ზუგდიდის „მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის" გათავისუფლებული თანამშრომელი აცხადებს, რომ სამსახურიდან პოლიტიკური მოტივით დაითხოვეს

ზუგდიდის „მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის" გათავისუფლებული თანამშრომელი აცხადებს, რომ სამსახურიდან პოლიტიკური მოტივით დაითხოვეს

ზუგდიდის მერიის ა(ა)იპ „მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლის" გათავისუფლებული თანამშრომელი, თამარ ქომეთიანი სასამართლოში დავას აპირებს. ქომეთიანი სამსახურიდან დათხოვნას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს, რადგან ის გიორგი გახარიას მხარდამჭერია. ამის შესახებ მან დღეს ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში სამსახურში მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა და სამსახურის ხელმძღვანელი მისგან თანამდებობის დატოვებას მოითხოვდა.

„მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ვმუშაობდი 2020 წლიდან, ვიყავი ადმინისტრაციის უფროსი. ჩემზე ხორციელდებოდა ზეწოლა, რაც გამოიხატებოდა შემდგომში: დირექტორმა დამიბარა ოთახში და მომთხოვა ჩემი ნებით დამეწერა განცხადება გათავისუფლების შესახებ, რადგან მე ვიყავი გიორგი გახარიას მხარდამჭერი. ეს მოხდა არჩევნების პერიოდში. მე მხარდაჭერა გამოვუცხადე მას, ღიად, „ფეისბუქის“ საშუალებით. რასაც მოჰყვა ძალიან დიდი ზეწოლა, დისციპლინური პასუხისმგებლობა და 10 დღის ხელფასის დაკავება. ამას მივიჩნევ დისკრიმინაციულ მიდგომად. ამის გარდა, სხვადასხვა მეთოდით ხორციელდებოდა ჩემზე ზეწოლა. დისციპლინური არ მაკმარეს და ბოლოს გარეთ გამომიშვეს“, - განაცხადა თამარ ქომეთიანმა.

მის ინტერესებს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) იცავს. როგორც ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა დავით ლოგუამ განაცხადა, მზადდება სარჩელი, რომელსაც სასამართლოს წარუდგენენ.

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში კი აცხადებენ, რომ თამარ ქომეთიანთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა სხვადასხვა მიზეზს უკავშირდება, მათ შორის „ორი დისციპლინური პასუხისმგებლობა და ორგანიზაციაში კონფლიქტური სიტუაციების შექმნაა“. დირექტორის მოადგილე მაკა სამუშია, ქომეთიანზე ზეწოლას და პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებას კატეგორიულად გამორიცხავს.