ბათუმის პოლიციის სამმართველოს უფროსი - პოლიცია მერიაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით გამოიძახეს - საკრებულოს დეპუტატებს მუშაობაში ხელს არავინ უშლის

ბათუმის პოლიციის სამმართველოს უფროსი - პოლიცია მერიაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით გამოიძახეს - საკრებულოს დეპუტატებს მუშაობაში ხელს არავინ უშლის

ბათუმის პოლიციის სამმართველოს უფროსის, ხვიჩა ქადაგიძის განცხადებით, ბათუმის მერიაში პოლიცია შეტყობინების საფუძველზე მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილზე, სადაც ხმაურია, ვითარებას სამართალდამცავები განმუხტავენ.

„თითოეული პოლიციელი ადგილზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე იმყოფება. შეტყობინება მერიის ადმინისტრაციული შენობიდან გაკეთდა, რა მნიშვნელობა აქვს პერსონას (ვისი მხრიდან გაკეთდა). საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით გამოიძახეს პოლიცია და თავის საქმეს ასრულებს. ადგილზე მუშაობს პოლიცია და განმუხტავს სიტუაციას", - განაცხადა ხვიჩა ქადაგიძემ

როგორც მან აღნიშნა, საკრებულოს დეპუტატებს მუშაობაში ხელს არავინ უშლის.

ბათუმის მერიის შენობაში ხმაური და დაპირისპირება პოლიციასა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის ამ დრომდე გრძელდება. საკრებულოს დეპუტატები „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბათუმის მერთან არჩილ ჩიქოვანთან შეხვედრას ითხოვენ, რასთან დაკავშირებითაც ისინი დილიდანვე მივიდნენ შენობაში. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, არჩილ ჩიქოვანთან, აუდიტის სამსახურის დასკვნასა და ქალაქში მიმდინარე უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ. მათივე განცხადებით, ბათუმის მერი „იმალება, მათ არ ხვდება და შეკითხვებზე პასუხები არ აქვს“.

სამართალდამცავებმა რამდენიმე დეპუტატს ძალის გამოყენებით დაატოვებინეს შენობა. მივიდა თუ არა არჩილ ჩიქოვანი უკვე ბათუმის მერიაში, ჯერჯერობით უცნობია.