სალომე სამადაშვილი უმრავლესობას - ამ ქვეყანას ღირსება უკვე აყარეთ - მზად ხართ თუ არა, საკუთარ თავსაც წაართვათ ღირსება, როცა სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილების საფუძველზე, ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს მანდატს წაართმევთ?

თქვენ ამ ქვეყანას ღირსება უკვე აყარეთ და დღეს ამ დარბაზში ერთადერთ შეკითხვას უნდა უპასუხოთ, მზად ხართ თუ არა, რომ საკუთარ თავსაც წაართვათ ღირსება, როდესაც სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილების საფუძველზე, წაართმევთ მანდატს ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს? ეს არჩევანი თქვენი გასაკეთებელია და ისტორიას დარჩება ეს არჩევანი! - ამის შესახებ ფრაქცია“ლელო საქართველოსთვის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობასაც აიძულებს საკუთარ ღირსებაზე უარი თქვას. სამადაშვილის შეფასებით, ქვეყნისთვის ღირსების აყრაა ის რეზოლუცია, რომელიც მმართველმა პარტიამ უკრაინასთან დაკავშირებით მიიღო, ისიც რაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ ხდება და ღირსების აყრაა დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეჩერების დავალება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური პატრონისგან, ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო".

„2014 წელს საკუთარი თავისუფლებისთვის ბრძოლას უკრაინელმა ხალხმა „ღირსების რევოლუცია“ დაარქვა, რადგან სჯერა, რომ ერის ღირსება მისი სიცოცხლეა, ღირსების დათმობა კი პოლიტიკური თვითმკვლელობა. უკრაინელი ხალხი დღეს აგრძელებს საკუთარი ღირსებისთვის ბრძოლას და უარს ამბობს პოლიტიკურ თვითმკვლელობაზე. ეს ღირსება ვნახეთ ჩვენი ვიზიტისას უკრაინაში, სადაც ჩვენი ქვეყნის ღირსებას ვიცავდით, რადგან ღირსებისთვის მებრძოლი ადამიანები მხარდაჭერას იმსახურებენ. სიბრაზის ცრემლებით ხმა გაბზარული და მათზე დაკისრებული მისიის სიმძიმით დაღლილი, მაგრამ პოლიტიკურად სრულიად შეუვალი უკრაინელი პოლიტიკოსების მოსმენისას რთული იყო არ შეგრცხვენოდა საკუთარი ღირსებააყრილი ხელისუფლების. ჩვენი ქვეყნისთვის ღირსების აღდგენას შევეცადეთ, როდესაც ჩვენი უკრაინელების ერთადერთ თხოვნას, ვთქვათ სიმართლე იმაზე, რაც უკრაინაში ხდება, ჩვენი სოლიდარობით ვუპასუხეთ და დღეს აქ საქართველოს პარლამენტში, მე მსურს თქვენ, უმრავლესობის წარმომადგენლებს გკითხოთ, რატომ აიძულებთ ქართველ ხალხს უარი თქვას ღირსებაზე და რატომ აიძულებთ ჩვენს ქვეყანას ჩაიდინოს პოლიტიკური თვითმკვლელობა. დიახ, საკუთარ ქვეყანაზე ღირსების უარის თქმაა ის რეზოლუცია, რომელიც თქვენ დაამტკიცეთ უკრაინაზე და საკუთარი ღირსების უარყოფაა ის, რომ დღემდე არც ერთი თქვენგანი უკრაინაში არ ჩასულა და უკრაინაში არ ჩასულა არც ერთი ოფიციალური დელეგაცია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლობით. ღირსებაზე უარის თქმაა ის, რაც ჩვენ მოვისმინეთ ბრიუსელში, როდესაც ერთადერთი, რაც დადგა დღის წესრიგში ევროკავშირი- საქართველოს ურთიერთობებში არის, როგორ გაიძულოთ ევროკავშირმა, რომ საბოლოოდ არ წაართვათ ამ ქვეყანას ევროპული პერსპექტივა და ევროპული მომავალი. საკუთარი ქვეყნისთვის ღირსების აყრად მიმაჩნია მე ის, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს დღეს, როდესაც გეოპოლიტიკურ ქარცეცხლში გახვეულ ქვეყანაში ერთადერთი ამოცანით ხართ დაკავებული და ეს არის პოლიტიკური ოპოზიციის განადგურების მცდელობა. მე პირადად საკუთარი ქვეყნისთვის ღირსების აყრად მიმაჩნია ის, რაც დღეს ხდება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობასთან დაკავშირებით და ღირსების აყრად მიმაჩნია ის, რასაც აპირებთ, რომ დღეს გააკეთოთ აქ ამ დარბაზში და წაართვათ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს მისი წარმომადგენლობითი მანდატი, რადგან მიიღეთ ასეთი ბრძანება თქვენი პოლიტიკური პატრონისგან, ბიძინა ივანიშვილისგან,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა