ყველა ის პროცესი, რაც ვიხილეთ, გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ს პროცესი იქნება ფორმალური, მოკლებული იქნება დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას და სავარაუდოდ, საბოლოოდ მაინც მივიღებთ ისეთი კანდიდატების შერჩევას, რომლებიც მმართველი პარტიის მხარდაჭერით სარგებლობენ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამ პროცესში აღარ მიგვეღო მონაწილეობა, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ “ინტერპესნიუსს“ განუცხადა და ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსში ჩართვაზე არასამთავრობო სექტორის უარის მიზეზი განმარტა.
ნინო დოლიძის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს გვერდიდან დააკვირდებიან და კანდიდატების შერჩევის შემდეგ დამატებით შეფასებებს გააკეთებენ.
„2021 წლის ზაფხულში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ კომისიაში და მაშინაც ჩვენი მიზანი იყო პოზიტიური როლი შეგვესრულებინა და ცესკოს თავმჯდომარედ აგვერჩია ისეთი ადამიანები, რომლებსაც როგორც პოლიტიკური პარტიების მხრიდან ექნებოდა მაღალი მხარდაჭერა, ასევე საზოგადოების ნდობა. თუმცა მიუხედავად ჩვენი მცდელობებისა, კომისიის მუშაობაში დარჩა ნამდვილად კითხვის ნიშნები კომისიის ზოგიერთი წევრის მიუკერძოებლობასა და ობიექტურობასთან დაკავშირებით და სამწუხაროდ, შემდეგ საკონკურსო კომისიის შედეგად შერჩეულ იქნა და გადაცემული საქართველოს პარლამენტისთვის ზოგიერთი ისეთი კანდიდატი, რომლებსაც ჩვენ არ ვუჭერდით მხარს, როგორც თავმჯდომარეობის პოზიციაზე, ასევე პროფესიულ წევრებად. შესაბამისად, ამ ყველაფრის ხილვის შემდეგ ჩვენ და ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ვიყავით იმედგაცრუებული და მას შემდეგ, რაც ახლა გამოცხადდა კონკურსი, ჩვენ ახლაც მივიღეთ, რა თქმა უნდა, მოწვევა, მაგრამ როდესაც გავიგეთ კომისიის შემადგენლობა, გადავწყვიტეთ, რომ აღარ მიგვეღო მონაწილეობა იმიტომ, რომ ფაქტობრივად, გამოდიოდა, რომ პროცესი განმეორდებოდა და ჩვენ ვერ მოვახერხებდით ისეთი კანდიდატების შერჩევას, რომლებიც საზოგადოების მაღალი რეიტინგით სარგებლობენ.
გარდა ამისა, ჩვენ ვნახეთ ცვლილებები ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევასთან დაკავშირებით. თუ მანამდე, შარლ მიშელის შეთანხმების შესაბამისად, ოთხი კენჭისყრა იყო და კონსენსუსზე დაფუძნებული პროცესი, ახლა ვნახეთ, რომ მმართველმა პარტიამ განახორციელა ცვლილებები, რომლის შემდეგაც მხოლოდ ორი კენჭისყრა გახდა საჭირო.
ჯამში ყველა ის პროცესი, ჩვენ რაც ვიხილეთ, გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ეს პროცესი იქნება ფორმალური, მოკლებული იქნება დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას და სავარაუდოდ, საბოლოოდ მაინც მივიღებთ ისეთი კანდიდატების შერჩევას, რომლებიც მმართველი პარტიის მხარდაჭერით სარგებლობენ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამ პროცესში აღარ მიგვეღო მონაწილეობა და ცხადია გვერდიდან ვაკვირდებით და მას შემდეგ, რაც შერჩეულ იქნება კანდიდატები, დამატებით შეფასებას გავაკეთებთ“, - განაცხადა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ.