პარტია „საქართველოსთვის“ დღევანდელი მდგომარეობით დაემსგავსა პანელზე მდგარ მეძავს, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” მოხსნა და წინასწარ გადაიხადა 4 წლის, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ წევრმა ოთარ ქადარიამ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, “ქართული ოცნებისთვის“ შეურაცხმყოფელია პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენლების შეთავაზება, რაც მისივე თქმით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობას გულისხმობს.
მან ასევე, საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატს გიგა ფარულავას ის წლები შეახსენა, როდესაც ის ჯერ კიდევ "ქართულ ოცნებას" წარმოადგენდა და ენმ-ს წინააღმდეგ მათთან ერთად იბრძოდა.
"მთელი ცხრა წლის განმვალობაში ვებრძოდით იმ პარტიას, რომელიც გახსოვთ თქვენ და არ მოვყვები თავიდან. ამ პარტიასთან გარიგება და თანამშრომლობის შემოთავაზება თქვენგან, იყო ძალიან შეურაცხმყოფელი. როგორც ჩემთვის ასევე მთლიანი გუნდისთვის. ძალიან კარგად ვიცით, რაც ხდება წალენჯიხის მაგალითზე, ჩხოროწყუს მაგალითზე, პოლიტიკური პორნოგრაფია რასაც ჰქვია, რაც თქვენ ამომრჩეველს შესთავაზეთ. თქვენი ამომრჩეველი არის "ქართული ოცნების" ყოფილი ამომრჩეველი, რომლებმაც თქვენ ნდომა გამოგიცხადეს, იმ იმედით, რომ თქვენ თქვენს გზას აირჩევდით. მე მინდა ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით ვთქვა, ძალიან გულდასაწყვეტია, გულწრფელად მენანებით, პარტია "საქართველოსთვის" დღევანდელი მდგომარეობით დაემსგავსა პანელზე მდგარ მეძავს, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოხსნა და ოთხი წლის გადაუხადა", - განაცხადა ოთარ ქადარიამ.
აღნიშნულ განცხადებას, პარტია "საქართველოსთვის" წევრმა გიგა ფარულავამ უპასუხა. მისი თქმით, ეს განცხადება იყო პოლიტიკური უკულტურობა.
"სამწუხაროდ თქვენ ახლა რაც თქვით, ეს არის სახე, რომელიც თქვენ დაკარგეთ, ეს უბრალოდ ვერანაირ პოლიტიკურ კულტურაში ვერ ჯდება. მე არასოდეს ჩემ გამოსვლებში შეურაცხმყოფელი სიტყვები არ მიხსენებია. თქვენ ამბობთ, რომ ჩვენი შეთავაზება იყო შეურაცხმყოფელი, რა იყო შეურაცხმყოფელი? ვისაც საზოგადოებამ ხმა მოგვცა, დავმსხდარიყავით ერთ მაგიდაზე და საზოგადოების საკეთილდღეოდ გადაგვედგა ნაბიჯი, ეს იყო შეურაცხყოფა? ეს იყო პოლიტიკური უკულტურობა, რაც თქვენ გააკეთეთ. მოვა დრო და თქვენს გუნდს მოუწევს ახსნა - განმარტებების გაკეთება საზოგადოების წინაშე, თუ რატომ არ მიიღეთ ეს შეთავაზება",- განაცხადა გიგა ფარულავამ.
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად კვლავ პარტია „საქართველოსთვის" წევრი გიგა ფარულავა დასახელდა.