გიორგი კანაშვილი - უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა, პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებსა და პრობლემებზე „ინტერპრესნიუსი“ კონფლიქტოლოგ გიორგი კანაშვილს ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში საკმაოდ ფეთქებადსაშიში ვითარებაა, რომელიც არა მხოლოდ უკრაინას, არამედ დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობასა და ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის პრობლემებს უკავშირდება, ჩვენს საშინაო პოლიტიკას არაფერი ეტყობა, რომ ჩვენს ირგვლივ შესაძლოა, დიდი ცვლილებები ხდება, ან შეიძლება მოხდეს და იგი ჩვენც შეგვეხოს.

ფაქტია, რომ ჩვენს საშინაო პოლიტიკაში არაფერი იცვლება და როგორც თქვენ „ინტერპრესნიუსს“ გასულის წლის დეკემბერში განუცხადეთ „ქვეყანა აგრძელებს განგრძობით კრიზისში ცხოვრებას.“

ხელისუფლება კრიზისს არ იმჩნევს, მეტიც, ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციების საპირისპირო გადაწყვეტილებებს იღებს - გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, გააგრძელა მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა, საკრებულოებში, სადაც მას უპირატესობა არ აქვს, საკრებულოების ბოიკოტირება და იმავე საკრებულოებში ოპონენტების გადაბირება.

ხელისუფლების მსგავსად ოპოზიციაც აგრძელებს როგორც მინიმუმ გაუგებარი პოლიტიკის წარმოებას. „ნაციონალების“ გუნდის ბირთვში ცვლილებები ხდება, მათ მთავარ მიზნად სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა რჩება, ამბობენ პარლამენტში შევალთო, მაგრამ ჯერ არ ჩანს, კიდეც რომ შევიდნენ, იქ რამდენად ეფექტური იქნება მათი საქმიანობა.

ფაქტია, რომ თუ საქართველოს საშინაო პოლიტიკაში „განგრძობით კრიზისში ცხოვრება“არ დასრულდა, დღეისათვის არსებულმა ვითარებამ შესაძლოა კიდევ უფრო დიდ კრიზისამდე მიგვიყვანოს.

როგორც ჩანს, ასე არ ფიქრობს არც მმართველი გუნდი და არც ოპოზიციის არა მარტო „ნაციონალური“ ნაწილი. საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე პროცესების ფონზე როგორ შეაფასებდით საშინაო პოლიტიკაში არსებულ ვითარებას?

- მართლაც, ჩვენს გარშემო ფრიად დაძაბული ფონია და როგორი იქნება ხვალინდელი დღე, დაზუსტებით, არავინ იცის. არანაკლები დაძაბულობაა ქვეყნის შიგნით. თუმცა, მთლიანობაში ქართველი პოლიტიკოსები ისე აგრძელებენ საქმიანობას, თითქოს არც არაფერი მნიშვნელოვანი ხდებოდეს.

ამ ყველაფრის კვალდაკვალ იკვეთება ორი ტენდენცია. ერთი, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის დაკვეთაა არსებული მდგომარეობის განმუხტვა, მეტ-ნაკლებად ნორმალურ, მშვიდ პოლიტიკურ გარემოში დაბრუნება. ხოლო მეორეს მხრივ, პოლიტიკისგან და პოლიტიკოსებისგან მოსახლეობის დისტანცირება, ნიჰილიზმი და აპათია.

ასევე ცხადია, რომ ოპოზიცია არსებული ტაქტიკით სასურველ შედეგს ვერ მიაღწევს. აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლისა და არჩევნების თანმდევი აჟიოტაჟი, მუხტი გადაგორდა და თუ ოპოზიცია საკუთარი მომავალი ქმედებების ქვაკუთხედად მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების საკითხს აქცევს, იგი განწირული იქნება შემდგომი წარუმატებლობისთვის.

ოპოზიცია არსებული ტაქტიკით სასურველ შედეგს ვერ მიაღწევს. აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლისა და არჩევნების თანმდევი აჟიოტაჟი, მუხტი გადაგორდა და თუ ოპოზიცია საკუთარი მომავალი ქმედებების ქვაკუთხედად მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების საკითხს აქცევს, იგი განწირული იქნება შემდგომი წარუმატებლობისთვის

იმისათვის, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციის მოთხოვნებისადმი უფრო დამყოლი გახდეს, აუცილებელია ოპოზიციის მხარდამჭერთა რიგების გაფართოება. ამას კი მუშაობა ესაჭიროება, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

თუმცა, როგორც ვხედავთ, ოპოზიცია ამგვარ საქმიანობას არ ეწევა. რაც პირადად ჩემთვის გაუგებარია.

კიდევ ერთი საკითხია აქ მნიშვნელოვანი, იმისათვის რომ ოპოზიციის მხარდამჭერთა რიგები გაფართოვდეს ამისათვის საჭიროა, ოპოზიციური ძალები რეალისტურ და მოქალაქეებისათვის აქტუალურ მოთხოვნებს აყენებდნენ.

ოპოზიციას კი, ძირითადად, ორ მოთხოვნაზეა ფოკუსირებული - მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. არ ვარ დარწმუნებული, რომ მხოლოდ ამ საკითხებით შემოფარგვლა, მთლად გონიერი და შედეგზე ორიენტირებული იყოს.

- ფაქტია, საშინაო პოლიტიკაში სერიოზული კორექტივების შეტანაზე არც მმართველი გუნდი და არც ოპოზიციის უდიდესი ნაწილი არ ფიქრობს.

საშინაო პოლიტიკაში არსებული პრობლემებიდან გამოსავლის გზებზე მსჯელობას მიუძღვნეს სტატია „ხუთი ნაბიჯი პოლიტიკური მშვიდობისთვის, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორმა

ლევან ცუცქირიძე და აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორმა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანმა, ბაკურ კვაშილავა.

მათი „რეცეპტი“ ასე გამოიყურება - სიტყვები მნიშვნელოვანია, რაც ითვალისწინებს პოლიტიკური აქტორების მხრიდან სიძულვილისა და დამამცირებელით ენით საუბარზე უარის თქმას, მორატორიუმ პარტიულ გადაბირებებზე საკრებულოებში, მიხეილს სააკაშვილის საკითხის სამართლიანი გადაწყვეტას, საარჩევნო ადმინისტრაციის ფუნდამენტური რეფორმას და უარი თქმას ნაადრევი არჩევნების მოთხოვნაზე.

შესაძლოა, ვცდებოდე, მშვენიერი ე.წ. „საგზაო რუკაა“ რომ ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრება ჩვეულებრივ რეჟიმზე გადავიდეს, მაგრამ არა ვარ დარწმუნებული, რომ ამ წინადადებებს ძირითადი აქტორები გაითვალისწინებენ.

თქვენ როგორ შეაფასებდით ბატონების ლევან ცუცქირიძისა და ბაკურ კვაშილავას შეთავაზებას პოლიტიკური სპექტრისათვის? თქვენი აზრით, რამდენად რეალიზებადია იგი?

- ბატონი ცუცქირიძისა და კვაშილავას მიერ საზოგადოებისათვის შეთავაზებული „ხუთ ნაბიჯი“, განმსჭვალულია კონსენსუსის ძიების სულით. ზოგადად ვფიქრობ, რომ საექსპერტო, სოციალურად აქტიურმა, საზოგადოებაში გარკვეული ნდობით აღჭურვილმა ხალხმა ხმა უნდა აიმაღლოს.

მოქალაქეები უფრო აქტიურად უნდა ჩაერთონ გამოსავლის ძიების პროცესში. როგორც ვხედავთ, პოლიტიკოსებს არ აქვთ მზა რეცეპტები, ამ ფონზე ასპარეზზე გამოჩენა მისასალმებელიცაა და აუცილებელიც.

რაც შეეხება უშუალოდ ნაბიჯებს. მეჩვენება, რომ ხალხი იმდენადაა დაღლილი კონფრონტაციისგან, რომ ვინც შესთავაზებს სხვა ტონალობას, ნაკლებ თავდასხმას ოპონენტებზე და კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტის გზებს, ის მოიგებს გრძელვადიან პერსპექტივაში.

მეჩვენება, რომ ხალხი იმდენადაა დაღლილი კონფრონტაციისგან, რომ ვინც შესთავაზებს სხვა ტონალობას, ნაკლებ თავდასხმას ოპონენტებზე და კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტის გზებს, ის მოიგებს გრძელვადიან პერსპექტივაში

სხვათა შორის, თუ დააკვირდებით, ბოლო პერიოდში შექმნილი პარტიების უმრავლესობა ასეც იწყებდა. მიუხედავად გადაცდომებისა, ნიკა მელიასაც ჰქონდა მცდელობები, ამ ტონალობის არჩევისა. თუმცა, საბოლოო ჯამში თითქმის ვერავინ გაუძლო ცდუნებას და საწყისი გზიდან გადაუხვია.

შესაძლოა ჩემი მსჯელობა ზედმეტად განზოგადებული მოგეჩვენოთ, მაგრამ მეჩვენება, რომ უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას.

- მესმის, რომ ერთმანეთის მიმართ სიძულვილის ენით საუბარი ჩვენი პოლიტიკური კლასის მეტყველების „პოლიტიკური კულტურის“ საფირმო ნიშნადაც კია ქცეული, რომ „ნაციონალები“ უარს ვერ იტყვიან ვადამდელი არჩევნების მოთხოვნაზე.

თავის მხრივ ვერც მმართველი გუნდი დათანხმდება სააკაშვილის საკითხის სამართლიან გადაწყვეტაზე და არც საკრებულოებში ოპონენტების გადაბირებაზე იტყვის უარს.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მმართველო გუნდი საარჩევნო ადმინისტრაციის ფუნდამენტური რეფორმაზე იტყვის - ჩვენ რეფორმა გავატარეთო. არადა, ვნახეთ, რომ რეფორმირებული საარჩევნო სისტემის პირობებშიც არჩევნების მიმართ ნდობა არ ამაღლებულა.

პოლიტიკაში ოდნავ ჩახედული ადამიანისთვისაც ცხადია, რომ სიმშვიდეზე და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ პროცესზეა საზოგადოების დაკვეთა, მაგრამ თუ პროცესი ასე გაგრძელდა, ეს არც მმართველი გუნდისთვის იქნება კარგი და არც ოპოზიციის არც ერთი ფლანგისთვის.

რადგან არც ერთი მხარე არ აპირებს საშინაო პოლიტიკაში კორექტივების შეტანას, კითხვას ასე დავსვამ - საშინაო პოლიტიკაში კორექტივების შეუტანლობის შემთხვევაში როგორი შედეგის მიღების იმედი აქვს ერთი მხრივ მმართველ გუნდს, ხოლო მეორე მხრივ ოპოზიციის „ნაციონალურ“ ნაწილს?

- უახლოეს პერსპექტივაში, სამწუხაროდ, საეჭვოა, რომ მხარეებმა ფუნდამენტურად, კრიტიკულად გადააფასონ პოლიტიკის კეთების სტილი. ალბათ ისევ ვიხილავთ ურთიერთ შეურაცხყოფას, უწმაწურ ლექსიკას და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, „მოგებულს მიაქვს ყველაფერი“ ლოგიკით აზროვნებას.

სამწუხაროდ, საეჭვოა, რომ მხარეებმა ფუნდამენტურად, კრიტიკულად გადააფასონ პოლიტიკის კეთების სტილი. ალბათ ისევ ვიხილავთ ურთიერთ შეურაცხყოფას, უწმაწურ ლექსიკას და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, „მოგებულს მიაქვს ყველაფერი“ ლოგიკით აზროვნებას

დღეს ზუსტად ასე აზროვნებს მმართველი და მთავარი ოპოზიციური პარტიაც. სხვადასხვა ეტაპზე, ორივეს ჰქონდა მცდელობები, ამ მიდგომის ცვლილებისა, თუმცა ადრე თუ გვიან ისევ იმავე პრაქტიკას უბრუნდებოდნენ.

ამასთანავე ცხადია, რომ საქართველო ვერ გახდება ვერც ბელარუსი, ვერც ყაზახეთი და ვერც მეზობელი აზერბაიჯანი. მმართველს გაუჭირდება ყველაფრის მითვისება და სტატუს-კვოს მუდმივად შენარჩუნება. აქ არაა არც ნავთობი, არც გაზი და ადგილობრივი ავტორიტარიზმის დასაცავად, ვერც გარე ავტორიტარი მოვა, როგორც ეს ყაზახეთში ვნახე.

ერთი სიტყვით, საქართველოს თვით „ბუნებამ“ უბრძანა იყოს დემოკრატიული. რისკია, რომ სანამ ამ მოცემულობას გავისიგრძეგანებთ, კიდევ ბევრჯერ წავიმტვრევთ კისერს. თუმცა, მე მაინც მეჩვენება, რომ საშინაო პოლიტიკაში არსებულმა მდგომარეობამ თავი ამოწურა და ადრე თუ გვიან, თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავალთ.

მეჩვენება, რომ საშინაო პოლიტიკაში არსებულმა მდგომარეობამ თავი ამოწურა და ადრე თუ გვიან, თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავალთ

- მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა საყოველთაო შერიგებაზე საინტერესო განცხადებები გააკეთა და ამ მიმართულებით მოძრაობები დაიწყო, საზოგადოების ერთ ნაწილში იყო მოლოდინი, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის შეთანხმება პრინციპულ საკითხებზე ადრე თუ გვიან შედგებოდა.

გითხრათ სიმართლე, მე ამის დიდი იმედი არ მქონია, თუნდაც იმიტომ, რომ პრეზიდენტს ამისთვის რეალური ბერკეტები არ აქვს. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვეტო არ დაადო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ მმართველი გუნდის მიერ მიღებულ კანონს, მეტად უფრო ცხადი გახდა, რომ მის მიერ ინიციირებულ პროცესს, პრაქტიკულად არანაირი პერსპექტივა არ აქვს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ საშინაო პოლიტიკაში იმაზე გაცილებით რთული ვითარება ნარჩუნდება, ვიდრე ჩანს.

ვითარების არსებული ფორმით შენარჩუნების პირობებში მმართველი გუნდისა და ოპოზიციის „ნაციონალური“ ნაწილის მოლოდინებზე ვისაუბრეთ. მაგრამ, ერთია მოლოდინები, ხოლო მეორეა ის, თუ საშინაო პოლიტიკაში არჩეული პოლიტიკის გატარების შემთხვევაში რა შეიძლება მიიღოს ან ერთმა ან მეორემ.

თქვენ გასული წლის ბოლოს კი გაქვთ ნათქვამი, რომ კონფლიქტი პოლიტიკურ ელიტებს შორისაა და არა მოსახლეობაში, მაგრამ კითხვას მაინც ასე დავსვამ -თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რა შედეგებით შეიძლება შეხვდნენ ისინი, ვთქვათ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს?

- პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა იყო დროული, სწორი, თუმცა აკლდა შიგთავსი. გაუგებარი იყო და განუსაზღვრელი, ვინ ვის უნდა შერიგებოდა, რა საკითხებზე უნდა მომხდარიყო შერიგება/შეჯერება და ა.შ.

მე არ ვიცი, შესაძლოა პრეზიდენტი და მისი გუნდი, ამ საკითხზე მუშაობენ და რამეს შემოგვთავაზებენ. მაშინ როდესაც, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, აღარ დარჩა პლატფორმა, რომელიც პოლიტიკოსების თავშეყრას და საუბარს უზრუნველყოფდა, პრეზიდენტის ინიციატივა აქტუალურობასა და აუცილებლობას ინარჩუნებს. თუმცა, აუცილებელია დროული და გასაგები, გაწერილი სამოქმედო გეგმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი კეთილ სურვილებად დარჩება.

ოპოზიციამ უნდა დაარწმუნოს მოქალაქეები იმაში, რომ მას არსებული მდგომარეობიდან გამოსვლის გეგმა გააჩნია. ჯერ-ჯერობით, ასეთი გეგმებისთვის სასაუბროდ ოპოზიცია ვერ იცლის

რა მოხდება 2024 წლამდე, არის გაუგებარი. დიდი ალბათობით შენარჩუნდება პოლიტიკური არასტაბილურობა და მოსახლეობის შემდგომი გაღარიბება, პანდემია, მსოფლიო ეკონომიკური ვარდნა, სხვა პერსპექტივას პრინციპში გამორიცხავს.

ოპოზიციაში, სავარაუდოდ ვარაუდობენ, რომ მოვლენათა ამგვარი განვითარება წყალს მათ წისქვილზე ასხამს. გაბრაზებული და გაღარიბებული მოსახლეობა მათ მისცემს ხმას, ან სულაც 2024 წლამდე საპროტესტო მუხტის აგორება მოხდება.

აქ ორი საკითხია, რომელზეც ოპოზიციას მმართებს დაფიქრება. წინა და ყველა სხვა არჩევნებზეც, ოპოზიცია ხელისუფლებას მოსახლეობის მოსყიდვაში სდებდა ბრალს. ვინაა გარანტი იმისა, რომ კიდევ უფრო გაღარიბებული მოსახლეობის ყიდვა, ხელისუფლებას კიდევ უფრო მეტად არ გაუმარტივდება?!

და მეორე - გაჭირვება და საზოგადოების წინაშე მდგარი გამოწვევების ვერ გადაჭრა, გასაგებია რომ მმართველ პარტიას ბრალდება, თუმცა ეს ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობა ხმას მასიურად ოპოზიციას მისცემს.

ოპოზიციამ უნდა დაარწმუნოს მოქალაქეები იმაში, რომ მას არსებული მდგომარეობიდან გამოსვლის გეგმა გააჩნია. ჯერ-ჯერობით, ასეთი გეგმებისთვის სასაუბროდ ოპოზიცია ვერ იცლის.

ქართული ოცნება“ იქცევა ისე, როგორც იქცევა. თუ საჭირო გახდა, შესაძლოა შეარბილოს კიდევაც პოზიციები და ეს დიდ დათმობად გაყიდოს, როგორც შიგნით, ასევე გარეთ

- უნდა ეს ვინმეს თუ არა, ციხეში მჯდომი მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებული თემები საშინაო პოლიტიკის დღის წესრიგში კარგა ხანს იქნება.

ციხის საკანში მყოფი სააკაშვილი ახერხებს შიდა პოლიტიკის ერთ-ერთი აქტორი იყოს. ბევრი კარგა ხანია თვლის, რომ ასეთი ვითარება „ქართული ოცნების“ გუნდს აწყობს კიდეც, რადგან საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში სააკაშვილისა და მისი გუნდის მიუღებლობა საკმაოდ მაღალი რჩება.

არადა, მიხეილ სააკაშვილის საკითხის სამართლიანი გადაწყვეტის საკითხიც მანამდე იქნება ოპოზიციის «ნაციონალური“ ნაწილის დღის წესრიგში, ვიდრე ის ციხეშია.

ვითარებაში, როცა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები თვლიან, რომ სააკაშვილს უნდა ჰქონდეს სასამართლოს უფლება, თქვენი აზრით, რატომ არ დგამს მმართველი გუნდი ნაბიჯებს საიმისოდ, რომ სააკაშვილის საქმის განხილვები თუნდაც უცხოელი ექსპერტებისა თუ მოსამართლეების მონაწილეობით შედგეს?

- მიხეილ სააკაშვილმა იცოდა, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში მას დაიჭერდნენ. რის შემდეგაც პოლიტიკური პროცესი ან რევოლუციისკენ წავიდოდა, ან მის გარშემო იტრიალებდა კარგა ხანს.

რევოლუცია არ მოხდა, სასამართლო პროცესი მიდის და „ქართულ ოცნებას,“ ჯერჯერობით, არანაირი განსაკუთრებული ფასის გადახდა არ უწევს არც ქვეყნის შიგნით და პრინციპში არც ქვეყნის გარეთ. თუ არ ჩავთვლით, იმ ეპიზოდს როდესაც ქვეყნის პრეზიდენტს საკმაოდ დამამცირებლად მოექცნენ.

დასავლეთის მხრიდან სააკაშვილის პერსონისადმი განელებული ყურადღება ორი მიზეზით შეიძლება აიხსნას. პირველი - მას ჩამოსვლამდე, ეუბნებოდნენ, რომ არ დაბრუნებულიყო საქართველოში. როგორც ჩანს, ეს ბევრს არ მოეწონა.

და მეორე - სამყაროში და ჩვენს რეგიონში, ისეთი მდგომარეობაა შექმნილი: უკრაინა, ყაზახეთი, ბელარუსი, დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის... ამ ფონზე, სააკაშვილმაც და საქართველომაც, თავისი შიდა გარჩევებით, მეორეხარისხოვან საკითხთა თანრიგში გადაინაცვლა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, „ქართული ოცნება“ იქცევა ისე, როგორც იქცევა. თუ საჭირო გახდა, შესაძლოა შეარბილოს კიდევაც პოზიციები და ეს დიდ დათმობად გაყიდოს, როგორც შიგნით, ასევე გარეთ.

ლელოს“ უნდა ჰქონდეს მიზიდულობის ცენტრის ამბიცია. ამასთანავე, ვფიქრობ, რომ ამგვარ ცენტრად ჩამოყალიბება მხოლოდ და მხოლოდ მკაფიო ხედვებისა და საკუთარი დღის წესრიგის გამოკვეთის პირობებშია შესაძლებელი. „ნაცმოძრაობის“ ჩრდილში, ასეთი ცენტრი ვერ შეიქმნა - არადა, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ამჟამად „ლელოზე“ ამგვარი წარმოდგენა შეექმნა

ამიტომ, სააკაშვილი ციხეში დისკომფორტი და არასტაბილურობის წყაროცაა და ვაჭრობის ობიექტიც. თუ ასეთი ვაჭრობა, მომავალში საჭირო გახდა.

- ახლა უნდა შევეხოთ ასე ვთქვათ, დანარჩენ ოპოზიციასთან დაკავშირებულ საკითხებს. ცალკე საუბრის თემაა, თუ როგორი სცენარით განვითარდა პროცესები „ლელოს“ ლიდერებთან დაკავშირებით.

ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე, რომელიც 3 წელი განიხილებოდა, დასრულდა. ვინც გამოძიებისა და სასამართლოს საქმიანობაში ჩახედულია, თვლის - ხაზარაძე-ჯაფარიძისა და წერეთლის საქმე ერთი მხრივ, შერჩევითი და შეკვეთილი მართლმსაჯულების, ხოლო მეორე მხრივ კი გამოძიების მწარმოებელი ორგანოს არაკომპეტენტურობის ნიმუშია.

მეტიც, ხაზარაძე-ჯაფარიძის სასჯელი პოლიტიკურად არის მოტივირებული და მოსამართლეს არ ჰქონდა ბრალმდებლის ფუნქციის შეთავსების უფლება, რაც წინააღმდეგობაშია კონსტიტუციასთან.

ძნელი სათქმელია, რამდენად დაიჯერა საზოგადოებამ ხაზარაძე-ჯაფარიძის თაღლითობა, მაგრამ, ახლა მთავარია რამდენად ეფექტურად იმოქმედებს „ლელო“, რომ შიდა პოლიტიკაში ანგარიშგასაწევი ძალა გახდეს? თქვენი დაკვირვებით, ასეთი რესურსი „ლელოს“ აქვს?

- თუ ვინმეს ოპოზიციურ სპექტრში ზრდის პოტენციალი აქვს, მათ შორის „ლელოცაა.“

აქ მთელი რიგი საკითხებია. პირველი, რომ სასამართლო პროცესი დასრულდა ხაზარაძე-ჯაფარიძის გამარჯვებით. თითქოს არაფერი, თუმცა ვფიქრობ ციხეში თავის ამოყოფის პერსპექტივა, მაინც მოქმედებდა როგორც უშუალოდ მამუკა ხაზარაძეზე და ბადრი ჯაფარიძეზე, ასევე მთლიანად პარტიაზეც. აწი, პარტიას შეუძლია მეტად სტაბილურ გარემოში გააგრძელოს ცხოვრება.

მეორე, მოეხსნა ყადაღა იმ ფინანსურ რესურსებს, რომლებიც გააჩნიათ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს. მოგეხსენებათ, ფინანსებს პოლიტიკაში არა გადამწყვეტი, თუმცა მაინც მნიშვნელოვანი როლი აქვს.

მესამე, „ლელო“ ახალგაზრდა პარტიაა. ბევრს პარტიაში არ ჰქონდა პოლიტიკური საქმიანობის გამოცდილება, თუმცა უკვე შესაბამისი გამოცდილებაც უნდა დაგროვილიყო

ყველაფერი ერთად იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ „ლელოს“ უნდა ჰქონდეს მიზიდულობის ცენტრის ამბიცია. ამასთანავე, ვფიქრობ, რომ ამგვარ ცენტრად ჩამოყალიბება მხოლოდ და მხოლოდ მკაფიო ხედვებისა და საკუთარი დღის წესრიგის გამოკვეთის პირობებშია შესაძლებელი. „ნაცმოძრაობის“ ჩრდილში, ასეთი ცენტრი ვერ შეიქმნა - არადა, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ამჟამად „ლელოზე“ ამგვარი წარმოდგენა შეექმნა.

გიორგი გახარიას პარტიას, იმავე „ლელოსთან“ ერთად, აქვს ყველა შანსი მნიშვნელოვან აქტორად ჩამოყალიბდეს

- ექს-პრემიერი გიორგი გახარია, რომელზეც ბევრი იმედებს ამყარებდა, კარგა ხანია, პროცესების შორიდან დაკვირვებას არჩევს. მისი თანაგუნდელების თქმით იგი პოლიტიკურ პროცესში მალე ჩაებმება.

რაც გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ ვიცით, მათ რიგ საკრებულოებში „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალებსაც“ თავიანთი კანდიდატურის საკრებულოების თავმჯდომარედ არჩევა შესთავაზეს. რადგან მათ ინიციატივას არც ერთმა არ დაუჭირა მხარია, ცხადი გახდა, რომ მათ არც ყოფილი თანაგუნდელები ენდობიან, და არც „ნაციონალები.

იმ ბევრი თვალსაზრისით გაუგებარ ვითარებაში, რომელშიც ვარ, თქვენი დაკვირვებით სავარაუდოდ მოქმედების რა გზას აირჩევს ექს-პრემიერი და მისი პარტია?

- ჩემი აზრით, გიორგი გახარიას გაუჩინარება ცოტა ზედმეტად გახანგრძლივდა. შესაძლოა პარტიაში მართლაც მიდის არსებული სიტუაციის ანალიზი, ტაქტიკისა გამოკვეთა და ა.შ. თუმცა, ისიც ცხადია, რომ სამყარო და მითუმეტეს პოლიტიკა, სიცარიელეს ვერ იტანს. ამიტომ, რაც უფრო მალე დაუბრუნდება გიორგი გახარია პოლიტიკურ ავანსცენას მით უკეთესი, მისი პარტიისთვის.

ზოგადად, პარტიას საკმაოდ კარგი სტარტი ჰქონდა. რომ არა მიხეილ სააკაშვილის გამოჩენა, კიდევ უფრო კარგი შედეგები ექნებოდა. მიუხედავად ამისა, გიორგი გახარიას პარტიას, იმავე „ლელოსთან“ ერთად, აქვს ყველა შანსი მნიშვნელოვან აქტორად ჩამოყალიბდეს.

სამწუხაროდ, არა მგონია რაიმე საერთაშორისო მოვლენამ, გამომაფხიზლებლად იმოქმედოს ქართველ პოლიტიკოსებზე

- საერთაშორისო ასპარეზზე რომ ურთულესი ვითარებაა, ვხედავთ. ვაშინგტონსა და მოსკოვს, ბრიუსელსა და რუსეთს შორის ვითარება შესაძლოა კიდევ უფრო გართულდეს და დამძიმდეს.

საუბრის დასაწყისში ვთქვი, მაგრამ გავიმეორებ - რჩება შთაბეჭდილება, რომ საერთაშორისო ასპარეზზე არსებულ ვითარებას არც „ქართული ოცნება“ იმჩნევს და არც ოპოზიციის სხვა ნაწილები.

ამას წინათ ანალიტიკოსმა გიორგი ანთაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა - საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე პროცესების ფონზე, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანაა უსაფრთხოების ფუნდამენტურ მიზნებზე ეროვნული ძალისხმევის კონსოლიდაცია“.

შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ უსაფრთხოების ფუნდამენტურ მიზნებზე ეროვნული ძალისხმევის კონსოლიდაციისთვის, არც მმართველი გუნდი და არც პოლიტიკური სპექტრის ოპოზიციური ნაწილი არ ფიქრობს.

„ქართული ოცნება“ „ნაციონალებსა“ და სააკაშვილს რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებებში სდებს ბრალს. „ნაციონალები“ კი იმავეს სწორედ „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებენ.

საერთაშორისოო ასპარეზზე ვითარება კიდევ უფრო რომ დაიძაბოს, საშინაო პოლიტიკაში სავარაუდოდ რა სურათი გვექნება?

- სამწუხაროდ, არა მგონია რაიმე საერთაშორისო მოვლენამ, გამომაფხიზლებლად იმოქმედოს ქართველ პოლიტიკოსებზე. თუმცა მინდა შევეხო საკითხს, რომელიც თქვენ წამოწიეთ. ვგულისხმობ ერთმანეთის დადანაშაულებას კოლაბორაციონიზმსა და რუსეთის სასარგებლო ქმედებებში.

ამას წინად, „ნაცმოძრაობის“ რომელიღაცა წარმომადგენელმა დაადანაშაულა ოპოზიცია - ვინც უპირველეს მიზნად, მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებას არ ისახავთო, ყველა რუსეთის თამაშს თამაშობთო. აქ უკვე არა ხელისუფლების, არამედ კოლეგა ოპოზიციონერების დადანაშაულებასთან გვაქვს საქმე.

ამგვარი გამონათქვამები, არათუ არ აღძრავს ნდობას „ნაცმოძრაობისადმი,“ არამედ განიზიდავს მათ პოტენციურ მოკავშირეებსაც კი. ესაა ის, რაც წესით მათ არ უნდა აკეთონ.

ქცევისა და რიტორიკის გარკვეული ცვლილება და ასევე პარტიის გადახალისების გარკვეული მცდელობები, შეინიშნებოდა ნიკა მელიას დროს. თუმცა, ბოლო ხანებია, თითქოსდა, პარტიამ ისევ „წარსულზე“ გააკეთა ფსონი.

ვნახოთ რას მოუტანს, ტაქტიკის შეცვლა „ნაცმოძრაობას,“ თუმცა ეს თემა დასმულ კითხვას სცდება.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით