რომან გოცირიძე - მიხეილ სააკაშვილი ვეღარ გადაიტანს იმ სახით შიმშილობას, რაც უკვე ვნახეთ - ხელისუფლების ვერაგული გეგმაა, სააკაშვილი გახადოს პოლიტიკურად ქმედუუნარო

ხელისუფლება იქცევა არაადამიანურად, ვინაიდან, არაფერი არ დაუტოვა გარდა იმისა, რომ კვლავ პროტესტის ფორმა გამოიყენოს, რომელიც შეიძლება სიცოცხლის ფასადაც კი დაუჯდეს , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის დაწყებაზე საუბრისას განაცხადა.

რომან გოცირიძის თქმით, ერთადერთი გამოსავალი დღეს მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში აღიარებულ კლინიკაში სამკურნალოდ გადაყვანაა, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ფატალური შედეგი მივიღოთ.

„ძალიან სამწუხაროა და ძალიან ცუდია იმიტომ, რომ შეიძლება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ძალიან სერიოზული დაზიანებები მოჰყვეს. ხელისუფლება იქცევა არაადამიანურად, ვინაიდან, არაფერი დაუტოვა გარდა იმისა, რომ კვლავ პროტესტის ფორმა გამოიყენოს, რომელიც შეიძლება სიცოცხლის ფასადაც კი დაუჯდეს - შიმშილობის გამეორება, როგორც თავად წავიკითხეთ გამოქვეყნებული მასალებიდან, რაც ჰოლანდიელი ექიმის რჩევების სახით იყო ნაჩვენები.მიხეილ სააკაშვილი ვერ გადაიტანს იმ სახის შიმშილობას, რომელიც ჩვენ უკვე ერთხელ ვნახეთ, ამიტომ ხელისუფლება ვალდებულია, გადადგას ადეკვატური ნაბიჯები, პასუხისმგებლობა პატიმრის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე არის ხელისუფლებაზე. როდესაც შეგნებულად არც ექიმებს უშვებ, არც ანალიზებს უტარებ, ციხის ექიმიც კი თურმე 6:00 საათის შემდეგ მიუწვდომელია, უკვე ყველანაირად შეზღუდეს, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ მიზანმიმართულად ეწევიან მისი ჯანმრთელობის დაზიანებას იმ დონით, რომ როდესაც მიხეილ სააკაშვილი გამოვა გარეთ, ის იყოს პოლიტიკურად ქმედუუნარო. ეს არის ძალიან ვერაგული გეგმა და ამაზე ხელისუფლება პასუხს აგებს.

ერთადერთი გამოსავალი დღეს არის მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სამკურნალოდ უცხოეთში აღიარებულ კლინიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ ფატალური შედეგი და ეს არ დამთავრდება კარგად არც საქართველოს ხელისუფლებისთვის“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

რომან გოცირიძემ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებებიც შეაფასა და „უზნეო“ უწოდა.

მისივე თქმით, პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა და „ასეთი გამონათქვამები ძალიან მძიმედ დაუჯდებათ“.

„ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები უზნეო განცხადებებია. „გინდ ჭამოს და გინდ იშიმშილოს“ - როგორ შეიძლება, ადამიანი დეპუტატი ხარ, ხელისუფლებას წარმოადგენ და ასეთ განცხადებას აკეთებ. ეს არ არის არც დამცინავი, არც დამამცირებელი განცხადება, ეს არის განცხადებას როდესაც ადამიანს სწირავ სასიკვდილოდ. როგორ შეიძლება 50 - დღიანი შიმშილობის შემდეგ მოუწოდო, რომ ეს შენი არჩევანია. მინისტრი გამოდის და ყველას უფლებაა იშიმშილოსო. როდესაც არ არსებობს სასამართლო, როდესაც ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება ერთი ადამიანის კარნახით, სხვა გამოსავალი რა დარჩენია?

ჩვენ შევიკრიბებით ამ დღეებში, ხვალ ან ზედ და დავსახავთ გეგმას არსებული რეალობიდან გამომდინარე იმიტომ, რომ ყოველი დღეს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობისა აახლოებს მას რეალურად ქმედუნარიანობის დაკარგვის საფრთხესთან. ასე გაგრძელების შემთხვევაში ძალიან მძიმე ცოდვას ჩაიდენს ნებისმიერი ის ადამიანი, რომელიც ივანიშვილის პირდაპირ ბრძანებას ასრულებს. პასუხისმგებლობას ვერავინ ვერ აიცილებს. ასეთი გამონათქვამები ძალიან მძიმედ დაუჯდებათ ამ ადამიანებს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

გარდა მიხეილ სააკაშვილის საკითხისა, დეპუტატმა „პალიტრანიუსის“ ეთერში უკრაინა - რუსეთის კრიზისზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ამ კრიზისს საქართველოს კონტექსტში განვიხილავთ, კარგად გამოჩნდება, რა მოხდა 2008 წელს.

„თუ საქართველოს კონტექსტს განვიხილავთ, ყველამ კარგად დაინახა რა მოხდა 2008 წელს. მრავალწლიანი ბრძოლა დაჭირდა საქართველოს, რომ დაემტკიცებინა თავისი სიმართლე იმ ტოტალური დეზინფორმაციის ნიაღვარში, რომელსაც ხელს უწყობდა თავად საქართველოში არსებული მოღალატეთა კლასი, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც აბრალებდნენ საქართველოს მაშინდელ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ომის დაწყებას და ფაქტობრივად, რუსეთის აგრესიას ამართლებდნენ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა