ქართული პრესის მიმოხილვა 03.01.2022

სანდრო თვალჭრელიძე - “პრეზიდენტმა თავისი ინიციტივით პოლიტიკური ელიტა ჩიხში მოაქცია...”

მამუკა არეშიძე - “არ არის გამორიცხული, რომ სააკაშვილს სწორედ ბიძამისის ხელით “ამუშავებდნენ ბნელად”

რამაზ საყვარელიძე - “რაც ახლა ხდება, ეჭვი მაქვს, რომ “ნაცმოძრაობის” დაშლაზე მიუთითებს”

* * *

სანდრო თვალჭრელიძე - “პრეზიდენტმა თავისი ინიციტივით პოლიტიკური ელიტა ჩიხში მოაქცია...”

“ნება მიბოძეთ თქვენს მკითხველს და მთელ საქართველოს მივულოცო ახალი წელი და ვუსურვო, რომ 2021 წლის გამოწვევები მეტად აღარ გვქონდეს. გამოწვევა კი სხვადასხვაგვარი იყო, მათ შორის ეპიდემიოლოგიური, პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური... თუმცა ქართველმა საზოგადოებამ, მიუხედავად პოლიტიკოსების არასწორი ქმედებებისა, მოახერხა მეტ-ნაკლებად გამკლავებოდა ამ პრობლემებს. შედეგად, ქვეყანა დარჩა პროცესების ისეთ ნაკადში, რომელიც მის განვითარებას უზრუნველყოფს”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “პრეზიდენტმა თავისი ინიციტივით პოლიტიკური ელიტა ჩიხში მოაქცია...” / “საზოგადოდ, ანტივაქსერები ანარქისტები არიან და სახელმწიფო ინსტიტუტებს ეწინააღმდეგებიან, ჩვენ კი მათ ძალიან ბევრი მიმართულებით კოჭს ვუგორებთ”.

“ჩემი აზრით, პრეზიდენტმა შერიგების ინიციატივით პოლიტიკური ელიტა გარკვეულწილად ჩიხში მოაქცია. ვერავინ გაბედავს თქმას, რომ ეროვნული თანხმობა და პოლიტიკური შერიგება არ არის საჭირო. დღეს ყველა აღიარებს, რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის პოლიტიკური დიალოგი. სალომე ზურაბიშვილს ახალი არაფერი უთქვამს, გაიმეორა ის, რაც ეწერა პრეზიდენტად კენჭისყრისას წარმოდგენილ მის წინასაარჩევნო პროგრამაში. კარგად მახსოვს, პროგრამის ერთ-ერთი მთავარი თეზისი იყო ქვეყანაში დაპირისპირებისა და რადიკალიზმის შემცირება. ის გამოცდილი დიპლომატი და პოლიტიკოსია და ძალიან კარგი დრო გამონახა ამისთვის. სურთ თუ არა, თანხმობაზე წასვლა პოლიტიკოსებს მოუწევთ. ყველაფერი დამოკიდებული იქნება რეალურ ვითარებაზე, იმაზე, თუ როგორი მოცემულობა გვექნება გაზაფხულზე, მაგრამ ის, რომ ამის წინააღმდეგ ვერავინ წავა, ცხადია. ჩვენს მოსახლეობას მართლაც სურს პოლიტიკური სიმშვიდე და ეროვნული თანხმობა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

“ჩემი აზრით, სალომე ზურაბიშვილი შეძლებს ამ პროცესის წარმატებით წარმართვას. მას გათვლილი აქვს თავისი სტრატეგია და ტაქტიკა. ის შეხვდა გიორგი მარგველაშვილს, მაგრამ ამაზე კომენტარი არ გააკეთა, ისევე, როგორც არ გამოხმაურებია მარგველაშვილ-სააკაშვილის შეხვედრას და მათ ინიციატივას. ეს დაძრულ ტრამვაიზე შეხტომის მცდელობას ჰგავს, რათა არ დარჩნენ თამაშგარე მდგომარეობაში. ვფიქრობ, ყველას, ვისაც შეუძლია ამ პროცესში დადებითი როლის თამაში, უნდა მიეხმაროს პრეზიდენტს, მაგრამ უნდა მიეხმაროს მაშინ, როდესაც ამას ითხოვს იდეის ინიციატორი. სხვაგვარად ყველაფერი კარგი შეიძლება გაფუჭდეს. ასე რომ, ნებისმიერი კარგი იდეის გაფუჭება შესაძლებელია, მით უფრო, რომ მიხეილ სააკაშვილთან თანამშრომლობას ქალბატონი სალომე არ აპირებს. მან თქვა, რომ არასდროს შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს. დარწმუნებული ვარ, არც გადათქვამს. თუ სააკაშვილს ჰგონია, რომ პოზიტიურ როლს შეასრულებს ამ პროცესში, ვფიქრობ, ცდება. ჩემთვის ეს წარმოუდგენელია, რადგან მისი ქმედებები აქამდე, ძირითადად, ერის გახლეჩისკენ იყო მიმართული”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“გარეშე ადამიანი ვერ გადაწყვეტდა, უნდა გადაეყვანათ თუ არა სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან. ეს იყო მისი მკურნალი ექიმების პრეროგატივა და როგორც ჩანს, მიიჩნიეს შესაძლებლად გადაყვანა. როგორც ითქვა, ეს მოხდა კანონის დაცვით. ჩემი აზრით, წამებაზე ლაპარაკი ძალიან არასწორია... ის, რომ 200 კაცი შიმშილობს, ან თუ ისევ დაიწყო შიმშილობა, ეს მისი ციხიდან გამოშვების საფუძველი ვერ გახდება. მას ამის გამო არავინ გაათავისუფლებს. რომც უნდოდეთ, ამას ვერ გააკეთებენ, რადგან საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ამას ხელისუფლებას არ აპატიებს. ამ ქვეყანაში სააკაშვილის რამდენი მომხრეც არის, ორჯერ მეტი მოწინააღმდეგეა. სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, მაგრამ ის არის საქართველოში, ამ ქვეყნის კანონმდებლობით მსჯავრდადებული. სხვა საქმეა, არის თუ არა მისი პატიმრობა პოლიტიკურად მოტივირებული. ფაქტია, ქართულმა სასამართლომ მიიღო მისი პატიმრობის გადაწყვეტილება, სტრასბურგმა კი მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა. ეს არის მოცემულობა, ამას ვერავინ აუვლის გვერდს”, - განმარტავს ექსპერტი.

ვფიქრობ, ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებამ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება განმუხტა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ თვითონ მიშელმაც მშვენივრად იცოდა, რომ ამ შეთანხმების ყველა პუნქტი ვერ შესრულდებოდა. მაგრამ ეს იყო პოლიტიკური ილეთი, სვლა. ის ჩვენს პოლიტიკოსებზე ბევრად ჭკვიანია და მან მიაღწია მიზანს - ბოლოს და ბოლოს, შეძლო და უზრუნველყო პარლამენტში ყველა საპარლამენტო პოლიტიკური ძალის შესვლა და ასევე მეტ-ნაკლებად უზრუნველყო “ქართულ ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” დიალოგი. ვფიქრობ, სწორედ ამ ჩართულობის შედეგია, რომ ძალიან მკვეთრად შეიცვალა ჩვენი პოლიტიკოსების რიტორიკის შინაარსი. მაგალითად, შეგვიძლია ავიღოთ ნიკა მელიას აპრილის და დღევანდელი განცხადებები, ისინი ცა და დედამიწასავით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ეს ჩვენი დასავლელი პარტნიორების, განსაკუთრებით კი შარლ მიშელის დამსახურებაა. მან, როგორც გროსმაისტერმა, ჩვენს პირველთანრიგოსან პოლიტიკოსებს ჩაუტარა პოლიტიკური გაკვეთილი... ჩვენმა ახალბედა პოლიტიკოსებმა თუ გამოიტანეს აქედან დასკვნა, ძალიან კარგი”, - დაასკვნის სანდრო თვალჭრელიძე.

“როგორც თავის დროზე ვივარაუდე, არაერთ ქალაქში გაიმართა მეორე ტური, მაგრამ უმეტესად გაიმარჯვა მმართველმა პარტიამ, რაც მოსალოდნელი იყო. რაც შეეხება მესამე ცენტრის გაძლიერებას, ამ თვალსაზრისით მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ. გახარია მნიშვნელოვნად დააზარალა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ, მაგრამ ვხედავთ, რომ მისი პარტია საკრებულოებში მნიშვნელოვნად არის წარმოდგენილი და მისი წარმომადგენლების გარეშე გადაწყვეტილებებს ბევრგან, ფაქტობრივად, ვერ იღებენ. ამ არჩევნებმა კიდევ უფრო ცხადად აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ეძებს მესამე ძალას. ამიტომ გახარია და კიდევ რამდენიმე პატარა პარტია, თუ სწორი სტრატეგიით დაგეგმავენ თავიანთ საქმიანობას, ჩემი აზრით, 2024 წელს შესაძლოა კოალიციური მთავრობა გვყავდეს”, - თვლის რესპონდენტი.

“დარწმუნებული ვარ, რომ “ნამახვანჰესის” წინააღმდეგ ბრძოლა იყო რუსული ინტერესებით გამოწვეული. ის, რომ ჩვენი მთავრობა დაჰყვა ამ პროტესტს და კომპანიას შეუცვალა პირობები, ყოვლად გაუმართლებელია, მიუხედავად იმისა, რომ ეს პირობები არ იყო მთლად გამართული, რაც პირდაპირ თეა წულუკიანის სინდისზეა. “ნამახვანჰესი” აუცილებლად უნდა აშენდეს. ნებისმიერი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამ პროექტის წინააღმდეგ წავა, ამ ქვეყნის არაკეთილმოსურნეა...” - ამბობს ექსპერტი და შეკითხვაზე - “რუსეთი ახსენეთ და, მთელი გასული წლის განმავლობაში ვხედავდით, ეს ქვეყანა რაოდენ კონფრონტაციულად იქცეოდა, ვნახეთ აშშ-სა და ნატოსთვის წაყენებული მისი ულტიმატუმი?” - პასუხობს:

“რუსეთმა ბოლოდროინდელი რადიკალური ქმედებებით აშშ და ნატო აიძულა მასთან მოლაპარაკებას დასთანხმებოდნენ. თუმცა, ჩემი აზრით, ამაზე მეტს ვერაფერს მიაღწევენ. რუსეთში სრული ეკონომიკური კოლაფსია. ეს პუტინმა ვიღაცას უნდა დააბრალოს, ახლა ისე ცდილობს ვითარების წარმოჩენას, თითქოს ეს ნატოს, უკრაინისა და საქართველოს ბრალია. საქმე ის არის, რომ რუსეთი ეკონომიკურად 2-კვირიან ომსაც ვერ გაუძლებს. თუ ეს გაბედა უკრაინაში, ეს იქნება მისი, როგორც ფედერალური სახელმწიფოს დასასრულის დასაწყისი. პუტინმა ეს კარგად იცის, მაგრამ დასავლეთისგან რაღაც დივიდენდების მიღებას ცდილობს, როგორ მოახერხებს, არ ვიცი. ვფიქრობ, ნატოც და აშშ-ც მომავალ წელს პოლიტიკურ-ეკონომიკურად უფრო იაქტიურებენ შავი ზღვის რეგიონში. ამიტომაც იყო უმნიშვნელოვანესი ანაკლიის პორტის აშენება...”

“საქართველოში პანდემია, განსაკუთრებით გასულ წელს, არასწორად მართეს და ეს განაპირობა იმან, რომ საკოორდინაციო საბჭოში არ იყო ერთსულოვნება, პოლიტიკოსები არ უსმენდნენ პროფესიონალებს... ამასთანავე, მომხდარში უარყოფითი წვლილი შეიტანა ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმაც. ჩემთვის დიდი შოკი იყო, რომ ჩვენს საზოგადოებაში ანტივაქსერების ამხელა წილი აღმოჩნდა. საზოგადოდ, ანტივაქსერები ანარქისტები არიან და სახელმწიფო ინსტიტუტებს ეწინააღმდეგებიან, ჩვენ კი მათ ძალიან ბევრი მიმართულებით კოჭს ვუგორებთ. განსაკუთრებით ამჟამინდელი სამთავრობო ადმინისტრაცია, რაც ძალიან ცუდია. დიდი იმედი მაქვს, კორონავირუსის ახალი შტამი “ომიკრონი” დაასრულებს პანდემიას, თუმცა საქართველოში მაინც დიდი იქნება მსხვერპლი, გაცილებით მეტი, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო სწორი სამთავრობო და არა ეპიდემიოლოგიური მართვის პირობებში”, - მიიჩნევს სანდრო თვალჭრელიძე.

“პროგნოზის გაკეთება რთულია. ჩვენი პოლიტიკური კლასი სხვის კი არა, საკუთარ შეცდომებზე ვერაფერს სწავლობს. მაგალითად, ბოლო წელმაც აჩვენა, რომ ქართველი საზოგადოება პოლიტიკოსების დაძახილზე ქუჩაში არ გადის. თუმცა ოპოზიცია ისევ ჯიუტად ექაჩება ხალხს აქციებზე, ახალი ტექნოლოგიებია მოსაფიქრებელი, ახლებური მიდგომები... ხალხს პრობლემების მოგვარებაზე უნდა ელაპარაკო, მათი გადაჭრის გზებზე იფიქრო. რაც ნაკლებად რადიკალური იქნება ოპოზიცია, მით მეტ პოლიტიკურ გამარჯვებას მოიპოვებს. რაც შეეხება ხელისუფლებას, მიმაჩნია, რომ ამ მთავრობის ყველაზე დიდი პრობლემა ეკონომიკის არასწორად მართვაა. კვლავ გვესმის ლოზუნგები, არიქა, ტურიზმი განვავითაროთო. არადა, თანამედროვე გლობალიზებულ სამყაროს სულ სხვა მექანიზმები და საშუალებები სჭირდება. თუ მთავრობამ არ შეცვალა მიდგომები, სხვა ვერაფერი მოიგონა, ჩვენ კვლავაც განწირული ვიქნებით სიღარიბისთვის”, - დასძენს ექსპერტი.

მამუკა არეშიძე - “არ არის გამორიცხული, რომ სააკაშვილს სწორედ ბიძამისის ხელით “ამუშავებდნენ ბნელად”

“სიმართლე გითხრათ, გაუგებარია, რატომ გახდა ახლა სააკაშვილის გადაყვანა აუცილებელი გორის ჰოსპიტლიდან, რა საჭიროა ამის ფორსირება წინასაახალწლო დღეებში. მაინტერესებს, დროდადრო რატომ მწვავდება სიტუაცია და რატომ იღებენ ნაჩქარევ, შედეგებზე არაორიენტირებულ გადაწყვეტილებას. ჩემი ვერსიით, საქმე გვაქვს არსებული ვითარების უგულებელყოფასა და გულგრილობასთან. სხვაგვარად ეს ამბავი საბოტაჟს ჰგავს. თუმცა საბოტაჟსა და ასეთ გაუაზრებელ ქმედებას შორის დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ”, - აცხადებს ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “არ არის გამორიცხული, რომ სააკაშვილს სწორედ ბიძამისის ხელით “ამუშავებდნენ ბნელად”.

“ახლა რაც შეეხება “ავადმყოფს”, ეს არის უზარმაზარი სპექტაკლი, რომელსაც უკვე თვეებია უყურებს ხალხი, მაგრამ დარბაზი მაყურებლისგან ნელ-ნელა იცლება, სცენის მემანქანე და მეორე რეჟისორი უკვე დიდი ხნის წასული არიან. მუდმივად დაძაბულობის შექმნა, სააკაშვილის მაღალ რანგში აყვანისა და მისი სხვა პატიმრებისგან დისტანცირების ცდა პიარტექნოლოგიის ნაწილია. “ნაციონალებს” რომ ჰკითხო, მათი სხვა თანამებრძოლების საქმეებიც პოლიტიკურად მოტივირებულია და ბაჩო ახალაიას ან მეგის ქარდავას გათავისუფლებას რატომ არ ითხოვენ?! რამდენიმე დღის წინ აჭარაში 6 “ნაციონალი” დააპატიმრეს, მათი გათავისუფლების მოთხოვნით რატომ არ მართავენ აქციებს?! გამოდის, აქ სააკაშვილის პერსონაზეა საუბარი და არა პოლიტიკური ნიშნით დევნილზე”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“სააკაშვილს სულაც რომ საკუთარი ხელით მოეკლა კაცი, მაინც იბრძოლებდნენ მის ციხიდან გამოყვანაზე. სააკაშვილის გამო თავს იმიტომ კი არ იკლავენ, რომ მათი ლიდერი ან ექსპრეზიდენტია, მათი მამოძრავებელი ძალა ძალაუფლების დაბრუნების სურვილი და ფულია. ჩვენამდეც მოვიდა ამბავი, რომ თემურ ალასანია თბილისში ულტიმატუმით ჩამოვიდა. მან პირდაპირ დაუსვა საკითხი “ნაციონალებს”, გამოიყვანეთ მიშა ციხიდან, როგორც გინდათო! თუ არადა, შეუწყდებათ დაფინანსება. ალასანიას მუქარის ამოქმედება უკვე დაეტყო “ნაციონალების” პირად ტელევიზიას”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ლოგიკა გვკარნახობს, რომ საყოველთაო შიმშილობა თემურ ალასანიას დირექტივა იყო. რა შედეგის მომტანია ეს შიმშილობა? ჯერ ერთი, შიმშილობისთვის არასწორი ადგილია შერჩეული. მეორეც, ხალხისთვის მათ შიმშილობას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ამასთან, ეს შიმშილობა კონტროლს მიღმაა - შიმშილობენ თუ არა, კაცმა არ იცის. “ნაციონალებმა” თავიანთ შიმშილობას ფასი დაუკარგეს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ხალხი სულელია და ვერ ხედავს “ნაციონალების” ფორმულას, “მიშა კანონს ზემოთაა”, ძალიან ცდებიან! ყველა ყველაფერს ხვდება, იმიტომაც არავინ გამოდის მათ მხარდასაჭერად”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

“მარგველაშვილის მიმართ განსაკუთრებულად კარგი დამოკიდებულება არასდროს მქონია, თუმცა პატივს ვცემდი მის ინტელექტს. თავისი განცხადებით კი ყველაფერს ხაზი გადაუსვა, მათ შორის იმ დადებითს, რაც პრეზიდენტობის დროს გაუკეთებია. პრაქტიკულად, მან თქვა, ეს ხელისუფლება ასრულებს პუტინის დავალებას, შესაბამისად, არის პუტინის მონა და მეც პუტინის მონა ვიყავიო. თუ მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილს პუტინი დევნიდა, თავისი პრეზიდენტობის დროს რატომ არ შეიწყალა, უფრო სწორად, მისი განაჩენები რატომ არ გააუქმა? ეთქვა შეწყდეს სააკაშვილის სამართლებრივი დევნა, თქვენ ვერ უწევთ პუტინს წინააღმდეგობას და მე ვიღებ ამას ჩემს თავზეო”, - ამბობს მამუკა არეშიძე.

“ოცნებაში” სააკაშვილის ციხეში ყოფნა მანამდე არ აწყობდათ, სანამ პროცესი დეგრადაციას დაიწყებდა. დღეს უკვე საკითხავია, არ აწყობს თუ აწყობს? მე მაინც მგონია, რომ სააკაშვილის საკითხი ბევრ დროს იკავებს და პოლარიზებას ამწვავებს. “ოცნებაც” ამ ამბავშია ჩართული და მნიშვნელოვანი საკითხები ყურადღების მიღმა რჩება. წესით, უნდა ხვდებოდნენ, რომ მთელი ეს პროცესი ქვეყნის განვითარებას აფერხებს. პროცესი უკვე ღრმა ჩიხშია შესული. ხელისუფლებას თავის დროზე უნდა გადაეცა სააკაშვილი უკრაინისთვის, დღეს ესეც აღარ არის გამოსავალი. უკრაინაც აღარ ითხოვს მის გადაცემას, მხოლოდ ბრტყელ-ბრტყელი განცხადებებით შემოიფარგლება და დროდადრო გვახსენებს, რომ თვალს ადევნებს სააკაშვილის საქმეს. მე როგორც ვხედავ, უკრაინაში მხოლოდ კონკრეტული პარტიები იბრძვიან სააკაშვილისთვის, თორემ პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის მეასეხარისხოვანია მისი ბედი. მგონი, ძალიანაც გახარებული არიან, სააკაშვილი თავიდან რომ მოიშორეს”, - თვლის რესპონდენტი.

“სააკაშვილი ქაოსურ სიტუაციაში თავს გრძნობს როგორც თევზი წყალში. ის ერთდროულად წარმოდგება ამ ქაოსის დამლაგებლად და პროცესის წარმმართველადაც. ეჭვი არ მეპარება, რომ სააკაშვილს გარკვეული ძალები მართავენ, რომლებმაც იციან მისი ხასიათი და აძლევენ დავალებებს. ასეთი შეიძლება იყოს თუნდაც ბიძამისი. ის ისეთი სამსახურის ყოფილი თანამშრომელია, სადაც ყოფილები არ არსებობენ. ნებისმიერ ძალას შეუძლია ადამიანის სუსტი მხარეები საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. მსოფლიოს პოლიტიკურ ისტორიაში უამრავი ლიდერია, რომელთა პატივმოყვარეობა მისივე ქვეყნის საწინააღმდეგოდ გამოუყენებიათ. ზოგჯერ სააკაშვილი ისეთ რაღაცებს ამბობს, მგონია, ამნეზია აქვს. მაგალითად, მას შეუძლია თქვას, რომ არ იცნობს ძმებ ახალაიებს, მეგის ქარდავას, რომ მისი თანხმობის თუ ნებართვის გარეშე, მალულად ხდებოდა ყველა უბედურება. ისიც კი შეუძლია თავისი შვილების დედაზე თქვას, რომ ბიუჯეტიდან მისთვის იხარჯებოდა ფული. რაც ყველაზე უცნაურია, ხალხის ერთ ნაწილს ყველაფრის სჯერა, - განმარტავს ანალიტიკოსი.

“2008 წელი რეგიონული კატასტროფა იყო, სააკაშვილმა კარგად იცოდა, მის ქმედებებს რაც მოჰყვებოდა. დამიჯერეთ, ეს ადამიანი სულელი არ არის. 1992 წლის თებერვლიდან ვიცნობ, ვიცი, რისი გამკეთებელია და რისი არა. იმდენად დიდია მისი პოლიტიკური ამბიცია, შეიძლება ისეთი რამ დაუშვას, რაც პოლიტიკოსს არ ეკადრება. მან გადაწყვიტა, რომ მსოფლიო პოლიტიკური ლიგის უმაღლესი მოთამაშეა. იმას კი არ ფიქრობდა, `ალბათ, დამიდგებიან გვერდითო~, არა, ~უნდა დამიდგნენო~! მიიჩნევდა, რომ იმ ავანტიურაზე, რომელზეც 2008 წელს წავიდა, პასუხისმგებლობა სხვა, უფრო მსხვილი კალიბრის პოლიტიკოსებსაც უნდა გაეზიარებინათ და ძალიან გაუკვირდა, ასე რომ არ მოხდა. დღეს პოპულარულია აზრი, რომ სააკაშვილმა მიზანმიმართულად გააკეთა ყველაფერი, რათა რუსეთისთვის გადაებარებინა საქართველოს ნაწილი. მე ვერც ამის მტკიცებას დავიწყებ და ვერც უარყოფას. მხოლოდ ერთ ამბავს გიამბობთ...” - იხსენებს არეშიძე.

“2008 წლის მაისში ჩემი თვალით ვნახე, რა ტიპის მზადება მიმდინარეობდა ჯავის რაიონში, სოფელ მსხლებში. ჩამოვედი და მოვყევი, სადაც საჭირო იყო. ვიცი, სააკაშვილმა ეს ამბავი იცოდა. ივლისის მეორე ნახევარში თქვენს გაზეთშიც დავბეჭდე, რა იგეგმებოდა საქართველოს წინააღმდეგ. ერთი პატარა ცდომილება მომივიდა - მეგონა, 14 აგვისტოს დაიწყებოდა ეს ყველაფერი. მე გენიალური სტრატეგი კი არა ვარ, ინფორმაცია მქონდა. რუსები რომ ყველა მიმართულებით აგებდნენ ხაფანგს, სააკაშვილმა იცოდა და მაინც გადადგა ის ნაბიჯი... აქ ორი ვარიანტია: ან მართლა რუსეთის დაკვეთით მოქმედებდა, ან მისმა პატივმოყვარეობამ ითამაშა დიდი როლი. მე მეორე ვერსია უფრო მართალი მგონია ასეთი რუსული გამოთქმაა: “ბნელად ამუშავებდნენ” - ანუ ობიექტს ისე ამუშავებენ, რომ მან ამის შესახებ არ იცის. არ არის გამორიცხული, რომ სააკაშვილს სწორედ ბიძამისის ხელით “ამუშავებდნენ ბნელად”, - დაასკვნის რესპონდენტი.

რამაზ საყვარელიძე - “რაც ახლა ხდება, ეჭვი მაქვს, რომ “ნაცმოძრაობის” დაშლაზე მიუთითებს”

“ნაციონალების” ფორმულა, არიქა, სააკაშვილის მოკვლას ცდილობენო, ადეკვატური არ მეჩვენება - თუ ვინმეა დაინტერესებული, თმის ღერიც არ ჩამოვარდეს სააკაშვილს, ხელისუფლებაა. რაც შეეხება იმას, თუ რატომ გადაიყვანეს ჰოსპიტლიდან ციხეში ასე სახელდახელოდ, მიჭირს ახსნა. გაჩნდა ვერსია, რომ ახალი წლის დღეებში ხალხს პროტესტისთვის არ ეცლება, მაგრამ არც ეს მეჩვენება დამაჯერებლად, დღეს შესაძლოა არ ეცალოს, მაგრამ ერთ კვირაში უფრო დიდი აგრესია ჰქონდეს”, - აცხადებს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რაც ახლა ხდება, ეჭვი მაქვს, რომ “ნაცმოძრაობის” დაშლაზე მიუთითებს”.

“იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს გადაწყვეტილება კავშირშია სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებებთან, რასაც პოლიტიკური ანარეკლი ჰქონდა. თუმცა, არის იურიდიული მხარეც - შეუძლია სახელმწიფოს ერთი უწყება ორად გაყოს? ცხადია, შეუძლია. ამის იქით ვინ იგულისხმებს პოლიტიკურ მიკერძოებულობას და ვინ არა, ეს რიტორიკაა და იურიდიული ბარიერი არა აქვს. ჩემი აზრით, ამ კამათს უნდა ჰქონოდა უფრო საქმიანი სახე და არგუმენტირებული ყოფილიყო ამ ინსტიტუტის ამ სახით არსებობის აუცილებლობა. რაზეც აპელირებს ოპოზიცია, რომ ამ ადამიანმა თავისი აზრი გამოთქვა და ამიტომ აუქმებენ უწყებას, საკმარისი არ არის. შეუძლია გაუქმება და გააუქმა, დანარჩენი უკვე დაბრალებაა. უპრიანი იქნებოდა ოპოზიციას სახელმწიფოს მშენებლობის საკანონმდებლო ტიპის მოდელით ეხელმძღვანელა და დაემტკიცებინა, რომ დემოკრატიული სახელმწიფოსთვის ის ფორმაა მისაღები, რაც იყო და ამ ორი ფუნქციის გაყოფა დაუშვებელია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“რამდენიმე ეტაპზე ყველას გაგვიჩნდა კითხვა - “ნაციონალებს” პარლამენტში შესვლა არ სურთ იმიტომ, რომ პარლამენტში ვერ იმუშავებენ და იქიდან ვერ მოახერხებენ ოპოზიციური ფლანგის გაშლას, თუ არ სურთ ამის გაკეთება. ეს საკითხი ფიგურირებდა მანამდე, სანამ ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში იყო. შეიყვანეს ოპოზიცია პარლამენტში და ახალი არაფერი მოხდა, ოპოზიციის საპარლამენტო ფრონტი არ გაიშალა, ეს მაფიქრებინებს, რომ ოპოზიციას ამ ხერხების გამოყენების უნარი არ გააჩნია. თუკი ხელისუფლებას დათმობისკენ არაფერი უბიძგებს, მაშინ მხოლოდ შიმშილობით არაფერი მოხდება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რაც ყველაზე უარესია, ამ ნაბიჯით “ნაციონალები” საკუთარ თავს ჩიხში შეიყვანენ. ცოტა ხანში მათ დასჭირდებათ რაიმე მიზეზი თუ საბაბი, რის გამოც შიმშილობაზე უარს იტყვიან. პირველი შიმშილობის დროს ადამიანების ჯანმრთელობა გახდა ასეთი მოტივი. ახლა შესაძლოა არ იყოს მოტივი, ამიტომ ვერ ვხედავ აქციის დასრულების ისეთ გამოსავალს, რომელიც “ნაცმოძრაობას” მისცემდა საშუალებას, არ დაკარგოს სახე... რაც ახლა ხდება, ეჭვი მაქვს, რომ “ნაცმოძრაობის” დაშლაზე მიუთითებს”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

“ეს აქცია მოჰყვა თემურ ალასანიას მკაცრ შეფასებას - შეუძლებელი არ გააკეთესო, და პარტიამ გადაწყვიტა შეუძლებელი გააკეთოს. ეს კი ნიშნავს, რომ დაშლა დაწყებულია, რადგან ეს ეხება ამ პოლიტიკური ჯგუფის რომელიღაც ფენას. ეს არ არის საერთო-სახალხო, ასე ვთქვათ, ამ პარტიის ელიტის გადაწყვეტილება, გახდეს უფრო რადიკალური. ჩვენ ვახსენეთ ალასანია, რომელიც პარტიის ერთი შტოს გამოხატულებაა და როგორც ის უჩივის პარტიას, შეუძლებელს არ აკეთებთო, ალბათ, არის რაღაც ნაწილი, რომელსაც რადიკალიზმი დიდად არ მოსწონს. ეს კი დაშლას მოასწავებს”, - დაასკვნის რამაზ საყვარელიძე.

“სანამ შერიგების თემაზე ვიმსჯელებთ, ვთქვათ, რომ 2020-დან 2021 წლის ჩათვლით მმართველმა პარტიამ ყველა რაუნდი მოიგო და ის მოგებულის პოზიციიდან მოქმედებს. ეს ცვლილებებიც მოგებულის პოზიციიდან არის. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ ცვლილება შეიძლება წაგებულის პოზიციიდანაც, როდესაც იძულებულია გააკეთოს. ამ ორი არჩევნების შედეგებით პოლიტიკური ოპონენტების იძულება გამორიცხულია და თუკი “ოცნება” რამემ ცვლილებაზე აიძულა, ეს რეალობაა. მაგალითად, იმან, რომ ჯანდაცვის მინისტრმა ვერ მოუარა პანდემიას და საჭირო გახდა ჯანდაცვის სისტემის თავიდან დალაგება. რაც შეეხება შერიგება-არშერიგებას, პირადად მე შესარიგებელი თემები არ მეგულება. განცხადებებიც ყველაზე მძაფრი ჰქონდა მარგველაშვილს, რომელმაც თქვა, რომ სააკაშვილი პუტინის პატიმარია და ერთიანი პოზიცია საჭიროა იმისთვის, რათა მტერმა დაინახოს, რომ მის მიმართ ქვეყნის პოზიცია ერთიანია. აქ კი მეჩვენება, რომ რიტორიკული გადახრაა, იმიტომ, რომ არც ოპოზიციას და არც მმართველ პარტიას არ უთქვამთ, რუსეთის ნაბიჯებს ვეგუებითო და შეურიგებლობის პოლიტიკა გრძელდება. ამიტომ ვამბობ, რომ ეს პროცესიც ნელ-ნელა დაკარგავს აქტუალურობას სწორედ იმის გამო, რომ რეალური საჭიროებიდან არ გამომდინარეობს”, - დასძენს რესპონდენტი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო