ქართული პრესის მიმოხილვა 06.01.2022

“ომიკრონის” შეჩერება ვეღარ ხერხდება - “როგორც გრიპი, ყველამ უნდა მოიხადოს”

რა ზეგავლენას მოახდენს საქართველოზე აშშ-რუსეთის მოლაპარაკება

მოსახლეობის ფენებს შორის უკვე უფსკრული გაჩნდა

* * *

“ომიკრონის” შეჩერება ვეღარ ხერხდება - “როგორც გრიპი, ყველამ უნდა მოიხადოს”

“ომიკრონი” თითქმის ყველა ქვეყანაში ანტირეკორდებს ამყარებს - მისი შეჩერება უკვე ვეღარ ხერხდება. იგი ყველაზე მეტად ვაქცინირებულ და მკაცრი ეპიდემიოლოგიური ზომების მიმღებ ქვეყნებშიც კი ელვისებურად ვრცელდება. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ასეთი სწრაფი გავრცელების პირობებში ყველა თუ არა, დედამიწის ძალიან დიდი ნაწილი ამ შტამით დაავადდეს, თუმცა ამ დროის მონაცემებზე დაყრდნობით იმედოვნებენ, რომ ძირითადად მსუბუქი მიმდინარეობის იქნება. ეს ძირითადად ვაქცინირებულ ადამიანებს ეხება და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ომიკრონის” შეჩერება ვეღარ ხერხდება - “როგორც გრიპი, ყველამ უნდა მოიხადოს”.

“ქვეყნებიდან, სადაც “ომიკრონი” დომინანტური გახდა ერთ-ერთი პირველი ამერიკის შეერთებული შტატებია. ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებით, 1-ლი იანვრის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევათა 95,4% „ომიკრონ” ვარიანტზე მოდის. “როიტერის” ცნობით, “ომიკრონი” შეერთებულ შტატებში 1-ელ დეკემბერს გამოჩნდა და ზუსტად ერთ თვეში “დელტა” “ომიკრონმა” ჩაანაცვლა, რის გამოც ქვეყანაში პანდემიის ახალი ტალღა დაიწყო. ყოველდღიური შემთხვევათა რაოდენობა კი ერთი მილიონია. რთული მდგომარეობაა ევროპაშიც. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი არავაქცინირებული ადამიანებისთვის ერთგვარ გაფრთხილებას აგზავნის და აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის ვაქცინაციას არავის დააძალებს, მას სურს, რომ ადამიანების აცრისკენ წახალისება მათი ყოველდღიური აქტივობების შეზღუდვის ხარჯზე მოხდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“არავაქცინირებულ ადამიანებს საპყრობილეში არ გავგზავნით. თუმცა, მათ უნდა ვუთხრათ, რომ 15 იანვრიდან რესტორანში წასვლას ვეღარ შეძლებენ, ვერც ყავის დასალევად წავლენ, ვერ წავლენ კინოში და თეატრში”, - აღნიშნა პრეზიდენტმა. საქართველოში ოთხშაბათის დილის მონაცემებით, ლაბორატორიულად სულ “ომიკრონის” 159 შემთხვევა დადასტურებული. თუმცა, სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ იანვრის ბოლოსთვის ეს შტამი ქვეყანაში დომინანტური გახდეს. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3436 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 32 პაციენტი. ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ კოვიდ კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ პერსონალი მზად არის, კლინიკებს მედიკამენტების მარაგი აქვთ და მომზადებული ხვდებიან იმ გამოწვევებს, რაც შესაძლოა, ახალი შტამის გავრცელებას უკავშირდებოდეს”, - განაგრძობს გამოცემა.

“კოვიდის მართვის პროცესში ახალი გამოწვევებია, მსოფლიო დღეს უმკლავდება “ომიკრონის” ახალ ტალღას. კლინკებთან ვისაუბრეთ მათი მზაობის თაობაზე. დღეს, საბედნიეროდ, კლინიკების დატვირთვა არ არის მაღალი, მობილიზებული საწოლფონდის დაახლოებით ნახევარი არის დატვირთული. მზაობა კვლავაც რჩება მაქსიმალური, პერსონალი მზად არის, ახალი პროტოკოლი მოქმედია, მედიკამენტების მარაგი კლინიკებს აქვ... ასევე ვისაუბრეთ ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებაზე, განსაკუთრებით სამედიცინო პერსონალში. მოგეხსენებათ, რომ დაწყებულია წახალისების სქემა 50 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვისაც, ვაქცინაციის შემდგომ, პირველივე დოზის მიღებისთანავე მოქალაქე იღებს 200 ლარიან წახალისებას”, - აღნიშნა გაბუნიამ. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ საქართველოშიც მოსალოდნელია უახლოეს პერიოდში “ომიკრონი” დომინანტური გახდეს და ასეთ პირობებში “ბუსტერი” აუცილებელია”, - დასძენს გამოცემა.

“მოსალოდნელია, რომ ჩვენთანაც იგივე მოხდეს. უბრალოდ, მეცნიერები როგორც ინფორმაციას გვაწვდიან, ბუსტერ დოზები აუცილებლად უნდა გაკეთდეს. ისრაელმა მაგალითად მეოთხე აცრაც დაუშვა. გავრცელებას ჩვენ ვერაფერს ვუზამთ და ვერ შევაჩერებთ, რადგან ათჯერ უფრო მეტად ვრცელდება, ვიდრე ინდური შტამი. მთავარია, რომ მაღალი სიკვდილიანობა არ იყოს და გამოდის, რომ როგორც გრიპი, ყველამ უნდა მოიხადოს, ვინც აცრილი არაა. ვისაც აცრა აქვს, დიდი შანსია, რომ არ დაემართოს, თუმცა ყველაზე მეტად ვაქცინირებულ ქვეყნებშიც გავრცელება მაღალია. აქ მთავარი ისაა, რომ ვაქცინირებულთა შორის გარდაცვალების შემთხვევები ძალიან მცირეა, შესაძლოა ითქვას, რომ პრაქტიკულად არაა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

“ამ დროის მოინაცემებით “ომიკრონს” განსაკუთრებული თვისება არ აქვს, თუმცა, შესაძლოა გართულებები ნებისმიერ ვირუსულ ინფექციას ჰქონდეს. როგორც სხვა შტამებზე, ახლაც დიდი სიფრთხილეა საჭირო იმ ადამიანებში, ვისაც თანდაყოლილი მძიმე დაავადებები აქვთ. მაგრამ აშკარაა, რომ ბევრად მსუბუქად მიდის, განსაკუთრებით ბავშვებში. მიუხედავად ამისა, ამ სიტუაციაში ოპტიმისტი არასდროს არ ვარ, რადგან თუ გავრცელება დიდია, ვირუსის გაძლიერება ხდება ხოლმე და არაა გამორიცხული, რომ როგორც წინა შემთხვევებში მოხდა, ისე განმეორდეს. თავიდან თითქოს მსუბუქად მიდიოდა, მაგრამ შემდგომში ვირუსის მოქმედება ბევრად უფრო აქტიური გახდა, რადგან მისი ვირულენტურობა იზრდება და გადაცემა ხომ “ომიკრონს” ისედაც ძალიან აქტიური აქვს”, - განაგრძობს ჯანდაცვის ექსპერტი.

“ყველა თუ არა, დიდი ნაწილი მაინც გადაიტანს, რადგან გადამცემლობა ძალიან მაღალია, როგორც ერთ-ერთ უცხოურ გადაცემას ყური მოვკარი, ლაპარაკია იმაზე, რომ თუ ინდურ შტამს 12 მუტაცია აქვს, ამისი 24-ია, ანუ ბევრად უფრო მუტირებული და გაძლიერებულია პირველ რიგში გადაცემის თვალსაზრისით და რაც უფრო მეტს გადაეცემა, მერე უკვე ალბათ ვირულენტურობაც გაიზრდება”, - დაასკვნის ხმალაძე. ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავას პროგნოზით კი “ომიკრონით” ბევრი ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს და იანვრის ბოლოსთის საქართველოში ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა მკვეთრად გაიზარდოს. მისი თქმით ასეთ ვითარებაში კი აუცილებელია, რომ ვაქცინაცია აქტიურად წავიდეს”, - წერს სტატიის ავტორი.

“ყველას გადაედება თუ არა, რა მოგახსენოთ, მაგრამ, დიდი ალბათბით “ომიკრონით” ძალიან ბევრი ადამიანი დაინფიცირდება, მათ შორის ალბათ ჩვენს ქვეყანაშიც. სავარაუდოდ 2-3 კვირაში იანვრის ბოლოსთვის ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება, თუმცა ყოველდღე მაინც მოდის ცნობები, რომ ამ ეტაპზე “ომიკრონის” მიმდინარეობა ისეთი მძიმე არაა, როგორიც “დელტა” შტამის დროს იყო. თუმცა, მაინც მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაცია აქტიურად წავიდეს, განსაკუთრებით რისკ ჯგუფებში, სადაც მაღალია იმის ალბათობა, რომ დაავადება მძიმედ წავიდეს. ვიცით, რომ სამი დოზა ვაქცინა „ომიკრონის" დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან იცავს. აქედან გამომდინარე ამ შტამის შეჩერების სხვა ბერკეტი არ გაგვაჩნია” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა და შეკითხვაზე - “რამდენად შესაძლებელია პიკურ პერიოდში დღიური ინფიცირება არა 5-6, არამედ 20 ათასამდეც ავიდეს”, - პასუხობს:

“ეს შესაძლებელია. დავიცვათ რეკომენდაციები, ჩავიტაროთ ვაქცინაცია და ჰოსპიტალური სექტორი მზად უნდა იყოს შესაძლო დატვირთის გაზრდისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ “ომიკრონს” სწრაფი გავრცელება ახასიათებს, შესაძლებელია, რომ ეს ციფრები მივიღოთ, მაგრამ ამ ეტაპზე რაც ინფორმაცია გვაქვს, იქიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ბევრი მძიმე პაციენტი არ გვეყოლება. თუმცაღა ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა, ჰოსპიტლების დატვირთვას მაინც გამოიწვევს და ამიტომ ამისთვის მაინც მზად უნდა ვიყოთ”.

რა ზეგავლენას მოახდენს საქართველოზე აშშ-რუსეთის მოლაპარაკება

“რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ულტიმატუმის შემდეგ, ჟენევაში აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკება პირველად გაიმართება. შეხვედრისთვის რუსეთმა წერილობითი დოკუმენტი გაამზადა, კრემლის ჩანაფიქრი კი აშშ-სგან წერილობითი თანხმობის მიიღებაა. ანალიტიკოსები განსხვავებულ სცენარებზე საუბრობენ - ნაწილი შეხვედრას არ აღიქვამს ისე, რომ იქ სიღრმისეული გარღვევები მოხდეს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ შეხვედრისას შესაძლოა გავლენის სფეროები გადანაწილდეს. უკრაინის გარშემო შექმნილი დაძაბული ვითარების ფონზე, აშშ-სა და რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები 10 იანვარს მოლაპარაკებას გამართავენ. უკრაინის გარდა, მოლაპარაკების ყურადღების ცენტრში იქნება ბირთვული იარაღის კონტროლის საკითხებიც”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა ზეგავლენას მოახდენს საქართველოზე აშშ-რუსეთის მოლაპარაკება - “განსაზღვრავს გავლენის სფეროებს”

“როდესაც მოლაპარაკების მაგიდას მივუსხდებით, რუსეთს შეუძლია წარმოადგინოს საკუთარი წუხილი, ჩვენ წარმოვადგენთ იმ საკითხებს, რომლებიც, ცხადია,რუსეთის ქმედებასთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას იწვევს”, - განაცხადა თეთრის სახლის საბჭოს პესმდივანმა. თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმაც დაადასტურა, რომ აშშ-სა და რუსეთის მოლაპარაკება მოსკოვის მიერ ვაშინგტონისთვის გაგზავნილი “უსაფრთხოების გარანტიები” გარშემო გაიმართება. როგორ შეიძლება წარიმართოს აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკება და რა კონსესუსს უნდა ველოდოთ ამ საკითხთან დაკავშირებით, “რეზონანსთან” ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია საუბრობს. მისი შეფასებით, კომპრომისს ორივე მხარისგან უნდა ველოდოთ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მოსკოვისა და ვაშინგტონის მოლაპარაკება ოპტიმისტურ განწყობას არ მიქმნის. მათი ეს შეთანხმება მარწმუნებს იმაში, რომ ორივე მხარე მზად არის კომპრომისისთვის და რა იქნება კომპრომისი რუსეთისთვის ან აშშ-სთვის, რთული განსასაზღვრია. რუსეთმა ახლანდელი მოლაპარაკებისთვის მოამზადა წერილობითი ტიპის ხელშეკრულება, რაც მიუთითებს იმაზე რომ ისინი დასავლეთს აღარ ენდობიან და შეიძლება ეს ხელშეკრულება იგივე იყოს, რაც ახალი ტიპის იალტის ხელშეკრულება. ეს დოკუმენტი ახალი ცივი ომის პირობებში განსაზღვრავს გავლენის სფეროებს, რომელიც მხოლოდ აშშ-სა და რუსეთს შეეხება. ამ შეთანხმებას თუკი ამერიკა დათანხმდება, გვექნება ახალი ცივი ომის ლეგიტიმაცია და ამ ორი აქტორის გარდა გვეყოლება მესამე აქტორი - ჩინეთიც. ამ სცენარის განვითრების შემთხვევაში ჯერ მივიღებთ ორ აქტორს, შემდეგ მესამესაც, მაგრამ ჩინეთს და ამერიკას კიდევ მოუწევთ შეხვედრა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ გაინაწილებს ეს ორი მმართველი გავლენის სფეროებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“მოვლენების ასე განვითარების შემთხვევაში გვექნება ტრიპოლარული მსოფლიო. რადგანაც საკითხი აქამდე მივიდა, რომ ეს ორი მხარე ერთმანეთს ამ ფორმატში ხვდება, ვფიქრობ, კომპრომისზე ორივეა წამსვლელი. წინააღმდეგ შემთხვევაში ბაიდენი მკაცრად მოსთხოვდა პუტინს, რომ უკრაინას არ დასხმოდა თავს. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ორივე მხარე მზად არის გეოპოლიტიკური ომისთვის. ამ სცენარის განვითარების შემთხვევაში საქართველო მათთვის აუცილებლად გახდება განხილვის საგანი, თუ რომელი მხარე გაინაწილებს მას, მაგრამ ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა არც აქ არ მიჩენს ოპტიმისტურ განწყობას და ვფიქრობ, რომ ჩვენი დამოკიდებულება დასავლეთის მიმართ, ნათლად კვეთს ჩვენს მომავალს. ჩვენ დღითიდღე ვშორდებით დასავლურ ფასეულობებს და ვატარებთ რუსეთის პოლიტიკას, რაც კიდევ უფრო ნათელს ხდის ჩვენს მომავალს ამ შეთხვევაში”, - დაასკვნის მაისაია.

“პოლიტოლოგი და ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ ჟენევაში დაგეგმილ სამიტზე აშშ-სგან მასშტაბურ კომპრომისს არ ელოდება და ამ შეხვედრას არც სერიოზული გარღვევების წინამორბედად არ აღიქვამს. “შეხვედრაზე რუსეთი დოკუმენტის წარდგენას აპირებს, ვაშინგტონი კი მოსკოვს არანაირი წერილობით პირობას არ მისცემს, ეს გამორიცხულია. მით უმეტეს ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით. ერთადერთი, რა კომპრომისსაც აშშ-ს მხრიდან განვიხილავ, ეს არის გაზსადენ “ჩრდილოეთის ნაკადთან” დაკავშირებული სანქციების მოხსნა”, - მიიჩნევს გოგოლაშვილი, რომლის აზრით, “მოსკოვი ამ შეხვედრაზე ყველანაირად ეცდება ყირიმის ანექსიის დაკანონების საკითხის განხილვას. ასევე, მეტი გარანტიების მიიღებას უკრაინასთან დაკავშირებით, რადგან მისი რეინტეგრირება არ მოხდეს”, - დასძენს გამოცემა.

“მოსკოვი მოითხოვს, ამერიკამ უკვე დაწესებული სანქციებიც გაუუქმოს ან მეტად აღარ გაუზარდოს. რაზეც ვფიქრობ, რომ ამერიკა არ დათანხმდება. ასევე, აშშ-ს მოსთხოვს, რომ უკრაინას ახალი საბრძოლო სარაკეტო საშუალებები არ მიაწოდოს. ამერიკის პასუხი კი იქნება შემდეგი, რომ გაიყვანეთ ჯარი უკრაინის საზღვრებიდან და აღარ იქნება ამ და სხვა სამხედრო იარაღების გადაცემა საჭირო. ასევე, განიხილება ბევრი სხვა საკითხები, მხოლოდ განიხილება, მაგრამ კომპრომისზე აშშ მხოლოდ გაზსადენის სანქციაზე წავა”, - თვლის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი.

“საქართველოს ეს შეხვედრა დიდად არ შეეხება, მაგრამ ამ შეხვედრის შედეგები ჩვენს ქვეყნის გეოპოლიტიკაზეც იქონიებს გავლენას. ამ შეხვედრაზე საქართველო განხილული იქნება იმ მიმართულებით, როცა მოსკოვი კიდევ ერთხელ გააჟღერებს ბუქარესტს სამიტის გაუქმების მოთხოვნას, რასაც აშშ არ დაუშვებს. აშშ-ს მხრიდან შეიძლება მოვისმინოთ ისიც, რომ საჭირო შემთხვევაში იგი ისევე დაეხმარება საქართველოს სამხედრო ირაღით და სხვა საჭიროებებით, როგორც უკრაინას. სხვა სერიოზულ გარღვევებს ამ სამიტზე არ ველოდები”, - ამბობს კახა გოგოლაშვილი.

მოსახლეობის ფენებს შორის უკვე უფსკრული გაჩნდა

“ქვეყანაში სოციალური უთანასწორობა აშკარაა. პანდემიის დაწყების შემდეგ, მოსახლეობის ფენებს შორის სხვაობა კიდევ უფრო მეტად გაღრმავდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ვითარება საკმაოდ მძიმეა და მთავრობის პრიორიტეტი სწორედ ეს მიმართულება უნდა იყოს, რომ ქვეყანაში სოციალური უთანასწორობა არ იგრძნობოდეს და სიღარიბის დაძლევა მოხერხდეს. ქვეყანაში გაზრდილია სიღარიბე, უმუშევრობა, დღეს სოციალურ შემწეობას იმაზე მეტი ადამიანი იღებს, ვიდრე წინა წლებში იღებდა, ეს კი პირდაპირ მოუთითებს, რომ სოციალური უთანასწორობა გაღრმავდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მოსახლეობის ფენებს შორის უკვე უფსკრული გაჩნდა / “კანონმა მთავრობასა და ეროვნულ ბანკს ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვა უნდა დაავალოს”.

“პანდემიის პერიოდში მოსახლეობას შემოსავლების მობილიზების მხრივ დიდი პრობლემა შეექმნა, ზოგს იგი საერთოდ გაუქრა, ზოგს კი შეუმცირდა. ყველაზე მძიმე ვითარებაში დაბალშემოსავლიანი ადამიანები და ის ფენა აღმოჩნდნენ, რომელთაც პანდემიამდეც ჰქონდათ ფინანსური პრობლემები. როგორც სტატისტიკოსმა გივი მომცელიძემ აღნიშნა, შეუძლებელია, სოციალური უთანასწორობა არ გაუარესებულიყო, რაც სამომავლოდ სტატისტიკაშიც აუცილებლად აისახება. ის დასძენს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია, უნდა მოხდეს ე.წ.ქამრების შემოჭერა და მეტი მიზნობრივი დახმარების გაცემა მოსახლეობის იმ ფენისთვის, ვისაც უჭირს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჯერჯერობით 2021 წლის სტატისტიკური მონაცემები არ გამოქვეყნებულა და რიცხვებით ვერ ვიმსჯელებთ, მაგრამ რაც ჩანს, შეუძლებელია, რომ არ გაუარესებულიყო უთანასწორობა, იმის გამო, რომ 13.9-პროცენტიანი ინფლაციით დავასრულეთ წელი. ეს ყველა ვარიანტში იწვევს საშუალო ფენის გაღარიბებას და ღარიბების გაღატაკებას. ეს სტატისტიკაში აუცილებლად გამოჩნდება, როდესაც 2021 წლის მონაცემები გამოქვეყნდება... რაც შეეხება მთავრობის ნაბიჯებს, პირველ რიგში, ალბათ, გასაკეთებელი არის ის, რომ მიზნობრივი დახმარებები გაიცეს იმ ხალხისთვის, ვისაც ძალიან უჭირს, თუმცა ამისათვის ვალები კი არ უნდა ავიღოთ, ქამრები უნდა შემოვიჭიროთ. ეს ხელისუფლება კი ქამრების შემომჭერი არ არის და შესაბამისად, მათი არანაირი იმედი არ მაქვს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გივი მომცელიძე.

“გაზრდილი გადასახადებისა და მაღალი ინფლაციის გამო, ქვეყანაში სოციალური უთანასწორობა კიდევ უფრო გაიზარდა. 2021 წლის დეკემბერში ინფლაციამ 13.9% შეადგინა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, გაზრდილია უმუშევრობა და 2020 წელს მან 18.5% შეადგინა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში უამრავი ადამიანია შემოსავლის გარეშე. ასევე გაზრდილია სიღარიბე, 2020 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მოსახლეობის 21.3% იყო, 2019 წელს კი - 19.5%. დღეს სოციალურ შემწეობას იმაზე მეტი ოჯახი იღებს, ვიდრე პანდემიამდე იღებდა. 2019 წელს საარსებო შემწეობას 119 582 ოჯახი იღებდა, რაც მთელი ქვეყნის ოჯახების რაოდენობის 11.2%-ია. ამავე წელს საარსებო შემწეობას 427 272 ადამიანი იღებდა, რაც მთელი მოსახლეობის 11.5%-ია. 2020 წელს საარსებო შემწეობას 146 619 ოჯახი იღებდა, (ოჯახების რაოდენობის 13.8%), საარსებო შემწეობას კი 524 598 ადამიანი იღებდა, რაც მოსახლეობის 14.1%-ია. რაც შეეხება 2021 წელს, ოქტომბრის მდგომარეობით, საარსებო შემწეობას 633 586 მოქალაქე იღებდა”, - განაგრძობს გამოცემა.

“ზემოთ მოყვანილი მონაცემებითაც აშკარაა, რომ ბოლო ორ წელში ხალხს ძალიან გაუჭირდა და სოციალური უთანასწორობაც გაზრდილია, კონკრეტულად კი ჯინის ინდექსმა 2020 წელს 0.36 ერთეული შეადგინა. ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი აცხადებს, რომ ქონებრივ მდგომარეობას შორის განსხვავება მკვეთრად გაღრმავდა. “2021 წლის განმავლობაში განსაკუთრებით გაძლიერდა სოციალურ ფენებს შორის სხვაობა. ეპიდემიამ ძალიან ბევრი სამუშაო ადგილის დაკარგვა გამოიწვია და ეს არის ერთ-ერთი მთავრი მიზეზი; მეორე არის ის, რომ სახელმწიფომ საშუალო ფენის გაკოტრების პროცესის შესაჩერებლად, პრაქტიკულად, ხელი არ გაანძრია და ღარიბები გაღატაკდნენ”, - განაცხადა “რეზონანსთან” სიმონიშვილმა და იმ გზებზე ისაუბრა, რომელთა მეშვეობითაც პრობლემის მოგვარება იქნება შესაძლებელი”, - დასძენს გამოცემა.

“ძალიან საეჭვოა, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყოს, მაგრამ... პირველ რიგში, უნდა შეიცვალოს ქვეყნის კონსტიტუცია, რადგან არსებული კონსტიტუციით მთავრობას ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვა არ ევალება და არც სიცოცხლის უფლების დაცვაზე ზრუნვა. ეროვნულ ბანკს არ ევალება ლარის სიმყარეზე, მსყიდველუნარიანობაზე ზრუნვა. ეს უცნაური მდგომარეობა უნდა აღმოიფხვრას, რომ კანონმა მთავრობასა და ეროვნულ ბანკს ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვა დაავალოს. ამის შემდეგ დაიწყება ის ცვლილებები, რომლებიც აუცილებელია, რომ ქვეყანაში ჯანსაღი ეკონომიკური მდგომარეობა იყოს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო სიმონიშვილი.

“ჩვენთან ეკონომიკის მონეტარიზაცია არის 20%-ის ფარგლებში. ესე იგი, მშპ-ის მხოლოდ 20%-ია ფულის რაოდენობაში გამოხატული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში არის მუდმივად ფულის შიმშილი, რაც ძალიან უშლის ხელს ეკონომიკის არათუ განვითარებას, არამედ ზოგადად, ბიზნესის არსებობას. როდესაც სახელმწიფო რაიმე ეკონომიკურ ცვლილებას გეგმავს, ხელისუფლება ელაპარაკება ე.წ. ბიზნესსა და შესაბამის ასოციაციებს, ისინი კი, ძირითადად, არიან ის მონოპოლიური სტრუქტურები, რომლებიც ქვეყანაში ჩამოყალიბდნენ. წვრილ ბიზნესსა და იმ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქვეყნის ეკონომიკაში საჭიროა ცვლილებები, საერთოდ არ ესაუბრებიან, ისევ და ისევ მონოპოლისტებს ეთათბირებიან. მონოპოლიზმს რომ ქვეყნისთვის სიკეთე არ მოაქვს, ეს ყველამ ვიცით. საჭირო ეკონომიკური ცვლილებები ისე უნდა განხორციელდეს, რომ სარგებელი მიიღოს ყველამ და არა - მხოლოდ ყველაზე მდიდრებმა”, - დაასკვნის სიმონიშვილი.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს