გია ხუხაშვილი - სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებით დღეს ზრუნავს ტკივილგამაყუჩებელზე - პრეზიდენტმა შეთავაზება უნდა გააკეთოს და არა ის, რომ „შევხვდები და ყველას მოვუსმენ"

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილის შეფასებით ე.წ ეროვნული შერიგების ფარგლებში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პოლიტიკოსებთან შეხვედრისას კონკრეტული ხედვა უნდა ჰქონდეს, რომლის ირგვლივაც წარიმართება დისკუსიები.

როგორც ხუხაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, პრეზიდენტმა შეხვედრაზე მისულ პოლიტიკოსებთან შეთავაზება უნდა გააკეთოს და მხოლოდ მოსმენით არ უნდა შემოიფარგლოს.

ამასთან, ხუხაშვილის განმარტებით, პრეზიდენტმა უნდა იმუშაოს გამჭვირვალე და სამართლიანი მართლმსაჯულების შექმნაზე, რადგან ამის გარეშე „შერიგება არ იქნება“. „ზურაბიშვილმა თავადვე თქვა, რომ კონკრეტული ფორმულა, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს პროცესი, განსაზღვრული არ არის. ხვდება ადამიანებს და ეძებს გამოსავალს. საქმე ისაა, რომ დიაგნოზის დასმა ყველას შეუძლია, მაგრამ ჩვენ ინსტიტუციურ ლიდერებს არ ვირჩევთ დიაგნოზის დასასმელად, მათ უნდა უმკურნალონ კიდეც და შედეგი დადონ, მკურნალობის გეგმა უნდა ჰქონდეთ.

ფაქტობრივად ზურაბიშვილი შეხვედრებით დღეს ზრუნავს ტკივილგამაყუჩებელზე, კბილი რომ გტკივა, ექიმთან წასვლამდე ტკივილგამაყუჩებელს სვამ, ამაზე ფიქრობს, მაგრამ ამას თავისი ვადა აქვს, გაივლის და კბილი კვლავ აგტკივდება. პრობლემა არის სისტემური, პრეზიდენტი ჩვენ გვჭირდება იმისათვის, რომ დადოს კონკრეტული ხედვა და ამ ხედვის ირგვლივ უნდა მიმდინარეობდეს დისკუსიები, ან თუ ეს ხედვები არ არსებობს უნდა გააკეთოს მაგიდა, რომელიც შედგება სხვადასხვა სპეციალისტებისგან და არამხოლოდ პოლიტიკოსებისგან, სადაც გამომუშავდება კონკრეტული გეგმა და ამ გეგმით უნდა ესაუბრებოდეს შემდეგ პოლიტიკოსებს. მან შეთავაზება უნდა გააკეთოს და არა ის, რომ "შევხვდები და ყველას მოვუსმენ", - განაცხადა ხუხაშვილმა.

ამასთან, ხუხაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „მასობრივი შიმშილობის აქციაზეც“ ისაუბრა და განმარტა, რომ შიმშილობის მოთხოვნა არა პერსონალურად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, არამედ ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო სისტემის შექმნა უნდა იყოს.

მისივე განმარტებით, სამართლიანი სასამართლოს არსებობის შემთხვევაში საზოგადოებაში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხზე კითხვები არ გაჩნდება და არც „სააკაშვილს სჭირდება უპირობოდ გამოშვება, რადგან პოლიტიკოსის უპირობოდ გამოშვება პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასია, მიშას სჭირდება იქიდან უდანაშაულო გამოვიდეს“.

„პოლიტიკურად რომ შევაფასო, მთავარი კითხვაა ის, თუ რა არის შიმშილობის მოთხოვნა. ეს არის პერსონალური საკითხის გადაწყვეტა, თუ რაღაც პოლიტიკური ტიპის მოთხოვნა. თუ თემა არის მიშას გათავისუფლება, ეს არის წმინდა პერსონალური საკითხი. პოლიტიკური იქნება იმ შემთხვევაში თუ ეს ხალხი მოითხოვდა არა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, არამედ მის მიმართ სამართლიან მართლმსაჯულებას, რაც პოლიტიკურად სწორი და სასარგებლო იქნებოდა „ნაციონალური მოძრაობისთვისაც“ და ქვეყნისთვისაც. რომც მიაღწიონ შედეგს და მიშა შიმშილობის შედეგად გაათავისუფლონ, ეს ხომ პიროსის გამარჯვება იქნება. რა სარგებელი საზოგადოებას იმით, რომ ერთ პერსონას გაათავისუფლებენ. მიშა რომ გამოუშვან და ხვალ ხაზარაძე დაიჭირონ? თუ ჩვენ სისტემურად რაღაცას არ ვცვლით და სამართლიან მართლმსაჯულებას არ მოვითხოვთ ყველასთვის და არამხოლოდ მიშასთვის, მაშინ ეს არ არის პოლიტიკური პროცესი, ეს არის მათი საყვარელი ერთი ადამიანის გათავისუფლების მოთხოვნა. შიმშილობის მოთხოვნა სამართლიანი მართლმსაჯულების ორგანიზება, შეცვლა ან კონტროლი რომ იყოს, მაშინ ამას საზოგადოება უფრო სწორად აღიქვამდა. მიშას უპირობოდ გამოშვება კი არ სჭირდება, რადგან პოლიტიკოსის უპირობოდ გამოშვება პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასია, მიშას სჭირდება იქიდან უდანაშაულო გამოვიდეს, ეს არ არის მისი ამოცანა? თუ უზრუნველვყოფთ გამჭვირვალე და სამართლიან მართლმსაჯულებას, ესეც შეიძლება გახდეს საზოგადოების გამთლიანების ელემენტი, რატომ? იმიტომ, რომ სამართლიანი მართლმსაჯულების განცდა თუ გაჩნდა, გინდა "ქოცი" იყოს, გინდა "ნაცი" ეს გაამთლიანებს საზოგადოებას. არ იქნება სამართლიანობა? არ იქნება შერიგება!

ზურაბიშვილი უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ შერიგების შემთხვევაშიც თუ არ დამკვიდრდა სამართლიანი თამაშის წესები, დღეს შერიგებას რა აზრი აქვს, ხვალ ისევ ვიჩხუბებთ. თუკი მურუსიძე სასამართლოში იქნება, მასშტაბური მოსმენები ისევ იქნება, შერიგება იქნება მკვდრადშობილი და ხვალ იძულებულები ვიქნებით ისევ ვიჩხუბოთ“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს