თინა ხიდაშელი - უკრაინის თავისუფლებას თუ რამე დაემუქრა, საქართველოც აღმოჩნდება მსხვერპლი, ვერაფერი გადაარჩენს - სალომე ზურაბიშვილის ხმა ისევე უნდა ისმოდეს, როგორც ზელენსკის ხმა ისმის

როგორც არ უნდა მოიქცეს „ქართული ოცნება“, რაც არ უნდა გააკეთოს, უკრაინის მარცხის პირობებში, ჩვენი ბედი გადაწყვეტილია, - ამის შესახებ ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ხიდაშელის თქმით, რუსეთი დამარცხდება ყველა ფრონტზე.

„რუსეთი ყოველდღიურად დიპლომატიურ შერკინებაში მარცხდება. ორი დღის წინ, ყველამ ერთად ვუყურეთ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას, სადაც რუსეთმა ვერ მოახერხა ვერცერთი მოკავშირის მოძებნა, გარდა ჩინეთისა, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით ნახევარი სიტყვით იყო მისი მოკავშირე - სრულფასოვნად ჩინეთის მხარდაჭერაც ვერ მოიპოვა. ვნახეთ ერთ ხმაზე მოლაპარაკე დასავლეთი. ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვილაპარაკოთ რუსეთის მარცხზე დიპლომატიურ და პოლიტიკურ ავანსცენაზე. რუსეთს არანაირი შანსები არ აქვს სამხედრო ოპერაციის შემთხვევაში, რადგან ეს ის შემთხვევაა, როცა თვისობრივად და ხარისხობრივად სრულიად განსხვავებული შესაძლებლობების მქონე ორ ბანაკზე ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, რუსეთს აქ შანსები არ აქვს“, - განაცხადა ხიდაშელმა.

თინა ხიდაშელის თქმით, საქართველო უნდა იყოს უკრაინის გამარჯვების თანამონაწილე და ამ პროცესში „სალომე ზურაბიშვილის ხმა ისევე უნდა ისმოდეს, როგორც ზელენსკის ხმა ისმის“.

„მოსახლეობის ნაწილი მშვიდობას ემხრობა, მეც ვემხრობი მშვიდობას, მაგრამ ყველას ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინის მარცხი პროცესში ავტომატურად ნიშნავს საქართველოს მარცხს. საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის მარცხს. როგორც არ უნდა მოიქცეს „ქართული ოცნება“, რაც არ უნდა გააკეთოს, უკრაინის მარცხის პირობებში, ჩვენი ბედი გადაწყვეტილია. არის ხოლმე ისტორიული მომენტი, როდესაც სამწუხაროდ ასე ხდება, რომ სახელმწიფოების ბედი ერთმანეთს გადაეჯაჭვება ხოლმე და პირდაპირ დაკავშირებულია ერთმანეთთან. დღეს თუ უკრაინის თავისუფლებას რამე დაემუქრა, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება თბილისში ხელისუფლებაში, საქართველოც აღმოჩნდება მსხვერპლი. ვერაფერი ვერ გადაარჩენს საქართველოს უკრაინის დამარცხების შემთხვევაში, რადგან ჩვენ ახლა გააფთრებით უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ჯერ ერთი ჩვენი ხმა ისმოდეს, როგორც უკრაინელების ხმა ისმის. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის ხმა ისევე უნდა ისმოდეს, როგორც ზელენსკის ხმა ისმის და ჩვენც უნდა ვიყოთ თანამონაწილე უკრაინის გამარჯვების პროცესში“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
„მოირგე დრო“ -  დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგის“ ახალი საკომუნიკაციო კამპანია
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი