რომან გოცირიძე - სალომეს ოცნება იყო „მაღიარეთ, დასხედით, დავლიოთ ჩაი“ და მიუსხდა სამოვარს ყველა, მაგრამ მარტო სამოვარის ადუღებით და ჭორაობით, პარტიები მასთან არ გაჩერდებიან - თუ პრეზიდენტის ტანჯვებს გადავთარგმნით,  რაღაც უნდა გააკეთოს

სალომე ზურაბიშვილმა დღეს დაუშვა სერიოზული პოლიტიკური შეცდომა. იმედია, რომ დაფიქრდება და კიდევ ერთხელ გაიბრძოლებს - ნუ არის მონუსხული, უნდა გამოვიდეს ივანიშვილის გავლენისგან. ივანიშვილი მუდამ არ იქნება მისი უფროსი. ზურაბიშვილი წავა ან საფრანგეთში, ან სხვაგანაც, შეხვდება პრეზიდენტებს და ისინი ეტყვიან: „აი, რა მატყუარა ყოფილხარ სალომე“, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატი რომან გოცირიძე პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე ხელმოწერის საკითხს.

როგორც გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილს „რაღაცების გამოსწორება უნდა, მაგრამ არ იცის რა უნდა გააკეთოს, ვერ ბედავს“.

„ძალიან ცუდი გადაწყვეტილება მიიღო. მოლოდინი იყო სხვა. მან წამოიწყო ისეთი პროცესი, რომელიც არ იყო ხელისუფლების ინტერესებში. მოუწონა ოპოზიციამ გაბედულობა. ადამიანი, რომელსაც ოპოზიციის დიდი ნაწილი ე.წ. პრეზიდენტად მოიხსენიებდა და ამ წინსართის გარეშე ძალიან ბევრი მის სახელს არ ახსენებდა, ბოლოს და ბოლოს აღიარეს, მივიდა მასთან ხალხი და გაიმართა შეხვედრები, ამიტომ მე ახლა არ მინდა მკაცრი შეფასების მიცემა, რადგან ჯერ კიდევ რაღაც იმედის ნაპერწკალი არსებობს, რომ მის მიერ წამოწყებული პროცესი შედეგიანად დასრულდება.

ის არის ახლა დიდ დარდებში. რატომ წამოიწყო ეს პროცესი? პრეზიდენტობის 2 წელი დარჩა, ბოლოს ალბათ, შეეკითხება საკუთარ თავს - ვინ ვიყავი, რა ვიყავი? როცა არ იქნება პრეზიდენტი, მას ყოველთვის ექნება იარლიყი და ვერ ჩამოიშორებს, რომ იყო „დასმული პრეზიდენტი“ ივანიშვილის მიერ. რაღაცების გამოსწორება უნდა, მაგრამ არ იცის რა უნდა გააკეთოს, ვერ ბედავს.

პირველი ნაბიჯი, რომ მას რეალურად უნდა ცვლილებებისკენ ნაბიჯის გადადგმა, იყო ეს (ვეტოს გამოყენება). მას ჰქონდა შანსი ახალი პოზიციით წარმდგარიყო და ეჩვენებინა ხასიათი.

პრეზიდენტს აქვს ორი ძლიერი ბერკეტი, როგორიც არის ვეტო და შეწყალების ინსტიტუტი. ის არ არის ცერემონიული პრეზიდენტი, დედოფალი - არა. მას აქვს სერიოზული როლი.

სალომე ზურაბიშვილი იყო პასუხისმგებელი შარლ მიშელის დოკუმენტის ცხოვრებაში დანერგვაზე. მის ოფისში მოხდა აბსოლუტურად მოულოდნელად შარლ მიშელის ჩართვა „სკაიპით“. მან ყველაფერი იცოდა და აი, ასე სიურპრიზებით დაიწყო და შემდეგ ფაქტობრივად თავზე გადაახიეს მასაც, შარლ მიშელსაც და ხალხსაც ეს დოკუმენტი და როცა მიშელის დოკუმენტის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები მიიღებოდა, მან ყველა საკანონმდებლო ცვლილებას ხელი მოაწერა, რომელიც ანგრევდა მიშელის შეთანხმებას. პრეზიდენტს რომ ვეტო გამოეყენებინა ერთ შემთხვევაში, მეორეში, მესამეში, შესაძლოა, შეშინებოდათ და იფიქრებდნენ, რომ ეს უკვე ბარიერია და ამდენი ვეტოს დაძლევა პოლიტიკურად წამგებიანია, მათ შორის საერთაშორისო თვალსაზრისით. მას რომ ეაქტიურა თუნდაც ვეტოში, შესაძლოა, „ქართულ ოცნებას“ ამდენი ვერ გაებედა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე განმარტებით, თუ სალომე ზურაბიშვილმა „არ გაბედა, ის გარიყული იქნება და არ იქნება აღქმული როგორც პრეზიდენტი“.

„საახალწლო წვეულებაზეც კი არ მივლენ მასთან, როცა ვინმეს დაპატიჟებენ. სალომე ზურაბიშვილმა აიხდინა თავისი ოცნება. ფიროსმანის ოცნება რა იყო: „მოდით, დავსხდეთ, სამოვარი დავდგათ, ჩაი დავლიოთ და ხელოვნებაზე ვილაპარაკოთ“ - ფიროსმანმა ეს ოცნება ვერ აიხდინა. სალომეს ოცნება რა იყო? - მაღიარეთ, დასხედით, დავლიოთ ჩაი და მიუსხდა ამ სამოვარს ყველა, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და ჩვენი პარტიის თავმჯდომარე, იქ ჩაი დალიეს თუ ბორჯომი არ ვიცი, მაგრამ ცივილიზებულად ისაუბრეს და ძალიან კარგი შეხვედრა იყო. მას უხარია, რომ მიიღეს, როგორც ადამიანი, რომელსაც შეუძლია ერთი აგური დადოს ქვეყნის განვითარებაში, თუმცა თუ ეს პროცესი დაბრუნდა სამოვარის ადუღებით და ჭორაობით, ბუნებრივია, არც პარტიები გაჩერდებიან, იქნებიან საპროტესტო გამოსვლები და რა თქმა უნდა, პროტესტის ადრესატი იქნება თავად პრეზიდენტი. სულ მარტო კანცელარიასთან კი არ იქნება მიტინგები. დღეს არის მოლოდინი, იმედს არ ვკარგავთ. პირადად მე მაქვს მოლოდინი, რომ ის რაღაცას იზამს.

რა ექნება მას სათქმელი? - ჯერჯერობით ამ 3 წლის განმავლობაში მას სათქმელი არ აქვს. ცუდები არ მინდა გავიხსენო... გახსენება არ მინდა, თორემ ძალიან ბევრ რამეს გაუხსენებენ.

მან დღეს დაუშვა სერიოზული პოლიტიკური შეცდომა. იმედია, რომ დაფიქრდება და კიდევ ერთხელ გაიბრძოლებს - ნუ არის მონუსხული, უნდა გამოვიდეს ივანიშვილის გავლენისგან. ივანიშვილი მუდამ არ იქნება მისი უფროსი, ის წავა ან საფრანგეთში, იქაც იქნება, სხვაგანაც იქნება, შეხვდება პრეზიდენტებს, რომლებიც ეტყვიან: „აი, რა მატყუარა ყოფილხარ სალომე, ხომ მოგვატყუე გაეროს ტრიბუნიდან, გადავდივართ პროპორციულ არჩევნებზეო და ხომ ვერ გადახვედით, ხომ მოგვატყუე ეროვნულ თანხმობას დავიწყებთო... ანუ თუ გადავთარგმნით მის ტანჯვებს, რაღაც უნდა გააკეთოს“, - აღნიშნა გოცირიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა