"ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებით, ბათუმში, მე-13 ბაღის მშენებლობის საკითხით შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ

"ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებით, ბათუმში, მე-13 ბაღის მშენებლობის საკითხით შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ

ბათუმის საკრებულოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბათუმის მერიას კორუფციაში ადანაშაულებენ.

როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლაშა კილაბერია აცხადებს, 2015 წელს ბათუმში მე-13 ბაღის მშენებლობისთვის 800 000 ლარი დაიხარჯა, თუმცა სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა. მისი თქმით, მშენებლობის ხარისხით შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ.

"2015 წელს ქალაქ ბათუმის მერიამ მე-13 ბაღის მშენებლობა მოახდინა, რაზეც 800 000 ლარი დაიხარჯა. ხუთი წლის შემდეგ აღნიშნული შენობა დანგრევის პირასაა და შეწყვეტილია სააღმზრდელო პროცესი. ბავშვები სხვადასხვა ბაღებში არის გადანაწილებული, დღემდე არ ვიცით როდის განახლდება აღნიშნულ საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი, ეს არის ნათელი მაგალითი როგორ არის ჩართული კორუფციაში ბათუმის მერია და „ქართული ოცნება". უვარგისი შენობის ჩაბარება მოხდა, მივმართავთ შესაბამის უწყებებს, ამ საკითხით დაინტერესდნენ“ , - აცხადებს ლაშა კილაბერია.

აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურნენ ბათუმის ბაღების გაერთიანებაში.

"ბათუმის #13-ე საბავშვო ბაღს 2015 წელს ჩაუტარდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები, არსებულ ორ შენობას შორის ახლი სამსართულიანი შენობა აიგო. 2021 წლის ოქტომბერში, საბავშვო ბაღის შენობაზე არსებული ბზარების გამო, მივმართეთ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსსამშენებლო საინჟინრო ექსპერტიზის ჩატარებისა და შენობის მდგრადობის დადგენის მიზნით. შემდგომი ღონისძიებები ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად დაიგეგმება.

ამჟამად საბავშვო ბაღის აღსაზრდელები გადანაწილებულნი არიან ახლომდებარე მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში",- აცხადებენ ბათუმის ბაღების გაერთიანებაში.