„გირჩი“ საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებში პარტიების მიერ წარსადგენ საარჩევნო სიებზე დაწესებული მინიმალური ზღვარის გაუქმებას ითხოვს

„გირჩი“ საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებში პარტიების მიერ წარსადგენ საარჩევნო სიებზე დაწესებული მინიმალური ზღვარის გაუქმებას ითხოვს და პარლამენტს “საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტით მიმართავს.

მოქმედი კანონით, საპარლამენტო არჩევნებისას წარდგენილ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 100-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი. რაც შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს, “საარჩევნო კოდექსის“ გათვალისწინებით, პარტიულ სიაში საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს პროპორციული სისტემით ასარჩევ წევრთა რაოდენობაზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს ამ რაოდენობის სამმაგ ოდენობას. თბილისის საკრებულოს შემთხვევაში კი, პროპორციული წესით ასარჩევი კანდიდატების პარტიული სია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 50 და არა უმეტეს 100 კანდიდატისაგან.

“გირჩი“ პროპორციულ საარჩევნო სიებში წარსადგენ, არჩევნებში მონაწილე დეპუტატობის კანდიდატთა მინიმალური რაოდენობის გაუქმებას და კანონით დაწესებული ამ ბარიერის მოხსნას ითხოვს. მათ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა.

“საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრულია პარტიის მიერ წარსადგენი კანდიდატების მინიმალური რაოდენობა.

აღნიშნული შეზღუდვა უკავშირდება დაშვებას, რომლის მიხედვით, თუ თითოეული პარტიისგან არ იქნება “დაზღვეული“ საკრებულოს ან და პარლამენტის შესაქმნელად საჭირო რაოდენობის კანდიდატების წარდგენა, შესაძლებელია საკრებულო ან და პარლამენტი ვერ დაკომპლექტდეს.

საკრებულოს ან პარლამენტის ვერ დაკომპლექტების საფრთხე დღევანდელ საარჩევნო სისტემაშიც არსებობს, თუმცა ამის გამო დამატებითი ხელოვნური დაბრკოლებების შექმნა გამართლებული არ არის.

პოლიტიკური პარტია, რომელიც არჩევნებში იღებს მონაწილეობას, იმაზე მეტ კანდიდატს წერს სიაში, ვიდრე მათი გაყვანის შესაძლებლობა აქვს, რათა თავიდან აირიდოს მოსალოდნელი რისკები. ამიტომ მინიმალური ზღვარის მოხსნა დამატებით რისკს არ წარმოშობს. ის მოცემულობა, რაც შესაძლოა მინიმალური ზღვრის მოხსნის გამო დადგეს, დღესაც არის დღის წესრიგის საკითხი და საარჩევნო ადმინისტრაცია ამ საკითხს დადგენილებით აწესრიგებს.

თუ რომელიმე პარტია იმ რაოდენობის ხმას მიიღებს, რომ მას საშუალება ჰქონდა არჩევნების გზით გაეყვანა იმაზე მეტი კანდიდატი, ვიდრე მას სიაში ჰყავდა შეყვანილი, ეს პოლიტიკური პარტიის რისკია და ამ ცვლილებით არც ერთ პარტიას არ ეზღუდება შესაძლებლობა 100%-ით დააზღვიოს ამგვარი საფრთხე“, - წერს “გირჩი“ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

„გირჩი“ აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ მათი პროექტის მიღების შემთხვევაში, პარტიებს ფინანსური ხარჯები შეუმცირდებათ, რაც თითოეული კანდიდატისთვის შესაბამისი დოკუმენტების დამზადებასთან არის დაკავშირებული. კერძოდ, პარტიის ინფორმაციით, ცესკოში პარტიამ თითოეულ კანდიდატზე უნდა წარადგინოს უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა, 2 სააღრიცხვო ბარათი, 2 ფოტოსურათი (ფერადი) და 1 პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

„უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა უფასოდ 5 სამუშაო დღეში მზადდება, თუმცა როცა პარტიას 1000-ზე მეტი ასეთ ცნობა აქვს დასამზადებელი, შესაძლებელია დოკუმენტის დამზადება დაჩქარებული წესით დაჭირდეს, რისი ღირებულებაც 3 სამუშაო დღეში 16 ლარია. იმავე დღეს დამზადების საფასური 26 ლარია. პარტია “გირჩმა“ მხოლოდ ამ ცნობის დასამზადებლად 2021 წლის ადგილობრივი არჩევნებისათვის 21 000 ლარი დახარჯა“, - განმარტავენ “გირჩის“ დეპუტატები.

პროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: - იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი და ჰერმან საბო.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო