ბათუმის მერიასთან შეკრებილ მოქალაქეებს ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი შეხვდა

ბათუმის მერიასთან შეკრებილ მოქალაქეებს ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი შეხვდა. მოქალაქეების თქმით, შეხვედრაზე ერთიანი ჯგუფის შექმნა დაიგეგმა, რომელშიც მთავრობის სხვადასხვა უწყებებთან ერთად, დაზარალებული მოქალაქეებიც გაერთიანდებიან.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ აღნიშნა, რომ გაერთიანებული ჯგუფი ინვესტორების მიერ დაზარალებული მოქალაქეების პრობლემის მოგვარებაზე იმუშავებს.
„ხელისუფლებამ ბრძანა: მათ მოქალაქეების მოთხოვნაზე კონკრეტული პასუხი არ გააჩნიათ, თუმცა სურვილი გამოხატეს ბათუმის მერიის, უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის ერთიანი ჯგუფის შექმნაზე. ჯგუფში დაზარალებული მოქალაქეები იქნებიან გაერთიანებული, ყველა პრობლემა განიხილება და სამომავლო გზები დაიგეგმება. დღევანდელი აქციით ვაფრთხილებთ იმ ბიზნესმენებს, რომლებიც მომავალში აპირებენ მოქალაქეების მოტყუებას", - აცხადებს თამაზ ბაკურიძე.
ცნობისთვის, ბათუმის მერიასთან, 150-მდე ოჯახმა საპროტესტო აქცია გამართა. როგორც ისინი აცხადებენ, სხვადასხვა დროს ინვესტორებისგან დაზარალდნენ.
როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, კონკრეტულ ქუჩებზე ინვესტორებმა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა დაიწყეს, თუმცა სამუშაოები დაუსრულებელი დარჩა.

























