თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება: მეტი ვიდრე სამართალი, მეტი ვიდრე ვაჭრობა

უცხოეთთან ბოლო პერიოდის ქართულ სასაუბრო ლექსიკონში მტკიცედ დამკვიდრდა „თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება“. ოფიციალურ გზავნილებსა თუ კომუნიკაციისას ეს სიტყვათწყობა, კონკრეტული შინაარსის მოქმედებათა სისტემას აღნიშნავს. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ამ სისტემის სათანადოდ დანერგვა ჩვენი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან იგი განსაზღვრავს საერთაშორისო თანამეგობრობაში საქართველოს ინტეგრირების კიდევ ერთ გზას და პრაქტიკულ ალგორითმს. სხვა საშუალებებთან ერთად, სწორედ მასზე სწორებით განსაზღვრავენ თანაცხოვრების კონკრეტულ, აღიარებულ ნორმებთან და პრინციპებთან თანწყობას როგორც თბილისი, ისე მისი საერთაშორისო პარტნიორები, იგი არის ქვეყანაში გასატარებელი ცვლილებების წარმატებულობის და ამასთანავე, საგარეო ასპარეზზე ჩვენი მისაღებობის საზომი.

ამდენად, სრულიად კანონზომიერია გარემოება, რომ გასულ წლებში სათანადო აქტივობების შედეგად, საქართველოს საგარეო ურთიერთობათა ვექტორი დაიქსელა თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის მრავალმხრივი - მათ შორის, ევროკავშირთან და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან - და ორმხრივი შეთანხმებებით, იქნება ეს თურქეთთან, ჩინეთთან, ცენტრალური აზიის, უკრაინის, რუსეთის თუ სხვა ჩვენთვის მნიშვნელოვან ბაზრებთან. მეტიც, ამ კატეგორიის შეთანხმებების გაფორმება, თითქოსდა, შიდა და გარე აუდიტორიასთან ქართული ხელისუფლების თავმოწონების საგნადაც კი იქცა, ხოლო ასეთი ახალ–ახალი შეთანხმებების ხელმოწერა – საგარეო და ეკონომიკური დიპლომატიის ასპარეზზე ერთობ წარმატებული საქმიანობის ნიშნულად.

უდავოა, რომ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების რეჟიმი ჩვენი ქვეყნისათვის აუცილებელი ხელსაწყოა როგორც მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში ინტეგრაციის, ისე ეროვნული ეკონომიკის განვითარების ხელშესაწყობად. ამასთანავე, ფაქტებისა და გარემოებების მხოლოდ კონტრასტულ ფერებში აღქმა ქართული, და არა მხოლოდ ქართული, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცნობიერების ერთგვარ სასაქონლო ნიშნად იქცა. და ეს მაშინ, როდესაც ასეთ კონტრასტებს შორის ფერთა ის მდიდარი გამაა, რომლის გარჩევა, ამოცნობა და შესწავლა, სულ ცოტა, უბრალო ცნობისმოყვარეობის ამბავია. მეტად პრაქტიკული გაგებით, ეს ყოველივე კონკრეტული სარგებლისა და საჭიროების საქმეა საგარეო-პოლიტიკური თუ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის დაგეგმარებისა და ქართული ეკონომიკის თვითკმარი და თვითმყოფადი საწყისების გამოსაკვეთად.

ამდენად, ამ მცირე სტატიის ამოცანაც ეს არის: თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის დიდი სურათის რეალისტურ ფერებში წარმოჩენა მხოლოდ მისი ცალკეული (შესაძლოა, მეტად სადავო და საკამათო) ასპექტების თუნდაც ზოგადი მონიშვნით. ცხადია, რომ ამ სტატიაში არცერთ განცხადებას თუ შეფასებას არ აქვს შეუვალობის პრეტენზია, არამედ თითოეული თეზისი თუ მოსაზრება, როგორც ამ დიდი თემის ამა თუ იმ ნიუანსის კრიტიკული განხილვა, შემდგომში საღად შეჯერების სურვილის გაღვივების მცდელობაა. ჩვენ შეგნებულად ვარიდებთ თავს ცალკეული სახელშეკრულებო სქემის გარჩევას (რაც მოცემულ ფორმატს მიღმაა), ისე როგორც ამ სტატიის სტატისტიკური მონაცემებით აჭრელებას, რის ნაკლებობასაც მრავალი სხვა წყაროს წყალობით არ განვიცდით.

ერთი სიტყვით, გვსურს თავისუფალი ვაჭრობის რაობა, გარკვეულწილად, ზედხედით დავინახოთ. გარდა ამისა, ჩვენი მსჯელობის თანმდევ შედეგად საქართველოს მიერ ხელმოწერილი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებებით მონიჭებული უპირატესობების დამატებით ხაზგასმა წარმოგვიდგენია. ამავდროულად, აუცილებელია ამ შეთანხმებების თანმდევი რისკების გაცნობიერება ისევე როგორც ქართულ ინტერესზე მათ მორგების ოპტიმალურ გზებზე მიუკერძოებელი მსჯელობა.

მოკლე შესავალი შეთანხმებაზე „შეთანხმების“ საკითხისათვის

გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული, განვითარებადი ქვეყნების დიდმა ნაწილმა საბაზრო სისტემისაკენ დაიწყო სვლა, რაც, სხვა ნაბიჯებთან ერთად, სავაჭრო წესების ლიბერალიზაციას გულისხმობდა. ამ ძირეული ცვლილებების საწყისად მსოფლიო მასშტაბით საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობაში ღიაობისაკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები მოიაზრება, კერძოდ, 1994 წლის ურუგვაის მოლაპარაკებათა რაუნდის დაგვირგვინება 1995 წელს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შექმნით. ამგვარად, პრაქტიკულად დასრულდა მოლაპარაკებათა ათწლიანი პროცესი, რომლის ძირითადი მიზნები ორად შეიძლება დაჯგუფდეს. მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა (შემდგომში უკვე დოჰას რაუნდის გათვალისწინებით) საქონლისა და მომსახურების ბაზართან წვდომის დაბრკოლებების შემცირება იყო, ხოლო მეორე – ბაზართან წვდომის სავალდებულო და შეძლებისდაგვარად უნიფიცირებული წესებისა და პროცედურების შემოღება, რისთვისაც, ე.წ. „მაქსიმალური სატარიფო განაკვეთები“ დადგინდა. საქმე ისაა, რომ მანამდე დამკვიდრებული მიდგომის თანახმად, ბაზრებთან წვდომა მეტწილად ფიქსირებული პრეფერენციული ტარიფებით ხორციელდებოდა შერჩევითად, ე.წ. „მეტი ხელშეწყობის მქონე ქვეყნებისა“ (most favored nations) და მკაცრად განსაზღვრული სასაქონლო და მომსახურების ნომენკლატურის მიმართ.

ერთი სიტყვით, გასული საუკუნის ამ პროცესების შედეგად, სავაჭრო წესების ლიბერალიზაციის დინამიკა შესამჩნევად მზარდი გახდა. სხვადასხვა მრავალმხრივი ინსტრუმენტების პარალელურად, ეს დინამიკა ქვეყნებს შორის ორმხრივ ფორმატში დადებულ შეთანხმებებშიც გამოისახა. ეს ბოლო გარემოება მით უფრო ნიშანდობლივია, რომ ორმხრივი სავაჭრო შეთანხმებები ე.წ. ახალი ტიპის რეგიონალიზმის პრინციპს მოხერხებულად მიესადაგა – თითოეული ქვეყანა მაქსიმალურად ეცადა ვაჭრობის სფეროში საკუთარი მიზნების ხორცშესხმას, თავისთვის ხელსაყრელი სატარიფო სქემების გატარებას, ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის თანხმობის მიღწევას საკუთარ ვერსიაზე საქონლის წარმოშობასთან, ისე როგორც ტექნიკურ, საპროცედურო და სხვა ფორმალურ მოთხოვნებთან მიმართებით. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, მრავალმხრივი, განსაკუთრებით კი ორმხრივი სავაჭრო შეთანხმებები „აშვებული ზამბარის“ ეფექტით გამრავლდა და ფეხი მოიკიდა.

აღნიშნული სხვადასხვა მრავალმხრივი ცვლილების ეკონომიკურმა ეფექტმაც არ დააყოვნა, რაც გასაშუალოებული სატარიფო განაკვეთების საგრძნობ შემცირებაში გამოიხატა. ასევე, რიგ შემთხვევებში, საგრძნობლად გაიზარდა ამა თუ იმ ფორმატში თავისუფალი ვაჭრობის ბრუნვაც (მაგალითად, უკვე მე-20 საუკუნის 90-იან წლებშივე ევროკავშირის ქვეყნებს შორის – 65%–ით; მერკოსურისა და ანდეანის პაქტის წევრებს შორის – ორ–ნახევარჯერ).

ბუნებრივია, რომ ყველაზე ხელშესახები ეფექტი – ტარიფების შემცირება, ქვეყნების ეროვნულ ხელისუფლებათა მიერ არაერთი აუცილებელი საშინაო რეფორმის გატარებისას დამატებით და ამასთანავე კრიტიკული როლის მქონე ეფექტად მოგვევლინა, რომლის გარეშეც თავისუფალი ვაჭრობის საჭირო შედეგის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა.

თანაბრად აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ვაჭრობაში ურთიერთდამოკიდებულებასა და ნაცვალგებაზე დამყარებულმა მიდგომამ, ზოგადად, ხელი შეუწყო საერთაშორისო ველის გაჯანსაღებას. საქმე ისაა, რომ სხვადასხვა სტრატეგიული თუ არასტრატეგიული მიზნისა თუ დიაპაზონის, განსხვავებული მასშტაბისა და ამბიციის ქვეყნებს მოუწიათ საერთო ქცევის წესებზე შეთანხმება, არცთუ იშვიათად – ურთიერთგანსხვავებული მიდგომების შეწყობის გზით. ამ შეთანხმებათა თავისებურ თანმდევ უპირატესობად იქცა საერთაშორისო მართლწესრიგისა და ურთიერთობათა სხვა თემებზე კონსენსუსის კულტურის დამკვიდრება და მისი შემდგომი განვითარება.

ასე მაგალითად, ბოლო პერიოდს გამოარჩევს თავისუფალი ვაჭრობის ფორმატში ისეთი საკითხების მოწესრიგების ინსტიტუციური ჰარმონიზაცია, როგორებიცაა ინტელექტუალური საკუთრება, ჯანდაცვა, უსაფრთხოებისა და შრომის სტანდარტები, შრომითი მიგრაცია, ინვესტიციების დაცვა, საბანკო და საფინანსო საქმიანობა, დავათა გადაჭრა და ა.შ. საგულისხმოა, რომ ახალმა მიდგომებმა ამ შეთანხმებათა ასევე ახალი - ე.წ. „თანამედროვე თავისუფალი შეთანხმებების“ - კლასი წარმოშვა, რაც ეკონომიკური ინტეგრაციის თანამედროვე დღის წესრიგს და მიმდინარე გამოწვევებს ეხმიანება. ამასთანავე, საკითხავია, თუ რამდენად შორს წავა ეს პროცესი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის რეფორმირების გარეშე და მისგან დამოუკიდებლად.

კიდევ ერთი საკმაოდ საკამათო საკითხია თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების რაოდენობის მატება, როგორც შედეგი 2001 წლის დოჰას რაუნდის ერთობ წარუმატებელი მოლაპარაკებებისა. მართალია, საკუთრივ ურუგვაის მოლაპარაკებათა რაუნდმა უკვე საკმარისად დიდი ბიძგი მისცა აღნიშნული კატეგორიის შეთანხმებების გავრცელებას. მეტი თვალსაჩინოებისათვის უნდა ითქვას, რომ თავისუფალი ვაჭრობის სამოცზე მეტი შეთანხმება ურუგვაისა და დოჰას რაუნდებს შორის ამოქმედდა - ანუ პრაქტიკულად იმ პერიოდში, როდესაც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის რეფორმირება ჯერ კიდევ მყარ იმედებს უკავშირდებოდა.

სემანტიკა და არსი

ერთი სიტყვით, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ძალით, ორი ან მეტი ქვეყანა უარს ამბობს ერთიმეორის წარმოებული საქონლით ვაჭრობისას „სატარიფო ომზე“, თუმცა ინარჩუნებენ სატარიფო ბერკეტებს მესამე ქვეყნებთან მიმართებით. აღსანიშნავია ისიც, რომ სხვადასხვა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებათა მიხედვით ასევე განსხვავებულია საქონლის ნომენკლატურაც ხოლო მათ ზუსტ განსაზღვრაში დიდია საქონლის წარმოშობის დადგენა. მეტიც, პრაქტიკაში არცთუ იშვიათად სასაქონლო ნომენკლატურის შერჩევა ამა თუ იმ ლობისტური ჯგუფის მეცადინეობის, მათი პრეფერენციების შედეგიც შეიძლება გახდეს და ესეც შეთანხმებაზე მუშაობის პროცესის დამახასიათებელი რეალობაა. ალბათ ამიტომაცაა, რომ არაერთხელ გაისმა შეთავაზება აღნიშნული კატეგორიის შეთანხმებას ნაცვლად „თავისუფალი სავაჭროსი“, „პრეფერენციული სავაჭრო შეთანხმება“ ეწოდოს.

ამდენად, საბაჟო კავშირისაგან განსხვავებით, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მონაწილე ქვეყნები ინარჩუნებენ თავიანთ გარე ტარიფებს, მაგრამ შეთანხმების წევრის მიმართ შეღავათიან სატარიფო განაკვეთებს გამოიყენებენ. ამ მიდგომას განსაკუთრებული როლი ენიჭება როგორც სავაჭრო ნაკადის „გადამისამართების“ თავიდან ასარიდებლად, ისე შეღავათიანი ტარიფისა და წარმოშობის პრინციპების სწორი კომბინირებისათვის. ეს საშუალებას არ აძლევს შეთანხმების არაწევრ ქვეყანას, რომ შეთანხმების ერთი ქვეყნის ტერიტორიის გავლით საქონელი შეღავათიანი ტარიფით გადაზიდოს შეთანხმების მეორე ქვეყანაში. ცხადია, რომ ფორმალურ მოთხოვნასთან ერთად, პროცესი სწორ და კანონიერ ადმინისტრირებასაც მოითხოვს, ხოლო მისი მდგრადობა შესაბამისი ზედამხედველი და აღმასრულებელი უწყებების პრეროგატივაა. აღსანიშნია ისიც, რომ საქონლის წარმოშობის კრიტერიუმების სწორ მისადაგებას საგანგებო ყურადღება ექცევა და ამ მხრივ შესატყვისი კლასიფიკაცია უკვე შემუშავდა.

თუმცა ამჯერად ყურადღება რამდენიმე სხვა მეტად არსებით ეკონომიკურ ფაქტორს გვსურს მივაპყროთ.

ერთ-ერთი და მნიშვნელოვანი საქონლის მიწოდებას უკავშირდება. ესაა კონკრეტული ეკონომიკური სისტემის ფარგლებში ეროვნული წარმოებისა და საკუთარი პროდუქციის ექსპორტის ზრდის უნარის შენარჩუნება ამავე ეკონომიკურ სისტემაში თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ამოქმედების შედეგად იმპორტირებული საქონლის მხრიდან კონკურენციისას. აშკარაა, რომ ამ ფაქტორის სწორად შეფასება მრავალ პირდაპირ და ირიბ გარემოებაზეა დამოკიდებული. მაგალითისათვის, ასეთი შეფასებისას გასათვალისწინებელია არა მხოლოდ ქვეყნის სავაჭრო და სამრეწველო პოლიტიკა, არამედ სწორ დასკვნას მოითხოვს სავაჭრო ინსტიტუციურ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ადამიანური რესურსისა და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის სხვა კომპონენტები.

საგანგებო მნიშვნელობისაა, რომ საქონლის მიწოდების ფაქტორზე მსჯელობა რაც შეიძლება ობიექტურ ეკონომიკურ გარემოებებს დაეფუძნოს. ამაზე შეხსენება იმის შედეგია, რომ გადაწყვეტილების მიმღებნი სხვადასხვა სუბიექტური და კონიუნქტურული მოსაზრებების ტყვეობაში შეიძლება აღმოჩნდნენ და ამით მოწყდნენ წმიდა ეკონომიკურ კატეგორიებს თუ რაციონალიზმს. არც ისაა გამორიცხული, რომ თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებაზე მომლაპარაკებელ მხარეს გამოეპაროს კრიტიკული უზუსტობები, მან ბოლომდე ვერ გაანალიზოს შეთანხმებების შესაძლო შედეგები ან ვერ მიაღწიოს შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებსა და ეროვნულ ამოცანებს შორის სწორ ბალანსს. ნებისმიერი ასეთი შეცდომა თუ უზუსტობა ქვეყნისათვის განსაკუთრებით ძვირი მაშინაა თუკი იგი მოუმზადებელია თავისუფალი სავაჭრო რეჟიმისათვის, როგორც კომპეტენციით, ისე ინსტიტუციურად.

თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ნაჩქარევ გაფორმებას - განსაკუთრებით საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებულ ნეგატიურ ეკონომიკურ შედეგებზე საუბრისას - ისეთი პროცესებიც უკავშირდება, რამაც თანდათანობით, დროთა განმავლობაში იჩენენ თავს. კერძოდ, ეს არის კონკრეტული ქვეყნის მხრიდან სხვადასხვა ქვეყნებთან ვაჭრობისას სატარიფო სქემების სიმრავლე და მათი შესაძლო დიფერენციაციით გამოწვეული რისკი. სავაჭრო დისბალანსს რომ თავი დავანებოთ, რაც ისედაც სახიფათო ანომალიაა, განსხვავებული სატარიფო სქემების რეალიზება მათი პრაქტიკული ადმინისტრირების სირთულეებსაც უკავშირდება. განმსაზღვრელ ფაქტორებზე საუბრისას, აგრეთვე, აღსანიშნია ვაჭრობის შესატყვისობა, რაც ეს ერთი ქვეყნის სავაჭრო სტრუქტურის მეორე ქვეყნის სავაჭრო სტრუქტურასთან შესატყვისობის ხარისხს უკავშირდება. სხვა სიტყვით რომ ვთქვათ, ხელშემკვრელი ქვეყნის ამოცანაა განსაზღვროს, თუ რამდენად ცვლიან შეთანხმებამდე წარმოებულ იმპორტს შეთანხმებით დადგენილი ახალი წესები და მოთხოვნები. ამის ანალიზისას ასევე მხედველობაში მისაღებია ეროვნული ეკონომიკის განვითარების დონე, რესურსების დივერსიფიკაციის ხარისხი და საექსპორტო პოტენციალი.

აშკარაა, რომ მხოლოდ მრავალი შესატყვისი პარამეტრის სწორი თავსებადობა და ურთიერთბალანსი განაპირობებს ცალკეული თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების წარმატებას (მაგალითისათვის, პრაქტიკაში ასეთად მიიჩნევა ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაცია) და მხარეთათვის რეალურ შედეგიანობას. ქართული ეკონომიკისათვის შეთანხმების ხელშესახები ეკონომიკური ეფექტი და არა ხელმოწერის ფაქტი ჩაითვლება ამ მხრივ რეალურ აქტივად.

თუმცა გვახსოვდეს ისიც...

...რომ ერთია თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების მონაწილე ქვეყნების, როგორც თავისუფალი რეჟიმის ისე მის ფარგლებს გარეთ, მთლიანი სავაჭრო ბრუნვის, ხოლო მეორე – საკუთრივ ამ შეთანხმებების საფუძველზე განხორციელებული ვაჭრობის ბრუნვის მონაცემები. ბოლო შემთხვევაში იგი გაცილებით მცირეა და პირველის მხოლოდ 30 პროცენტს შეადგენს.

ერთი შეხედვით, ასეთი ჩამორჩენა შესაძლოა გაკვირვებას იწვევდეს, თუმცა ამას რამდენიმე ახსნა აქვს. ერთია, რომ თავისუფალ სავაჭრო რეჟიმში მოქცეული საქონლის მნიშვნელოვანი ნაწილით ვაჭრობა უკვე ისედაც შესაძლებელია ე.წ. „მეტი ხელშეწყობის მქონე ქვეყნის“ სტატუსის გამოყენებით, - სტატუსით, როდესაც სატარიფო განაკვეთები მინიმალურია ან სულაც ნულს უდრის; მეორე გარემოება არის ის, რომ არაერთი ქვეყანა გადასახადებისაგან ათავისუფლებს ისეთ საიმპორტო მასალას, რასაც იგი საკუთარი საექსპორტო საქონლის საწარმოებლად იყენებს; ასევე გასათვალისწინებელია, რომ ხშირია პრაქტიკა სადაც მაღალი სატარიფო გადასახადის საქონელი ისედაც გამორიცხება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან; მორიგი გარემოებაა ელექტრონული ვაჭრობის (e-commerce) პოპულარობა და მისი დაჩქარებული ზრდის ტემპი, - განსაკუთრებით, პანდემიური და პოსტ-პანდემიური პერიოდის სპეციფიკის გათვალისწინებით (აღსანიშნია, რომ e-commerce პრაქტიკულად თავისუფალია გადასახადისაგან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის 2006 წლის საინფორმაციო ტექნოლოგიებზე შეთანხმების ძალით); დაბოლოს, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებით სარგებლობაზე მეწარმეს შესაძლოა უარი ათქმევინოს შეთანხმებით მონიჭებული უპირატესობების ადმინისტრირებასთან დაკავშირებულმა პირდაპირმა და არაპირდაპირმა დანახარჯმა.

ისევე როგორც ის...

...რომ ასევე ერთმნიშვნელოვანი არ არის თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებათა გავლენა ქვეყანაში ინვესტიციათა მოზიდვაზე. უდავოა, რომ მათ გარკვეული როლი აქვთ ამ საქმეში, მაგრამ არა გადამწყვეტი. რეალურად კი საინვესტიციო გარემოს მაინც სხვა არსებითი მოთხოვნების შესრულება უწყობს ხელს. დამატებით არსებობს მოსაზრებაც, რომ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ეფექტს, აგრეთვე, დიდწილად შთანთქავს ინვესტიციების დაცვისადმი მიმართული ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულებები.

ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში სხვადასხვა სამართლებრივი ინსტრუმენტებისა თუ ეკონომიკური მექანიზმების თანაფარდობა დისკუსიის საგანია. არც ჩვენ ვართ იმის მომხრე, რომ რომელიმეს დასაშვებზე მეტი როლი მიენიჭოს. ფაქტია ისიც, რომ ეროვნული ეკონომიკური მოდელის თანაბარზომიერ და ინკლუზიურ ზრდას ინსტრუმენტებისა და მექანიზმების სწორი შერჩევა და შეწყობა განაპირობებს. მიუხედავად ასეთი დილემისა, რასაკვირველია, აუცილებლად აღსანიშნია ის პრაქტიკული დახმარება, რასაც თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება - მისი სწორად გამოყენებისას - გლობალურ წარმოებასთან ეროვნული წარმოების ინტეგრირებას უწევს. აგრეთვე, აღნიშვნის ღირსია ასეთი შეთანხმების თანამედროვე ცოდნისა და გამოცდილების „გადამცემ“ მექანიზმად გამოყენება. ეს უკანასკნელი ესტრა გამოყენებით სარგებელს შეიძენს პანდემიისა და პოსტ-პანდემიის პირობებში ახალი გლობალური მიწოდება-მომარაგების ჯაჭვის ფორმირებისას, ისევე როგორც უკეთ გვიჩვენებს მიწოდება-მომარაგების ახალ კონფიგურაციასთან ქართული ეკონომიკური სისტემის მისადაგების კონტურებს.

შეთანხმების არაეკონომიკური მხარე

ერთი სიტყვით, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ეკონომიკური უპირატესობები ზოგან კითხვის ნიშნის ქვეშ ექცევა. ხოლო იქ, სადაც ასეთ უპირატესობებს რეალური პირი უჩანს, მათ საქმედ გარდაქმნა ესაჭიროება. ამ მეტად რთული ინსტრუმენტის საშენოდ მომარჯვება კი, გარდა სწორი ეკონომიკური მოდელირებისა თუ სათანადო ინფრასტრუქტურისა, მინიმალურად აუცილებელი პირობების დაკმაყოფილებას მოითხოვს. რამდენიმე მათგანი - ჩვენი აზრით, არსებითი - ზემოთ უკვე ვახსენეთ.

თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებაზე საუბრისას პრაქტიკულად შეუძლებელია გვერდი ავუაროთ მის არაეკონომიკურ, ე.წ. პოლიტიკურ მხარეს. არცთუ იშვიათად, ასეთი შეთანხმების გაფორმება სწორედ პოლიტიკური მოსაზრებებითაა ნაკარნახევი და საგარეო თუ უსაფრთხოების პოლიტიკის ჭრილში განვითარებული მოვლენების შედეგია.

ეს თვისება განსაკუთრებით ნათლად ჩანს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაგების მაგალითზე. ხოლო ჩვენთვის, ქართველებისათვის, მათისებური გაგების უკეთ გაანალიზება მით უფრო მნიშვნელოვანია, თუკი მხედველობაში მივიღებთ ჩვენშივე მკაფიოდ დეკლარირებულ სურვილს გავაფორმოთ ამგვარი სტატუსის დოკუმენტი მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან. მეტადრე, რომ ჩვენს ორ ქვეყანას შორის მრავალგანზომილებიანი მჭიდრო თანამშრომლობა პირდაპირ მოითხოვს და განაპირობებს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების არსებობას.

საკმაოდ აშკარაა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის არსენალში თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება უფრო მეტად საგარეო-პოლიტიკური მიზნების მიღწევის შესაძლებლობაა, ვიდრე სავაჭროსი. დასტურად თუნდაც იმ ქვეყნების ჩამონათვალი რად ღირს, ვისთანაც აშშ-ს ასეთი დოკუმენტი აკავშირებს. მაგალითისათვის მხოლოდ რამდენიმე რომ ვახსენოთ, ვფიქრობთ, ზემოთქმული მოსაზრებაც უფრო მტკიცე იქნება: ისრაელი და იორდანია, მაროკო, ბაჰრეინი და ა.შ.

ფაქტია, რომ ყოველ ასეთ ქვეყანასთან თუ რეგიონთან მიმართებით ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი გაცილებით მეტია, ვიდრე ვაჭრობა. მართალია, პრაქტიკულად ნებისმიერი ასეთი შეთანხმება რამდენიმე მიზანს ისახავს, უმთავრესი მაინც კონკრეტული შეთანხმების კონკრეტულ მხარესთან აშშ-ს მეტად კონკრეტული საგარეო დღის წესრიგია.

ამდენად, მიგვაჩნია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება უმთავრესად ორმხრივ საგარეო და უსაფრთხოების ინტერესებს უნდა დაეფუძნოს. ეს საკითხისადმი ყველაზე სწორი, რაციონალური და, გნებავთ, წესიერი მიდგომა იქნება.

აქვე რამდენიმე დამატებითი მოსაზრება თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ირგვლივ ქართულ-ამერიკულ პროცესთან: კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ეს შეთანხმება მხოლოდ ლოგიკური და აუცილებელი რგოლია ორმხრივი ურთიერთობის მრავალწლიან ჯაჭვში და ის ამ პარტნიორობისათვის ფუძემდებლურ არაერთ დოკუმენტს, მათ შორის, „საკონსტიტუციო“ დატვირთვის აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას ბუნებრივად დაემატება. ამავდროულად, სამომავლო თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება იქცევა კიდევ ერთ მაგალითად დიდი და მცირე ზომის ეკონომიკებს შორის თანაზომიერი ეკვილიბრიუმის სადემონსტრაციოდ, რაც არ არის მარტივი ამოცანა. ამიტომაც, ქართულ-ამერიკული თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, ალბათ, უმეტესად სავაჭრო პოლიტიკის საკითხებს უნდა მიეძღვნას და არა გარანტირებულ სავაჭრო ბრუნვას, რასაცა უადგილოდ მივიჩნევდით.

მოკლედ რომ ითქვას, დასახელებულ დოკუმენტში მხარეებს მათი „ვიწრო კორპორაციულ-ეროვნული“ ინტერესი უნდა აერთიანებდეს. ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, უმთავრესად, ესენია უსაფრთხოებისა და სამხედრო თანამშრომლობის მიღმა საქართველოსადმი ამერიკული მხარდაჭერის კიდევ ერთი მძლავრი დემონსტრირება, ისე როგორც ქართული ეკონომიკის თვითკმარობისათვის ხელშეწყობა უცხოურ (მათ შორის, აშშ-ს) დახმარებაზე დამოკიდებულების შემცირების გზით.

რაც შეეხება თბილისს, რა თქმა უნდა, ზოგადპოლიტიკურ მიზნებთან ერთად ქართული მხარის სარგებელია ამერიკის შეერთებული შტატების მაღალშემოსავლიან ბაზარზე წვდომის გაუმჯობესება. გავიმეორებთ, რომ დღეს უკვე არსებული ფორმატის ამ გზით წვდომის გაფართოება საკმაოდ დელიკატური პროცესია ორი განსხვავებული მასშტაბის ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით. ამავდროულად, ქართულ-ამერიკული დამატებითი ჯანსაღი ინტერესი შესაძლოა გამოიხატოს საქართველოს ხელისუფლებისათვის კიდევ ერთ - ამჯერად თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ძალით - მოტივაციაში საერთაშორისო ვალდებულებების საპასუხოდ საშინაო რეფორმების გასატარებლად. აქ ნათქვამთან ერთად, ასევე აუცილებლად ვახსენებთ ასეთი მაღალი სტატუსის შეთანხმების დამატებით პოლიტიკურ და მორალურ მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციისა და დროდადრო ამა თუ იმ სახის ემბარგოსა თუ ეკონომიკური ბლოკადის მუქარის პირისპირ ყოფნის პირობებში.

ზემოთქმულთან ერთად, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება იქცევა ქართულ-ამერიკული პარტნიორობის მორიგ ტესტად, რამეთუ ამ ტიპის შეთანხმებების ძალაში შესვლა რიგ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებათა მხარდაჭერას მოითხოვს. შესაბამისად, ვაჭრობის სფეროში ქართულ-ამერიკულ შეთანხმებასაც კვლავ ჩვენთვის აუცილებელ იმ ორპალატიან და ორპარტიულ მხარდაჭერამდე მივყავართ, რომლის გარეშე საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ჯანსაღი სტრატეგიულ-პოლიტიკური პარტნიორობა წარმოუდგენელია. საფიქრალია ისიც, რომ ასეთი შეთანხმების გაფორმებით საქართველოსთან წარმატებულმა პრაქტიკამ შესაძლოა საფუძველი შექმნას რეგიონალური სავაჭრო ბლოკისათვისაც, თუმცა იმასაც ვაცნობიერებთ, რომ ეს სამომავლო და გაცილებით რთული გამოწვევაა.

სამომავლოდ

რა თქმა უნდა, საქართველოსათვის ახალ პარტნიორებთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების გაფორმება საერთოევროპულ, ევროატლანტიკურ და გლობალურ ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრირების ერთ-ერთი საშუალებაა. ხოლო, როგორც უკვე ამ სტატიაში აღინიშნა, ეს პროცესი არა მხოლოდ ეკონომიკური თანამშრომლობის მიზნებს ემსახურება, არამედ გაცილებით ფართო დღის წესრიგში ექცევა. მეტადრე ამ მხრივ მსოფლიო ასპარეზზე დომინანტური ტრენდი - მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წინაშე არსებული სისტემური გამოწვევების ფონზე - ისევ და ისევ ორმხრივი ან რეგიონალური ნიშნით მრავალმხრივი სავაჭრო გაერთიანებები რჩება.

ამავდროულად, გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ ჩვენი სტატიის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი: თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის პრინციპით ახალი გეოგრაფიების ათვისება ან ასეთი გეოგრაფიებისათვის საკუთარი ეკონომიკური სივრცის შეთავაზება არ შეიძლება იქცეს საერთაშორისო პროტოკოლისადმი პატივდების გაუაზრებელ რიტუალად; ცხადია, რომ ეს ვერც პოლიტიკური ნიშნით თავმოწონების რევერანსად გამოდგება.

ამდენად, აუცილებელია ყოველი შეთანხმების კონკრეტული შემთხვევის ობიექტური ანალიზი - თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების ე.წ. ქართული „სტრეს ტესტის“ საფუძვლებით შეფასება. ამგვარი „სტრეს ტესტი“ კვალიფიციური შეფასებისათვის აუცილებელი, პირდაპირ და ირიბად დაკავშირებული ფაქტორების აღნუსხვას და მათი გამოყენება-მისადაგების მექანიზმს უნდა ითვალისწინებდეს. შეთანხმებაზე პოლიტიკურ-სამართლებრივი გადაწყვეტილების მისაღებისას მთავარი შეკითხვის – თუ რამდენად უწყობს ხელს დასადები შეთანხმება ეროვნული ეკონომიკის რეალურ განვითარებას მისი გარე ეკონომიკურ სისტემაში ორგანული და არა მოჩვენებითი ან საზიანო ინტეგრირებით – პასუხად მხოლოდ ასეთი საგულდაგულო ანალიზი და მიდგომა გვესახება მთავარ საშუალებად.

ქართული მხარის მონაწილეობით თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, მინიმუმ, უნდა გვეხმარებოდეს: (1) ეკონომიკური ზრდის მიღწევაში; (2) ბიზნესგარემოს დინამიკურობის გაუმჯობესებაში; (3) პირდაპირი ინვესტიციების სტიმულირებაში; (4) სამთავრობო ხარჯის შემდგომ ოპტიმიზაციაში, ისე როგორც (5) თანამედროვე ცოდნასა და ტექნოლოგიებზე წვდომის გაუმჯობესებაში.

ცხადია, რომ პროტექციონიზმი ყველაზე უარესი „გამოსავალია“ ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად. ეს მით უმეტეს ვერ გამოდგება მცირე და არასაკმარისი რესურსის მქონე ეროვნული ეკონომიკის პირობებში, რომელსაც განვითარებისათვის გარე სამყაროსთან კავშირი ჰაერივით სჭირდება. ეს საჭიროება უდავოა და რევიზიას არ მოითხოვს. საუბარი მხოლოდ იმაზეა, რომ ნებისმიერი ასეთი დაკავშირება უნდა მოხდეს გააზრებულად, დასაბუთებით, შორს მიმავალი შედეგების სწორი და მიუკერძოებელი ანალიზით, განვითარებაზე რეალურად ორიენტირებული მოლოდინის და არა პატივმოყვარე კონიუნქტურული ეგოს დასაკმაყოფილებლად. ეს მოკლე სტატია და მისი ცალკეული კრიტიკული - და თანაბრად საკამათო - შენიშვნა თუ მოსაზრება სწორედ ამაზე შეხსენებას ემსახურება.

ვიქტორ ყიფიანი

„ჯეოქეისი“, თავმჯდომარე

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა