ბოლნისის მერმა დავით შერაზადიშვილმა 2021 წელს განხორციელებული პროექტები და პროგრამები შეაჯამა

ბოლნისის მერმა დავით შერაზადიშვილმა 2021 წელს განხორციელებული პროექტები და პროგრამები შეაჯამა. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება ავრცელებს.

დავით შერაზადიშვილის განცხადებას, რომელსაც ბოლნისის მერია ავრცელებს, უცვლელად გთავაზობთ:

„ძვირფასო ბოლნისელებო, მალე 2022 წელი შემობრძანდება. ბოლნისსა და სრულიად საქართველოს მთელი გულით ვულოცავ ახალ წელს. 2022 წელი ყოველი თქვენგანის ოჯახისთვის ბედნიერების, წარმატებისა და მშვიდობის მომტანი ყოფილიყოს!

უპირველეს ყოვლისა მინდა, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში გამოცხადებული ნდობისთვის დიდი მადლობა გადაგიხადოთ. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობაზე ყოფნა ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა და გპირდებით, რომ მუნიციპალიტეტის კეთილდღეობისთვის, ძალ-ღონეს არ დავიშურებ.

მსურს, 2021 წელს მუნიციპალიტეტში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები მოკლედ შევაჯამო.

კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის ხელშეწყობა

სამწუხაროდ, 2 წელია სრულიად მსოფლიოს პანდემიურ პირობებში უწევს ცხოვრება. ჩვენი უპირველესი მიზანი სწორედ პანდემიის დამარცხებაა. უხილავ მტერთან ბრძოლის ეფექტური საშუალება კი მასობრივი ვაქცინაციაა. ბოლნისის მუნიციპალიტეტი ამ მხრივაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა, ვაქცინაციის მაქსიმალური ხელმისაწვდომობის მიზნით, „ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“, საქართველოს მასშტაბით პირველი დარეგისტრირდა იმუნიზაციის მიმწოდებელ დაწესებულებად და ცენტრის ბაზაზე შექმნა სამი მობილური ბრიგადა, რომელიც მოთხოვნის შესაბამისად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით იმუნიზაციას უზრუნველყოფს.

ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთო ადგილობრივი თვითმმართველობა, მერია და საკრებულო. ჩვენმა დეპუტატებმა, საჯარო მოხელეებმა, მათ შორის მეც, ოჯახთან ერთად, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა გავიკეთეთ. ამ პროცესში მონაწილეობა მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა საზოგადოებისთვის პატივსაცემმა მოქალაქეებმაც მიიღეს, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი.

ჩვენს მოქალაქეებს, რომ ვაქცინის მიღება გაადვილებოდათ, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, გაიზარდა ამცრელი პუნქტების რაოდენობა. ამ ეტაპზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მობილური ბრიგადების გარდა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში, შპს „ტრიომედში“, დაბა კაზრეთის პოლიკინიკასა და სოფელ ქვეშის საექიმო ამბულატორიაშია შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, 18 000-მდე ვაქცინა გაკეთდა, ეს პროცესი კი 2022 წელსაც გაგრძელდება და ადგილობრივი ხელისუფლება, ვაქცინაციის ხელშეწყობის მიზნით, კვლავ აქტიურად იმუშავებს.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება

2021 წელს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, 150 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რისთვისაც 10 678 625 ლარი დაიხარჯა. ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი, მუნიციპალიტეტის მასშტაბით კომფორტული საგზაო ინფრასტრუქტურის შექმნაა. ამ მიმართულებით, ქვაფენილის, ასფალტის, ბეტონის გზებისა და სანიაღვრე სისტემების მოწყობის მიზნით, 14 ლოკაციაზე განხორციელდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები. 2021 წელს, ჯამში 11 044 კილომეტრი საგზაო ინფრასტრუქტურა გაკეთდა.

გასულ წელს ასფალტის საფარი სოფლებში: ბალიჭი, რატევანი, რაჭისუბანი, ნახიდური დავაგეთ, რისთვისაც 1 616 736 ლარი დაიხარჯა. 1 989 744 ლარის ღირებულების ბეტონის გზა კი ტალავერში, ქვემო ბოლნისში, მუშევანსა და ძველ ქვეშში კეთილმოეწყო.

მოგეხსენებათ, წლებია ჩვენ ქალაქ ბოლნისის შიდა გზების მოპირკეთებას ადგილობრივი ბაზალტით ვახორციელებთ, ეს არამარტო ქალაქის იერსახეზე, არამედ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაზეც დადებითად აისახება. 2 135 კილომეტრის მოცულობის ქვაფენილის გზა გასულ წელს ქალაქ ბოლნისში, ცურტაველის, ფარნავაზ მეფის, რუსთაველისა და ვახტანგ გორგასლის ქუჩებზე მოვაწყეთ, აღნიშნული პროექტები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა სრულმა ღირებულებამ 2 031 063 ლარი შეადგინა.

სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია

2021 წელს, „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ გამოაცხადა ტენდერი ქალაქ ბოლნისის წყალმომარაგების „ყარაბულახის“ სათავე ნაგებობის რეაბილიტაციისა და მიმდებარე სოფლების წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოებზე. პროექტის განხორციელების შემდეგ, ქალაქ ბოლნისში არსებული სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდება. გასულ წელს, სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაციისთვის ჯამში 124 659 ლარი დაიხარჯა. სოფელ დარბაზში, ერთ უბანზე, სასმელი წყლის ახალი ქსელი მოეწყო, სოფლებში ვანათი, ხატისოფელი ჭაბურღილები გაკეთდა, ჭაპალაში რეზერვუარი რეაბილიტირდა, სოფელ ნახიდურში კი სადრენაჟო სისტემას რეაბილიტაცია ჩაუტრდა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში, დაბა კაზრეთსა და დაბა თამარისში, 2021 წელს 1 341 315 ლარის ღირებულების 60 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. პროექტების ძირითადი მიმართულება წყლის სისტემების, საგზაო ინფრასტრუქტურის, სპორტული სივრცეებისა და სკვერების მოწყობას მოიცავდა.

ხიდების მშენებლობა

2021 წელს, ქალაქ ბოლნისის დასავლეთ ნაწილში, მდინარე მაშავერაზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობა დავიწყეთ. ხიდის არარსებობა ჩვენს მოსახლეობას დისკომფორტს უქმნიდა, მოქალაქეები სასოფლო-სამეურნეო სავარგულებამდე მისვლას ვერ ახერხებდნენ, ამიტომ გადავწყვიტეთ, მოქალაქეების საჭიროებებიდან გამომდინარე, ეს პროექტი განგვეხორციელებინა. პროექტის ღირებულება 900 000 ლარამდეა და სრულად ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს რეაბილიტაცია ჩაუტრდა სოფელ მუშევანთან არსებულ ხიდს. სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 85 000 ლარი შეადგენა.

სოციალური პროექტები

არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტი სოციალური პროგრამებით უდავოდ გამოირჩევა. ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისთვის მათთვის საჭირო სერვისები შეიმუშავოს. სოციალური პროგრამების დახვეწა კი ყოველწლიურად ხდება და ეს ვფიქრობ, მის ეფექტურობასაც განაპირობებს. 2021 წელს, ამ მიმართულებით, 4 000 000 ლარზე მეტი დავხარჯეთ. ავადმყოფთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით 210-მა ბენეფიციარმა ისარგებლა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 168 920 ლარი გამოიყო. 293 შშმ პირის დახმარებებს 377 700 ლარი მოხმარდა, სოციალურად დაუცველი ერთ წლამდე ბავშვების ყოველთვიური კვების უზრუნველყოფისთვის კი 11 984 ლარი დაიხარჯა.

2021 წელს, სოციალურად დაუცველი ოჯახების გათბობის სეზონზე მატერიალური დახმარებით მერიამ 606 ბენეფიციარი უზრუნველყო, რისთვისაც 121 200 ლარი დაიხარჯა. ბინის ქირის გადასახადი 2021 წელს 17 ბენეფიციარს გადავუხადეთ, რამაც ჯამში 17 300 ლარი შეადგინა. სოციალურ საცხოვრისებში მცხოვრები 38 ოჯახისთვის კომუნალური გადასახადებით უზრუნველყოფას კი 19 991 ლარი მოხმარდა.

სამედიცინო უზრუნველყოფის პროგრამით, 2021 წელს, 2 720 ბენეფიციარმა ისარგებლა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 1 597 854 ლარი დაიხარჯა. ომის ვეტერანთა და მათთან გათანაბრებულ პირთა დახმარებას 11 800 ლარი მოხმარდა. ერთჯერადი დახმარებებით კი 3 368 ბენეფიციარმა ისარგებლა, ამ პროგრამის ფარგლებში, 2021 წელს, 842 100 ლარი დავხარჯეთ. 2021 წელს სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას 1 286 606 ლარი მოხმარდა.

სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის დაზიანებული სახურავების შეცვლა

ბოლნისის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად სოციალურად დაუცველ და მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს სახლის დაზიანებულ სახურავებს უცვლის. 2021-ში ამ პროგრამით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 85-მა სოციალურად დაუცველმა ოჯახმა ისარგებლა.

სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სახლის სახურავების შეცვლის სამუშაოებისთვის 2021 წელს მუნიციპალიტეტმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 397 557 ლარი გამოყო. აღსანიშნავია, რომ 2016-2021 წლებში, საერთო ჯამში, ბოლნისის მუნიციპალიტეტმა დაზიანებული სახლის სახურავები სოციალურად დაუცველ 299 ოჯახს შეუცვალა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 044 506 ლარი დაიხარჯა.

ტურიზმის ხელშეწყობა

ქვემო ქართლში ბოლნისის მუნიციპალიტეტი ტურისტული პოტენციალის განვითარების მხრივ ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მუნიციპალიტეტია. ადგილობრივი თვითმმართველობის მიზანი ამ პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებაა, ამიტომ ჩვენს მუნიციპალიტეტში ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნისთვის არაერთი პროექტი გვაქვს განხორციელებული.

2021 წელს, ყოფილი კატერინენფელდის ცენტრალური უბნების დარჩენილ მონაკვეთებზე ადგილობრივი ბაზალტით ქუჩების მოკირწყვლა დასრულდა. ეს კი ტურისტული თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ძველმა გერმანულმა უბნებმა თავის ავთენტური იერსახე დაიბრუნეს. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, ასევე ქუჩებში მოსახლეობის ჭიშკრებიც შეიცვალა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 600 000 ლარამდე შეადგინა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შემუშავებული „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2021 წელს ქალაქ ბოლნისში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩის, 104-დან 110-ის ნომრის ჩათვლით მონაკვეთზე მდებარე შენობების ფასადის ქვა-ბამბის მასალით შეფუთვა განხორციელდა, რაც სახლების ენერგოეფექტურობას განაპირობებს. „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ასევე კულტურის სახლის წინ მდებარე სკვერი კეთილმოეწყობა. სკვერში უკვე დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის გარე განათებები და ახალი საბავშვო ატრაქციონი.

სამუშაოების დასრულების შემდეგ მოწესრიგებულ ინფარსტრუქტურას მივიღებთ, რაც ჩვენს ქალაქში ტურიზმის განვითარებას ხელს უდავოდ შეუწყობს. ჩვენ ევროპულ ქალაქში ვცხოვრობთ და მიხარია, რომ ცენტრალური მთავრობის დახმარებით, ბოლნისის ისტორიული ქუჩის ერთი მონაკვეთი ესთეტიკურად კიდევ უფრო გალამაზდება.

UNDP-ისა და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობის შედეგად, ისტორიულ სოფელ ტანძიაში, რომელიც მუნიციპალიტეტის უმნიშვნელოვანესი ტურისტული ლოკაციაა, განხორციელდა პროექტი „ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიის თემის ეკონომიკური გაძლიერება და ბიზნეს აქტივობების ხელშეწყობა“, რომლის ფარგლებშიც, სოფელ ტანძიაში, სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო დახლები, სახელოსნოები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები მოეწყო. ტურისტულ სექტორში ჩართული ტანძიის მოსახლეობა კი გაყიდვებისა და სერვისის გაუმჯობესების მიმართულებით გადამზადდა.

2021 წელს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება“ ფარგლებში, ბოლნისის ტურისტული რუქა და გზამკვლევი დაიბეჭდა. გაიდლაინი ინგლისურენოვანია და მასში მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული ყველა მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტებია დატანილი. ინგლისურენოვანი გზამკვლევი უცხოელ ტურისტებს აძლევს შესაძლებლობას ბოლნისის ტურისტული პოტენციალის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღონ.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ბოლნისის ახალი მუზეუმი ევროპის მუზეუმების ფორუმის მიერ კონკურსის – ,,ევროპის წლის მუზეუმი - 2022" ფინალურ ნომინანტად დასახელდა. ევროპის საუკეთესო მუზეუმებს ევროპის მუზეუმების ფორუმი 2022 წლის მაისში, ესტონეთის ქალაქ ტარტუში, დაჯილდოების ცერემონიაზე გამოავლენს. კონკურსის ფინალისტებს შორის ბოლნისის ახალი მუზეუმის დასახელების შემდეგ, მუზეუმში მნახველების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, აღნიშნული წარმატება კი მსოფლიო მასშტაბით მუზეუმს ცნობადობის გაზრდაში უდავოდ დაეხმარება.

სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა

მოგეხსენებათ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის წამყვანი დარგი სოფლის მეურნეობაა, ამიტომ, ჩვენც ვცდილობთ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ. რამდენიმე წელია რაც ბოლნისში ქვევრში ღვინის დაყენების კულტურა აღდგა, ჩვენმა მეღვინეებმა ასევე ღვინოების წარმოება ქართულ-გერმანული ტექნოლოგიითაც დაიწყეს. ბოლნისური ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისის” და ,,ბოლნისის აგროცენტრი“-ს ორგანიზებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და კომპანია „არემჯის“ მხარდაჭერით, ღონისძიება „ბოლნისი - ოქროსფერი ღვინის ქალაქი“ გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ბოლნისური ღვინოების პრეზენტაცია-დეგუსტაციაც მოეწყო. აღსანიშნავია, რომ კომპანია „არემჯის“ მხარდაჭერით, ქალაქ თბილისში, საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიას“ სივრცეში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-13 საერთაშორისო გამოფენაში WinExpo Georgia ბოლნისელმა მეღვინეებმაც მიიღეს მონაწილეობა. WinExpo Georgia 2021-ის ფარგლებში, ღვინის საერთაშორისო კონკურსიც მოეწყო. კონკურსში 26 ბოლნისური მარანი, 36 სახეობის ღვინით მონაწილეობდა. ბოლნისური ღვინოებიდან 21-მა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა.

კომპანია „არემჯის“, ბოლნისელი მეღვინებიის მხარდაჭერისთვის, დიდი მადლობა მსურს გადავუხადო. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ „არემჯის“ მიერ ბოლნისური მეღვინეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ქართულ-გერმანული ღვინის სახლის მოწყობა მიმდინარეობს, რაც ბოლნისური ღვინოების პოპულარიზაციასა და მუნიციპალიტეტში ღვინის კულტურის განვითარებას ხელს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობა

ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობა და განვითარებაა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოქმედი საბავშვო ბაღები მოვაწესრიგოთ, 2021 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქალაქ ბოლნისის N1 ბაღს. ბოლო წლების განმავლობაში, ბაღის შენობაზე ბზარების მატება დაფიქსირდა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ შენობის გამაგრების პროექტზე დაიწყო მუშაობა. პროექტის ფარგლებში, შენობის საძირკველი გამაგრდა და ბაღის ფასადი რეაბილიტირდა. პროექტის ღირებულებამ 196 327 ლარი შეადგინა და მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

სკოლების რეაბილიტაცია და განათლების ხელშეწყობა

2021 წელს, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის შენობის კაპიტალური რეაბილიტაცია განხორციელდა. სამუშაოების ფარგლებში, შშმ პირებისთვის განკუთვნილი ლიფტი და საკანალიზაციო ქსელის ბიოლოგიური გამწმენდი სისტემა დამონტაჟდა. შენობაში ასევე გათბობის სისტემა, სკოლის ეზოში კი სპორტული მოედანიც მოეწყო. რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს ბილნისის N1, ისტორიულ სკოლაში, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები სულ მალე დასრულდება.

წელს DVV International-ის დაფინანსებითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ქალაქ ბოლნისში ზრდასრულთა განათლების ცენტრი გაიხსნა. „ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრის“ კონცეფცია გერმანულ მოდელს ეყრდნობა და ის მსმენელებს სხვადასხვა სასწავლო კურსს სთავაზობს. ცენტრი ასევე 2 კლუბს, ახალგაზრდულ მიმართულებასა და სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრსაც აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ცენტრები წარმატებით ფუნქციონირებს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. „ბოლნისში ზრდასრულთა განათლების ცენტრმა“ კი ჩვენს მოქალაქეებში უკვე დიდი პოპულარობა მოიპოვა.

ახალგაზრდების ხელშეწყობა

ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად უჭერს მხარს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს, ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების მიზნით, წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მუნიციპალიტეტის 2021-2023 წლების ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, დოკუმენტის ფარგლებში კი ახალგაზრდების მხარდაჭერის, ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, მუნიციპალიტეტმა 6 დასახლებულ პუნქტში, მათ შორის ერთნიკური უმცირესობებით დაკომპლექტებულ სოფლებში, სათემო ცენტრები გახსნა.

„რუსთავის ინოვაციების ჰაბთან“, ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, მერიის, საკრებულოს, ბოლნისის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრისა და ახალგაზრდების ჩართულობით შეიქმნა პროგრამა - „ინიციატივების თანადაფინანსების პროგრამა“, რომლის მიზანია, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სრულწლოვანი მოქალაქეების, საინიციატივო ჯგუფებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გააქტიურება, მათი ინიციატივების მხარდაჭერა და მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების თანადაფინანსება. პროგრამა ბოლნისის საკრებულომ აპრილის თვეში დაამტკიცა და დღეისათვის უკვე განხორციელდა ერთი ახალგაზრდული იდეის თანადაფინანსება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტი წარჩინებულ სტუდენტებს ყოველწლიურად უნიშნავს სტიპენდიებს. 2021 წლის პირველ კვარტალში სტიპენდია 72 სტუდენტმა მიიღო, მეორე კვარტალში კი 103 წარჩინებული სტუდენტი დაფინანსდა. 2021 წელს, წარჩინებული სტუდენტების ყოველთვიური სტიპენდიებისთვის ჯამში 57 350 ლარი დაიხარჯა. აღსანიშნავია, რომ მოწყვლადი კატეგორიის 140 სტუდენტის ყოველთვიურ დაფინანსებებს წელს 57 210 ლარი მოხმარდა.

კულტურის ხელშეწყობა

წელს, ქალაქ ბოლნისის ისტორიულ ნაწილში მდებარე ძველი გერმანული შენობის რეაბილიტაცია დასრულდა. შენობაში წლების წინ სომხური სკოლა იყო განთავსებული. პროექტი ქართულ-გერმანული თანადაფინანსებით განხორციელდა.

რეაბილიტირებულ შენობაში განთავსდა „ბოლნისის კულტურის ცენტრი“, ასევე აქ გერმანული კულტურის ცენტრის მოწყობაცაა დაგეგმილი და მჯერა, რომ ეს სივრცე ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს.

2021 წელს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა ბოლნისის კულტურის სახლშიც. რეაბილიტაცია ჩაუტარდა საცეკვაო, სარეპეტიციო სივრცესა და სველ წერტილებს. შენობის სარდაფში მოეწყო არტ სივრცე. ბოლნისის მთავარ ბიბლიოთეკაში კი რეაბილიტირდა სააქტო დარბაზი.

სპორტის ხელშეწყობა

ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტულია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ამიტომ ადგილობრივი ხელისუფლება წარმატებულ სპორტსმენებს წამახალისებელ ყოველთვიურ და ერთჯერადი სტიპენდიებს უნიშნავს. 2021 წელს სპორტსმენების ყოველთვიური ფულადი წახალისებისთვის 97 300 ლარი, ერთჯერადი ფულადი ჯილდოს სახით კი 38 300 ლარი გავეცით.

საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის 2021 წლის კონკურსი

ამაყი მერი ვარ, რადგან 2021 წელს, ბოლნისის მუნიციპალიტეტი ზედიზედ მეოთხედ, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის კონკურსის გამარჯვებული გახდა. წელს კი ეს ჯილდო ერთდროულად ორ ნომინაციაში გადმოგვეცა. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციამ „ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ მიერ შემუშავებული პროექტი „Sars-Cov 2 ვირუსით გამოწვეული ინფექციის საწინააღმდეგო იმუნიზაციის ხელშეწყობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე”, რომელიც ამცრელი მობილური ბრიგადების შექმნას ითვალისწინებდა, ნომინაციაში „COVID -19 ვაქცინაციის ხელშეწყობა და პოსტ-კოვიდ აღდგენა“ საუკეთესოდ დაასახელა. ნომინაციაში „ახალგაზრდების გააქტიურების, მობილიზაციის და ჩართულობის ხელშეწყობა“ კი გამარჯვებულად ბოლნისის მუნიციპალიტეტის კიდევ ერთი პროექტი „სათემო ცენტრები ბოლნისის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების მხარდასაჭერად“ დასახელდა. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას დიდ მადლობას ვუხდი, ჩვენი პროგრამები საუკეთესოდ რომ აღიარა, მიღებული ჯილდოები ჩვენთვის ერთგვარი მოტივაციაა სამომავლოდ, რომ მუნიციპალიტეტისა და ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი და ეფექტური პროექტები შევიმუშავოთ.

მოხარული ვარ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებას მომავალ წელს 29 151 800 ლარი მოხმარდება. ვთვლი, რომ 2022 წლის ბიუჯეტში მაქსიმალურადაა ასახული მოქალაქეების ინტერესები და საჭიროებები. ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის სოციალური პროგრამები პრიორიტეტულია, ამიტომ ამ მიმართულებით მომავალი წლის ბიუჯეტში 3 800 000 ლარია გათვალისწინებული. 2022 წელს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის მომავალი წლისთვის 6 000 000 ლარი გამოიყო. ვიმედოვნებ, რომ 2022 წელი ბოლნისისთვის არაერთი წარმატების მომტანი იქნება. ჩვენ კი მოქალაქეებისა და მუნიციპალიტეტის კეთილდღეობისთვის მუშაობას კვლავ აქტიურად გავაგრძელებთ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს