ბათუმის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს შეკითხვებით მიმართავენ

ბათუმის საკრებულოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს შეკითხვებით მიმართავენ. როგორც მათ ბრიფინგზე განაცხადეს, ოპოზიცია მერთან ურთიერთობის ახალ ფორმატზე გადადის. როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რეზო ხარაზი განმარტავს, დღეს მთავარი შეკითხვა აქვთ, ბათუმის სანაპირო ზოლზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ბათუმის მერიაში შერეული სამუშაო ჯგუფი უნდა შეიქმნას, რომელიც სანაპირო ზოლის მოწესრიგებაზე იმუშავებს.
"ბათუმის სანაპირო ზოლზე განვითარებული მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, გთხოვთ, ბათუმის მერიაში შეიქმნას შერეული სამუშაო ჯგუფი შავი ზღვის ქალაქ ბათუმის სანაპირო ზოლზე (ახალი ბულვარის მიმდებარედ) განვითარებული სტიქიურ - ეროზიული მოვლენების შესწავლის მიზნით, რომელიც დაკომპლექტდება გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე სპეციალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, დამოუკიდებელი ექსპერტების და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისაგან",- განაცხადა რეზო ხარაზმა.
დღესვე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა წარმოადგინეს სხვა შეკითხვები, რომლითაც ბათუმის მერს მიმართავენ.
"რადგან ვერ ხერხდება თქვენთან შეხვედრა, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგ კითხვებზე პასუხები: საჭიროებს თუ არა 2022 წლის ბიუჯეტში ავარიული სახლების პროგრამით გათვალისწინებული 18 მილიონი ლარის ხარჯვა საბიუჯეტო ცვლილებებს? ხართ თუ არა თქვენ და თქვენი გუნდი პასუხისმგებელი 2019 – 2020 წლის აუდიტის დასკვნაზე და რა ნაბიჯები გადადგით აუდიტის სამსახურის მიერ წინასწარი დასკვნის მიღების შემდეგ იქ ასახული დარღვევების მოსაგვარებლად? არის თუ არა გოგოლის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობა უკანონო და ასევე არსებობს თუ არა თქვენი მხრიდან აღნიშნული უკანონო შენობების დემონტაჟის მოთხოვნის საფუძველი? გაქვთ თუ არა ბათუმში, მამია ვარშანიძის ქუჩაზე ჩატარებული ქუჩის რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია (დაიხარჯა 807 000 ლარი), ხართ თუ არა იქ ნამყოფი და როგორ შეაფასებთ იქ არსებულ მდგომარეობას? თქვენ მიერ ბათუმის ცენტრალური პარკისათვის განხორციელდა სხვადასხვა ინვენტარის (სკამები, საპიკნიკე მაგიდები, სანაგვე ურნები და სხვა) შესყიდვა და ჯამში დაიხარჯა 997 600 ლარი. რა კრიტერიუმებით იქნა შერჩეული შესყიდული ინვენტარი და ჩაატარეთ თუ არა რაიმე სახის კვლევა-გამოკითხვა ტენდერის ჩატარებამდე?"- აღნიშნეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა.

























