ბსუ-ს აკადემიურმა საბჭომ ემერიტუს-პროფესორი გურამ ჩაგანავა და მეცნიერი იზოლდა მაჭუტაძე დააჯილდოვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მეცნიერებისა და განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ბსუ-ს ემერიტუს-პროფესორ გურამ ჩაგანავას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით მადლობის სიგელი და ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მეცნიერს იზოლდა მაჭუტაძეს შოთა რუსთაველის სახელობის მედალი და საპატიო სიგელი გადასცა.

როგორც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციაშია ნათქვამი, აკადემიური საბჭოს სხდომაზე რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა ემერიტუს-პროფესორ გურამ ჩაგანავასა და მეცნიერ იზოლდა მაჭუტაძეს დაჯილდოება მიულოცა, მათ მიღწევებზე ისაუბრა, მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის და წარმატებები უსურვა.

„ემერიტუს-პროფესორ გურამ ჩაგანავას ღვაწლი და დამსახურება გამორჩეულია, იგი გახლავთ მრავალი თაობის აღმზრდელი და მასწავლებელი. პროფესორმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფსიქოლოგიის აქტუალური საკითხების შესწავლაში, მისი ხელმძღვანელობით ბსუ-ში შეიქმნა ფსიქოლოგიის საბაკალავრო და კლინიკური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამები და ხელი შეუწყო რეგიონში ფსიქოლოგიური სკოლის შექმნას. ემერიტუს-პროფესორ გურამ ჩაგანავას სამეცნიერო ინტერსის სფეროა: სოციალური ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია, ისტორიული ფსიქოლოგია, ფსიქოლინგვისტიკა. იგი გახლავთ რამდენიმე მნიშვნელოვანი მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორი.

იზოლდა მაჭუტაძის მიერ შემუშავებული გეგმის გათვალისწინებით, UNESCO-მ „კოლხეთის ტენიან ტყეებსა და ჭარბტენიან ტერიტორიებს“ მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის სტატუსი მიანიჭა. 2021 წელს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ - UNESCO-მ „ღია მეცნიერების“ სტრატეგიის შემუშავებისთვის მსოფლიოს 6 ქვეყნიდან 6 მეცნიერი შეარჩია, რომელთაგან ერთ-ერთი იზოლდა მაჭუტაძეა. მკვლევრის ორგანიზებით, არაერთი საერთაშორისო პროექტი განხორციელდა, დიდია მისი წვლილი რეგიონში ტორფნარების კვლევასა და უნივერსიტეტის საერთაშორისო მასშტაბით აღიარებაში.

იზოლდა მაჭუტაძე არის: სამი უცხოური მონოგრაფიის თანაავტორი, 30-ზე მეტი საერთაშორისო რეფერირებად, რეცენზირებად გამოცემებში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. იგი გახლავთ არაერთი საერთაშორისო და ეროვნული საგრანტო კონკურსის გამარჯვებული, არის UNESCO-ს, ICOMOS-ს, IMCG-ს და სხვა საერთაშორისო სიმპოზიუმების და შეხვედრების ორგანიზატორი და აქტიური მონაწილე.

მკვლევარი იზოლდა მაჭუტაძე 2002 წლიდან ჭარბტენიანების საერთაშორისო ექსპერტია; ექსპერტი UNESCO-ს სამეცნიერო დოსიეს მომზადებაში; კოლხეთის ეროვნული პარკისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმების შედგენაზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა