წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებად „ნაციონალური მოძრაობის“ და „ლელოს“ წევრები აირჩიეს

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის ორი მოადგილე აირჩის. პირველი მოადგილე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გახდა, კიდევ ერთი მოადგილე კი პარტია "ლელოს" წევრია. მოადგილეების ასარჩევად ფარული კენჭისყრა დღეს გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა არ მიიღო მმართველმა გუნდმა და შესაბამისად, მოადგილის კანდიდატურაც არ დაუსახელებიათ.
საკრებულოს თავმჯდომარის კორნელი სალიას განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ "ქართული ოცნება" საკრებულოს თავმჯდომარის მესამე მოადგილის კანდიდატურას შემდეგ სხდომაზე დაასახელებს.
"არანაირი ალიანსი აქ არ არის, რამდენჯერმე გავუსვით ხაზი იმას, რომ ჩვენ თანმიმდევრულად გვინდა რომ ვაწარმოოთ დაბალანსებული პოლიტიკა საკრებულოში. მათი უფლებაა მიიღებენ თუ არა მონაწილეობას, მათ ხალხმა მისცა ხმა და ხალხის ინტერესები უნდა წარმოადგინონ და დაიცვან საკრებულოში", - განაცხადა კორნელი სალიამ.
“ქართული ოცნების" წევრები კი აცხადებენ, რომ ისინი „მასკარადში“ მონაწილეობას არ მიიღებენ. საკრებულოს წევრის ბესიკ ფარცვანიას თქმით, ისინი თანამდებობებს არ ითხოვენ და მუშაობას ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობენ. დაასახელებენ თუ არა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურას შემდეგ სხდომაზე, ფარცვანია ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კონსულტაციას გაივლიან.
„დღეს რაც ვნახეთ ეს არის გაგრძელება იმ „მასკარადის“ რაც იყო წინა სხდომაზე. ჩვეულებრივად გრძელდება „ქორწინება“. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ არავითარ თანამდებობას არ ვითხოვთ, გავაგრძელებთ ფრაქციებში მუშაობას, გავაგრძელებთ კონსტრუქციულ ოპონირებას და ვიმუშავებთ ამ რეჟიმში", - განაცხადა ბესიკ ფარცვანიამ.
წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე გასულ კვირას აირჩიეს. ამ დრომდე არ ჰყავს ხელმძღვანელი პირები სენაკის და ზუგდიდის საკრებულოებს.

























