მამუკა გამყრელიძე - კრემლის ამ ურთულეს, მრავალფრონტიან პროცესში „გაბმა“ საქართველომ უნდა გამოიყენოს და მაქსიმალურად გააქტიურდეს საერთაშორისო კუთხით

ცენტრალური აზიის რეგიონში დაძაბულობის მატება, რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ჩარევა ასეთ რთულ, ცხელ და ხანგრძლივ პროცესში კრემლს უკრაინის მიმართ არსებული გეგმის შესრულებას ძალიან გაურთულებს, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა მამუკა გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, კრემლის ამ ურთულეს და მრავალფრონტიან პროცესში „გაბმა“ საქართველომ უნდა გამოიყენოს და საერთაშორისო კუთხით მაქსიმალურად გააქტიურდეს.

ამასთან, მისივე თქმით, თუ ყაზახეთში დაპირისპირება დროში გაიწელება ეს რუსეთისთვის ფაქტობრივად მეორე ფრონტის გახსნის ტოლფასი იქნება.

„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამხედრო ძალების შეყვანა ყაზახეთში ადგილობრივი მოსახლეობისთვის აღიქმება, როგორც რუსეთის ინტერვენცია.

მით უმეტეს, ამ ძალების უდიდეს ნაწილს რუსეთის სამხედრო საჰაერო დესანტი წარმოადგენს. ნაზარბაევის პერიოდში საბჭოთა წარსულის და რუსების მიმართ ყაზახების ანტაგონიზმი გამძაფრდა.

საპროტესტო აქციებს რამდენიმე სხვადასხვა მოტივი ამოძრავებს. შიდა კლანებს შორის ბრძოლა გავლენისთვის, დასავლური და ისლამისტური დინებების დაპირისპირება ელიტებში, სოციალური უთანაბრობის ასპექტი. გარდა ჩამოთვლილისა, მომავალში სავარაუდოდ წამოიწევს თურქული სარტყლის თემა და მის მიმართ ანტაგონისტურად განწყობილი ჩინეთი. ასევე გასათვალისწინებელი იქნება დასავლური ფინანსური ინტერესების უსაფრთხოება, რომლებიც მრავლად არის ყაზახეთის ენერგეტიკულ სექტორში. რუსეთის ინტერესი კოლექტიური უსაფრთხოების ძალების შეყვანის მომენტიდან გამოჩნდა. ინტერესებისა და დაპირისპირებების ასეთი ჩახლართული კვანძის გახსნას ხანგრძლივი პროცესი დასჭირდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მთლიანად ცენტრალური აზიის რეგიონში დაძაბულობის მატება. რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ჩარევა ასეთ რთულ, ცხელ და ხანგრძლივ პროცესში ძალიან გაურთულებს კრემლს იმ გეგმის შესრულებას, რომელიც მას უკრაინის მიმართ აქვს. თუ დაპირისპირება ყაზახეთში დროში გაიწელება ეს რუსეთისთვის ფაქტიურად მეორე ფრონტის გახსნის ტოლფასი იქნება. გავიხსენოთ, როგორ იჩქარა რუსეთმა სომხეთ-აზერბაიჯანის განახლებული კონფლიქტის სასწრაფოდ ჩაქრობა.

დიდი ალბათობით საპროტესტო გამოსვლები ყაზახეთში არ არის დასავლეთის ინსპირირებული, თუმცა ამერიკა-რუსეთისა და ნატო-რუსეთის მოლაპარაკებების წინ სწორედ მას აძლევს ხელს. დასავლეთის ინტერესში ახლა იქნება ამ მოლაპარაკებების ხანგრძლივ, რუტინულ პროცესში გადაყვანა, რასაც ასე ეწინააღმდეგება რუსეთი. კრემლის ამ ურთულეს, მრავალფრონტიან პროცესში „გაბმა“ საქართველომ უნდა გამოიყენოს და საერთაშორისო კუთხით მაქსიმალურად გააქტიურდეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნებოდა სამეულის ფორმატში და შავი ზღვის უსაფრთხოების ფორმატში გააქტიურება", - აცხადებს მამუკა გამყრელიძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს