პაატა დავითაია - ნეიტრალური პოზიციით ხელისუფლებამ  შესაძლოა,  ისეთი დარტყმები მიიღოს, რაც მას  სრულად ჩამოშლის

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია უკრაინაში რუსეთის საომარი მოქმედებების საფრთხის, საქართველოს ხელისუფლების პოზიციის და ქვეყნის პოლიტიკური და სოციალური კრიზისის შესახებ საუბრობს.

_ როგორ შეაფასებთ საქართველოს ხელისუფლების პოზიციას უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც უკრაინა მსოფლიო პოლიტიკის ცენტრალური მოვლენაა და თუ რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, ეს ჩვენთვისაც დიდ საფრთხეებთან იქნება დაკავშირებული.

_ უკრაინის ირგვლივ განვითარებული პროცესები უკიდურესად სახიფათოა საქართველოსთვის, უკრაინა ფაქტიურად ომის ზღვარზეა. ეს მდგომარეობა ჰგავს 2008 წლის ომის წინა პერიოდს, როდესაც ოკუპანტი ქვეყნის მიერ მზადდებოდა საბრძოლო მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ. შესაძლოა მაშინ საერთაშორისო პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა არ იყო ისეთ მაღალ დონეზე, როგორც ახლაა, ამას გარდა 2008 წელს რუსეთი მოულოდნელად და მუხანათურად დაესხა თავს საქართველოს, ახლა კი ომს ღიად დეკლარირებს, მაგრამ მაშინაც და ახლაც რუსეთის ქმედებები ერთნაირია. ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რაც აქვს რუსეთს ბოლო 30 - 40 წლის განმავლობაში. თუ გადავხედავთ რუსეთის ტაქტიკას 90 -იანი წლებიდან დაწყებული, ეს ტაქტიკა არის ეტაპობრივი. რუსების მიერ ხდება გარკვეული საკითხის მონიშვნა და შესაბამისი პოზიციის დაკავება, შემდეგ მათ მიერ ჩნდება კიდევ ახალი ნიშნული, იწყება მოქმედებები ამ ნიშნულისკენ და უკან არ დახევა. ასეთი იყო რუსეთის ტაქტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით აფხაზეთში, ცხინვალში, მოლდოვაში. რუსეთის ფედერაციის მთელი ეს ტაქტიკური ქმედებები, რასაც ვხედავთ ბოლო თვეების განმავლობაში, გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ რუსეთი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს დაიწყებს. ამისი ნიშანია რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებების ბოლო გადადებაც. თუ გავითვალისწინებთ ყველა ამ წინაპირობას ცალსახად ჩანს, რომ საბრძოლო მოქმედებები გარდაუვალია.

ხელისუფლება რთულ მდგომარეობაშია იმ მძიმე ფონის გამო, რაც არის შექმნილი ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყანაში. პრობლემას წარმოადგენს ისიც, ჩვენ სად ვართ. თუ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, საქართველოში მცოცავი ოკუპაცია უფრო მწვავე და აგრესიულ ფორმას მიიღებს, რაც ბოლო პერიოდში აშკარად ჩანს. ახლა ფრონტის ხაზი მარტო უკრაინაზე არ გადის. პუტინ -ბაიდენის საუბრის შემდეგ რუსეთმა უკრაინასთან ერთად წითელ ხაზად მონიშნა საქართველოც. თუ გავიხსენებთ, რომ რუსეთის მოქმედებები არასდროს არის სპონტანური, მხოლოდ განცხადებებით არ შემოიფარგლება და მათ მონიშვნებს ყოველთვის მოჰყვება მოქმედებები, ეს ჩვენთვის საშიშროებას კიდევ უფრო ზრდის.

ამ ფონზე გაურკვეველია საქართველოს მთავრობის პოლიტიკა. მთავრობა ცდილობს დაიკავოს ნეიტრალური პოზიცია, რადგან ფიქრობს, რომ თუ უკრაინაში მეტად დაიძაბა სიტუაცია, ეს გაართულებს მდგომარეობას საქართველოში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვრებთან. ეს არასწორი მიდგომაა, პირიქით, ასეთი სუსტი პოზიციით შეიძლება უფრო ცუდი შედეგი მივიღოთ და ამით მეტად ისარგებლებენ რუსები, რადგან საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსეთთან ნეიტრალური პოზიციის დროს ყოველთვის სარგებლობს რუსეთი. ჩვენ გვახსოვს, რომ ასეთი ნეიტრალური პოზიცია ჰქონდა რუსეთთან უკრაინას იანუკოვიჩის ხელისუფლების დროს, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად გამოიყენა რუსეთმა თავისი პოზიციების გასაძლიერებლად და საბოლოო ჯამში, უკრაინას წაართვა ყირიმი. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვადგავართ იანუკოვიჩის პოლიტიკას, რაც ხელისუფლების შეცდომაა და მეტად ზრდის საფრთხეს რუსეთისგან. ტყუილად ჰგონია საქართველოს ხელისუფლებას, რომ ნეიტრალიტეტით შეინარჩუნებს ძალაუფლებას, პირიქით, შესაძლოა ისეთი დარტმები მიიღოს, რაც სრულად ჩამოშლის მას. ეს არის რთული ზღვარი, მაგრამ ამის მიუხედავად, ხაზგასმით ვამბობ, რომ საჭიროა მკაცრი მიდგომები, ჩვენი პოზიციის ღიად დაფიქსირება და მხარდაჭერის გამოხატვა პარტნიორი ქვეყნის მიმართ. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობაში არიან ადამიანები, რომელთაც არ აქვთ არანაირი გამოცდილება არც საბრძოლო მოქმედებების და არც 90-იან წლებში და შემდგომ განვითარებული პროცესებში. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს და უკრაინის ბედი ისტორიულად არის გადაჯაჭვული. უკრაინა ყოველთვის გამოხატავდა ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერას მძიმე და კრიტიკულ მომენტებში. რომ არა უკრაინის დახმარება გემებით, 1993 წელს ჩვენ ვერ გამოვიყვანდით დევნილ ქართულ მოსახლეობას აფხაზეთიდან, მათ სერიოზული დახმარება გაგვიწიეს 2008 წელს ჰაერსაწინააღმდეგო ძალებით რუსული ავიაციის წინააღმდეგ, უკრაინელები გმირულად იბრძოდნენ აფხაზეთში და დაჯიდლოებულები არიან ჩვენი ქვეყნის ორდენებით. ამ მდგომარეობაში ჩვენ ვერ დავიკავებთ ნეიტრალურ პოზიციას, ჩვენ ღიად უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი მხარდაჭერა და გამოვხატოთ თანადგომა.

საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა განამტკოცოს და გააღრმაოს ურთიერთობები პარტნიორებთან. გაუგებარია, რა არგუმენტებით შეიძლება გადადო ევროპარლამენტარების ვიზიტი საქართველოში, მაშინ როდესაც დასავლელ პარტნიორებთან საუბარი და შეხვედრები ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვნია. ასეთი ქმედებები აზიანებს საქართველოს იმიჯს პარტნიორებთან. საქართველოს მთავრობამ უნდა გაატაროს უფრო გონიერი პოლიტიკა, მკაცრად მიუდგეს წითელ ხაზებს, რაც ჩვენთვის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და დასავლური კურსია.

_ ხელისუფლებას აქვს პრობლემები როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან, ასევე ქვეყნის შიგნით, პოლიტიკური კრიზისი, მძიმე სოციალური მდგომარეობა და უკვე ამ ფონზე დაწყებული სოციალური პროტესტი, შეძლებს ხელისუფლება ამ მდგომარეობიდან გამოსავლის მოძებნას?

_ ხელისუფლებამ, როგორც საერთაშორისო მიმართულებით, ასევე შიდა პოლიტიკაში არსებული მძიმე მდგომარეობა რომ გამოასწოროს, უნდა ჰქონდეს ნება. აქვს მას სიტუაციის შეცვლის სურვილი? - არა, ამ ეტაპზე ასე ჩანს. ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ერთიანობის ჩვენება იმ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში ყველა პარტიისთვის, დაპირისპირებების მიუხედავად, მნიშვნელოვანია. ასეთი პრინციპული საკითხია უკრაინის მხარდაჭერა, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, დემოკრატიული რეფორმები და ა.შ. ხელისუფლება თითქოს დგამს გარკვეულ ნაბიჯებს არსებული დაძაბული ფონის შესამსუბუქებლად, მაგრამ რეალურად არაფერი იცვლება. როდესაც 9 წლის განმავლობაში გაქვს 100 % - იანი მმართველობა და ქვეყანა მუდმივად დაძაბულ სიტუაციაშია, მოსახლეობა კი უკმაყოფილო, ეს ხელისუფლებას უკარგავს ლეგიტიმაციას. სოციალური პროტესტის გამძაფრება ხელისუფლების მიმართ არსებული უნდობლობის პროპორციულია. მოსახლეობას უზარმაზარი უნდობლობა აქვს ყველა იმ პროცესის მიმართ, რაც ქვეყანაში ხდება. ეს ეხება სასამართლოს, ცესკო-ს, ნებისმიერ სხვა უწყებას. რაც არ უნდა სწორი და სამართლებრივად გამართული იყოს ესა თუ ის პროცესი, უკვე იმდენად დიდია უნდობლობა, რომ ადამიანებს აღარ სჯერათ სიტუაციის ცვლილების. ის პროცესიც, რაც განვითარდა დევნილებთან დაკავშირებით დევნილების უნდობლობის და უკმაყოფილების გაზრდას მოჰყვა. დევნილები ფიქრობენ, რომ ერთი და იგივე პოლიტიკური ძალა უკვე წლებია ვერ წყვეტს მათ პრობლემებს და იმედი გადაეწურათ. ახლა ფიქრობენ, რომ მათ პრობლემებს სხვა ძალა გადაწყვეტს. იგივე დაემართა „ნაციონალურ მოძრაობასაც“. მათი ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო წლებში დევნილებს უკვე აღარ სჯეროდათ ხელისუფლების და 2012 წელს დევნილების 80 %-მა ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“. ახლა მათ აღარ სჯერათ „ქართული ოცნების“, რადგან ამ 9 წელიწადში მათი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, რისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც დევნილთა ოფიციალური სტრუქტურების უფუნქციობა და უფლება - მოვალეობების არასწორი გადანაწილებაა ლეგიტიმურ მთავრობას და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის. იგივე პრობლემაა ყველა მიმართულებით, სოციალურ საკითხებში, განათლებაში და ა.შ. საზოგადოების ასეთი დიდი უნდობლობა გადადის ჩვენს პარტნიორ ქვეყნებზეც, რასაც ხელს უწყობს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის არასწორი განცხადებები. მთელი ეს ფონი მეტად ძაბავს სიტუაციას. ხელისუფლება ხდება ჩაკეტილი, რაც ძალიან საშიშია ქვეყნისთვის.

- ვერც ოპოზიცია ახერხებს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი და ახალი დღის წესრიგი შესთავაზოს ამომრჩეველს?

- ზუსტად იგივეს თქმა შეიძლება ოპოზიციაზეც. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა სურს ოპოზიციას. თუ ხელისუფლების და მთავარი ოპოზიციური პარტიის მიზანია, საზოგადოება პოლარიზებულ, რადიკალურად დაპირისპირებულ გარემოში აცხოვროს ის ამას გააკეთებს კიდეც. პრობლემა ისაა, რომ დღეს მთავარ ოპოზიციურ მოთამაშეს „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს დაიბრუნოს 100 % -იანი ძალაუფლება, ის რაც ჰქონდა თავის დროზე და რაც წაართვა „ ქართულმა ოცნებამ“. ძალაუფლების 100 %-ით შენარჩუნება არის „ქართული ოცნების“ მიზანიც. სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ არ მივა დასკვნამდე, რომ აუცილებელია დიდი ოპოზიციური ერთობა, რომელშიც „ნაციონალური მოძრობა“ არ იქნება დომინანტი, „ქართული ოცნების“ დამარცხება რეალურად შეუძლებელია. ეჭვი მაქვს „ნაციონალური მოძრობა“ როდისმე მივიდეს ამ გადაწყვეტილებამდე, ამაზე მეტყველებს მათი ბოლოდროინდელი განცხადებები. საუბრობენ ძალაუფლების გადანაწილებაზე და კოალიციურ მმართველობაზე, მაგრამ საპირისპირო მოქმდებებს აკეთებენ. ასე ისინი არა თუ ხელისუფლებაში დაბრუნებას შეძლებენ, უფრო მეტიც შესაძლოა სხვა პრობლემებიც შეექმნათ პარტიაში. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არიან არა პარტიის, არამედ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები. თუ ვინმეს ჰგონია „ნაციონალურ მოძრობაში“ , რომ პარტია იარსებებს მიხეილ სააკაშვილის გარეშე, ძალიან მწარედ ცდება. ამ თვალსაზრისით გადამწყვეტია მიხეილ სააკაშვილის როლი. მან რომ ერთ დღეს ახალ პარტიაზე გააკეთოს განაცხადი, პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭრი არ დარჩება.

უკვე დაწყებულია ინტენსიური კონსულტაციები სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან გაერთიანების შესახებ, რაშიც ჩვენი პოლიტიკური პარტიაც აქტიურად მონაწილოებს. ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს, ოღონდ არა პერსონების ირგვლივ. თუ მიხეილ სააკაშვილს ეყოფა გონიერება, გახდეს მთელი ოპოზიციური გაერთიანების მონაწილე და არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“, მაშინ ხელისუფლების შეცვლა რეალურია. დაქსაქსული ოპოზიციის პირობებში „ქართული ოცნება“ ყოველთვის მოუგებს ოპოზიციას და ხელისუფლების შეცვლის შანსი მცირეა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო