პაატა დავითაია - ჩვენ, ისევე ვართ ევროპის უსაფრთხოების ნაწილი, როგორც უკრაინა - როცა უკვე ვიცით რუსეთის სტრატეგია, უნდა გავაცნობიეროთ, რომ რუსული აგრესიის და ანექსიის შემდგომი სამიზნე არის საქართველო

პაატა დავითაია - ჩვენ, ისევე ვართ ევროპის უსაფრთხოების ნაწილი, როგორც უკრაინა - როცა უკვე ვიცით რუსეთის სტრატეგია, უნდა გავაცნობიეროთ, რომ რუსული აგრესიის და ანექსიის შემდგომი სამიზნე არის საქართველო

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია რუსეთის მიერ დონბასის და დონეცკის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ანექსიის გაზრდილი საფრთხის შესახებ საუბრობს.

- მოვლენების განვითარების რა სცენარი შეიძლება მოჰყვეს რუსეთის მიერ დონბასის და დონეცკის აღიარებას?

- რუსეთის მიერ დონბასის და დონეცკის რესპუბლიკების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება არის საერთაშორისო სამართლის ყველა ფუნდამენტური პრინციპის და კონვენციის დარღვევა. ეს უკვე შემდგარი ფაქტია, რისი მხოლოდ დაგმობაც, ჩვენი პარტნიორების მხრიდან, საკმარისი არ არის. საერთაშორისო სამართალში არის დეფინიცია, საერთაშორისო სამართლის ძლიერი სუბიექტი. მოგვწონს ეს თუ არ მოგვწონს, დღეს ეს სუბიექტია რუსეთი, რომელმაც უხეშად უგულებელყო ყველა არსებული ნორმა და ფაქტობრივად დაარღვია ევროპის შუაგულში ევროპის უსაფრთხოების კონცეფცია. ამ ნაბიჯის გადადგმამდე რუსეთმა ეს სცენარი მოსინჯა და განახორციელა 2008 წელს, რაც ნათლად გამოჩნდა უშიშროების საბჭოს სხდომაზე, როდესაც მედვედევმა თქვა, ჩვენ მივიღეთ გამოცდილება, შეგვიძლია გადავდგათ გარკვეული ნაბიჯები, რის შემდეგაც მოდიან ჩვენთან და გვთავაზობენ ყველაფრის აღდგენასო. ეს უნდა გაითვალისწინოს დასავლეთმა და არ შემოიფარგლოს მხოლოდ და მხოლოდ განცხადებებით. დასავლეთმა და კერძოდ, ამერიკამ უნდა იმოქმედოს, როგორც ძლიერმა საერთაშორისო სუბიექტმა. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ იწყება ახალი ეტაპი ევროპაში. არავის ეგონოს, რომ პროცესი ამ ორი რეგიონის აღიარებით დასრულდება. სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულების პირობებში, რომელიც ამ რესპუბლიკების აღიარებასთან ერთად გაფორმდა, პუტინმა უკვე დაძრა რუსეთის შეიარაღებული ჯარების ნაწილები ამ ტერიტორიებისკენ. რუსეთი არ გაჩერდება ამ ეტაპზე ოკუპირებული ტერიტორიების „დასაცავად“. ის წავა წინ იმ საზღვრების აღსადგენად, რასაც მოიცავს მთლიანად ლუგანსკის და დონეცკის მხარე. ჯარების შესვლას მოჰყვება ე.წ მცოცავი ოკუპაცია, რაც რუსეთმა „დატესტა“ საქართველოში, რაც მათთვის შედეგიანი აღმოჩნდა იმ სისუსტეების გამო, რაც გამოიჩინა ქართულმა ხელისუფლებამ. რუსები იგივეს გააკეთებენ უკრაინაში, ყველანაირად შეეცდებიან, აიძულონ უკრაინა იმოქმედოს თავიანთი ტერიტორიების დასაცავად. რუსეთი შეეცდება ამ გზით ჩაითრიოს ომში უკრაინა და ეს საფრთხე კიდევ უფრო გაიზარდა. პუტინმა თავისი გამოსვლის ბოლო ნაწილში, პასუხისმგებლობა დააკისრა უკრაინას და ახსენა დიდი სისხლისღვრა. ეს იყო პუტინის გამოსვლის ყველაზე მძიმე სიტყვები. სტრატეგიული თვალსაზრისით, რუსეთმა უნდა შექმნას ე.წ. ბუფერული ზონები, რომ „დაიცვას“ თავისი აღიარებული რეგიონები. ასე გააკეთა, როდესაც მოახდინა ჩვენი კონტროლირებადი, კოდორის ხეობის ოკუპაცია, რაზედაც ვაფრთხილებდი მაშინდელ ხელისუფლებას. იგივეს გააკეთებს რუსეთი ახლა - ის მიიტაცებს ახალ ტერიტორიებს, უკრაინის მთავრობის ქვეშ დარჩენილ ნაწილს და მივა ადმინისტრაციულ საზღვრამდე. რუსეთი ჩავა ბოლომდე და მაქსიმალურად შეეცდება, რაც შეიძლება დიდ ტერიტორიაზე დაამყაროს თავისი კონტროლი, ის აიძულებს უკრაინას მოქმედებისკენ, რის შემდგომაც გააჩაღებს ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებს.

ამ პროცესს აქვს კიდევ ერთი ეტაპი - ეს არის შემდგომი საფრთხე, რომელიც ჩვენც გვემუქრება რუსეთის მხრიდან. გავრცელდა სერბეთის მთავრობის განცხადება, რომ მოსახლეობის 80% მხარს უჭერს დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებას. ეს არის სიგნალი სერბეთის მიერ ასევე მოხდეს ჩვენი ტერიტორიების, აფხაზეთის და ცხინვალის აღიარება. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს მუშაობა სერბეთის მთავრობასთან, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება არ მოხდეს. რუსეთი შეეცდება შექმნას ერთგვარი უსაფრთხოების კავშირი ე.წ. აღიარებული რესპუბლიკების მონაწილეობით, რაც რეალურად საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობაა. ამ კავშირში რუსეთი შეიყვანს სერბეთს, დონეცკს, ლუგანსკს, აფხაზეთს, ცხინვალს, რა თქმა უნდა, ბელარუსს. ეს იქნება ახალი პროვოკაციული ქმედებებით რუსეთის ბრძოლა საბჭოთა კავშირის აღდგენისთვის, რაც პუტინის ბოლო გამოსვლით ნათლად გამოჩნდა.

_ რა საფრთხეების წინაშე დგას საქართველო ახალი რეალობის გათვალისწინებით?

- საქართველო რეალურად დგას ტერიტორიების ანექსიის საფრთხის პირისპირ. სირაქლემის პოზიციაში ყოფნა აღარ გამოვა, არაფერს მოგვიტანს საქართველოს ხელისუფლების მოქმედების სიფრთხილე და არგაღიზიანების პოლიტიკა. დღეს საქართველოს მთავრობას აქვს რეალური შანსი, საქართველოს საკითხი მოაქციოს დასავლელი პარტნიორების „დღის წესრიგში“. ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ რუსული აგრესიის და ანექსიის შემდგომი სამიზნე არის საქართველო, უნდა მოხდეს შეიარაღების მიღება პარტნიორებისგან და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების მაქსიმალური გაძლიერება. საჭიროა ძალიან მკაცრი მოქმედებები, რომელიც დამოკიდებული უნდა იყოს არა მხოლოდ თავდაცვისუნარიანობის, არამედ დემოკრატიის პრინციპების გაძლიერებისთვის ჩვენს ქვეყანაში.

ჩვენ, ისევე როგორც უკრაინა, ვართ ევროპის უსაფრთხოების ნაწილი, ეს უნდა დავანახოთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. არ მინდა მძიმე შეფასებების გაკეთება, მაგრამ არსებობს რუსული დროშის საფრთხე, როგორც მეიდანზე, ასევე რუსთაველის გამზირზე, რაც აგრესორმა შესაძლოა გააკეთოს, როგორც უკრაინელების, ასევე ქართველების ხელით.

ჩვენ ვიცით რუსეთის ფედერაციის გეგმა და სტრატეგია, რისი მიღწევა სურთ მათ უკრაინასა და საქართველოში. ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს ახალი უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავება. პროცესში უნდა მოხდეს პოლიტიკური პარტიების ჩართვა. საქართველო არ არის მხოლოდ „ქართული ოცნების“ ქვეყანა, ის ყველასია, ამიტომ ხელისუფლებამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ ჩვენ წინაშე მდგარი საფრთხეები და ერთიანი ეროვნული მიდგომა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით არის ურყევი ღირებულება, რომელიც ყველას გვაერთიანებს.