რუსთავის მერმა ექვს ფარმაცევტულ კომპანიასთან მემორანდუმს მოაწერა ხელი

რუსთავის მერმა ექვს ფარმაცევტულ კომპანიასთან მემორანდუმს მოაწერა ხელი

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ექვს სხვადასხვა ფარმაცევტულ კომპანიასთან, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსთავის მუნიციპალიტეტმა 2022 წლიდან მედიკამენტებით დახმარების პროგრამის დაფინანსება გააორმაგა. მიმდინარე წლიდან, პროგრამის ბენეფიციარები 100 ლარის ნაცვლად, 200- ლარიან დახმარებას მიიღებენ მედიკამენტების შესაძენად.

,,2022 წლიდან მედიკამენტებით დახმარების პროგრამა გავაორმაგეთ, თუმცა მიგვაჩნია, რომ ეს საკმარისი მაინც არ არის. დღეს ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომელსაც რამოდენიმე სააფთიაქო ქსელი შემოუერთდა. მემორანდუმის თანახმად, მოქალაქეები, რომლებიც მერიის მედიკამენტებით დახმარების პროგრამით სარგებლობენ, დამატებით ფასდაკლებას მიიღებენ აფთიაქში და 200 ლარად უფრო მეტი პრეპარატის შეძენას შეძლებენ“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

მემორანდუმის თანახმად, ფარმაცევტული კომპანიები, რუსთავის მერიის „მედიკამენტებითა და საანალიზო ტექნიკური საშუალებებით დახმარების" პროგრამით მოსარგებლე მოქალაქეებზე, მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლებით გასცემენ.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რუსთავის მერის ახალ ინიციატივას, ამ ეტაპზე, ,,ფარმაცევტული სახლი+“, ,,პსპ ფარმა“, სს ,,გეფა“ ( ფარმა დეპო, ჯი პი სი), „იმპექსფარმი", ,,ავერსი - ფარმა“ და კ/ს ,,კალანდაძე“ შემოუერთდა. ფასდაკლებით მედიკამენტების შეძენას მედიკამენტებით დახმარების პროგრამის ბენეფიციარები სწორედ ამ სააფთიაქო ქსელებში შეძლებენ.