მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი - საპრეზიდენტო განკარგულებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს მოქმედმა პრეზიდენტმა - ეს არის პასუხისმგებლობის თავიდან არიდების კიდევ ერთი მცდელობა

სააკაშვილის მიმართ არაადეკვატური და კანონსაწინააღმდეგო მიდგომაა, არ ხდება სათანადო მკურნალობის უზრუნველყოფა , - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„შიმშილობასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილმა ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა. ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ მის მიმართ არაადეკვატური და კანონსაწინააღმდეგო მიდგომაა და სათანადო მკურნალობის უზრუნველყოფა არ ხდება. აქედან გამომდინარე, მისი მოთხოვნები არის აბსოლუტურად სამართლიანი და უნდა იქნას დაკმაყოფილებული", - განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

ბექა ბასილაიამ ასევე ისაუბრა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მიერ დაყენებულ შუამდგომლობებზე.

"რაც შეეხება მოწმეთა ხელახლა გამოძახებას სასამართლოს წინაშე, მსგავსი შუამდგომლობა „პიჯაკების“ საქმეზეც გვქონდა და სასამართლოები, მიუხედავად იმისა ვინ არიან კონკრეტულ შემადგენლობაში, სრულიად დაუსაბუთებლად, პერმანენტულად გვეუბნებიან უარს, უმნიშვნელოვანესი მოწმეების ხელახლა დაკითხვაზე. თუ სააპელაციო სასამართლოზე პირი სარგებლობს მსგავსი უფლებით, პირველი ინსტანციის სასამართლოთი რატომ არ უნდა ისარგებლოს იგივეთი, როდესაც საუბარია, რომ თავად მიხეილ სააკაშვილს მიეცეს შესაძლებლობა, დასვას კითხვები იმ ადამიანებთან, რომლებიც მოცემულ საქმეში იძლევიან ჩვენებას?”, - განაცხადა ბასილაიამ.

სააკაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ 7 ნოემბერთან დაკავშირებით, ბრალდება ისე აქვთ წარდგენილი ადამიანებს, რომ პროკურატურას გამოძიება არ აქვს ჩატარებული.

„დღევანდელი მოწმეების ჩვენებით დადასტურდა, რომ პროკურატურას 2021 წელსაც არ ჰყავს იდენტიფიცირებული ადამიანები, ვინც მომიტინგეებთან იყვნენ დაპირისპირებაში და ვინც მათ მიაყენა დაზიანება. ეს ნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში, 7 ნოემბერთან დაკავშირებით, ბრალდება ისე აქვთ წარდგენილი ადამიანებს, რომ პროკურატურას გამოძიება არ აქვს ჩატარებული. როგორც 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას ამ დრომდე, არა თუ ორგანიზატორები არ ჰყავს პასუხისგებაში მიცემული, საერთოდ თითს თითზე არ აკარებს, ადამიანებს თვალები დათხარეს, ჯანმრთელობა შეურყიეს და გამოძიება არ მიმდინარეობს. 2007 წლის 7 ნოემბერთან დაკავშირებით ადამიანებმა, ვინც მისცეს ჩვენებები, თუ მასთან ვინმე სპეცრაზმელს ან პოლიციელს ჰქონდა შეხება, ამ დრომდე იდენტფიცირებული არ არის“, - განაცხადა ადვოკატმა.

გარდა ამისა, ადვოკატმა ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაზე, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ღია წერილთან დაკავშირებით, სადაც ის სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, გრიფით „საიდუმლო“ მოხსნას პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის 2013 წელს და შემდგომ პერიოდში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეულ ხარჯებს.

ადვოკატის შეფასებით, პრეზიდენტის მხრიდან ადგილი აქვს პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობას.

„ეს არის პასუხისმგებლობის თავიდან არიდების კიდევ ერთი მცდელობა. ეს არის პრეზიდენტის განკარგულებები და ამასთან დაკავშირებით ისევ პრეზიდენტის ინსტიტუტია პასუხისმგებელი. აქ არ არის პიროვნებებზე საუბარი, არ აქვს მნიშვნელობა რომელი პრეზიდენტია, საპრეზიდენტო განკარგულებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს მოქმედმა პრეზიდენტმა“, - აღნიშნა ბასილაიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა