ბათუმში ველოსიპედით გადაადგილების გენერალური გეგმის, „უსაფრთხო გზა სკოლამდე“ სახელმძღვანელოს მომზადებასა და საპარკინგე პოტენციალის კვლევაზე მუშაობა გრძელდება

ბათუმის მერიასა და GIZ-ს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ბათუმში ველოსიპედით გადაადგილების გენერალური გეგმის, „ფეხით გადაადგილების“ კონცეფციის, „უსაფრთხო გზა სკოლამდე“ სახელმძღვანელოს მომზადებასა და საპარკინგე პოტენციალის კვლევაზე მუშაობა გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
არჩილ ჩიქოვანის თქმით, გენერალურ გეგმაში გათვალისწინებულია ველომოყვარულებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების საჭიროებები.
„ამ დროისათვის მომზადებულია გეგმის სამუშაო ვერსია. ბათუმის ველოსიპედით გადაადგილების გენერალური გეგმის შემუშავება მიმდინარეობს საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან თანამშრომლობით, დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით. როგორც არჩილ ჩიქოვანმა შეხვედრაზე აღნიშნა, გენერალური გეგმა უზრუნველყოფს ველოსიპედის, როგორც ურბანული ტრანსპორტის სახეობად დანერგვასა და მის ინტეგრაციას საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროექტი ხორციელდება რეგიონულ პროგრამასთან „მდგრადი ურბანული მობილობა სამხრეთ კავკასიაში” (Mobility4Cities) თანამშრომლობით, რომელიც დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ.

























