მამუკა გამყრელიძე - ოპოზიციამ მომავალ არჩევნებზე შესაძლოა დაკარგოს თამაშგარე დარჩენილი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა  ხმები

პარტიები კარგავენ ამომრჩეველს. მნიშვნელოვანია, რომ საგრძნობლად არის შემცირებული ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის რეიტინგი, რაც შესაძლოა გამოწვეულია მიხეილ სააკაშვილის ხანგრძლივი პატიმრობით და მისგან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების დისტანცირებით - მომავალ არჩევნებზე ამ ადამიანების ხმები, შესაძლოა საერთოდ არ წავიდეს ოპოზიციური პარტიების ყულაბაში და დაიკარგოს,- ამის შესახებ „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა მამუკა გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, „NDI-ის ბოლო კვლევა აჩვენებს, რომ პოლიტიკურ სივრცეში სიტუაცია სავალალოა და ამომრჩევლის 58% უკმაყოფილოა ყველა პოლიტიკური ძალით“. მისივე თქმით, არ არის გასაკვირი, როცა მმართველი პარტია კარგავს ამომრჩეველს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დიდხანს არის ხელისუფლებაში, მით უმეტეს მძიმე ეკონომიკური და სოციალური პრობლემების პირობებში, რომელთა გადაჭრაც მან ვერ მოახერხა.

„NDI-ის კვლევის მიხედვით, ამომრჩევლის 58% უკმაყოფილოა ყველა პარტიით, მათი ინტერესების გამომხატველი არ არის არცერთი პარტია, რაც ნიშნავს, რომ ამომრჩეველი ფრუსტრირებულია და არ აქვს ნდობა პოლიტიკური პროცესის მიმართ.

ის, რომ საგრძნობლად არის დავარდნილი მთავარი ოპოზიციური პარტიის რეიტინგი, მიგვანიშნებს, რომ შემდგომ არჩევნებზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შესაძლოა კიდევ უფრო მეტი მხარდამჭერი დაკარგოს. ეს ძირითადად იქნებიან ის ადამიანები, ვინც კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილს აძლევდნენ ხმას. სოციალური სივრცის დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ეს ადამიანები უკიდურესად არიან გაღიზიანებულები და უკმაყოფილონი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებით, რომლებმაც ვერ შეძლეს მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება პატიმრობიდან. მათი განცხადებები, რომ გადაწყვეტილებებს მიხეილ სააკაშვილისგან დამოუკიდებლად იღებენ და ის პარტიის მართვაში არ ერევა, ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდეშიფი ცდილობს დისტანცირებას მიხეილ სააკაშვილისგან და დამოუკიდებლად მოქმედებს. ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია ყოფილი პრეზიდენტის ერთგული ამომრჩევლისთვის, რომელიც მის მიმართ პერსონალური სიმპათიის გამო იყო ამ პარტიის მხარდამჭერი.

ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში კვლავ რჩება ერთ-ერთ ანგარიშგასაწევ და ძლიერ პოლიტიკურ ფიგურად, განსაკუთრებით ელექტორალური მხარდაჭერის თვალსაზრისით. ქვეყანაში მის ამომრჩეველს შეადგენს როგორც მინიმუმ 300 ათასი ადამიანი. თამაშგარე დარჩენილი მიხეილ სააკაშვილი მაინც არის მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ კატეგორიის ამომრჩევლისთვის, ამიტომ არ არის გამორიცხული, დაიკარგოს ის ხმები, რომელიც კონკრეტულად მასთან არის დაკავშირებული. მომავალ არჩევნებზე ამ ადამიანების ხმები, შესაძლოა საერთოდ არ წავიდეს ოპოზიციური პარტიების ყულაბაში და დაიკარგოს.

ოპოზიციურმა პოლიტიკური პარტიებმა თავისი აქტივობით ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ გახდნენ მისაღები ამომრჩევლისთვის. კვლევებმა აჩვენა ისიც, რომ ამომრჩეველს არ მოსწონს პოლარიზაცია. ეს კი კარნახობს ცენტრში მყოფ პოლიტიკურ პარტიებს, მოახერხონ კონსოლიდაცია და არ დატოვონ ამომრჩეველი არჩევანის გარეშე“,- აცხადებს მამუკა გამყრელიძე.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს