რჩეულიშვილის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს რუსთავის მერია დაეხმარება

რჩეულიშვილის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს რუსთავის მერია დაეხმარება

რჩეულიშვილის ქუჩაზე, ხანძრის შედეგად დაზარალებული რვა ოჯახი, რუსთავის მერიამ, დროებით სასტუმროში განათავსა. რუსთავის მერიის ინფორმაციით, სასტუმრო ,,გრანდ ვეჯინში“ შესახლებული ოჯახები, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, მოადგილე ოთარ ტატალაშვილთან და ქალაქის საკრებულოს დეპუტატებთან ერთად მოინახულა. როგორც ნინო ლაცაბიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მერია მათ მაქსიმალურად დაეხმარება.

,,ხანძრისგან დაზარალებული ოჯახები სასტუმროში გადმოვიყვანეთ, სითბოში და მშვიდ გარემოში ყოფნა, რომ შეძლონ. მთავარია, ჯანმრთელად და კარგად არიან. კორპუსის მდგრადობის ექსპერტიზის დასკვნამდე, ისინი სასტუმროში დარჩებიან, უზრუნველვყავით საკვებით, ჰყავთ მცირეწლოვანი ბავშვები და რაც მათ დასჭირდებათ, ყველაფრით დავეხმარებით. ჩვენ ამ ადამიანებს არ დავტოვებთ უყურადღებოდ, მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რაც ჰქონდათ, აღდგეს და ჩვეულ ცხოვრებას მალე დაუბრუნდნენ“, - განაცხადა რუსთავის მერმა.

რჩეულიშვილის ქუჩა #6ა-ში ორსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლი დღეს დაახლოებით, 11:00 საათზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.