პოლიციამ გურიაში დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

პოლიციამ გურიაში დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

პოლიციამ გურიაში მომხდარი დაჭრის ფაქტზე საქართველოში დროებითი ბინადრობის სტატუსის მქონე ისრაელის მოქალაქე - 68 წლის პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურიის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოში დროებითი ბინადრობის სტატუსის მქონე ისრაელის მოქალაქე - 1954 წელს დაბადებული ი.ა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდში დააკავეს. მას ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ედება.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 12 თებერვალს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში, ახლად შეძენილი საცხოვრებელი სახლის ყოფილ მეპატრონეს - 1958 წელს დაბადებულ ბ.ს.-ს, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ი.ა. ბრალდებულის სახით მომხდარიდან მალევე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო”, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.