ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ევროკავშირის ინიციატივის "მერები ეკონომიკური ზრდისთვის" გრანტი უკვე მეორედ მიიღო

ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ევროკავშირის ინიციატივის "მერები ეკონომიკური ზრდისთვის" გრანტი უკვე მეორედ მიიღო

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მუნიციპალიტეტებს შორის ბოლნისის მუნიციპალიტეტი ერთადერთი მუნიციპალიტეტია, რომელმაც ევროკავშირის ინიციატივის ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის" (M4EG) გრანტი მეორედ მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2-წლიან პროექტს, „ბოლნისის მოდელი - წარმატებული მაგალითი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისთვის“ მუნიციპალიტეტი CURSUS-თან ერთად განახორციელებს.

ამასთან, 250 ათასი ევრო ადგილობრივი პროდუქციის გაყიდვების დიჯიტალიზაციაზე, „მწვანე ქალაქის“ კონცეფციასთან დაკავშირებული აქტივობების განხორციელებაზე, აგროპროდუქციის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის შექმნასა და სხვა აქტივობებზე დაიხარჯება.

„აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ევროკავშირის გრანტი, 380 000 ევროს ოდენობით, პირველად 2018 წელს მოიპოვა. გრანტით გათვალისწინებული პროექტის ,,ბოლნისში ბიზნესსაქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება" ფარგლებში, ქალაქ ბოლნისში „აგროცენტრი“ აშენდა, თამაზ სტეფანიას სახელობის ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ბოლნისის ისტორიულ ნაწილში ტურისტული მარკირების ნიშნები დაიდგა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.