სიტუაცია 20 იანვრიდან დამძიმდება, “ომიკრონის” გავრცელება მასობრივად დაიწყო - პროგნოზირებენ სპეციალისტები
ხაზარაძე და ჯაფარიძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო, თუმცა, პატიმრობა არ მიუსაჯა - რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება
შეიცვლება თუ არა “მწვანე პასპორტის” მოქმედების ვადა
* * *
სიტუაცია 20 იანვრიდან დამძიმდება, “ომიკრონის” გავრცელება მასობრივად დაიწყო - პროგნოზირებენ სპეციალისტები
“ომიკრონის” შტამი ქვეყანაში დღითიდღე ძლიერდება. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ამჟამად კოვიდით ინფიცირებულთა შორის 60% სწორედ ომიკრონია. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ თებერვლის დასაწყისში, როდესაც მეექვსე ტალღის პიკი გვექნება, ის სხვა შტამებს მთლიანად ჩაანაცვლებს. მათი ვარაუდით, სიტუაცია მეტად დამძიმდება იანვრის 20 რიცხვიდან, სპეციალისტები ამბობენ, რომ ვირუსის პიკი სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყება და გაგრძელდება 6-10 თებერვლამდე. თუმცა, მათი თქმით, თუკი მოიმატებს პირბადის ტარების მაჩვენებელი და 80% გახდება, ისინი ამბობენ, რომ შემთხვევების რაოდენობა განახევრდება ქვეყანაში”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სიტუაცია 20 იანვრიდან დამძიმდება, “ომიკრონის” გავრცელება მასობრივად დაიწყო - პროგნოზირებენ სპეციალისტები.
“ქვეყნის ჯანდაცვის სისტემამ, დამატებითი ზომების მიღება დაიწყო, მიმდინარე კვირას არსებულს კოვიდ საავადმყოფოებს 40-მდე ონლაინკლინიკა დაემატება. რამდენად საჭირო გახდება დაკეტილი საველე ჰოსპიტლების გახსნა. სპეციალისტებს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ამ ეტაპზე უჭირთ. თუმცა, კიდევ ერთხელ ღიად აცხადებენ თუ რამდენად მნიშვნელოვანია, შექმნილ ვითარებაში რეგულაციების დაცვა და ვაქცინაცია. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 596 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 973 909-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.63 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.51%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.79%. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 47 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 311 პირი ემსხვერპლა. იაშვილის კლინიკის დირექტორი, ივანე ჩხაიძის განმარტებით, პანდემიის მე-6 ტალღა საქართველოში გამორჩეული იქნება”, - აღნიშნავს გამოცემა.
“იანვრის განმავლობაში, სავარაუდოდ ქვეყანაში იქნება ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი და მოლოდინი გვაქვს, რომ პანდემიის მე-6 ტალღა საქართველოში იქნება ინფიცირების მხრივ გამორჩეული. “ომიკრონი” იწვევს სიმძიმის მიხედვით შედარებით ნაკლებ მიმდინარეობას, ასევე ნაკლებია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, ნაკლებია იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც სჭირდება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მოთავსება. ძირითადი დატვირთვა, სავარაუდოდ, იქნება პირველადი ჯანდაცვის ფონზე, იმიტომ რომ ინფიცირებულები ადამიანების დიდი რაოდენობა დარჩება ბინაზე, მათ დასჭირდებათ ექიმის მეთვალყურეობა, ექიმის კონსულტირება”, - აცხადებს ივანე ჩხაიძე. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დევი ტაბიძეს თქმით, თებერვლის თვეში “ომიკრონით” ინფიცირებულთა რაოდენობა მოიმატებს და ჩაანაცვლებს დელტა ვირუსს”, - განაგრძობს გამოცემა.
“დელტა ვირუსი ჯერ კიდევ ფუნქციონირებს და იმის იმედად, რომ მე-5 ტალღიდან გადავედით მე-6 ტალღაზე და დელტა ვირუსი აღარ არის, ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სწორ შეფასებას. 15 თებერვლისთვის რაოდენობა სადღაც 6-7 ათასს მიაღწევს და პრაქტიკულად ჩაანაცვლებს კიდეც დელტა ვირუსს ომიკრონი. ომიკრონი შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა ეს არ გვაძლევს დამშვიდების საშუალებას”, - ამბობს დევი ტაბიძე. იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვის განმარტებით კორონავირუსს ჯერ კიდევ შეუძლია მოკლას და ისევ ჰოსპიტალში მოახვედროს ადამიანები, ამიტომ მის დასუსტებაზე ფიქრი ნაადრევია”, - დასძენს გამოცემა.
“რომ განვიხილოთ, რომ ეს ინფექცია გამარტივდა, ძალიან მსუბუქია და პანდემიური ძალა დაკარგული აქვს, ჯერ ძალიან ნაადრევი გადაწყვეტილებებია. მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების უდიდესი ნაწილი ამაზე თანხმდება, რომ არ არის ჯერ ენდემური ფაზის ვირუსი და ამას შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს. ჯერ კიდევ შეუძლია ამ ვირუსს მოკლას და ისევ ჰოსპიტალში მოახვედროს ადამიანები, ამიტომ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ვერაგი ვირუსი. მართალია, მისი ძალა შესუსტებულია, ის, ასე ვთქვათ, გრიპთან ახლოს არის, მაგრამ გრიპი არის რესპირაციულ დაავადებებს შორის, კოვიდთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევა მსოფლიო ჯანდაცვისთვის, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში და ცივ პერიოდში. კიდევ ერთხელ, ვისაც ეკუთვნის ვაქცინა უნდა გაიკეთოს, ვისაც ესაჭიროება და შეესაბამება შესაბამისი დრო 3 თვე და მეტი ბოლო დოზიდან, ბუსტერი უნდა დაიმატოს, პირბადე ყველამ უნდა ატაროს”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბიძინა კულუმბეგოვი.
ხაზარაძე და ჯაფარიძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო, თუმცა, პატიმრობა არ მიუსაჯა - რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება
“მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. მათ 7-7 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ, თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ. მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა... გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდების მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ხაზარაძე და ჯაფარიძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო, თუმცა პატიმრობა არ მიუსაჯა - რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება.
“თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სს “თიბისი” ბანკის კუთვნილი 16 664 000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით დამნაშავედ ცნო და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ამასთან, სასამართლო არ დაეთანხმა ბრალდების მხარის შეფასებას ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივ კვალიფიკაციაში, რის გამოც, ბრალდებულთა ქმედება დაკვალიფიცირდა თაღლითობის მუხლით. აღნიშნულ სისიხლის სამართლის საქმეზე, თითოეულ მსჯავრდებულს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე, თაღლითობის დანაშაულზე სისხლის სამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ისინი გათავისუფლდნენ სასჯელის მოხდისგან”, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ბრალდების მხარე კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს”, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. გადაწყვეტილების გასაჩივრებას “ლელოს” ლიდერები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძეც აპირებენ. ჯაფარიძე მოსამართლის მიერ გამოცხადებულ გადაწყვეტილებას “ლელოს” ოფისში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ. “ეს ბრძოლა ღირს, რასაც ჩვენ გავდივართ, იმიტომ, რომ ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ახლა ჩვენ რაც ვნახეთ, ეს არის გაგრძელება იმ თაღლითობის, რომელსაც სჩადიოდა პროკურატურა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იმიტომ, რომ ცხადია არანაირი ნიშან-წყალი არ ყოფილა არასდროს არანაირი ფულის გათეთრების ან რაიმე დანაშაულის”, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ, რომლის თქმით, მოსამართლემ ფულის გათეთრების მუხლის შეცვალა”, - განაგრძობს გამოცემა.
“მოსამართლემ მოახდინა ფულის გათეთრების გადაკვალიფიცირება იმ მუხლით, რომელზეც ვრცელდება ხანდაზმულობა და გაგვათავისუფლა ყოველგვარი პასუხისმგებლობიდან, თუმცა, ძველი მუხლით მოგვისაჯა 7 წელი, მაგრამ რადგან ხანდაზმულობა ვრცელდება, შესაბამისად, გაგვათავისუფლა ამ პასუხისმგებლობისგან. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, იმიტომ რომ არ ვეთანხმებით. არანაირი დანაშაული არ მომხდარა, არანაირი დანაშაულის ნიშანწყალი არ არსებობს. ეს იყო ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ფინანსური ინსტიტუტის გადასარჩენად, რომელიც გადავარჩინეთ, გავხადეთ ჩვენი ქვეყნის წარმატების სახედ და ჩვენ იმავეს მივაღწევთ პოლიტიკაშიც და ჩვენი ქვეყანა გახდება წარმატების სახე რეგიონში”, - თქვა ჯაფარიძემ. ოპოზიცია ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე გამოცხადებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება. “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის განცხადებით, მას ჰქონდა მოლოდინი, რომ სასამართლო ვერ გაბედავდა ქართულ მრავალრიცხოვან პატიმართა რიგებს კიდევ ახალი პოლიტპატიმრები შეემატებინა”, - დასძენს გამოცემა.
“ვერ გაბედა, ამ ეტაპზე, კიდევ ახალი პოლიტიკური პატიმრები შემატებოდა იმ მრავალრიცხოვან პატიმართა რიგებს. მე, პირადად, მქონდა ეს მოლოდინი, რომ ამას ვერ გაბედავდა, ვინაიდან მისივე სტანდარტითაც კი, ეს იქნებოდა მეტისმეტი. მისასალმებელი არის ის, რომ ადამიანები 3 წლის განმავლობაში იბრძოდნენ, მიხარია, რომ ასეთი ადამიანები ბევრნი არიან”, - ამბობს ნიკა მელია. როგორც “ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას” წევრი გიგი უგულავა ამბობს, სასამართლოს “ჭკუა ეყო და მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საპატიმროში არ გაუშვა”: “ეს 3 წელიწადი, ჩვენ რასაც ვუყურებდით, ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი თაღლითობა. კარგია და იმის ნიშანია, რომ ოდნავ მაინც ჭკუა ეყოთ და ეს ადამიანები ციხეში არ გაუშვეს იმიტომ, რომ პოლიტიკური და საერთაშორისო თვალსაზრისით ეს იქნებოდა ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელი”, - თქვა უგულავამ”, - აღნიშნავს გამოცემა.
“სპეკულაციებს, რომ პოლიტიკურ ოპონენტს გაუსწორდნენ, გამოეცალა ყოველგვარი საფუძველი, - ამის შესახებ კი ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას, ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, სასამართლოზე საკამათო არ გამხდარა დანაშაულებრივი ფაქტები ჩადენილი იყო თუ არა და სასამართლოს პროკურატურისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა მხოლოდ დანაშაულის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით. “მე რამდენადაც მოვისმინე, კვალიფიკაციის საკითხი დადგა, რომელიც განსხვავებულად შეაფასა სასამართლომ. ძალიან მარტივად რომ ავხსნათ, იმ ფაქტის დადასტურებას, რომელიც ჩაითვალა, რომ არის დანაშაულებრივი, პრობლემა არ ჰქონია სხდომის მიმდინარეობისას და განხილვების პროცესში. რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, რა ჰქვია ამას - თაღლითობა, ფულის გათეთრება თუ კიდევ სხვა რამ, ამაზე აღმოჩნდა განსხვავებული შეხედულებები და სასამართლომ თქვა, რომ ეს არის არა ამ კატეგორიის, არამედ სხვა კატეგორიის დანაშაული, ოღონდ დანაშაულია ორივე შემთხვევაშიო. ფაქტები სადაო არ გამხდარა და ყველა სპეკულაციას, რომელიც ამ დავის ირგვლივ იყო ამ პერიოდის განმავლობაში, ყველანაირი საფუძველი გამოეცალა,“ - განაცხადა სარჯველაძემ, რომელიც ფიქრობს, რომ “არანაირი მიზეზი პოლიტიკური დევნისა, პოლიტიკური მოტივაციისა და ა.შ. ობიექტურად, უბრალოდ, აღარ მოიპოვება”, - დასძენს სტატიის ავტორი.
შეიცვლება თუ არა “მწვანე პასპორტის” მოქმედების ვადა
“მწვანე პასპორტის” შემოღების დღიდან მოყოლებული ეპიდემიოლოგები აცხადებდნენ, რომ ვადები არ არის სწორი ლოგიკით დალაგებული და ეს შესაცვლელია. ახლა კი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ეს დოკუმენტი “ომიკრონის” პირობებში გადახედვას საჭიროებს. სპეციალისტები ამ განცხადებას დადებითად აფასებენ და თვლიან, რომ კოვიდ პასპორტის ვადა 6 თვით უნდა განისაზღვროს. საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან ე.წ. “მწვანე პასპორტი” ამოქმედდა, მწვანე სტატუსს ამ დროისთვის იღებს ადამიანი, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, ან აქვს 72 საათიანი “პისიარ” ტესტი, 24 საათიანი სწრაფი ტესტი, ან გადატანილი აქვს კოვიდი”, - წერ გაზეთი “რეზონანსი” სტატაიში, სათაურით შეიცვლება თუ არა “მწვანე პასპორტის” მოქმედების ვადა / “მწვანე პასპორტის ვადა მაქსიმუმ 6 თვე შიძლება იყოს კოვიდგადატანილებშიც და ვაქცინირებულთათვისაც”.
“მოქალაქეები კვების ობიექტებში, რესტორნებში, კაფეებსა და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში , კონოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნეს ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების საბაგირო გზებზე მხოლოდ და მხოლოდ “მწვანე პასპორტის” წარდგენის შემდეგ დაიშვებიან. “პისიარის” ტესტის მეშვეობით მწვანე სტატუსს, 72 საათის განმავლობაში ნარჩუნდება ცნობას ლაბორატორია კოვიდუარყოფითი პასუხის შემთხვევაში გასცემს. ასევეა 24 საათის განმავლობაში სწრაფი ტესტის შემთხვევაში. მეორე დოზით აცრის შემთხვევაში მწვანე სტატუსი იმ წამსვე აისახება აპლიკაციაში, თუმცა, მოქმედების ვადა განსაზღვრული არ არის. კოვიდ გადატანილებს კი ამ დროისთვის მუდმივი “მწვანე სტატუსი” აქვთ. “მწვანე პასპორტის” ამოქმედებისთანავე სპეციალისტები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ და აცხადებდნენ, რომ მწვანე სტატუსის მუდმივად მინიჭება რომელიმე კატეგორიისთვის არასწორია”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის გადადგომის მიზეზიც არაოფიციალური ინფომარციით, სწორედ “მწვანე პასპორტის” ვადებთან დაკავშირებული უთანხმოება იყო. გუშინ ამ საკითხზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ახალი შტამის პირობებში მწვანე პასპოტის ვადები უნდა გადაიხედოს. “ახალმა შტამმა “ომიკრონმა” კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ “მწვანე პასპორტის” საფუძველი არის ცვლადი და უნდა დაექვემდებაროს გარკვეულ რევიზიას. რაც შეეხება “მწვანე პასპორტის” სტატუსს და კრიტერიუმებს. ჯერჯერობით ჩვენ შევინარჩუნებთ იმ სტატუსს, რომელიც “მწვანე პასპორტებთან” მიმართებაში გვაქვს. მნიშვნელოვანია მისი არსებული კრიტერიუმების აღსრულება. ბევრმა ქვეყანამ „მწვანე პასპორტში" გაითვალისწინა “ბუსტერ”დოზის აუცილებლობა და იქ გადატანის სტატუსს ნაკლები პასუხისმგებლობა ეთმობა. ეს ყველაფერი არის მიმდინარე, რა თქმა უნდა, “მწვანე პასპორტს”, რომელიც დღეს გვაქვს, კარგი აღსრულების პირობებში მოსალოდნელი აქვს პოზიტიური ეფექტი”, - განაცხადა გაბუნიამ, რომლის თქმით, “განვითარების და გაუმჯობესების შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს”, - განაგრძობს გამოცემა.
“ამდენად მაინც დღეს მნიშვნელოვანია “მწვანეპასპორტის” პირობების და რეგულაციების აღსრულება", - დასძენს გაბუნია. როგორ შეიძლება შეიცვალოს “მწვანე პასპორტის” მოქმედების ვადები, ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლადო კახაძე. მან “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნა, რომ ამ საკითხზე საქმის კურსში არ იმყოფება და გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით საკორდინაციო საბჭო გამოაცხადებს. სპეციალისტი ჯანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძე “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ ახალი შტამის პირობებამდეც კოვიდ პასპორტის ვადები შესაცვლელი იყო, რადგან მუდმივი მწვანე პასპორტის პრაქტიკა არც ერთ ქვეყანაში არ გვხვდება”, - დასძენს გამოცემა.
“ადამიანებს, მათ შორის ორჯერ აცრილებსაც და კოვიდ გადატანილებსაც არ აქვთ მუდმივი იმუნიტეტი. სამხრეთ აფრიკის მაგალითის მიხედვით “ომიკრონის” პირობებში რეინფიცირების შემთხვევები უკვე 60%-მდე გაიზარდა. ძველი შტამის “დელტას” დროს სამი თვიდან ექვსი თვის შუალედში კოვიდ გადატანილებშიც და ვაქცინირებულებშიც მკვეთრად იზრდებოდა რეინფიცირების შანსი. ახალი შტამის პირობებში კი ეს დრო შეიძლება კიდევ უფრო შემცირდეს. მწვანე პასპორტის ვადებში მსგავსი ლოგიკური ახსნა უნდა იყოს ჩადებული. ფაქტებიდან და მონაცემებიდან გამომდინარე. ვფიქრობ, რომ მწვანე პასპორტის ვადა მაქსიმუმ 6 თვე შიძლება იყოს კოვიდ გადატანილებშიც და ვაქცინირებულთათვისაც, როგორც ევროკავშირშირის ქვეყნებშია, ან ყველაზე მეტი 9 თვე. “პისიარით” და სწრაფი ტესტით მწვანე სტატუსის მიღების დრო ლოგიკურია”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ზოიძე.