ახალი შესაძლებლობა ფერმერებისთვის - გეოგაპი/GeoGAP-ის ხარისხის სტანდარტი

გასული 2021 წელი გეოგაპი/GeoGAP-ისთვის, რომელიც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოების შესაბამისობის შეფასების ადგილობრივი სქემაა, გამორჩეული სიახლეების წელი იყო. აღნიშნულ სტანდარტს ახალი - რძის მოდული დაემატა, რაც ფერმერებს პირველადი წარმოების ეტაპზე გეოგაპი/GeoGAP-ის სერტიფიკატის აღების საშუალებას აძლევს.

გეოგაპი/GeoGAP-ის სტანდარტი საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, პროექტის „ზრდა“ (ZRDA) ფარგლებში შეიქმნა. თანამედროვე სამომხმარებლო ტენდენციების მიხედვით, სურსათის ხარისხსა და უვნებლობას, ისევე როგორც წარმოების პროცესში გარემოსადმი მეგობრული პრაქტიკების გამოყენებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ შემთხვევაში, სტანდარტიზაცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მარტივად რომ ვთქვათ, თუ კონკრეტული პროდუქტი ან ამ პროდუქტის შესაქმნელად გამოყენებული ნედლეული სანდო და აღიარებულ სტანდარტს ექვემდებარება და მასზე დატანილია შესაბამისი სერტიფიკატის ნიშანი, ეს მომხმარებელს არჩევანის გაკეთებას უმარტივებს.

თუ რა სიახლეები და გამოწვევებია გეოგაპი/GeoGAP-ის სტანდარტთან დაკავშირებით, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) აღმასრულებელი დირექტორი თამარ თორია საუბრობს:

- საინტერესოა, რა შესაძლებლობებს აჩენს სტანდარტი როგორც ფერმერებისთვის, ის მომხმარებლებისთვის?

- გეოგაპი/GeoGAP-ი როგორც მწარმოებლისთვის, ისე მომხმარებლისთვის ორმხრივად სასარგებლოა: ერთი მხრივ, ფერმერი, რომელსაც გავლილი აქვს სერტიფიცირების პროცესი, მოწოდებულია მომხმარებელს შესთავაზოს უსაფრთხო, უვნებელი და ხარისხიანი პროდუქცია. ის ამისთვის ნერგავს პროდუქციის წარმოების აღიარებულ სტანდარტებს და იცავს მოთხოვნებს, რითაც სანდო მიმწოდებლის სახელს იმკვიდრებს და ხელს უწყობს სანიმუშო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკების დანერგვას; მეორე მხრივ, მომხმარებელს საშუალება აქვს იცოდეს რომელი პროდუქციაა სანდო და მიკვლევადი. სერტიფიკატის ქონა პროდუქციის მწარმოებლისთვის მრავალ შესაძლებლობას აჩენს. სწორედ ამიტომ, ჯერ კიდევ 2019 წელს საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ შეიმუშავა გეოგაპი/GeoGAP-ის სტანდარტი, რათა მომხმარებლებისთვის ხარისხიანი პროდუქცია ადვილად ამოსაცნობი გამხდარიყო.

- როგორი იყო ბაზარზე გეოგაპი/GeoGAP-ის სტანდარტის პირველი ნაბიჯები?

- გეოგაპი/GeoGAP-ის სერტიფიკატის მიღება პირველ ეტაპზე მხოლოდ ხილისა და ბოსტნეულის მიმართულებით იყო შესაძლებელი, 2021 წელს კი რძის მოდულიც დაემატა.

გეოგაპი/GeoGAP-ის რძის მოდული შემუშავდა პროექტის, „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ (SQIL) ფარგლებში, რომელსაც ამერიკული ორგანიზაცია „Land O’Lakes Venture37“-ი საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობითა და ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. როდესაც ვსაუბრობთ რძის პროდუქტებზე, აქ კიდევ უფრო მაღალ სტანდარტებს ვგულისხმობთ, ვინაიდან ეს პროდუქტები უვნებლობის მხრივ უფრო მაღალი დონის რისკებს შეიცავს, მალფუჭებადია და მათი საწარმოო ციკლი მკაცრ და სკურპულოზურ მიდგომას საჭიროებს, შესაბამისად გამოყენებული ნედლეულიც კანონმდებლობის სრული დაცვით უნდა იყოს მიღებული. მომხმარებელიც განსაკუთრებით ყურადღებიანია ამ კატეგორიის პროდუქციის შეძენისას. სწორედ ამიტომ, გეოგაპის/GeoGAP-ის სტანდარტში რძის მოდულის შემოტანა მეტად მნიშვნელოვანი სიახლეა. გეოგაპის/GeoGAP-ის რძის მოდულით გათვალისწინებული სტანდარტი პირველად ფერმა "შტორში" დაინერგა, ამჟამად კი აქტიურად მიმდინარეობს სხვა მერძევეების წარმოების სტანდარტიზაცია.

- რა პროცედურებია საჭირო იმისთვის, რომ ფერმერმა გეოგაპის/GeoGAP-ი სტანდარტი დანერგოს და ვინ გაუწევს კონსულტაციას?

- პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო გეოგაპის გუნდის პროფესიონალიზმი, რომლებსაც აღნიშნულ სფეროში წარმატებული მუშაობის გამოცდილება აქვთ. სპეციალისტების გადამზადება მოხდა ჰოლანდიური საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „Q-Point“-ის მიერ, რომლის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტების დროს და უშუალო ჩართულობით განხორციელდა სტანდარტის მოთხოვნების სიის შედგენა, სახელმძღვანელოს შემუშავება და საპილოტე ფერმერებთან გამოცდა.

რაც შეეხება მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსვლის პროცედურებს, გეოგაპის/GeoGAP-ის მიღებისთვის ერთ-ერთი პირველი ეტაპი ლაბორატორიული კვლევების ჩატარებაა. ამ პროცესს გვიმარტივებს მობილური ლაბორატორია, რომელიც სერტიფიცირებისა და ექსტენციის მიზნისთვის შეიქმნა. ლაბორატორია კარგი საშუალებაა სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად ფერმერულ მეურნეობებში ლაბორატორიული ანალიზების საველე პირობებში ჩასატარებლად. მასერტიფიცირებელი აუდიტის წარმატებით გავლის შედეგად კი ფერმერს ერთი წლის ვადით ენიჭება გეოგაპის/GeoGAP-ის სერტიფიკატი.

- კონკრეტულად რას გულისხმობს „უვნებლობა“ და „მიკვლევადობა“?

- პირველ რიგში, ეს გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობასთან თანხვედრას, ანუ ფერმერი სერტიფიცირების გავლის პროცესში ასრულებს ყველა საკანონმდებლო მოთხოვნას. ეს მოთხოვნები ეხება პესტიციდებისა და სასუქების გამოყენებისას დოზირებისა და ვადების ზედმიწევნით დაცვას, ჩანაწერების წარმოებას სხვადასხვა აგროტექნიკური ღონისძიებების შესახებ, დასაქმებულების სამუშაო უფლებებისა და პირობების გაუმჯობესებას, ფერმაში ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას და გარემოს დაცვას, ცხოველთა კეთილდღეობას, ნარჩენების სწორ მართვას, წყლისა და ნიადაგის ანალიზების ჩატარებას და რაც მთავარია, ხილის, ბოსტნეულისა და რძის გაყიდვების დაწყებამდე მის ლაბორატორიულ შემოწმებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ პროდუქცია ნამდვილად შეესაბამება ყველა ნორმას და არ არის საზიანო ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობისთვის.

- რა უპირატესობების აქვს სტანდარტს და რა ხელშესახები ცვლილებები მოაქვს ადგილობრივი წარმოებისთვის?

- გეოგაპი/GeoGAP გულისხმობს საერთაშორისო სერტიფიცირების მოდელის ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებასა და ფერმერების ინტერესების გათვალისწინებას. ამასთან, წარმოაჩენს უვნებელი და მიკვლევადი წარმოების მნიშვნელობასა და სარგებლიანობას, რითიც ხელს უწყობს თანმიმდევრულ, დაკვირვებაზე დაფუძნებული სამეურნეო მიდგომების დანერგვას.

როგორც რძის, ასევე ხილისა და ბოსტნეულის შემთხვევაში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ხარისხიანი ნედლეულის მიღება. ეს საჭიროება განსაკუთრებით პირველადი წარმოების დონეზე დგას, ვინაიდან სწორედ ეს ეტაპია სანდო და უვნებელი პროდუქციის წარმოების, ისევე, როგორც სამომავლოდ ექსპორტის შესაძლებლობის საფუძველი. შესაბამისად, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ბაზარზე პირველადი წარმოების დონეზე საერთაშორისო სტანდარტების ადაპტაციის მცდელობა იყო და ამ მიმართულებით მუშაობა სამომავლოდაც აქტიურად გაგრძელდება.

გაამართლა თუ არა მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანამ და როგორია ჩაბარება-ჩაჭრის მაჩვენებელი? - ინტერვიუ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან
კორნელი კაკაჩია - ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სტრატეგიული კომპასი“ და „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ინერციით მოძრაობს“
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა
თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ევექსი კლინიკებმა კამპანია - „გეკუთვნის“ დაიწყო
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა