ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებული 3 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ბათუმში, 8 ოქტომბერს კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებული 3 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
როგორც დაკავებულების ადვოკატებმა განაცხადეს, დღევანდელ პროცესზე საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. ადვოკატების თქმით, როგორც ბრალდების ასევე დაცვის მხარე სასამართლოს წინაშე დღეს შესავალი სიტყვით წარსდგებიან. მათივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით მხარეებმა სასამართლოს მტკიცებულებები უკვე წარუდგინეს.
ცნობისთვის, 8 ოქტომბერს, ბათუმში, კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა, რის შედეგადაც 9 ადამიანი, მათ შორის სამი არასრულწლოვანი დაიღუპა. მომხდარის გამო, სამართალდამცავებმა სამი ადამიანი დააკავეს, ორი მუშა და პირველ სართულზე მდებარე ბინის მეპატრონე.
გამოძიების ინფორმაციით, ექპერტიზის დასკვნის შედეგად გამოიკვეთა, რომ სადარბაზოს ნგრევა პირველ სართულზე მიმდინარე სამუშაოებმა გამოიწვია. ბრალდების მხარის თქმით, კორპუსის ნგრევა მზიდი კედლის გამოღებამ განაპირობა. დაკავებულები წარდგენილ ბრალდებას უარყოფენ.

























