შალვა პაპუაშვილი - რიგგარეშე სხდომა ვერ ჩატარდება და ასევე, დღეს სხდომის გახსნის პროცედურებიც არ გაიმართება

რიგგარეშე სხდომა ვერ ჩატარდება და ასევე, დღეს სხდომის გახსნის პროცედურებიც არ გაიმართება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მას საპარლამენტო უმრავლესობამ წერილობით მიმართა და უმრავლესობის წევრი 82 დეპუტატიდან სხდომას არცერთი დაესწრება.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გუშინ საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა მიმართა პრეზიდენტს, დღეს, 25 თებერვალს, მათ მიერ წინასწარ განსაზღვრული დღის წესრიგით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით. ხაზს ვუსვამ, რომ საუბარია რიგგარეშე სხდომაზე და არა საგანგებო სხდომაზე, რომელიც, მხოლოდ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ იმართება.

პრეზიდენტმა ხელი მოაწერა აღნიშნული სხდომის მოწვევის განკარგულებას, რაც, თავის მხრივ, განვმარტავ, რომ წარმოადგენს პრეზიდენტის ფორმალურ უფლებამოსილებას, ვინაიდან კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტი არ შედის მოთხოვნილი სხდომის დღის წესრიგის პარლამენტის რეგლამენტთან შესაბამისობის თუ მისი მიზანშეწონილობის განხილვაში.

როგორც იცით, საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინვე განაცხადა, რომ ის არ დაესწრება რიგგარეშე სხდომას ორი მიზეზის გამო:

  1. რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის ორივე საკითხი ეწინააღმდეგება პარლამენტის რეგლამენტს. კერძოდ, პირველი საკითხი ითვალისწინებს პრემიერ-მინისტრის დაბარებას, რაც არა ამ ფორმით, არამედ თავად პარლამენტის გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს, ხოლო მეორე საკითხი საერთოდ არ ჯდება პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ რომელიმე ფორმატში;
  2. ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციის ნაწილისგან ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარე დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ამ სხდომის გამართვის რეალური მიზანი არა საქართველოს უსაფრთხოებაზე ზრუნვა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების განხილვა და უკრაინელ ხალხთან სოლიდარობაა, არამედ უკრაინის საკითხის შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და პარლამენტის სხდომის საზოგადოებაში განხეთქილების და დაპირისპირების გამოწვევის სურვილია.

გუშინვე საპარლამენტო უმრავლესობამ წერილობით მომმართა და ამ მიზეზების აღწერასთან ერთად პარლამენტს აცნობა, რომ უმრავლესობის წევრი 82 დეპუტატიდან არცერთი არ დაესწრება სხდომას. შესაბამისად, ვინაიდან საპარლამენტო უმრავლესობის მიღმა დარჩენილია 61 დეპუტატი, არსებული მოცემულობით, თეორიულადაც გამორიცხულია სხდომის გახსნისთვის საჭირო 76 დეპუტატის მიერ რეგისტრაციის გავლა. გამომდინარე აქედან, რიგგარეშე სხდომა ვერ ჩატარდება და ასევე, აზრს მოკლებულია რეგისტრაციის პროცედურის გამართვაც. შესაბამისად, დღეს სხდომის გახსნის პროცედურები არ გაიმართება.

აქვე, როგორც საზოგადოებას, ისე დეპუტატებს შევახსენებ, რომ სამშაბათს გაიმართება პარლამენტის მორიგი სხდომა, რომელიც, რეგლამენტის მიხედვით, პოლიტიკური განცხადებების ფორმატით გაიხსნება, ასე რომ ყველას ექნება შესაძლებლობა, პარლამენტის მორიგი სხდომის ფორმატში გამოხატოს საკუთარი მოსაზრება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით,“- განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან კოორდინაციით სრულად იყო ჩართული უკრაინაში ომის თავიდან აცილების, ახლა კი ომის შეჩერების საქმეში.

„ჩვენს საზოგადოებას შევახსენებ, რომ 1. საქართველოს პარლამენტი იყო მსოფლიოში მეორე პარლამენტი რომელმაც მიიღო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია;

  1. საქართველო იყენებს ყველა საერთაშორისო პლატფორმას (გაერო, ეუთო, ევროსაბჭო, ევროკავშირის ფორმატები) საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად და ომის შეწყვეტისთვის ქმედითი ღონისძიებების გასატარებლად. მხოლოდ ბოლო 3 დღის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე მონაწილეობდა ვენაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში. თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია მონაწილეობდა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობდა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში. ყველა ამ ფორმატში მსჯელობა რა თქმა უნდა შეეხებოდა უკრაინას და რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს;
  2. საქართველოს ელჩი უკრაინაში და კონსული დღემდე რჩებიან კიევში, ხაზს ვუსვამ, დღემდე ისინი იმყოფებიან კიევში და არიან კავშირზე უკრაინის ხელისუფლებასთან და უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან.
  3. საქართველოს მთავრობამ, საქართველოში უკრაინის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, დაიწყო საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტის გამო საქართველოში დარჩენილი უკრაინის მოქალაქეების განთავსება სასტუმროებში.
  4. საქართველოს მთავრობა სწავლობს უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების საჭიროებებს და მოთხოვნისთანავე უზრუნველყოფს მის მიწოდებას,“- განაცხადა პაპუაშვილმა.
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა