ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2022

საქართველოს მესამე პრეზიდენტის შემდეგ, ოთხშაბათს შესაძლოა უკრაინის მე-5 პრეზიდენტი დააკავონ და ახლო მომავალში - მოლდოვას მე-8 პრეზიდენტი

კრიტიკული 10 დღე - ახალი ანტირეკორდი და სპეციალისტების შემაშფოთებელი პროგნოზი

***

საქართველოს მესამე პრეზიდენტის შემდეგ, ოთხშაბათს შესაძლოა უკრაინის მე-5 პრეზიდენტი დააკავონ და ახლო მომავალში - მოლდოვას მე-8 პრეზიდენტი

„საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაშია. უკრაინის მე-5 პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო შესაძლოა ოთხშაბათს დააპატიმრონ. მოლდოვის მე-8 პრეზიდენტ იგორ დოდონი კი სახელმწიფო თანხების მითვისების საქმეში ეჭვმიტანილად სცნეს და შესალოა ასევე დააპატიმრონ. რა არის ეს - უბრალო დამთხვევა, თუ გარკვეული ტენდენცია? და რატომ ხდება, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის იმ სახელმწიფოებში, რომლებიც ყველაზე მეტად არიან ორიენტირებული დასავლურ ღირებულებებზე და აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერ ქვეყნებს წარმოადგენენ, ექს-პრეზიდენტებს სამართლებრივად დევნიან?“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, საქართველოს მე-3 პრეზიდენტის შემდეგ, ოთხშაბათს შესაძლოა უკრაინის მე-5 პრეზიდენტი დააკავონ და ახლო მომავალში - მოლდოვას მე-8 პრეზიდენტი

"უკრაინაში მეხუთე პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს სასამართლო სხდომა 19 იანვარს გადაიდო. იგი ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობასა და სახელმწიფო ღალატშია ბრალდებული. მას ასევე ქვანახშირის არალეგალურად გატანას ედავებიან. პოროშენკო პოლონეთიდან უკრაინაში 17 იანვარს დაბრუნდა, იგი სასამართლოში აეროპორტიდანვე მივიდა. პროკურატურა უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ან 1 მილიარდ უკრაინული გრივნის (დაახლოებით 101 მილიონი ლარი) გირაოს ითხოვს. რაც შეეხება მოლდოვის მერვე პრეზიდენტსა და პრორუსული სოციალისტური პარტიის ლიდერ იგორ დოდონს, იგი გასული წლის დეკემბერში ქვეყნის გენერალურ პროკურატურაში დაკითხეს და სახელმწიფო ენერგოკომპანია „ენერგოკომის" თანხების მითვისების საქმეში ეჭვმიტანილად ცნეს. როგორც დოდონმა დეკემბერში ჟურნალისტებს განუცხადა, დაკითხვისას მას სავარაუდოდ 2008 წლის ის დოკუმენტები აჩვენეს, როცა ეკონომიკის მინისტრი იყო”, - აღნიშნავს გამოცემა.

"მე ვთქვი, რომ ამასთან არანაირი შეხება არ მქონია. გამოძიებასთან შემდგომი თანამშრომლობისთვის მზად ვარ, არსად გაქცევას არ ვაპირებ. სამწუხაროა, რომ ზოგიერთმა მედიამ დადგა გადაცემა სახელწოდებით „დოდონი გარბის ქვეყნიდან!" - განაცხადა მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა. დოდონისვე შეფასებით, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრით, ხელისუფლებას სურს საზოგადოების ყურადღება „ფასების ზრდისა და ცუდი მმართველობის პრობლემიდან" სხვა თემაზე გადაიტანოს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრობაში იმყოფება. ის ცოტა ხნის წინ ქვეყანაში დაბრუნდა, ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე - 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის გამო უფლებამოსილების გადამეტების, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებებით. როგორც საგარეო პოლიტიკის ექსპერტი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, სამივე ქეისი ინდივიდუალურია და არ უნდა განვიხილოთ ისე, თითქოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ექსპრეზიდენტებს დევნიან. თუმცა აღნიშნავს, რომ ეს სასამართლო პროცესები თითოეული ქვეყნის დემოკრატიისა და სამართლიანი სასამართლოს თვალსაზრისით სერიოზული გამოცდაა”, - განაგრძობს გამოცემა.

"ყველა ეს ქეისი ინდივიდუალურია. არასწორი იქნება, რომ ეს ტენდენციად გავაერთიანოთ, რომ, ვთქვათ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში პრეზიდენტებს დევნიან. ასეთი რაღაც არაა. მით უმეტეს დოდონის შემთხვევაში ძალიან სერიოზული პრეტენზიები არსებობს. "ყველა ქვეყანას თავისი სასამართლო სისტემა და პრეტენზიები აქვს. ყველა ქვეყნისთვის პრეზიდენტის პროცესი ძალიან სერიოზული გამოცდაა, როგორც სასამართლო სისტემის, ისე დემოკრატიოის თვალსაზრისით. ამ ქვეყნების შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ ეს ტესტი ჩააბარონ. „დასავლეთის მხრიდან ზუსტად ის შეფასებაა, რაც აღვნიშნე. ეს სამი ქვეყანა გამოირჩევა იმით, რომ ესაა აღმოსავლეთ პარტნიორობაში დაწინაურებულები, რომლებმაც თავიანთ სტანდარტად დასავლური ღირებულებები და ევროკავშირის სტანდარტები დაისახეს. აქ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასამართლო სისტემაა. ამიტომაც ვამბობ, რომ ესაა სასამართლო სისტემისთვის ძალიან სერიოზული გამოცდა, სამართლიანი სასამართლოს და სხვა ძირითადი პრინციპებისთვის და ჩვენი პარტნიორები ამ ტესტის ჩაბარებას ელოდებიან, შეფასებებიც შესაბამისი იქნება", - განაცხადა ფხალაძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

კრიტიკული 10 დღე - ახალი ანტირეკორდი და სპეციალისტების შემაშფოთებელი პროგნოზი

19 იანვარს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8728 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც პანდემიის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სპეციალისტთა შეფასებით, ეს მხოლოდ დასაწყისია და მომდევნო 10 დღე ამ მხრივ შესაძლოა კრიტიკული იყოს, რის შემდეგაც საავამდყოფოების გადატვირთვის საფრთხე დადგება”, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, კრიტიკული 10 დღე - ახალი ანტირეკორდი და სპეციალისტების შემაშფოთებელი პროგნოზი

„ეპიდემიოლოგები და ინფექციონისტები ქვეყანაში „ომიკრონის“ გავრცელების მასშტაბის ზრდასთან ერთად ყოველდღიური ახალი შემთხვევების კიდევ უფრო ზრდას იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში ელიან. როგორც ისინი „რეზონანსთან“ აღნიშნავენ, მიუხედავად „ომიკრონის“ მსუბუქი მიმდინარეობისა, მას სწრაფი გავრცელება ახასიათებს, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი კი აუცრელია, რაც რისკებს ზრდის. ამიტომაც მოსახლეობას მასობრივი აცრისკენ და რეკომენდაციების მკაცრი დაცვისკენ მოუწოდებენ. ისინი არ გამორიცხავენ, რომ 10 დღეში ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა 10 000-მდეც კი მიაღწიოს. 18 იანვარის მონაცემებით, კოვიდს კიდევ 31 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა 3 160 პაციენტი. ბოლო 24 საათში ჩატარდა 56 367 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 38 892, ხოლო პისიარ ტესტით - 17 475. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელმა 13,34%, ბოლო 14 დღის განმავლობაში 10% ხოლო ბოლო 7 დღეში 10,26% შეადგინა. 18 იანვარს ქვეყნის მასშტაბით 9 290 აცრა ჩატარდა. სულ ქვეყანაში ჩატარებულია - 2 622 459 აცრა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდგომ აღნიშნა, „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევები ძირითადად ახალგაზრდებში ვლინდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

„დღეს გვაქვს შემთხვევების რაოდენობის ე.წ. ანტირეკორდი - 7521, რომელიც პანდემიის პერიოდში ჯერ არ ყოფილა. „ომიკრონის“ 1 254 შემთხვევიდან ინფიცირებულთა საშუალო ასაკი გახლავთ დაახლოებით 33,8. ანუ უფრო ახალგაზრდა ასაკს აზიანებს. „ამ 1254 შემთხვევიდან სტაციონარში მოხდა მხოლოდ 14 ადამიანი - დაახლოებით 1% და აქედან 13 პაციენტი უკვე გაწერილია. სტაციონარიზაციის ძირითადი ინდიკატორი გახლდათ თანმხლები დაავადებები და არა კოვიდის სიმძიმე. „ჯერჯერობით „ომიკრონით“ გამოწვეული შემთხვევები, „დელტასთან“ შედარებით, მიმდინარეობს მსუბუქად, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ უნდა მოვდუნდეთ“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე. აღსანიშნავია, რომ „ომიკრონით ინფიცირებულთა დიდი ნაწილი 2 დოზითა და „ბუსტერით“ იყო ვაქცინერუბლი, რამაც შეამცირა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან“ ამბობს, რომ იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში ქვეყანაში „ომიკრონით“ მოსახლეობის საკამოდ დიდი რაოდენობა დაინფიცირდება. ამასთან, შესაძლოა ყოველდღიური ახალი შემთხვევების რაოდენობამ 10 000-მდეც კი მიაღწიოს”, - განაგრძობს გამოცემა.

„ომიკრონს“ ძალიან სწრაფი გავრცელება ახასიათებს. ამიტომაც რისკები უფრო დიდია, რომ სამი-ოთხი კვირის განმავლობაში ქვეყანაში გადადების მასშტაბი გაიზარდოს. მე-6 ტალღას ვეღარ ავიცილებთ და ვერც ამ მასშტაბის შემცირებას შევძლებთ, მაგრამ შეგვიძლია უბრალოდ უკეთესად მოვემზადოთ. აქ იგულისხმება ის, რომ ამბულატორიული და ოჯახის ექიმის რგოლი მზად უნდა იყოს. პირველადი მიმართვიანობის დროს ადამიანმა ადეკვატური მკურნალობა უნდა მიიღოს. ჰოსპიტალური სექტორის გამართულობა და მზადყოფნაც მნიშვნელოვანია. „მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონს“ მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს, მძიმე პაციენტები მაინც გვეყოლება. ამიტომაც მნიშვნელოვანია ჰოსპიტალური სექტორი უფრო მომზადებული იყოს. „თავის მხრივ კი ვაქცინაციის პროცესი უნდა გააქტიურდეს. განსაკუთრებით იმ ასაკობრივ ჯგუფში, რომლსაც ქრონიკული დაავადებები, ან იმუნური დეფიციტი აქვთ“, - ამბობს გოგინავა „რეზონანსთან“. მისივე თქმით, „ომიკრონის“ მიმართ მოსახლეობა არ უნდა მოდუნდეს და არ უნდა იფიქროს, რადგანაც მსუბუქი მიმდინარეობა აქვს, მას ყურდღება არ სჭირდება. ის იმ ადამიანებში, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აქვთ, ისეთივე გართულებით მიდის, როგორც სხვა შტამები. ამიტომ პრევენციისთვის საჭიროა, რომ რიკს ჯგუფში მყოფმა ადამიანებმა ვაქცინაციის „ბუსტერ“ დოზაც გაიკეთონ. „სამწაუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი - მეტრო, ავტობუსი და მიკროავტობუსები ყველაზე დიდი პრობლემაა. ეპიდემიის დროს ტრანსპორტი აქილევსის ქუსლად იქცა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ავტობუსებების და მეტროს ვაგონების დამატებაა მოხდეს. თუ ადამაინები რეკომენდაციებით და დისტანციის დაცვით იმგზავრებენ, რისკები ნაკლები იქნება. ამიტომ მუნიციპალური ტრანსპორტი უნდა მოწესრიგდეს. „რაც შეეხება პირბადის ტარებას, რა თქმა უნდა, „ომიკრონთან“ KN95 პირბადეები და რესპირატორები უფრო ეფექტურად მუშაობს. თუმცა მისი ყველგან გამოყენება არ შეიძლება. მას მუდმივად ქუჩაში ვერ გავიკეთებთ. ასევე მისი რაოდენობაც ქვეყანაში იმდენი არ არის, რომ ყიდვა ყველამ შეძლოს. ამიტომ სჯობია ეს სპეციალური პირბადეები მხოლოდ მაღალი რისკის ადგილებში და სამსახურებში იყოს გამოყენებული. მაგალითად, ეს უნდა იხმარონ სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლებმა. ჩვეულებრივ პირბადესაც დაცვა აქვს და მისი სწორად და ხშირად გამოყენება გადადების თავიდან აცილებაში დაგვეხმარება“, - ამბობს გოგინავა „რეზონანსთან“, - დასძენს გამოცემა.

ექიმი ვახტანგ კალოიანი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში “ომიკრონის“ მასიური გავრცელების რეჟიმში ვიმყოფებით. როგორც კალოიანი „რეზონანსთან“ ამბობს, ქვეყნის ჯანდაცვის სიტემა მობილიზებული უნდა იყოს იმისთვის, რომ ეპიდემიის მორიგი ტალღის დარტყმის ზიანი შემცირდეს. ამისთვის მოსახლეობის დროული დიაგნოსტიკა და თანმიმდევრული რეკომენდაციების გაცემაა საჭირო. „ქვეყანა უკვე „ომიკრონის“ მასობრივი გავცელების ფაზაში იმყოფება. ამიტომაც სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ დარტყმის სიმძლავრე ძალიან ძლიერი არ იყოს და არსებული მინიმალური რეკომენდაციები მაინც შესრულდეს. აუცილებელია, რომ თავშეყრის ადგილების რაოდენობის შეზღუდვა მოხდეს. ასევე მოსახლეობის სწრაფი დიაგნოსტიკა და რეკომენდაცია მოვახდინოთ. ასევე ჰოსპიტალური და ამბულატორიული სექტორის მობილიზება მოხდეს. „სამწუხაროდ აღსრულების, ლაბორატორიულის და პირველადი ჯანდაცვის სისტემებში დიდი ჩავარდნები გვაქვს. ჰოსპიტალური სექტორი ეპიდემიის გავრცელების პირველივე დღიდან პრობლემაა. მართალია, გარკვეული გამოცდილება დაგროვდა, მაგრამ მისი სისტემატიზაცია და იმპლემენტაცია ისე ვერ ხდება, როგორც საჭიროა. „რაც შეეხება ზოგად რეკომენდაციას, მსგავსი ეპიდემიების დროს ნებისმიერი რესპირატორული სიმპტომატიკა აღქმული უნდა იქნას, როგორც კორონავირუსი მიუხედავად იმისა, ეს ლაბორატორიულად დადასტურებული იქნება თუ არა. ამას ძალიან დიდი ეპიდემიოლოგიური და კლინიკური მნიშვნელობა აქვს“, - ამბობს კალოიანი „რეზონანსთან“. მისივე თქმით, „ომიკრონის“ დროს ჰოსპიტალიზება დაბალია, თუმცა აქაც ვაქცინაციის და ბუსტერიზაციის მასშტაბზეა დამოკიდებული. კალოიანი ამბობს, რომ საქართველოში მომდევნო 10 დღეს ძალიან სიფრთხილით უყრებს, რადგანაც ინფიცირებულები კლინიკურ გამოვლენას დაიწყებენ. განსაკუთრებით ისინი, რომლებიც აცრილები არ არიან. „ყველა ინფიცირებულის 50% ჯერჯერობით ვაქცინირებულია. ამიტომაც ქვეყანაში „ომიკრონით“ დაავადებულების დიდ ნაწილს ის ადვილად გადააქვს. თუმცა, როგორც აღვნიშნე, ამ 10 დღეში „ომიკრონის“ გავრცელება უკვე არავაქცინირებულ პირებში გაგრძელდება და მაშინ უკვე ჰოსპიტალურ სექტორს დიდი დატვირთვა მიადგება. ეს ლოგიკა არსებობს, რომელიც ჩვნი ქვეყნის მაგალითზე საშიშია“, - ამბობს კალოიანი „რეზონანსთან“, - წერს სტატიის ავტორი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს