დავით ზალკალიანი - ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან მკაფიოდ იყო გაცხადებული, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილება არ მიიღება საქართველოს გარეშე

ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ბრიუსელში ნატო-ს მიწვევით ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ნატოელი პარტნიორებისთვის საქართველოსთან ურთიერთობა და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია არის პრიორიტეტული და ის არ გადაიხედება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ვფიქრობ, რომ ჩვენი პოზიციების ურთიერთგაცვლა ვიზიტის დროს, ნატო-ს ხელმძღვანელობასთან ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მექნება სხვა შეხვედრებიც ნატო-ს წარმომადგენლებთან, რაც იქნება ძალიან სასარგებლო და ჩვენ შევაჯერებთ პოზიციას იმისთვის, რომ შემდგომი მოლაპარაკებების დროს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება რუსეთის ფედერაციასთან, ჩვენი ნატოელი პარტნიორები იყვნენ აღჭურვილი ჩვენი პოზიციითაც და ეს პოზიცია არის სრულ თანხვედრაში”, -განაცხადა ზალკალიანმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რამდენიმე დღის წინ გაიმართა ნატო -რუსეთის საბჭოს შეხევდრა, სადაც იყო მსჯელობა გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე. ზალკალიანის განცხადებით, ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია, ნატოელ პარტნიორებთან მუდმივი კომუნიკაცია.

„ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ ყოველდღიურად გვაქვს კავშირი ბრიუსელთან და ჩემი სატელეფონო საუბრის დროს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, მან გადმომცა ნატო-ს გენერალური მდივნის მიწვევა, რომ ვეწვიო ბრიუსელს და ბრიუსელში გავაგრძელოთ ჩვენ დისკუსია. ვფიქრობ, რომ ეს არის უაღრესად დროული და მნიშვნელოვანი ვიზიტი“, -განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 17-18 იანვარს, ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელს ეწვევა, სადაც შეხვედრებს გამართავს ნატო-ს შტაბ-ბინასა და ევროკავშირში. ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ორმხრივ შეხვედრას გამართავს ნატო-ს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგთან. ამავე დღეს გაიმართება არაფორმალური შეხვედრა ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო