ანა ბუჩუკური - ოპოზიციური სპექტრის ერთიანობაზე ბევრად მნიშვნელოვანია ოპოზიციური პარტიების თანმიმდევრულობა - განსაკუთრებული არათანმიმდევრულობით გამოირჩევა „ნაცმოძრაობა"

ოპოზიციური სპექტრის ერთიანობაზე ბევრად მნიშვნელოვანია ოპოზიციური პარტიების თანმიმდევრულობა - განსაკუთრებული არათანამიმდევრულობით გამოირჩევა "ნაცმოძრაობა",- ასე პასუხობს პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატი ანა ბუჩუკური "ინტერპრესნიუსთან" "ნაციონალური მოძრაობის" ერთ- ერთი ლიდერის ლევან ბეჟაშვილის განცხადებას, რომ "ქართული ოცნების" დამარცხება მხოლოდ ოპოზიციის ერთიანობით არის შესაძლებელი.

როგორც მან აღნიშნა, ასეთ გაერთიანებაში მათი პარტიის ადგილი არ წარმოუდგენია, რადგან მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის პარტია, რომლის არსებობა ხელს უწყობს "ქართულ ოცნებას". მისივე განცხადებით, არავის ქოლგის ქვეშ ყოფნას არ აპირებენ, თუმცა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ყველასთან ითანამშრომლებენ.

"შემიძლია "ნაცმოძრაობის" არათანმიმდევრულობის მაგალითები ჩამოვთვალო: 2020 წლის არჩევნების შემდეგ ბოიკოტს უცხადებდნენ პარლამენტს, მე მაშინ "ქართული ოცნების" წევრი ვიყავი და ძალიან კარგად ვიცი, რომ ამით ძალიან კარგად ისარგებლა "ქართულმა ოცნებამ". მაშინ ვინც პარლამენტში ვიყავით, მონებს და პუფებს გვეძახდნენ და მერე თავად შემოვიდნენ პარლამენტში, მერე ცხელ გულზე მანდატები ჩახსნეს, მერე თავად მოითხოვეს აღდგენა. ამიტომ, როცა ოპოზიციის სიძლიერესა და სისუსტეზე გვაქვს საუბარი, ალბათ, სჯობს, ყველამ თავის შეცდომები გაიაზროს. ფაქტია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უკვე მეათე წელია ვერ ახერხებს ხელისუფლება რაიმე კომპრომისზე წამოიყვანოს, მაგრამ ჩვენმა გუნდმა, რომელიც ერთ წელზე ნაკლებია შემოვიდა პოლიტიკაში, მოვახერხეთ ის, რომ აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში ვართ წარმოდგენილი და საკრებულოს ხელმძღვანელები არიან ჩვენი წარმომადგენლები, ეს ხომ არ ჰგონიათ, რომ ჰაერიდან მოდის?! ამას თავის რაციონალი აქვს, რაც არის თანმიმდევრულობა. ასეთ ერთიანობაში ჩვენს ადგილს ვერ ვხედავთ, რადგან "ნაციონალური მოძრაობა" არის პარტია, რომლის არსებობა ხელს უწყობს "ქართულ ოცნებას". კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობას რაც შეეხება, როცა პარტია დავაფუძნეთ მაშინ ვთქვით, რომ ალიანსს არავისთან ვაპირებდით, მაგრამ კონკრეტულ საკითხებზე თუკი ეს იქნება ეროვნულად მნიშვნელოვანი, იქნება ეს მართლმსაჯულების რეფორმა, ეკონომიკურ- სოციალური საკითხები, არავისთან თანამშრომლობის კომპლექსი არ გვაქვს, მათ შორის, არც "ქართულ ოცნებასთან", მაგრამ სისტემური თანამშრომლობა და ალიანსი გამორიცხულია. იქ საუბარია იმაზე, რომ "ნაცმოძრაობის" ქოლგის ქვეშ აღმოჩნდეს სხვადასხვა პარტია და ეს ჩვენი მხრიდან გამორიცხულია, წერტილი აქვს დასმული, არავის ქოლგის ქვეშ ყოფნას არ ვაპირებთ,"- განაცხადა ბუჩუკურმა.

ცნობისათვის, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა დააანონსა, რომ ერთი გეგმის ირგვლივ გაერთიანების საკითხზე ოპოზიციური პარტიებისადმი შეთავაზება გაკეთდება. მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამ მონსტრის დამარცხებას ვერ შეძლებს, თუ არა საზოგადოების მხარდაჭერა და პოლიტიკური სპექტრის ერთიანობა."

„უნდა გავაკეთოთ ისეთი შეთავაზებები, ისეთი მუშაობის რეჟიმი უნდა ვაჩვენოთ, სადაც საერთო შეთავაზებებს და კონსოლიდაციას ალტერნატივა არ ექნება. ასეთი შეთავაზებები გაკეთდება, ეს ხომ ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია და ამაში ყველა ხმა, მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იქნება, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს