მოძრაობა „ხმის“ წარმომადგენლები და მოქალაქეთა ნაწილი ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლაზე ფასის დაწესებას აპროტესტებენ

მოძრაობა „ხმის“ წარმომადგენლები და მოქალაქეთა ნაწილი ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლაზე ფასის დაწესებას აპროტესტებენ

მოძრაობა „ხმის“ წარმომადგენლები და მოქალაქეთა ნაწილი ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლაზე ფასის დაწესებას აპროტესტებენ.

მოქალაქეები პროტესტის გამოსახატავად ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ. მათი თქმით, სოციალური და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ქალაქის ერთადერთ რეკრეაციულ ზონაში შესვლა ფასიანი არ უნდა იყოს.

„როდესაც ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს ადარებენ სხვა ბოტანიკურ ბაღებს, ეს არის არასერიოზული არგუმენტი. მთელი რეკრეაციული სივრცის 90% არის ბოტანიკური ბაღი. ამიტომ ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მოქალაქეს თუ გაუფასიანებენ შესვლას, ბევრად ნაკლები პრობლემაა, თუმცა ესეც პრობლემაა თავისთავად. ბოტანიკურ ბაღში შესვლის ბარიერის შექმნა, ნიშნავს ბარიერის შექმნას რეკრეაციულ ზონაში შესვლის 90%-ზე. სულ ბოლო კვლევებს თუ ნახავთ, მოსახლეობა უკვე თანხებს ზოგავს საკვებზე, ზუგდიდში მოსახლეობის 50%-ზე მეტი აღრიცხულია სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა ბაზაში. ძალიან მტკივნეულია, როგორ ექცევიან ახალგაზრდებს, იმ ადამიანებს, რომლებსაც ჯერ არა აქვთ საკუთარი შემოსავალი“, - განაცხადა მოძრაობა „ხმის“ წარმომადგენელმა, გიორგი ხასაიამ.

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა ფასიანი 1-ელი თებერვლიდან გახდება და იმოქმედებს სხვადასხვა ტარიფი. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, ფასიანი მომსახურება ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციისთვის დამატებითი შემოსავალი იქნება, რათა ის უფრო მეტად განვითარდეს.

„ფასიანი მომსახურებით ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია დამატებით შემოსავლის მობილიზებას გეგმავს რათა ბოტანიკური ბაღის ინფრასტრუქტურა უფრო განვითარდეს, იყოს მოვლილი და დაცული.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის უფასოდ დათვალიერების უფლებით ისარგებლებენ: პენსიონრები; საპატიო ზუგდიდელები; ობოლი, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული მოზარდები; ომის მონაწილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100-000 ქულას",- აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

ცნობისთვის, აუდიტის სამსახურმა 14 იანვარს გამოაქვეყნა კვლევა, რის თანახმადაც ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში 2020 წელს 6 მოლარე მუშაობდა, თუმცა შესვლა უფასო იყო და სალაროები არ ფუნქციონირებდა.