ქვემო ქართლის გუბერნატორის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დმანისის სოფელ შახმარლოში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა, რამდენიმე სოფელს კი დროებით ელექტროენერგია შეუწყდა

ქვემო ქართლის გუბერნატორის გიორგი დოხტურიშვილის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ შახმარლოში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა.
მისივე განცხადებით, უკვე აქტიურად მუშაობს მერიის შესაბამისი კომისია და ხდება ზარალის ოდენობის დადგენა, რომელიც სრულად ანაზღაურდება.
,,დღეს თბილისის დროით, 22:25 საათზე, სოფელ სამებასთან მომხდარი 6.2(ML) სიდიდის მიწისძვრის შედეგად, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში, ჯავახში, ტნუსში, ბოსლებში, ვარდისუბანში, დიდ დმანისში, მაშავერაში, პატარა დმანისში, აზკაკლიანში, საფარლოსა და კამიშლოში მოსახლეობას დროებით შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება - შესაბამისი უწყებების ოპერატიული რეაგირების შედეგად, შეფერხება დროულად აღმოიფხვრა.
ბიძგების შედეგად ჩამოინგრა სოფელ შახმარლოში საცხოვრებელი სახლის კედელი - ადგილზე იმყოფებიან ხელისუფლების წარმომადგენლები.
ადგილზე უკვე აქტიურად მუშაობს მერიის შესაბამისი კომისია და ხდება ზარალის ოდენობის დადგენა, რომელიც სრულად ანაზღაურდება." - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა.

























