ნინო წილოსანი ბათუმში მომხდარ ინციდენტზე - თუ სამართალდამცავები თვლიდნენ, რომ მართლწესრიგის აღდგენისთვის ძალის გამოყენება საჭირო იყო, ეს გამართლებულია

თუ სამართალდამცავი ორგანოები თვლიდნენ, რომ მართლწესრიგის აღდგენისთვის ძალის გამოყენება იყო საჭირო, ეს გამართლებულია, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონთან“ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და სამართალდამცავებს შორის მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს, რა დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნაზი ფუტკარაძე შეუძლოდ გახდა.

როგორც წილოსანმა ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, მართლწესრიგის აღდგენისას განსხვავებული მიდგომა ქალის და კაცის შემთხვევაში ვერ იქნება.

„ძალიან სამწუხარო ფაქტი იყო, მე ნამდვილად არასდროს მივესალმები აგრესიულ და დესტრუქციულ გამოვლინებას განსაკუთრებით ქალების მხრიდან. მძიმე ფაქტი იყო. მივუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, მაგრამ გლოვას და დარდს თავისი ფორმები აქვს. დღეს რაც ხდებოდა, ეს ნამდვილად არ არის ფორმა. რაც შეეხება ფაქტს, დარწმუნებული ვარ, თუ რაიმე კითხვის ნიშნები არსებობს, თუმცა მე მგონია, რომ არ არსებობს, ნამდვილად იქნება ის სათანადოდ პასუხგაცემული. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ მართლწესრიგის აღდგენისას ვერ იქნება განსხვავებული მიდგომა ქალის და კაცის შემთხვევაში. თუ სამართალდამცავი ორგანოები თვლიდნენ, რომ მართლწესრიგის აღდგენისთვის ძალის გამოყენება იყო საჭირო, ეს იყო გამართლებული“, - განაცხადა წილოსანმა.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონთან“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცავებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე პირი დააკავეს. ისინი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ მშვიდობიან აქციას მართავენ და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან კონკრეტული შეკითხვები აქვთ ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით. ამასთან, სასტუმრო „ჰილტონთან“ სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნაზი ფუტკარაძე შეუძლოდ გახდა. მას სამედიცინო პერსონალმა დახმარება ადგილზე გაუწია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს