ანდრო გოცირიძე - 3+3-ის ფორმატის უსარგებლობა და საფრთხის შემცველობა ცხადია, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე მასში საქართველოს გაწევრიანება, შესაძლოა, რუსეთიდან ჩვენზე ზეწოლის ერთ-ერთი მიმართულებაც იყოს

აშშ-რუსეთს, ნატო-რუსეთს, ეუთო-რუსეთ შორის გამართულ კონსულტაციებსა და მოლაპარაკებების შედეგებზე, იმ საფრთხეებზე, რომელიც შესაძლოა რეალური აღმოჩნდეს თუ მოსკოვმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, ასევე იმაზე, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას ფორს-მაჟორული ვითარების დადგომამდე ხელისუფლებამ, ოპოზიციამ და საზოგადოებამ, “ინტერპრესნიუსი“ უსაფრთხოების სისტემების სპეციალისტს, წიგნების „კიბერთავდაცვა“ და „ჰიბრიდული ომების ანატომია“-ს თანაავტორს, ანდრო გოცირიძეს ესაუბრა.

- ბატონო ანდრო, გასული კვირა საერთაშორისო ურთიერთობებში საკმაოდ დატვირთული და მნიშვნელოვანი იყო. მას შემდეგ რაც კრემლმა დასავლეთს ულტიმატუმი წაუყენა, ჟენევაში ამერიკა-რუსეთს, ბრიუსელში ნატო-რუსეთს, ხოლო ვენაში ეუთო- რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართა.

უკვე ვიცით, რომ ყველა ამ შეხვედრაზე კრემლმა ის ვერ მიიღო, რასაც ითხოვდა. ამ შეხვედრების შედეგებზე მხარეებმა საკმაოდ შემაშფოთებელი განცხადებები გააკეთეს, რაზეც ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ.

მანამდე კი, ჩვენი საუბარი იმ განცხადებით გვინდა დავიწყოთ, რომელიც უსაფრთხოების სფეროს საექსპერტო წრეების წარმომადგენელმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საგანგებო განცხადება 10 იანვრამდე, ანუ მანამდე გაავრცელეს, როცა ამერიკა-რუსეთის კონსულტაციები ჟენევაში დასრულებულიც არ იყო.

სამწუხაროა, რომ არსებულ ვითარებაში ამ განცხადებაზე რეაქცია არ ჰქონია არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას, რომელსაც ხელისუფლება დესტრუქციულ ოპოზიციად მიიჩნევს.

რატომ თვლით თქვენ და განცხადებაზე სხვა ხელმომწერები, რომ იმის ფონზე, რაც ახლა მსოფლიო პოლიტიკაში ხდება, ქვეყანაში პოლიტიკური დაპირისპირება უნდა დასრულდეს და საგარეო საფრთხეებზე ძირითად პოლიტიკურ ძალებს შორის სასწრაფოდ უნდა იქნას მიღწეული ზეპარტიული კონსენსუსი?

- რეალობა, რომელშიაც ჩვენ ვცხოვრობთ, არის რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია, ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია და განგრძობითი ოკუპაცია აღმოსავლეთ უკრაინაში.

უკრაინის საზღვართან მობილიზებული ასიათასობით სამხედრო კონტინგენტის ფონზე, რუსეთი ცდილობს ომის ზღვარზე ბალანსირებით მიიღოს ნატოსაგან მისი აღმოსავლეთით არგაფართოების გარანტიები და საქართველო და უკრაინა საკუთარი გავლენის სფეროებად გამოაცხადოს. ახლა მსოფლიო ახალი ომის საფრთხის წინაშე დგას და ცდილობს შეაკავოს რუსეთის შეჭრა უკრაინაში.

სიტუაცია ძალიან სარისკო და საშიშია. ბუნებრივია, პუტინის ულტიმატუმის შესრულება წარმოუდგენელია. ეს იქნებოდა მისი წახალისება მის მიერვე შექმნილი კრიზისის „განმუხტვისათვის“.

მეორე მხრივ, რუსეთის აგრესიული მოქმედებების გამო მუდმივად აღმოცენებადი დაძაბულობის კერების ფონზე, ცუდ შემთხვევაში, შესაძლებელია რუსეთის შეკავების მოტივით მსოფლიო წამოეგოს ამ სავსებით მიუღებელი სიტუაციის ნორმალიზების მცდელობას და საქართველოს დეოკუპაციის პრობლემატიკამ აქტუალობა დაკარგოს.

სიტუაცია ძალიან სარისკო და საშიშია. ბუნებრივია, პუტინის ულტიმატუმის შესრულება წარმოუდგენელია. ეს იქნებოდა მისი წახალისება მის მიერვე შექმნილი კრიზისის „განმუხტვისათვის“

თუმცა, ამგვარი კრიზისული ვითარება ყოველთვის გარკვეული შესაძლებლობების ფანჯარაა საქართველოსთვის - რუსეთის აგრესიული პოლიტიკას შესაძლოა, გაფართოების ახალი ტალღა მოჰყვეს და გადაწყდეს რამდენიმე ასპირანტი ქვეყნის ერთად მიღება ალიანსში.

ისეთი ქვეყნებიც კი, როგორიც შვედეთი და ფინეთია, ხმამაღლა საუბრობენ ნატო-ს წევრობის შესაძლებლობაზე. მაშინაც კი, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ალიანსმა შესაძლოა სწრაფად შეცვალოს დამოკიდებულება და ასპირანტი ქვეყნები ნატოში მიიწვიოს. ასეთ დროს გადამწყვეტი იქნება საქართველოს მზაობა, მიიღოს გაწევრების რეალური ინსტრუმენტი.

ბუნებრივია, მოვლენათა განვითარების ნებისმიერი სცენარი საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. საჭიროა პარტნიორებთან კომუნიკაციის გააქტიურება, თავსებადობის გაზრდა, რეფორმების სტიმულირება, საკუთარი შესაძლებლობების განვითარება-შეთავაზება.

მოვლენათა განვითარების ნებისმიერი სცენარი საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. საჭიროა პარტნიორებთან კომუნიკაციის გააქტიურება, თავსებადობის გაზრდა, რეფორმების სტიმულირება, საკუთარი შესაძლებლობების განვითარება-შეთავაზება

- მიუხედავად იმისა, რომ თუ აშშ-რუსეთს, ნატო-რუსეთს, ეუთო-რუსეთ შორის გამართულ კონსულტაციებსა და მოლაპარაკებების შედეგებზე საკმაოდ ბევრი აზრი გამოითქმის, ვიდრე საშინაო პრობლემებზე გავაგრძელებდეთ საუბარს, ალბათ კარგი იქნება, თუ გვეტყვით, თქვენ როგორ აფასებთ დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული კონსულტაციების შედეგებს, მხარეების მიერ გაკეთებულ განცხადებებს შემდეგ დიდი ომის დაწყების ალბათობას?

- კონსულტაციების შედეგი იმთავითვე განსაზღვრული იყო - რუსეთის მოთხოვნები, კერძოდ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გადახედვა და 1997 წლის მდგომარეობაზე დაბრუნება დასავლეთისათვის აბსოლუტურად მიუღებელია. ბუნებრივია, ამ შანტაჟმა ალიანსის მტკიცე და შეუვალი პოზიცია განაპირობა.

მნიშვნელოვანია, რომ ნატოს გენერალური მდივანი არ შემოიფარგლა უკრაინასა და საქართველოში სრულიად მიუღებელი სიტუაციის ნორმალიზებით და მკვეთრი პოზიცია დააფიქსირა დეოკუპაციასთან დაკავშირებით.

კრემლი აგრძელებს საბჭოთა კავშირის აღდგენის სტრატეგიას და რადგან ამას სრული მასშტაბით ვერ ახორციელებს, მზადაა თითოეულ სახელმწიფოს გარკვეული ნაწილი მიიტაცოს, შექმნას ანკლავები, ერთგვარი ბუფერული ზონა, რასაც შემდგომ ნატოში გაწევრიანებაზე ვეტოსთვის გამოიყენებს. ცხადია, კრემლი ამ მიზნის მისაღწევად თავად ქმნის ან იყენებს უკვე შექმნილ ნებისმიერ კრიზისულ სიტუაციას. ამის მაგალითია ყაზახეთში განვითარებული მოვლენები.

კრემლს მძიმე ეკონომიკური პირობების, სანქციების და საერთაშორისო წნეხის ფონზე თითოეული აგრესიული ნაბიჯი ძვირი უჯდება, მაგრამ რუსეთს არცთუ იშვიათად ახასიათებს თავზეხელაღებული მოქმედება. ოფიციალური მოსკოვი საქართველოს მისი გავლენის სფეროდ მოიაზრებს, რის გამოც ჩვენი ქვეყანა რუსეთის ჰიბრიდული ომის სამიზნეს წარმოადგენს. ამიტომ, უსაფრთხოების საკითხზე ფიქრი ქართული პოლიტიკური სპექტრის დღის წესრიგის მუდმივი კომპონენტი უნდა იყოს.

ოფიციალური მოსკოვი საქართველოს მისი გავლენის სფეროდ მოიაზრებს, რის გამოც ჩვენი ქვეყანა რუსეთის ჰიბრიდული ომის სამიზნეს წარმოადგენს. ამიტომ, უსაფრთხოების საკითხზე ფიქრი ქართული პოლიტიკური სპექტრის დღის წესრიგის მუდმივი კომპონენტი უნდა იყოს

რაც შეეხება ომის ალბათობას, დასავლეთსა და რუსეთს შორის ამჟამინდელი პოზიციები შეურიგებელია. წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდგომ, ბუნებრივია, ომის ალბათობა გაზრდილია. რუსეთს არასდროს სჯეროდა იმის, რომ მის ულტიმატუმს გაითვალისწინებდნენ. ეს მოთხოვნები მას შემდგომი საომარი მოქმედებების გასამართლებლად და რუსეთში პუტინის რეჟიმის პოზიციების გასამყარებლად სჭირდებოდა.

დასავლეთსა და რუსეთს შორის ამჟამინდელი პოზიციები შეურიგებელია. წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდგომ, ბუნებრივია, ომის ალბათობა გაზრდილია

ომის მოლოდინს ამძაფრებს ისიც, რომ მოლაპარაკებების დაწყებამდე უკრაინის საზღვართან განლაგებული სამხედრო კონტინგენტი შანტაჟისათვის აბსოლუტურად საკმარისი იყო, ახლა კი მიმდინარეობს დამატებითი ძალების გადასროლა შორეული აღმოსავლეთის რეგიონიდან უკრაინის საზღვრისაკენ. ამ ზომის კონტინგენტი მხოლოდ ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების უზრუნველსაყოფად შეიძლება იყოს გამოყენებული.

დაიგეგმა კიდევ ერთი საერთო სწავლება ბელარუსის ტერიტორიაზე, რომელსაც ამ კრიზისის საომარი გაგრძელებისას მიახლოების ერთ ერთ ტერიტორიად განიხილავდნენ, დღეს კი, ბელარუსის დაზვერვასთან აფილერებული ჰაკერების კვალი უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ შეტევაში ჩნდება.

იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ყოველმხრივ ეცდება დააშინოს დასავლეთი და უკრაინა, დაათმობინოს მათ რაც შეიძლება მეტი, მნიშვნელოვანია, დასავლეთმა შეინარჩუნოს მტკიცე პოზიცია და აიძულოს რუსეთი, ეძებოს დიპლომატიური გამოსავალი ჩიხური სიტუაციიდან.

იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ყოველმხრივ ეცდება დააშინოს დასავლეთი და უკრაინა, დაათმობინოს მათ რაც შეიძლება მეტი, მნიშვნელოვანია, დასავლეთმა შეინარჩუნოს მტკიცე პოზიცია და აიძულოს რუსეთი, ეძებოს დიპლომატიური გამოსავალი ჩიხური სიტუაციიდან

- თქვენ მიერ გაკეთებული შეფასებებიც საკმარისია საიმისოდ, რომ ახლა ქვეყნის პოლიტიკურმა კლასმა, საზოგადოებამ იფიქროს იმაზე, დიდ საფრთხეს ქვეყანა მეტ-ნაკლებად კონსოლიდირებული და მომზადებული შეხვდეს.

იმ განცხადებაზე, რომელიც გავრცელდა, და რომელზეც თქვენ უკვე ისაუბრეთ, მმართველი გუნდის გულშემატკივრებისგან ერთ კომენტარსაც მოვკარი თვალი, რომელიც განცხადების ხელმომწერებს მოუწოდებდა თქვენი მოსაზრებები უპირველესად სწორედ ოპოზიციისთვის გაგეზიარებინათ, რადგან ისინი ხელისუფლებასთან არც ერთ ფორმატში არ თანამშრომლობენ.

ვიდრე ჟენევაში, ბრიუსელში და ვენაში დასრულებული კონსულტაციების შედეგებიდან გამომდინარე კონკრეტულ საფრთხეებზე გავაგრძელებდეთ საუბარს, განცხადების ხელმომწერების მიმართ გამოთქმულ მოწოდებაზე რას იტყოდით?

- ამგვარი განცხადებები უფრო საკუთარ ხილულ თუ უხილავ აუდიტორიაზეა გათვლილი, ვიდრე ადრესატზე, ამიტომ ჩემი კომენტარი ნაკლებად საინტერესო იქნება.

რაც შეეხება თავად სიტუაციას, ოპოზიციის დემონიზება, დემოკრატიული ინსტიტუტების ძირის გამოთხრა, პოლიტიკური პოლარიზაცია, ერთპარტიული მმართველობისკენ სწრაფვა დემოკრატიულ უკუსვლას იწვევს, ეს კი ინტეგრაციას აფერხებს.

როდესაც მიმდინარეობს რეალური საუბრები ნატოს გაფართოების შესახებ, როდესაც ალიანსის წევრობაზე საუბარი შვედეთმა და ფინეთმაც დაიწყეს, ესტონეთი კი ნატოს დამატებითი კონტინგენტის განთავსებას ითხოვს, როდესაც ექსპერტები ალიანსს მოუწოდებენ სამხედრო კონტინგენტი აღმოსავლეთით გადაისროლოს, სავსებით შესაძლებელია, რომ დადგეს კიდევ ერთი გაფართოების მომენტი.

თუმცა, აუცილებელია, საქართველო ნატოს მორიგი გაფართოების შესაძლებლობის მომენტს დემოკრატიულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში შეხვდეს, რათა ტრადიციულად სკეპტიკოს ქვეყნებს არ მიეცეთ საშუალება დემოკრატიული უკუსვლა ინტეგრაციის შემაფერხებელ გარემოებად წარმოადგინონ.

აუცილებელია, საქართველო ნატოს მორიგი გაფართოების შესაძლებლობის მომენტს დემოკრატიულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში შეხვდეს, რათა ტრადიციულად სკეპტიკოს ქვეყნებს არ მიეცეთ საშუალება დემოკრატიული უკუსვლა ინტეგრაციის შემაფერხებელ გარემოებად წარმოადგინონ

შესაძლოა, ხელისუფლებაში მყოფ ან მოსვლის პრეტენზიის მქონე პარტიას სჯერა, რომ განვითარებული მოვლენების ფონზე, გეოპოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე ან თუნდაც სამხედრო ოპერაციებში საიმედო პარტნიორის იმიჯის წყალობით საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას ხელს ვერაფერი შეუშლის, მაგრამ ნატო მხოლოდ სამხედრო ალიანსი არ არის, გადაწყვეტილებები კი კონსენსუსის საფუძველზე მიიღება

რუსეთიც არ ელის ამ გზაზე საქართველოს პროგრესს გულხელდაკრეფილი და გადამწყვეტ მომენტში რომელიმე ქვეყანა აუცილებლად მიგვითითებს განუხორციელებელ რეფორმასა თუ უკან დახეულ დემოკრატიაზე.

საქართველო დემოკრატიის კუთხით უნდა ლიდერობდეს, წარმართავდეს ეკონომიკური თუ პოლიტიკური რეფორმების მთელ ტალღას, იმის საჩვენებლად, რომ ის ევროატლანტიკური ალიანსის წევრობის ღირსია. განსაკუთრებით ყურადსაღებია მართლმსაჯულებისა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმა, რომლისკენაც დაჟინებით მოგვიწოდებენ ალიანსში გაწევრიანებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის ხმის მქონე ჩვენი დასავლელი პარტნიორები.

ინტეგრაციის მომხრე უმრავლესობის შესანარჩუნებლად, მოსახლეობასთან მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს რუსული გამხლეჩი პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გამანეიტრალებელი სტრატეგიული კომუნიკაცია, განიხილებოდეს ინტეგრაციის ვარიანტები, ოკუპაციის დასრულების გზები, მკვიდრდებოდეს განწყობა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია.

დღეს კი სახეზეა სამწუხარო რეალობა, როდესაც სტრატეგიული კომუნიკაცია დიდწილად პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოიყენება, ხოლო ვაშინგტონსა და ბრიუსელში, ევროპის სხვა დედაქალაქებში ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზები და მოდელები, დეოკუპაციის საშუალებები კი არ განიხილება, არამედ პარტიებს შორის დაპირისპირება, პოლარიზაცია, რომელიც მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს და დემოკრატიული პრინციპებიდან უკუსვლა.

ბოლოსდაბოლოს, მნიშვნელოვანი ის კი არ არის, ეს რეალობაა თუ პარტნიორების აღქმა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნები ასე ხედავენ სიტუაციას და ეს აუცილებლად იქონიებს გავლენას მათ გადაწყვეტილებაზე.

დასავლეთი საქართველოსგან, როგორც საიმედო და სანდო პარტნიორისგან ზეპარტიულ სწრაფვას მოელის ინტეგრაციისაკენ და არა ვაშინგტონსა თუ ბრიუსელში პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ მხარდაჭერის საძიებლად ჩასულ დელეგაციებს.

დასავლეთი საქართველოსგან, როგორც საიმედო და სანდო პარტნიორისგან ზეპარტიულ სწრაფვას მოელის ინტეგრაციისაკენ და არა ვაშინგტონსა თუ ბრიუსელში პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ მხარდაჭერის საძიებლად ჩასულ დელეგაციებს

- გაქვთ იმის განცდა, რომ ახლა როცა ვითარება საკმაოდ კრიტიკულია, ერთი მხრივ ხელისუფლებას, ხოლო მეორე მხრივ პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიცია გადადგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს იმისათვის, რომ ქვეყანამ დღეისათვის შიდა პოლიტიკაში დაპირისპირება დაასრულოს და არსებული გამოწვევების ეფექტურ დაძლევაზე მოახდინოს ძალებისა და შესაძლებლობების თავმოყრა?

- მწვერვალისკენ გზაზე თუ წინ არ მოძრაობ, უბრალოდ იყინები ან ავტომატურად უკან მოძრაობას იწყებ. მაშველი თოკი, რომელიც უსაფრთხოების გარემოსთან გაკავშირებს, აგრესიულ პირობებში, ქვათაცვენის ან ბასრ ზედაპირზე წამოდების შედეგად წყდება, ზოგჯერ კი მისი გადაჭრა ხდება აუცილებელი.

თუკი დემოკრატია არ ვითარდება, არ ხდება მისი კონსოლიდაცია, ბუნებრივად მიმდინარეობს დემოკრატიული პრინციპებიდან უკუსვლა.

სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობა ყოველდღიურად აწყდება რეალობას, რომ პოლიტიკური მოთამაშეები დასავლეთში დაგეგმილ ვიზიტებს, კომუნიკაციის საშუალებებს და ლობისტურ შესაძლებლობებს დეოკუპაციისა და დასავლური ინტეგრაციის დასაჩქარებლად კი არ იყენებენ, არამედ ხელისუფლებაში მოსასვლელად, მის შესანარჩუნებლად და პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ დასავლეთის მხარდაჭერის მოსაპოვებლად.

შედეგად, ქვეყანა ამ გადამწყვეტ ეტაპზე პოლიტიკური პოლარიზაციის დღის წესრიგით ცხოვრობს და ყურადღების მიღმა რჩება უსაფრთხოების მეტად მნიშვნელოვანი საკითხები, ინტეგრაციისათვის აუცილებელი რეფორმების მიმდინარეობა, რუსული სადაზვერვო საქმიანობის ძირგამომთხრელი ასპექტები, გამხლეჩი პროპაგანდის შედეგები.

ქვეყანა ამ გადამწყვეტ ეტაპზე პოლიტიკური პოლარიზაციის დღის წესრიგით ცხოვრობს და ყურადღების მიღმა რჩება უსაფრთხოების მეტად მნიშვნელოვანი საკითხები, ინტეგრაციისათვის აუცილებელი რეფორმების მიმდინარეობა, რუსული სადაზვერვო საქმიანობის ძირგამომთხრელი ასპექტები, გამხლეჩი პროპაგანდის შედეგები

ვფიქრობ, აქ გადამწყვეტი როლი უსაფრთხოების დარგის სპეციალისტებმა უნდა თქვან, რომლებიც არ არიან რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან აფილირებული. პოლიტიკური პარტიებისთვის უნდა არსებობდეს პლატფორმა, სადაც დისკუსია ქვეყნისათვის საჭირბოროტო საკითხებზე, მუდმივად ცვალებად უსაფრთხოების გარემოზე, რისკებსა და გამოწვევებზე იქნება და არა პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით განხორციელებულ არაკომპეტენტურ და ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების დამაზიანებელ პოლიტიკურ სვლებზე.

- იმის გათვალისწინებით, რომ კრემლი დასავლეთისგან მისთვის მნიშვნელოვან დათმობებს თებერვალში, ჩინეთის ზამთრის ოლიმპიადის დაწყებამდე ელოდება, ანუ დიდი დრო არ გვაქვს, თუ ხელისუფლებამ ოპოზიციასთან ერთად ვერ მოახერხა საფრთხეების წინაშე შიდაპოლიტიკური დაპირისპირება, საზოგადოების კონსოლიდაცია, ასეთ შემთხვევაში სავარაუდოდ, რა სურათი გვექნება თუ კრემლმა დანარჩენი მსოფლიო და ჩვენც უდიდესი გამოწვევების წინაშე დააყენა?

- პოლარიზაციის არსებული ხარისხი, როგორც წესი იწვევს პოლიტიკური ჯგუფების მარგინალიზაციას, რომელიც თავის მხრივ დესტაბილიზაციის გამომწვევი ფაქტორია. დესტაბილიზაციით კი ყოველთვის რუსეთი სარგებლობს.

პოლარიზაციის არსებული ხარისხი, როგორც წესი იწვევს პოლიტიკური ჯგუფების მარგინალიზაციას, რომელიც თავის მხრივ დესტაბილიზაციის გამომწვევი ფაქტორია. დესტაბილიზაციით კი ყოველთვის რუსეთი სარგებლობს

ჩვენ, სამწუხაროდ, მივეჩვიეთ დასავლურ რეკომენდაციებს შინაარსი გამოვაცალოთ და მხოლოდ ტერმინი გავხადოთ პოლიტიკური მანიპულაციების ინსტრუმენტად. როდესაც ხელისუფლების ტრანზიციის, მშვიდობიანი გადაცემის ფონზე ჩვენი პარტნიორები კოჰაბიტაციას გვთავაზობდნენ, ჩვენ მას საკრალური მნიშვნელობა მივანიჭეთ და ლამის ნახევარი მოსახლეობა მის წინააღმდეგ განვაწყვეთ სამართლიანობის აღდგენისათვის ხელის შეშლის ბრალდებით. არადა, პარტნიორები განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფებისათვის თანაცხოვრების შესაძლებლობის შექმნას გვირჩევდნენ.

როდესაც პოლიტიკურ პარტიებს თანაარსებობა შეუძლიათ, არჩევნების შედეგები ეჭვქვეშ არ დგება და ხდება ხელისუფლების არჩევნებით გადაბარება. არჩევნების შედეგების არაღიარებამ ისეთი ტრადიციული დემოკრატიაც კი შეაზანზარა, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები. ბუნებრივია ეს ყველაფერი რუსეთის „დახმარების“ გარეშე არ ხდება.

თუ არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება გართულებულია, ცვლილება მაშინ ხდება, როდესაც მმართველი ძალა ბოლომდეა მარგინალიზებული, ეს კი იწვევს ხალხის დიდ და უმართავ მასას ქუჩაში, რაც ძალადობის რისკის შემცველია. ძალადობით კი რუსეთი როგორ სარგებლობს, ეს ყაზახეთის მოვლენებმაც გვაჩვენა.

აი, ამიტომ ისმის პარტნიორებისაგან მოწოდებები, დავასრულოთ პოლარიზაცია და ვკონცენტრირდეთ ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე.

პრინციპში, ეს იყო ჩვენი განცხადების ძირითადი პათოსიც - უკიდურესად დაძაბული საგარეო ვითარებისა და შიდაპოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე სახელმწიფოში დღეს არსებული ვითარება ვერ უზრუნველყოფს დასავლური დახმარებების ადეკვატურ გამოყენებას და ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების რეალიზაციას.

უკიდურესად დაძაბული საგარეო ვითარებისა და შიდაპოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე სახელმწიფოში დღეს არსებული ვითარება ვერ უზრუნველყოფს დასავლური დახმარებების ადეკვატურ გამოყენებას და ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების რეალიზაციას

- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ იმ პროცესების გამო, რაც ახლა ერთი მხრივ აშშ-რუსეთს, ხოლო მეორე მხრივ ნატო-რუსეთსა და ევროპა-რუსეთს შორის ხდება, ოფიციალური თბილისი მუდმივ კავშირზეა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან.

თუ ვითარება უკიდურესად გამწვავდა რა ნაბიჯები შეიძლება გადადგან ჩვენმა პარტნიორებმა უპირველესად უკრაინის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში საქართველოს დასაცავად?

- დასავლეთს არ აქვს არც მორალური და არც იურიდიული ვალდებულება, შეიარაღებული ძალები გაგზავნოს უკრაინის ტერიტორიაზე, თუმცა, როგორც ხაზგასმით აღინიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს სპეციალისტებით დახმარებას და შეიარაღების მიწოდებას უკრაინისათვის.

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ხელი მოაწერა უკრაინასთან კიბერსივრცის დაცვის ერთობლივ ღონისძიებებს, რაც მავნე პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლასაც გულისხმობს.

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ხელი მოაწერა უკრაინასთან კიბერსივრცის დაცვის ერთობლივ ღონისძიებებს, რაც მავნე პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლასაც გულისხმობს

ცალკე პაკეტად რჩება ეკონომიკური სანქციები რუსეთის მიმართ, რომელიც, დასავლელი მაღალჩინოსნების განცხადებით, უპრეცედენტო იქნება და რუსეთის ეკონომიკას ძალზედ დააზარალებს. პრინციპში, ყველა ეს მოქმედება დროში გაწელილ ეფექტზეა გათვლილი და გულისხმობს იმას, რომ დარტყმის ქვეშ მყოფი ქვეყანა მარტო არ არის, მაგრამ საკუთარი თავდაცვა თავად უნდა უზრუნველყოს, მინიმუმ, მზად უნდა იყოს დასავლური სამხედრო-ტექნიკური დახმარების მისაღებად.

ამისათვის, უკრაინისთვის ყველაზე სწორი გზა წლების მანძილზე გაწეული დასავლური დახმარების სწორი გამოყენება, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, რეფორმირებული უსაფრთხოების სექტორი, თავსებადობის ამაღლება და ალიანსთან და მის წევრ ქვეყნებთან რეგულარული ერთობლივი წვრთნებია.

უკრაინას, შექმნილი კრიზისული ვითარებიდან გამომდინარე, ამ მოქმედებების ახლა განხორციელების დრო აღარ რჩება, კვანძის გახსნა უკვე ალბათ ამ გაზაფხულამდეა მოსალოდნელი და მტერს არსებული ძალებით და საშუალებებით უნდა გაუმკლავდეს.

შექმნილი კრიზისული ვითარებიდან გამომდინარე უკრაინის თემაზე კვანძის გახსნა უკვე ალბათ ამ გაზაფხულამდეა მოსალოდნელი და იგი მტერს არსებული ძალებით და საშუალებებით უნდა გაუმკლავდეს

თუმცა, საქართველოსთვის ეს ყველაფერი ისევ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საშინაო დავალებად რჩება და დიდწილად განაპირობებს ქვეყნის მდგრადობას მოსალოდნელი რუსული აგრესიის მიმართ.

- ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინაზე განხორციელებული კიბერშეტევა და უკრაინის მიმართ მოსკოვის მიერ აქამდე და ახლაც გადადგმული ნაბიჯები იმაზე მეტყველებს, რომ კრემლი უკრაინის მიმართ ჰიბრიდული ომის პოლიტიკას ატარებს.

მოსკოვი უკრაინასთან ომისთვის ემზადება, ვაშინგტონი აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში აშშ-ს მოქმედების 18 სცენარი აქვს მზად.

რა ნაბიჯებს გადადგამს ვაშინგტონი დრო გვაჩვენებს, მაგრამ ფაქტია, რომ ვითარების გამწვავების შემთხვევაში არ უნდა გამოვრიცხოთ საქართველოზეც კიბერშეტევაც. რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ თუ რუსეთმა საქართველოზე კიბერშეტევის ორგანიზება მოინდომა, ქვეყანამ შეძლოს მასთან ეფექტურად გამკლავება?

- გასულ კვირას დასავლეთსა და რუსეთს შორის უშედეგო მოლაპარაკებების ფონზე უკრაინის სამთავრობო საიტებზე მასირებული კიბერშეტევა განხორციელდა, რამაც ათეულობით სამთავრობო საიტის საწყისი გვერდის შეცვლა, ე.წ defacement გამოიწვია.

მწყობრიდან გამოვიდა უკრაინის ათამდე, მათ შორის საგარეო საქმეთა და ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდები, ასევე სახელმწიფო სერვისების სააგენტოს კომპიუტერული სისტემა, სადაც ასახული იყო ვაქცინაციის მონაცემები.

ეს დაბალტექნოლოგიური კიბერშეტევის ფორმა, რომელიც არასანქცირებულად ცვლის საიტის (ვებგვერდის) გარეგნულ იერსახეს, ხშირად პირველ გვერდს, ძირითადად, გამოიყენება ჰაქტივისტების ან კიბერტერორისტების მიერ საპროტესტო მესიჯის, პროპაგანდისტული მასალის ან სხვა კონტენტის გასავრცელებლად. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ defacement რუსული სპეცსამსახურებისა და მათთან აფილირებული ჯგუფების საყვარელ მეთოდად ითვლება.

რუსული დაზვერვა ამ ტექნოლოგიურად მარტივ შეტევას ფსიქოლოგიური ეფექტის მისაღწევად იყენებს და მისი საშუალებით მოწინააღმდეგის დემორალიზებას, სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი რწმენის შემცირებას, საზოგადოების პოლარიზაციას, პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ურთიერთობების ძირის გამოთხრას ცდილობს.

ამგვარი შეტევა რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგაც განახორციელა 2019 წლის ნოემბერში. მაშინ, ელექტრონული გრაფიტი საქართველოს პრეზიდენტის, სასამართლოსა და მუნიციპალიტეტების საიტზე გამოჩნდა. ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ფოტომ და მოწოდებამ „I will be back” ფართო რეზონანსი გამოიწვია.

საერთაშორისო თანამეგობრობამ ეს შეტევა რუსეთის სადაზვერვო სამსახურებს მიაკუთვნა და მას პოლარიზაციისკენ მიმართული, საქართველოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგო და დემოკრატიის ძირგამომთხრელი ქმედება უწოდა.

სხვა ტიპის შეტევებთან ერთად, ამგვარი თავდასხმა განხორციელდა რუსეთთან აფილირებული ჰაკერების მიერ 2008 წლის ივლისში საქართველოს პრეზიდენტის ვებგვერდზე, სადაც განთავსდა ფაშისტური სიმბოლიკა. მკითხველს მოეხსენება, რომ ეს პირველი პრეცედენტი იყო, როდესაც რუსეთმა კიბერშეტევები საბრძოლო მოქმედებების მხარდამხარ, უშუალოდ საბრძოლო ამოცანის შესრულების გასამარტივებლად გამოიყენა.

რუსეთის მიერ კიბეროპერაციების გამოყენება საინფორმაციო, შეზღუდული მასშტაბის, ჰიბრიდული თუ სრულმასშტაბიანი ომის დროს სიახლეს არ წარმოადგენს. კრემლის ჰიბრიდული აქტივობები სამხედრო ძალის გამოყენებასთან ერთად ითვალისწინებს საინფორმაციო ოპერაციების, პროვოკაციების, კიბერთავდასხმების, საბოტაჟის და ეკონომიკური დივერსიებისა თუ ზეწოლის განხორციელებას.

კიბეროპერაციებს აღნიშნულ ტაქტიკაში ერთ-ერთი საკვანძო ადგილი უჭირავს და სულ უფრო მეტი ამოცანის გადასაჭრელად გამოიყენება. მაგალითად, 2014-2016 წლებში უკრაინის კონფლიქტებისას, განსაკუთრებით კი ყირიმის ანექსიის დროს კიბერელემენტი მზარდი ინტენსივობით გამოიყენებოდა. აღნიშნულმა ქმედებებმა სეროზული დარტყმა მიაყენა უკრაინის მთავრობის მიერ საკუთარი საინფორმაციო სივრცის თუ კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის შესაძლებლობას.

კიბეროპერაციებმა საშუალება მისცა რუსეთს, წარმატებით მოეხდინა უკრაინის პოლიტიკური და სამხედრო ინსტიტუტების მართვისა და კომუნიკაციისა უნარის ნაწილობრივი მოშლა.

2015 წლის მიწურულს რუსეთმა პირველად გამოიყენა კიბერშეტევა კინეტიკური ეფექტის მისაღწევად - უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, კერძოდ - ენერგეტიკულ სექტორზე განხორციელებულმა მაღალტექნოლოგიურმა კიბერშეტევამ, ასიათასობით აბონენტი დატოვა ელექტროენერგიის გარეშე.

სწორედ აღნიშნულმა ინციდენტმა გააჩინა განცდა, რომ რუსეთი მომავალ კონფლიქტში არ შემოიფარგლება მხოლოდ DDoS და Defacement შეტევებით ან კიბერშპიონაჟის ოპერაციებით და არ არსებობს გარანტია, რომ იგი არ განახორციელებს კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმართულ აქციას, რასაც, გარკვეულ ეტაპზე, შესაძლოა ნგრევა და მსხვერპლიც კი მოჰყვეს.

გასათვალისწინებელია, რომ სუსტად დაცული ინფრასტრუქტურის პირობებში ისეთი თავდასხმებიც კი, როგორიცაა DDoS და Defacement შეტევა, შესაძლოა არაპროპორციული ზარალის მიზეზი გახდეს.

ისევ გასულ კვირას განხორციელებულ კიბერშეტევას რომ დავუბრუნდეთ, იგი დროში დაემთხვა რუსეთის ჯარების უპრეცედენტო მობილიზაციას უკრაინის საზღვართან და დასავლეთსა და რუსეთს შორის ამ უკანასკნელისათვის უშედეგოდ წარმართულ მოლაპარაკებებს.

უკრაინული დაზვერვა გასული წლის მიწურულს ვარაუდობდა, რომ 2022 წლის თებერვალში რუსეთი იერიშს ოდესასა და მარიუპოლზე მიიტანდა, ასევე, გააქტიურდებოდა გარკვეული დაჯგუფება ბელარუსის მხრიდან. საინტერესოა, რომ კიევის მონაცემებით, აღნიშნული კიბერშეტევის უკან ბელარუსის დაზვერვასთან დაკავშირებული ჰაკერული დაჯგუფება UNC1151 იდგა, ხოლო გამოყენებული მავნე პროგრამული უზრუნველყოფა რუსული დაზვერვისათვისაა დამახასიათებელი. მათი მოსაზრებით, ჯგუფი UNC1151 -ის თავდასხმა შესაძლოა სხვა უფრო დესტრუქციული მოქმედებების შესანიღბად იყოს გამოყენებული.

ამ ფონზე ბელარუსი ჰაკერების გამოჩენა უკრაინულ კიბერსივრცეში შესაძლოა საომარი მოქმედებების დაწყების მკვეთრი სიგნალი იყოს. ამასთან, ამ ტიპის შეტევა, როგორც წესი, მოწინააღმდეგის დემორალიზაციას და საინფორმაციო ომის მესიჯების გავრცელებას ემსახურება.

ამ ფონზე ბელარუსი ჰაკერების გამოჩენა უკრაინულ კიბერსივრცეში შესაძლოა საომარი მოქმედებების დაწყების მკვეთრი სიგნალი იყოს. ამასთან, ამ ტიპის შეტევა, როგორც წესი, მოწინააღმდეგის დემორალიზაციას და საინფორმაციო ომის მესიჯების გავრცელებას ემსახურება

ყურადსაღებია, რომ თებერვალში რუსეთი ბელარუსთან ერთად გეგმავს ერთობლივ წვრთნებს "Союзная решимость - 2022", რომელიც უკრაინისა და პოლონეთის საზღვრისკენ იქნება მიმართული. სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით, ამავე პერიოდს უკავშირდება უკრაინის წინააღმდეგ ახალი აგრესიის ვარაუდებიც.

- რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოს რუსეთის მიერ კავკასიაში მხარდაჭერილ „3+3“-ის ფორმატში ჩართვისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, 3+3-ის ფორმატიუფრო მეტად მნიშვნელოვანია“, ვიდრე კარასინ-აბაშიძის ფორმატი, რადგან მასშიმთელი რეგიონის განვითარების პერსპექტივაგანიხილება.იგი ასევე აღნიშნავს, რომ ამ ფორმატთან მიერთებაარ დაავალდებულებს საქართველოს არაფერში, რაც მის პოლიტიკურ პოზიციებს შეეხება“.

საქართველოსთვის 3+3“-ის ფართო თანამშრომლობის რეგიონული ფორმატი პოლიტიკური თვალსაზრისით, მიუღებელია ამ ფორმატის ყველა სეგმენტში რუსეთის გამოკვეთილი როლის გამო.

დამკვირვებელთა ნაწილის თქმით, 3+3 ფორმატით კრემლი ფაქტობრივად საქართველოს მთლიანობას აღიარებს. ასე რომც იყოს, ალბათ უპრიანი იქნებოდა თუ ქართული მხარე ამ ფორმატში მონაწილეობაზე თანხმობამდე მოსკოვისაგან სოხუმისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების უკან გაწვევის მოთხოვნა.

თქვენი დაკვირვებით რატომ ითხოვს ასე დაჟინებით მოსკოვი 3+3 ფორმატში საქართველოს მონაწილეობას? თუ თვლით, რომ ამ ფორმატში საქართველო არ უნდა ჩაერთოს, რატომ არ უნდა ჩაერთოს?

- საინტერესოა, ჰიპოთეტურად ჩართვის პირობებში, ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი რომელი სახელმწიფოს შემადგენლობაში და რა სტატუსით იქნებიან წარმოდგენილნი? ან საქართველოს შემადგენლობაში ამ ანკლავების განხილვის სანაცვლოდ, რას მოითხოვს რუსეთი? ხომ არ არის ეს ფორმატი საქართველოსათვის ინტერესების საზიანოდ სიტუაციის ნორმალიზების მცდელობა, სტატუსკვოს დაკანონება?

მიუხედავად იმისა, რომ 3+3-ის ფორმატის უსარგებლობა და საფრთხის შემცველობა ცხადია, სწორედ ეს არის ის საკითხები, რაზედაც დებატები უნდა მიმდინარეობდეს პოლიტიკურ სპექტრში, რადგან, სხვათა შორის, ამ ფორმატში გაწევრიანება შესაძლოა რუსეთის ან სხვა მონაწილეების მხრიდან ზეწოლის ერთ ერთი მიმართულებაც იყოს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე. რაც შეეხება თავად ფორმატს, საქართველოსთვის რუსეთთან პირისპირ ნებისმიერ პლატფორმაზე ყოფნა კონტრპროდუქტიული და უაღრესად სახიფათოა.

საქართველოსთვის რუსეთთან პირისპირ ნებისმიერ პლატფორმაზე ყოფნა კონტრპროდუქტიული და უაღრესად სახიფათოა

ერთადერთი, რაზედაც შეიძლება თბილისმა მასთან მოლაპარაკებები აწარმოოს, ეს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციაა და აქაც, სასიცოცხლოდ აუცილებელია პარტნიორების ჩართულობა.

ეს კონკრეტული ფორმატი, ბუნებრივია, საქართველოსთვის უსაფრთხო და ხელსაყრელ პირობებს ვერ უზრუნველყოფს ვერც ერთი საკითხის გადაჭრისას, ამიტომ მასში საქართველო არ უნდა ჩაერთოს.

უფრო მეტიც, ვფიქრობ, საგარეო უწყებამ დროულად უნდა მოითხოვოს ფორმატისათვის სახელის ცვლილებაც და სახელმწიფო სიმბოლიკის არგამოყენებაც. ამ მოწოდების არარსებობა მოწინააღმდეგეს იმედს უჩენს, რომ რაღაც პირობების ზეგავლენით, მისთვის სასურველი შედეგის მიღწევა შესაძლებელია.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა