„ქართული ოცნების“ წევრი - ჩხოროწყუში შედგა „ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკური ქორწილი

ჩხოროწყუში შედგა „ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკური ქორწილი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა ჯანო პერტაიამ განაცხადა. მისივე თქმით, ვარაუდობენ, რომ პარტია „საქართველოსთვის" ალიანსში ადრეც იმყოფებოდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

„სხდომის დასაწყისშივე გავაკეთეთ განცხადება, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის" და პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დღეს ერთმანეთს შეერწყმებოდნენ, რაც კენჭისყრის შედეგებით უკვე დადასტურდა. ეს ორი პარტია ჩხოროწყუს საკრებულოში არიან პირდაპირ ალიანსში.

„ქართული ოცნება" არ იქნება ბოიკოტის რეჟიმში, ყველა სხდომის საქმიანობაში და ყველა კომისიის საქმიანობაში ვიქნებით ჩართული. მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა დაგვიჭირა მხარი და ჩხოროწყუს მოსახლეობის წინაშე გვაქვს ვალდებულება“, - განაცხადა ჯანო პერტაიამ.

თავის მხრივ, პარტია „საქართველოსთვის" წარმომადგენელი და უკვე საკრებულოს თავმჯდომარე შოთა წურწუმია, რომელიმე პარტიასთან ალიანსს უარყოფს.

„პირველ რიგში საკრებულოს თითოეულ წევრს, ვინც მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში, მინდა მადლობა ვუთხრა. მე მჯერა, რომ შეთანხმებული ნაბიჯებით და ყველაზე ჯანსაღი აზრისადმი პატივისცემით, ჩვენ შევძლებთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, ისევ და ისევ ჩვენი მუნიციპალიტეტის და ქვეყნის საკეთილდღეოდ. ჩვენ სისტემურ ალიანსს და კოალიციას არცერთ პარტიასთან არ ვქმნით.

რაც შეეხება მოადგილეების არჩევას, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი პარტიის და მთლიანად გუნდის მოწოდებაა, რომ ბალანსი იყოს დაცული, აქედან გამომდინარე, არა აქვს მნიშვნელობა დღეს ვინ დაგვიჭირა მხარი და ვინა არა, ჩვენ გვინდა ახალი პოლიტიკური რეალობა დავამკვიდროთ. გამომდინარე აქედან, შესაძლებლობის და დამსახურების მიხედვით მაქსიმალურად შევეცდებით ბალანსის დაცვას",- განაცხადა შოთა წურწუმიამ.

რაც შეეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", ისინი აცხადებენ, რომ „ქართულ ოცნებას" სიტუაციის არევა არ გამოუვა. პარტია მოადგილეებად საკუთარი კანდიდატების დასახელებას აპირებს.

ნიკა მელიამ ცალსახად განაცხადა, რომ ჩვენ მხარს დავუჭერდით გახარიას მიერ დასახელებულ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს და ეს მოხდა. რა იქნება შემდეგში ამას თქვენც ნახავთ.

არ მგონია, „ქართულმა ოცნებამ" მოისურვოს, რომ გუნდთან ერთად ითანამშრომლოს. არ ვიცი ბატონი თავმჯდომარე რას აპირებს, იქნება თუ არა მათთან რამენაირ კომუნიკაციაში. ეს მისი გადასაწყვეტია. ჩვენ ჩვენსას შევთავაზებთ. „ნაციონალური მოძრაობა" დაასახელებს თავის მოადგილეობის კანდიდატებს, კომისიებზეც გვექნება რა თქმა უნდა", - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რამაზ გულუამ.

ცნობისთვის, ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოს" წევრი შოთა წურწუმია აირჩიეს. ჩხოროწყუში სხდომა გრძელდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა