თბილისის საკრებულოში მშობლიური ენის საერთაშორისო დღე აღინიშნა

თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით, მშობლიური ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მშობლიური ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ გახსნა. მან დამსწრე საზოგადოებას ენის საერთაშორისო დღე მიულოცა.

„მშობლიური ენა ერის იდენტობის შენარჩუნების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უნიკალური საშუალებაა. ჩვენთვის, როგორც მცირერიცხოვანი ერისთვის, განსაკუთრებით საამაყოა, რომ ქართულ ენას მსოფლიოს 6 ათასამდე ენას შორის საპატიო ადგილი უკავია. ჩვენი საამაყო წინაპრების დამსახურებით, ქართულმა ენამ საუკუნეებს გაუძლო. 21 თებერვალს მშობლიური ენის დღეს მსოფლიო აღნიშნავს. ვულოცავ ამ დღეს არა მხოლოდ ქართველებს, არამედ საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებს“,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე. მან აღნიშნა, რომ მშობლიური ენის დაცვა და განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია.

„მშობლიური ენის საერთაშორისო დღე თბილისის საკრებულოში ტრადიციულად აღინიშნება. მიხარია, რომ გვყავს საინტერესო სტუმრები და უნიკალური ექსპონატები გვაქვს გამოფენილი. საქართველოში მრავალი ეთნოსი ცხოვრობს, რომელთა ნაწილისთვისაც მშობლიური ენის შენარჩუნების საკითხი დღესდღეობით განსაკუთრებით აქტუალურია“,-განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ასევე სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ალიბეგაშვილი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აფხაზეთის ა/რ მთავრობის, სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ენათმეცნიერები და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები .

თბილისის საკრებულოში წარმოდგენილი იყო უიშვიათესი მასალა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან, ასევე ასოციაცია „ქართული შრიფტის“ მიერ წარმოდგენილი შრიფტების ნიმუშები (სხვადასხვა ეპოქის), ლექსიკონები, იშვიათი მხატვრული გამოცემები და თარგმანები.

ღონისძიების ფარგლებში, თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ქორეოგრაფიული ანსამბლების „ლაშქარის“ და „თამარიონის“ მიერ შესრულდა აფხაზური და ოსური საცეკვაო ნომრები. ასევე წარმოდგენილი იყო თოჯინების თეატრალური სანახაობაც.

სამი კალიგრაფის მიერ, ადგილზე შესრულდა ბანერი, წარწერით „მშობლიური ენის საერთაშორისო დღე“, რომელზეც საპატიო წევრებმა ღონისძიების ბოლოს ხელი მოაწერეს.

თბილისის საკრებულოში გამართული ღონისძიების ოფიციალური პარტნიორი და მხარდამჭერი სახელმწიფო ენის დეპარტამენტი და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი იყო.

მშობლიური ენის საერთაშორისო დღე იუნესკომ ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით, 1999 წელს დააწესა. იუნესკოს შეფასებით, მსოფლიოს დაახლოებით 6 ათასი ენიდან ნახევარს უახლოეს ხანებში გაქრობის საფრთხე ემუქრება.

საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2015-16 წწ. შესაძლებელი გახდა საქართველოს ზოგიერთ სკოლაში მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების მშობლიური ენების სწავლება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა