ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2022

ვისთვის არის ყველაზე საშიში ახალი შტამი და რამდენ დღეში გვექნება მე-6 ტალღის პიკი

ბლინკენის სასწრაფო ვიზიტი კიევში - ომი სულ უფრო რეალური ხდება

* * *

ვისთვის არის ყველაზე საშიში ახალი შტამი და რამდენ დღეში გვექნება მე-6 ტალღის პიკი

“ორწლიანი პანდემიის განმავლობაში დღიური რეკორდი მოხსნილია და პიკი ჯერ კიდევ წინ გვაქვს. ეპიდემიოლოგები 2-3 კვირაში დღეში ათეულობით ათას ახლად დაინფიცირებულს პროგნოზირებენ. 24 საათში კორონავირუსის დღიურმა მაჩვენებელმა მორიგი ანტირეკორდი მოხსნა - ინფიცირებულთა რაოდენობა დღეს 8 728-ია. გარდაიცვალა კიდევ 43 პაციენტი. მხოლოდ დედაქალაქში ახალი შემთხვევების რაოდენობა 5 ათასს უახლოვდება. პიკს აღწევს მონაცემები აჭარაშიც. სადაც ინფიცირებულთა ასეთი მაღალი მაჩვენებელი 2020 წელსაც არ ყოფილა, მაშინ, როცა მეორე ტალღის დროს, აფეთქება ქვეყანაში სწორედ აჭარიდან დაიწყო. მედიკოსები მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ რეკომენდაციების დაცვისკენ და ხაზს უსვამენ იმას, რომ მცირე სიმპტომების ქონის შემთხვევაშიც კი აუცილებელია იზოლაცია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვისთვის არის ყველაზე საშიში ახალი შტამი და რამდენ დღეში გვექნება მე-6 ტალღის პიკი.

“იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ივანე ჩხაიძე იმ რისკ-ჯგუფებს ასახელებს, რომლისთვისაც კორონავირუსის ნებისმიერი მუტაცია, მათ შორის “ომიკრონიც” საშიშროებას წარმოადგენს: “ზიანის მომტანი იქნება და აქ ხაზს ვუსვამ - მოსახლეობის ყველა ასაკობრივი ფენისთვის არა. ნაკლებად იქნება ახალგაზრდა ასაკისთვის ზიანის მომტანი. ვსაუბრობთ რისკის ჯგუფებზე ესენია: ორსულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები ასაკის მიუხედავად - ესაა დიაბეტი, სიმსუქნე, გულის პრობლემა, და რაც ყველაზე საშიშია, ისევე როგორც კორონავირუსის ყველა მუტაციის შემთხვევაში რისკის ჯგუფებს განეკუთვნება 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აქვთ ასაკიდან გამომდინარე”, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ. ექიმები მოუწოდებენ მოსახლეობას, ვაქცინის ბუსტერდოზით აიცრან, რაც მათ კორონავირუსის მძიმე მიმდინარეობისაგან დაიცავთ. ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად რეკომენდაციები უცვლელია - პირბადე, სოციალური დისტანცია და თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ეპიდსიტუაცია საყურადღებოა და ძირითადად, ეს დაკავშირებულია ახალ შტამთან. ვიცით, რომ ის საკმაოდ სწრაფად ვრცელდება და ამაზე მიუთითებს საქართველოში არსებული სტატისტიკა. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რასაც სპეციალისტები გვირჩევენ. პირველია, რა თქმა უნდა, ვაქცინაციის პროცესი, იმიტომ რომ სრული ვაქცინაცია იცავს დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან”, - ამბობს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა. ალერგოლოგ იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კი ჯანდაცვის სისტემის პირველად რგოლზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ კუთხით პრობლემებია და მას გლობალური გადაწყვეტა სჭირდება”, - განაგრძობს გამოცემა.

“პირველად ჯანდაცვას გაძლიერება უნდა, ადამიანებისადმი ნდობის მოპოვება უნდა. ჩვენს ქვეყანაში თითი წამოგვტკივდება და ვიწრო სპეციალისტს ვეძებთ, რაც არ ხდება გერმანიაში, ავსტრიასა და საფრანგეთში. ეს ისეთი საკითხებია, რასაც გლობალური გადაწყვეტა სჭირდება და კრიზისის დროს ამას ვერ გამოვასწორებთ. ამიტომ, ეს არის სერიოზული პრობლემა. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ ოჯახის 2000 ექიმი არის მობილიზებული, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ, რომ პაციენტები მართონ. 2000 ექიმს ულიმიტო შესაძლებლობა არ აქვს, ბუნებრივია”, - ამბობს კულუმბეგოვი. კითხვაზე რამდენად მზად არის პირველადი ჯანდაცვის რგოლი იმისთვის, რომ გააზრებულად მართოს ეს პროცესი, კულუმბეგოვი აცხადებს, რომ ექიმების კომპეტენციის გაზრდა კრიზისის დროს შეუძლებელია”, - დასძენს გამოცემა.

“სწორედ ეს არის ის გრძელვადიანი პრობლემები, რომლებსაც ჩვენ დროის მცირე მონაკვეთში ვერ გადავწყვეტთ. ახლა ექიმების კომპეტენციის გაზრდა კრიზისის დროს შეუძლებელია. ამას სჭირდება რამდენიმე წლიანი ტრენინგი. ამას ყველანი ვუყურებთ, სამწუხაროდ, და მეც მეხება, როგორც ექიმს, რომ ხშირად არ ვთქვათ, ეს იყო არასწორი დანიშნულება. ეს არის თავდაცვითი მედიცინის პოზიცია, მით უმეტეს როდესაც ტელეფონით გიწევს პაციენტის მართვა. ხშირად პაციენტი გეუბნება, რომ “მე სიცხე მაქვს, ფილტვის ანთება რომ მქონდეს?” ხშირად ეს ვირუსული ანთებაა. ამიტომ ეს არის სერიოზული პრობლემა. დღეს 57 ათასი აქტიური შემთხვევა გვაქვს და კლინიკებში 4400 ადამიანია. ეს დაახლოებით 7.7%-ია“, - აცხადებს კულუმბეგოვი, რომლის თქმით, “ჩვენ ვერ დავიცავით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ჩვენი უპასუხისმგებლობით” - წერს სტატიის ავტორი.

ბლინკენის სასწრაფო ვიზიტი კიევში - ომი სულ უფრო რეალური ხდება

“ბოლო დღეებში უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების მაღალი რანგის ვიზიტები აქტიურად ხორციელდება - კიევში სასწრაფოდ ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რომლის განცხადებით, უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების ზრდა ვლადიმერ პუტინს შესაძლებლობას აძლევს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ქმედება ძალიან მოკლე დროში განახორციელოს. ამის რისკებს ხედავენ სამხედრო ექპსერტებიც, თუმცაღა, მიიჩნევენ, რომ პუტინი უკრაინის ბოლომდე დაკავებას მაინც ვერ შეძლებს. კიევიდან ბლინკენი ბერლინში გაემგზავრება, სადაც გერმანელ, ბრიტანელ და ფრანგ კოლეგებს შეხვდება და რუსეთის ნებისმიერ სამხედრო მოქმედებაზე შესაძლო რეაგირებას განიხილავს. პარასკევს კი ჟენევაში ბლინკენისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ბლინკენის სასწრაფო ვიზიტი კიევში - ომი სულ უფრო რეალური ხდება.

“ბლინკენის ვიზიტი და დაგეგმილი კონსულტაციები არის დიპლომატიური ძალისხმევის ნაწილი, რათა განიმუხტოს დაძაბულობა, რომელიც გამოწვეულია რუსეთის სამხედრო მობილიზაციით და უკრაინის წინააღმდეგ უწყვეტი აგრესიის განხორციელებით”, - აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მედიის ინფორმაციით, ბლინკენი და ლავროვი სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ ჟენევაში მას შემდეგ შეხვდებიან, რაც სახელმწიფო მდივანი უკრაინასა და გერმანიაში შეხვედრებს გამართავს. შეხვედრა ჟენევაში 21 იანვარს გაიმართება. ენტონი ბლინკენმა უკრაინაში ვიზიტისას კიევში, აშშ-ის საელჩოში დიპლომატებს განუცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ათიათასობით ჯარისკაცის მობილიზება მიზეზის გარეშე მიმდინარეობს და არსებობს გეგმები ამ ძალის კიდევ უფრო გაზრდის შესახებ. მისივე თქმით, რუსეთს შეუძლია უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმა ძალიან მოკლე დროში განახორციელოს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჩვენ ვიცით, რომ არსებობს გეგმები ამ ძალის კიდევ უფრო გაზრდის შესახებ ძალიან მოკლე დროში და ეს აძლევს პრეზიდენტ პუტინს შესაძლებლობას, ასევე ძალიან მოკლე დროში, განახორციელოს შემდგომი აგრესიული ქმედება უკრაინის წინააღმდეგ”, - განაცხადა ბლინკენმა. რუსეთის თავდასხმის საფრთხეს ხედავენ ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი და გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი, რომლებიც მოსკოვს სიტუაციის განმუხტვისკენ მოუწოდებენ. “კონფლიქტის რისკი რეალურია. ნატო-ს მოკავშირეები რუსეთს დეესკალაციისკენ მოუწოდებენ. მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს გადაწყვეტილება ნატოსთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ”, - განაცხადა სტოლტენბერგმა გერმანიის კანცლერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. შოლცის განცხადებით, კი “აშკარაა, რომ რუსეთს მაღალი ფასის გადახდა მოუწევს და რომ უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში ყველაფრის განხილვა გახდება საჭირო”, - განაგრძობს გამოცემა.

“საფრთხეს ხედავს თეთრი სახლიც, მისმა პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ სიტუაცია უკიდურესად სახიფათოა და ახლა ის ეტაპია, როცა რუსეთი უკრაინას შეიძლება ნებისმიერ დროს დაესხას თავს, რომ ასეთ შემთხვევაში რუსეთს მძიმე შედეგები ელის. აშშ-ში რუსეთის საელჩო კი ტრადიციულად პროვოკაციაში ბრალს დასავლეთს სდებს და აცხადებს, რომ “რუსეთი არავისზე თავდასხმას არ აპირებს” და განცხადებაში აღნიშნავს, რომ დასავლეთმა “ისტერია შეწყვიტოს” - “კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ: რუსეთი არავისზე თავდასხმას არ აპირებს. ჩვენს საკუთარ მიწაზე ჯარების გადაადგილების პრაქტიკა ჩვენი სუვერენული უფლებაა. მოგიწოდებთ შეწყვიტოთ ისტერია დონბასის პრობლემის გარშემო და რაც მთავარია - არ უბიძგოთ კიევში “ცხელ თავებს” ახალი პროვოკაციებისკენ”," - ნათქვამია განცხადებაში. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” რამდენიმე სცენარს განიხილავს, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს”, - დასძენს გამოცემა.

“აქ უკვე ამერიკა-რუსეთის დაპირისპირებაა უკრაინაში, რადგან ბლინკენი და მანამდე ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი ნიკოლას ბერნსი, ასევე სენატორები ტყუილად არ ჩავიდნენ. ამ პროცესებს უკავშირდება ასევე პოროშენკოს ჩასვლაც, მოსამართლემ მისი მისამართით უპრეცენდენტო რამ გააკეთა. როგორ ჩანს ამერიკელები ზელენსკის სავარაუდოდ მოუწოდებდნენ ან ევაჭრებოდნენ, რომ დანაშაული მოეხსნათ. ტერორისტული ბანდების მხარდაჭერა და სახელმწიფო ღალატი თითიდან გამოწოვილია. გასაგებია, რომ ზელენსკის პოროშენკოს ჩამოცილება უნდოდა, რადგან დასავლეთში სერიზული გავლენები აქვს. როგორც ჩანს, ამერიკელებმა პორშენკო დაარწმუნეს, რომ დაბრუნებულიყო, და შესაძლოა გარანტიებიც მისცეს. აქ ძალიან მარტივი გათვლაა, ამერიკელები ცდილობენ, რომ პოროშენკოს და ზელენსკის ძალები გააერთიანონ და მძლავრი დასავლური ფრონტი შექმნან. სავარაუდოდ, ალბათ კოალიციურ მთავრობაზეა საუბარი, რათა ევროატლანტიკურ კურსს საფრთხე არ შეექმნას და სამხედრო აგრესია მოიგერიონ”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“როგორც ჩანს აქ რუსეთი ყაზახურ გამოცდილებას გამოიყენებს, ანუ ხარკოვში, დნეპროპეტროვსკიში, ოდესასა და ნიკოლაევში, სადაც რუსული მოსახლეობაა, შეეცდება, რომ არეულობები შექმნას და იქ არსებულმა ჯგუფებმა ქალაქები დაიკავონ. სხვათა შორის ოდესაში იატაკქვეშა პარტიზანული შენაერთი მოქმედებს, რომელმაც უკრაინის შეიარღებული ძალების წინააღმდეგ უკვე რამდენიმე ტერაქტი განახორციელა, მერე აღმოჩნდა, რომ თურმე მას კოორდინაციას უწევენ დნეპრისპირეთში მყოფი რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო თავდაცვის ოფიცრები. მეორე ის, რომ როგორც ჩანს, დონეცკელი და ლუგანსკელი სეპარატისტები პლაცდარმს გააფართოვებენ, მარიუპოლს და მთლიანად მიმდებარე ტერიტორიას დაიკავებენ. კიევისგან წინააღმდეგობა კი იქნება, თუმცა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მდგომარეობა როგორია, აქაც ბევრი ნიუანსებია გასათვალისწინებელი”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“როგორც ჩანს პუტინი ვა-ბანკზე მიდის და შეტევაც ალბათ იმიტომ სურს, რომ ხელისუფლება გამოცვალოს. სათავეში პრორუსული ხელისუფლება მოვიდეს, რომ ნატოსკენ სვლა შეანელოს, ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს. უკრაინაში ახალი პრორუსული პოლიტიკური ძალებია, იქ მთავარი ოპოზიციური ძალა არის მედვედჩუკის პარტია. აქ ევროპის რიგი ქვეყნები არ ერევიან, ისინი არგაღიზიანების პოლიტიკას უფრო ატარებენ. ფაქტიურად, უკრაინის თემამ დასავლეთი გახლიჩა, ეს ადრეც იყო, თუმცა უკრაინა საბაბი აღმოჩნდა. თუ უკრაინაში რუსეთმა მიზანს მიაღწია, ბუნებრივია, რომ შემდეგი უკვე ბალტიისა და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები იქნებიან. თუმცაღა, უკრაინას პუტინი ერთი ხელის მოსმით ვერ დაიკავებს, მან იცის, რომ ეს ასე იოლად არ მოხდება. პუტინის საბოლოო მიზანია, რომ რუსეთის მდგომარეობა 1997 წლის სტატუსკვოს დაუბრუნდეს და სურს, რომ მის ტერიტორიებთან ახლოს ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა არ განთავსდეს”, - ამბობს ექსპერტი.

“სამხედრო კონფლიქტი შესაძლოა მივიდეს ჰიბრიდული ომის სამხედრო კონფრონტაციამდე. აქ მთლიან ოკუპაციაზე არაა საუბარი. აქ გამოიყენებენ იმ სცენარს, ქალაქები ამბოხებულებმა ისე დაიკავონ, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ ვერ აკონტროლოს, როგორც ეს ყაზახეთში მოხდა. თუ რუსეთმა შეტევა დაიწყო, ჩემი აზრით დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული ტერიტორიების გაფართოვება მოხდება, მარიუპოლის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ხარჯზე. ასევე მოხდეს უკრაინის აზოვისა და შავი ზღვის აკვატორიების ტერიტორიების დაკავება და უკრაინის საზღვაო მიმართულებით გასვლაზე ხელის შეშლა. ამით კი წაუყენოს ულტიმატუმი, რომ ხელისუფლება შეიცვალოს და ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. არის კიდევ მეორე ვარიანტი, შესაძლოა პუტინმა საჰაერო სარაკეტო დარტყმები განახორციელოს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მთავარი სამხედრო ინფრასტრუქტურა გაუნადგუროს და ძალა გამოაცალოს”, - დაასკვნის მაისაია.

“რუსეთს უკრაინის საზღვართან 100 000-მდე ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული. ამასთან ქვეყანაში შიდა პოლიტიკური სიტუაციაც დაძაბულია. კიევის სასამართლომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოსთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის გამოყენების გადაწყვეტილება არ მიიღო და პირადი თავდებობით გაათავისუფლა. პოროშენკო ვალდებულია არ დატოვოს კიევის ოლქი და საზღვარგარეთ გასამგზავრებელი პასპორტი ჩააბაროს.მანამდე პროკურატურა პოროშენკოს წინააღმდეგ წინასწარ პატიმრობას ან გირაოს სახით ერთი მილიარდი გრივნის გადახდას ითხოვდა”, - წერს სტატიის ავტორი.

გიორგი ბილანიშვილი - სამწუხაროდ, ხელისუფლებას, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მომავალზე, არ გააჩნია ფართო ხედვა და ვერ ახერხებს საერთაშორისო მოვლენების განვითარების სწორად აღქმასა და გააზრებას
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველოში აუცილებელია პოლარიზაციის დასრულება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ რთულ საკითხზე შეთანხმება
კავკასიაში პირველი ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ის პარტნიორობის პერსპექტივები
"ლიბერთიმ" -,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო