი აქვს და მათ ერთმანეთშიაც აქვთ ბევრი რამ გასაყოფი.

ჩინეთი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცენტრია. სხვათა შორის მის გაძლიერებაშიც დასავლეთს და აშშ-ს ისევე აქვს წვლილი შეტანილი, როგორც ეს რუსეთის შემთხვევაში მოხდა. დღეს აშშ-ც, ნატოც და ზოგადად დასავლეთი ბევრი რამის კრიტიკულად გააზრების და აქამდე არსებული პოლიტიკის რევიზიის პროცესშია.

დარწმუნებული ვარ, აშშ- და მისი სხვა მეკავშირეებიც შეძლებენ სათანადო დასკვნების გაკეთებას და ჩინეთთან ახალი ურთიერთობების აგებას. ეს პროცესები ჩვენთვისაც ბევრ რამეში გასათვალისწინებელი უნდა იყოს.

აშშ-ც და მისი სხვა მეკავშირეებიც შეძლებენ სათანადო დასკვნების გაკეთებას და ჩინეთთან ახალი ურთიერთობების აგებას. ეს პროცესები ჩვენთვისაც ბევრ რამეში გასათვალისწინებელი უნდა იყოს

თუმცა ჩვენი ყურადღება სხვა რამეზეა გადართული და ჩვენს ირგვლივ ყოველდღიურად მზარდ საფრთხეებს ისე ვუყურებთ, თითქოს ეს ყოველივე სხვა პლანეტაზე ხდებოდეს.

- სომხეთმა და თურქეთმა ურთიერთობების დალაგებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს სპეციალური წარმომადგენლების დანიშვნით. რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ბრიუსელი „დაბრუნდება“ სამხრეთ კავკასიაში და გაიხსნება თურქეთ-სომხეთის საზღვარი რაც ხელს შეუწყობს ახალი სატრანსპორტო დერეფნების განვითარებას?

- პოზიტიური ძვრები მართლაც შეინიშნება, თუმცა ვითარება ძალზედ მყიფე და ფეთქებადსაშიშია. სატრანსპორტო დერეფანი მაშინ მუშაობს, თუკი მიმოსვლა უსაფრთხოა და ვითარებაც პროგნოზირებადი. დღეს მხოლოდ ის ვიცით, რომ შესაძლო დერეფანზე კონტროლი რუსეთის ფედერაციას აქვს.

სატრანსპორტო დერეფანი მაშინ მუშაობს, თუკი მიმოსვლა უსაფრთხოა და ვითარებაც პროგნოზირებადი. დღეს მხოლოდ ის ვიცით, რომ შესაძლო დერეფანზე კონტროლი რუსეთის ფედერაციას აქვს

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერთა 2020 წლის ნოემბრის ერთობლივი განცხადება ე.წ. ნახიჩევანის დერეფანზე სწორედაც რომ რუსი მესაზღვრეების კონტროლს ითვალისწინებს.

- თუ თურქეთ-სომხეთს შორის საზღვარი მართლაც გაიხსნა და ახალი სატრანსპორტო დერეფნები გაჩნდა, სამხრეთ კავკასიაში ვითარება იმაზე მეტად შეიცვლება, რა რეალობაც ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ დადგა, როცა აზერბაიჯანმა თავისი ტერიტორიების დიდ ნაწილზე დაამყარა კონტროლი.

თუ პროცესები ამ სცენარით განვითარდა როგორი იქნება ის ახალი რეალობა, რომელიც რეალურად შეიძლება ჩამოყალიბდეს?

- სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის აღდგენა სომხეთის რუსეთზე დამოკიდებულებას შეამცირებს. ვეჭვობ ასეთ სცენარს მოსკოვი დამატებითი სარგებლის გარეშე დათანხმდეს.

შეგახსენებთ ათი წლის წინანდელ სომხურ-თურქულ „საფეხბურთო დიპლომატიას“, რომელიც წარმატებით მიმდინარეობდა და სათანადო პროტოკოლების გაფორმებითაც დასრულდა, მაგრამ მისი რეალიზაცია ვერ მოხერხდა, რაშიაც „ჩრდილოელმა მეზობელმა“ საკუთარი წვლილი შეიტანა.

ზოგადად, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენს ირგვლივ ვითარება ძალიან საშიშია და რეგიონში სწრაფი მშვიდობისა და სტაბილურობის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს.

ჩვენს ირგვლივ ვითარება ძალიან საშიშია და რეგიონში სწრაფი მშვიდობისა და სტაბილურობის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს

- ამ მოვლენების ფონზე მოსკოვში თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანის მიერ ინიციირებული 3+3 ფორმატის პირველი შეხვედრა გაიმართა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ განაცხადა, - „ველოდებით, რომ საქართველო 3+3 ფორმატის ფარგლებში დაგეგმილ მორიგ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.“ ბევრჯერ ითქვა, რომ ამ ფორმატში ოფიციალური თბილისის მონაწილეობა საქართველოს გაცხადებულ საგარეო პრიორიტეტებს არ შეესაბამება.

სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს მევლუდ ჩავუშოღლუს განცხადება და უნდა მიიღოს თუ არა ამ ფორმატში ქართულმა მხარემ მონაწილეობა?

- ბევრჯერ აღვნიშნე და კვლავაც გავიმეორებ, რომ მართებული იქნება ამ ფორმატს 3+2 დავარქვათ და ამით ყოველგვარი სპეკულაცია დავასრულოთ. საქართველომ არაერთხელ განაცხადა რომ არ აპირებს ჩართვას ამ ტიპის გაერთიანებაში. შესაბამისად 3+3 ვერ იქნება და 3+2 ფორმატზე უნდა ვისაუბროთ.

მართებული იქნება ამ ფორმატს 3+2 დავარქვათ და ამით ყოველგვარი სპეკულაცია დავასრულოთ. საქართველომ არაერთხელ განაცხადა რომ არ აპირებს ჩართვას ამ ტიპის გაერთიანებაში. შესაბამისად 3+3 ვერ იქნება და 3+2 ფორმატზე უნდა ვისაუბროთ

რაც შეეხება თავად ინიციატივას - დასახელება მიუთითებს რომ იგულისხმება 3 „დიდი“ და 3 „პატარა“ სუბიექტის ურთიერთობა, რაც იმთავითვე მონაწილეებს არათანაბარ პირობებში აყენებს. ამას გარდა ამ ქვეყნებს ერთმანეთთან მრავალი პრობლემა აქვთ.

აზერბაიჯან-სომხეთის, აზერბაიჯან-ირანის, ირან-თურქეთის, თურქეთ-სომხეთის, სომხეთ-აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობები უკიდურესად რთულია. ყოველივე ამას ემატება რუსეთის ფაქტორი და ისიც, რომ რუსეთიც და ირანიც საერთაშორისო სანქციების ობიექტია.

ასე რომ აქ ვითარება კიდევ უფრო ჩახლართულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ცხადია, რომ ფორმატი რეგიონში დასავლეთის გავლენის შესამცირებლადაა შექმნილი, რაც რუსეთს მოქმედების მეტ საშუალებას მისცემს.

ამას დავამატოთ რუსეთის ორმაგი სტანდარტები, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და კრემლის ულტიმატუმები საქართველოს დასავლურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ამის გათვალისწინებით საქართველოს მონაწილეობა ამ ფორმატში ირაციონალურია.

ამასთანავე საქართველო საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე დამოუკიდებლად ავითარებს თანამშრომლობას პარტნიორებთან. ჩვენ გვაქვს უაღრესად წარმატებული რეგიონული პროექტები, რომელთა განხორციელებასაც სწორედ რუსეთი აფერხებდა და დღესაც მიუღებლად მიიჩნევს. მაშ რატომ უნდა გვჭირდებოდეს ამ თანამშრომლობის მოსკოვთან შეთანხმება?

- როგორი შეიძლება იყოს რუსეთის რეაგირება დასავლეთის მხრიდან შეთანხმებაზე უარის შემთხვევაში? საერთაშორისო პოლიტიკის ანალიტიკოსმა გიორგი ანთაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა - „დასავლეთის მხრიდან რუსეთის მიერ შეთავაზებული შეთანხმების მიღების შემთხვევაში სიტუაცია ძალიან დაემსგავსება 1921 წლის მოცემულობას“.

საერთაშორისიო ასპარეზზე არსებული ვითარება რამდენად ემსგავსება 1921 წლის მოცემულობას და თუ დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ჩვენთვის არასასურველი სცენარით განვითარდა, ასეთ ვითარებაში სავარაუდოდ როგორი საგარეო პოლიტიკის გატარება მოუწევს საქართველოს?

- პრობლემა ისაა, რომ დღეს არც ერთი სცენარისათვის მზად არ ვართ. მეტიც, ეჭვი მაქვს რომ მოვლენათა განვითარების ესა თუ ის სცენარი ბოლომდე გვქონდეს გააზრებული.

მთავარი პრობლემა ისაა, რომ დღეს არ არსებობს შინაარსიანი დისკუსია საერთო ეროვნულ ინტერესებზე, შესაბამისად არც გრძელვადიანი სტრატეგია არსებობს, გვაქვს მხოლოდ განცხადებები და სიტუაციიდან გამომდინარე ქმედებები.

პოლიტიკური გავლენისა და ინტერესთა ჯგუფები მთლიანად არიან კონიუნქტურაზე დამოკიდებულნი. საერთოეროვნული თემები ფაქტურად მივიწყებულია და თითქმის ყველაფერი პარტიულ პრიზმაში განიხილება. თუკი ამ ჩაკეტილი წრიდან ვერ გამოვალთ, ვერც ახალი „მალტა“ გვიშველის და ვერც ნატოს მომავალი სამიტები.

თავისით არაფერი მოდის, ხოლო ეფექტიანი საგარეო პოლიტიკა კი მხოლოდ მაშინ ხორციელდება, თუკი მას ზურგს უმაგრებს პოლიტიკური თანხმობა და ძალისხმევის გაერთიანება საერთო ეროვნულ ინტერესების ირგვლივ. ამიტომაც მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელიც ახლახან საქართველოს პრეზიდენტმა წამოიწყო.

თავისით არაფერი მოდის, ხოლო ეფექტიანი საგარეო პოლიტიკა კი მხოლოდ მაშინ ხორციელდება, თუკი მას ზურგს უმაგრებს პოლიტიკური თანხმობა და ძალისხმევის გაერთიანება საერთო ეროვნულ ინტერესების ირგვლივ. ამიტომაც მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელიც ახლახან საქართველოს პრეზიდენტმა წამოიწყო

ცხადია, ეროვნული თანხმობა მარტივად მისაღწევი არ არის, მაგრამ ერთადერთი გზაა არსებული ვითარებიდან გამოსასვლელად. იმედი მაქვს, გვეყოფა გონიერება, რომ ეს ინიციატივა რეალობად ვაქციოთ. ამის გარეშე ისევ იმ წრეზე ვიტრიალებთ, რომელზედაც მრავალი წელია დავდივართ.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა