ხათუნა ბურკაძე - დღეს უკრაინელები ჩვენი უსაფრთხოებისთვისაც იბრძვიან და უპრეცედენტო მხარდაჭერა სჭირდებათ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიფიქროთ  უკრაინის, დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის ალიანსში საქართველოს ჩართულობაზე

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ საომარ მოქმედებებზე, იმაზე, სავარაუდოდ, შეძლებს თუ არა კოლექტიური დასავლეთი რუსული აგრესიის შეჩერებას, შექმნილ ვითარებაში რა უნდა გააკეთოს საქართველომ პარტნიორებთან ერთად, რომ უზრუნველყოს ქვეყნის უსაფრთხოება, „ინტერპრესნიუსი“ „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური მიმართულების დირექტორს, საერთაშორისო სამართლის დოქტორს, პროფესორს, ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის კურსდამთავრებულს, ჰარვარდის მოლაპარაკებების პროგრამის მონაწილეს ხათუნა ბურკაძეს ესაუბრა.

- ქალბატონო ხათუნა, პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ფრონტის ხაზიც საკმაოდ დიდია და იმ ქალაქების გეოგრაფიაც რისი დაბომბვა რუსეთმა შეძლო და ის ტერიტორიებიც დიდია, საიდანაც სატანკო შეტევები აქვს დაწყებული.

დამკვირვებელთა უმრავლესობა თანხმდება, რომ „ცივი ომის“ შემდეგ ასეთი მასშტაბის კრიზისი მსოფლიოში არ ყოფილა. ახლა რუსეთი არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ ცივილიზებულ სამყაროს დაუპირისპირდა.

ფუჭი აღმოჩნდა ვარაუდი, რომ კრემლს მის მიმართ დაწესებული ეკონომიკური სანქციები შეაჩერებდა. თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა უკრაინაში ხდება?

- უპირველეს ყოვლისა, მსურს გამოვხატო მტკიცე სოლიდარობა და მხარდაჭერა თავისუფლებისათვის მებრძოლი უკრაინელი ხალხის მიმართ.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო მოქმედებები საფრთხის შემცველია არა მხოლოდ ევროპული უსაფრთხოებისათვის, არამედ მთლიანად წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისათვის. რუსების მიერ ხდება საერთაშორისო სამართლის ყველა ფუნდამენტური პრინციპის ერთდროულად ხელყოფა და სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ ყველა აკრძალული მეთოდის გამოყენება.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბალისტიკურ რაკეტებსა და რეაქტიულ სისტემებს იყენებს. კრემლი შეტევებს ერთდროულად რამდენიმე მიმართულებიდან ახორციელებს. პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, კიევში ვითარება უკიდურესად რთულია. უპილოტო თვითმფრინავები ბომბებს საცხოვრებელ სახლებზე ყრიან. მეტიც, უშუალოდ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შეფასებით კი კიევი გახდა საშინელი რუსული სარაკეტო თავდასხმების სამიზნე. მსგავსი საფრთხის წინაშე დედაქალაქი არ აღმოჩენილა 1941 წლის შემდეგ, როდესაც მას ფაშისტური გერმანია თავს დაესხა.

ამ წუთებში კიევის ქუჩებში ბრძოლა მიმდინარეობს. ასევე, რუსმა ჯარისკაცებმა „ჩერნობილის“ ობიექტების პერსონალი მძევლად აიყვანეს. ეს აფერხებს იმ რუტინული ფუნქციების განხორციელებას, რომლებიც აუცილებელია ბირთვული ნარჩენების ობიექტების შესანარჩუნებლად და დასაცავად.

უკრაინის ბირთვული რეგულირების ინსპექციის ინფორმაციით, ჩერნობილის დახურულ ზონაში რადიაციის საკონტროლო დონის მომატება შეინიშნება. აღნიშნული კანონგარეშე, დესტრუქციული მოქმედებები ცხადყოფენ, რომ კრემლი მთლიან ევროპას ომს უცხადებს.

ასევე, აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ საბავშვო ბაღსა და საცხოვრებელ სახლებზე თავდასხმა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევაა, რაც საერთაშორისო სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს.

ამ ურთულეს ვითარებაში უკრაინელი ჯარისკაცები ღირსეულად უმკლავდებიან რუსეთიდან მომდინარე აგრესიულ მოქმედებებს და მედგრად იგერიებენ რუსეთის სამხედრო შენაერთების თავდასხმებს.

რუსების მიერ ხდება საერთაშორისო სამართლის ყველა ფუნდამენტური პრინციპის ერთდროულად ხელყოფა და სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ ყველა აკრძალული მეთოდის გამოყენება...

- მოსკოვი აცხადებს, რომ მისი მიზანია უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. გვახსოვს, 2008 წელს კრემლი აცხადებდა, რომ „სამხრეთ ოსეთში“ საქართველოს მშვიდობის იძულების ოპერაციას ატარებდა“. 2008 წლის აგვისტოს ომს ჩვენ აუცილებლად შევეხებით.

უკრაინის წინააღმდეგ აშშ-სა და დასავლეთის ქვეყნების ლიდერები ბევრს საუბრობდნენ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებზე, თუ რუსეთი ომს დაიწყებდა. მიუხედავად იმისა, რომ კიევს მოსკოვისთვის ომის დაწყების საბაბი არ მიუცია, კრემლში გადაწყვეტილებების მიმღებმა პრეზიდენტმა პუტინმა მაინც მიიღო გადაწყვეტილება საომარი მოქმედებების დაწყების შესახებ.

როგორ შეაფასებდით უკრაინაში რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყებამდე და დაწყების შემდეგ აშშ-სა და კოლექტიური დასავლეთის მოქმედებას?

- რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე, ამერიკის შეერთებული შტატები და მისი ევროპელი მოკავშირეები ჩართულები იყვნენ აქტიურად დიპლომატიური მოლაპარაკებების პროცესში.

პარალელურად, ბოლო პერიოდში, აშშ-მა უკრაინას 700 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი სამხედრო დახმარება გაუწია. პოლონეთმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისათვის საჰაერო თავდაცვისთვის საჭირო იარაღი და თვითმფრინავები გადაეცა. კანადა უკრაინას 340 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის დახმარებას უწევს. გაერთიანებულმა სამეფომ კიევის ტანკსაწინააღმდეგო იარაღით მომარაგება დაიწყო.

ბალტიისპირეთის სახელმწიფოები, ვაშინგტონის თანხმობით, უკრაინას ამერიკულ შეიარაღებას აწვდიდნენ. ჩეხეთმა უკრაინას საარტილერიო ჭურვები გადასცა. თურქეთმა კი კიევს ტანკსაწინააღმდეგო დრონები მიაწოდა. ასევე, ალიანსის წევრი ქვეყნები აქტიურად იყვნენ ჩართულები აღმოსავლეთ ფლანგის სახელმწიფოების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების პროცესში, მათ შორის სახმელეთო, საჰაერო წარმომადგენლობის გაზრდით.

ამასთანავე, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით 8 500 სამხედრო მზადაა მხარი დაუჭიროს ალიანსის სწრაფი რეაგირების ძალებს. ზოგადად, კრიზისის შედეგად შექმნილ საფრთხეებზე რეაგირების მიზნით, აღნიშნულ ძალებს, უმოკლეს პერიოდში, შეუძლიათ გადაადგილება.

რუსეთის მიერ სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ, უკრაინა, დამატებით, პარტნიორებისგან თანამედროვე იარაღსა და სხვადასხვა სახის რესურსს იღებს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დააწესა. აღნიშნული პაკეტის თანახმად, რუსეთს ეზღუდება ბიზნესის წარმოება დოლარში, ევროში, ფუნტსა და იენში. შეჩერდება რუსული არმიის დაფინანსების შესაძლებლობა. აშშ-მ სანქციები დაუწესა რუსულ ბანკებს, რის შედეგად საუბარია დაახლოებით ერთი ტრილიონი დოლარის აქტივების გაყინვაზე. დაწესებული ზომები გულისხმობს რუსეთის გლობალური ეკონომიკიდან გარიყვას და მაღალტექნოლოგიურ 21-ე საუკუნის ეკონომიკისადმი მისი წვდომის შეფერხებას.

ამ ურთულეს ვითარებაში უკრაინელი ჯარისკაცები ღირსეულად უმკლავდებიან რუსეთიდან მომდინარე აგრესიულ მოქმედებებს და მედგრად იგერიებენ რუსეთის სამხედრო შენაერთების თავდასხმებს

ევროკავშირის სანქციების მეორე ეტაპი მოიცავს ფინანსურ, ენერგეტიკის, ტრანსპორტის სექტორებს და სავიზო შეზღუდვებს. უშუალოდ ფინანსური სანქციები შეეხება რუსეთის საბანკო ბაზრის 70%-ს და საკვანძო სახელმწიფო კომპანიებს, მათ შორის თავდაცვის სფეროში. იკრძალება რუსული ავიაკომპანიებისთვის თვითმფრინავებისა და აღჭურვილობის მიყიდვა. რუსეთს ეზღუდება წვდომა მნიშვნელოვან ტექნოლოგიებზე.

ასევე, ევროკავშირის სანქციები გულისხმობს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრისათვის პერსონალური სანქციების დაწესებას. აღნიშნული სანქცია ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომაც დააწესეს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით კი, პუტინი და ლავროვი არიან პასუხისმგებელნი იმაზე, რომ უკრაინაში უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან.

კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ კანადა აწესებს სანქციებს, რომლებიც მოიცავს 58 ფიზიკურ და იურიდიულ პირს, მათ შორის რუსული ელიტის წევრებს და მათი ოჯახის წევრებს. ასევე, კანადა ყველა საექსპორტო ნებართვას უჩერებს რუსეთს და აუქმებს არსებულს.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის გადაწყვეტილებით, ყველა ძირითადი რუსული ბანკის აქტივები გაიყინება და ისინი გაერთანებული სამეფოს ფინანსური სისტემიდან გაითიშებიან. ასევე, შეჩერდება ორმაგი დანიშნულების საექსპორტო ლიცენზიებიც, რაც დაფარავს ისეთ პროდუქციებს, რომელიც შეიძლება სამხედრო მიზნებით გამოიყენონ.

ახალმა ზელანდიამაც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა, ხოლო რუსეთის სამხედრო და უსაფრთხოების ძალებისთვის კი საქონლის ექსპორტი აკრძალა. ამასთანავე, ახალმა ზელანდიამ დროებით შეაჩერა ორმხრივი კონსულტაციები სამინისტროების დონეზე.

გერმანიამ „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ სერტიფიცირება შეაჩერა. გერმანიის ფინანსთა მინისტრმა გამოხატა მზაობა რუსეთის SWIFT-დან გათიშვასთან დაკავშირებით. ევროპის საბჭომ რუსეთს წარმომადგენლობითი უფლება შეუჩერა. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა რიგგარეშე სამიტი მოიწვია. ნატო-მ რუსეთს მოსთხოვა უკრაინიდან ჯარების გაყვანა.

დაწესებული ზომები გულისხმობს რუსეთის გლობალური ეკონომიკიდან გარიყვას და მაღალტექნოლოგიურ 21-ე საუკუნის ეკონომიკისადმი მისი წვდომის შეფერხებას

ალიანსმა აამოქმედა თავდაცვის გეგმა, რაც გულისხმობს საბრძოლო მზადყოფნაში სამხედრო ძალების გადასვლას და აღმოსავლეთ ფლანგზე შეიარაღებას ზრდას. სწრაფი რეაგირების ძალები მზადყოფნაშია.

ამასთანავე, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ალიანსი გააგრძელებს საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერას. ალიანსი მრავალმხრივ სამხედრო-ტექნიკურ დახმარებას აღმოუჩენს უკრაინას, მათ შორის განიხილება საჰაერო თავდაცვის სისტემებით უზრუნველყოფა.

აღნიშნული გადაწყვეტილებები მიანიშნებენ, რომ დასავლეთი გადავიდა გაცილებით უფრო აქტიური რეაგირების ფაზაში. სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით ხდება იმის ჩვენება, რომ თუ რუსეთი არ შეწყვეტს აგრესიული მოქმედებების განხორციელებას, ეს მას სტრატეგიულად ძვირი დაუჯდება.

გერმანიამ „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ სერტიფიცირება შეაჩერა. გერმანიის ფინანსთა მინისტრმა გამოხატა მზაობა რუსეთის SWIFT-დან გათიშვასთან დაკავშირებით. ევროპის საბჭომ რუსეთს წარმომადგენლობითი უფლება შეუჩერა. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა რიგგარეშე სამიტი მოიწვია. ნატო-მ რუსეთს მოსთხოვა უკრაინიდან ჯარების გაყვანა

- თუ 2008 წლის აგვისტოს ომი აშშ-სა და დასავლეთისთვის დიდი მოულოდნელობა იყო, ახლა ამას თავად ჩვენი დასავლელი პარტნიორები აღიარებენ. მაგრამ, მას შემდეგ რაც 2021 წლის ბოლოს კრემლმა დასავლეთს უსაფრთხოების გარანტიებზე თავისი ულტიმატუმი წაუყენა, აშშ და კოლექტიური დასავლეთი გაცილებით უფრო მომზადებული შეხვდა.

ომის პირველმა დღემ აჩვენა, რომ „უკრაინაში რუსული ტრიუმფალური მარში“ არ შედგა. მეტიც, დაწყებული საომარი მოქმედებები საკმაოდ დიდხანს გაგრძელდება.

იმის გათვალისწინებით, რომ რუსული აგრესია უკრაინაში სულ უფრო დიდ მასშტაბებს იძენს, რამდენად საკმარისია ის ნაბიჯები, რასაც დასავლეთი დგამს რუსული აგრესიის შესაჩერებლად?

- ზემოაღნიშნულ ფინანსურ, პოლიტიკურ ზომებთან და სამხედრო დახმარებასთან ერთად აუცილებელია გაგრძელდეს მტკიცე და ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღების, განხორციელების პროცესი, რათა უკრაინას ჰქონდეს მეტი სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული ინსტრუმენტი.

დღეს უკრაინას უპრეცედენტო მხარდაჭერა სჭირდება, რათა რუსეთის აგრესიას გაუმკლავდეს. უკრაინელი ჯარისკაცები ჩვენი უსაფრთხოებისთვისაც იბრძვიან, რადგან რუსეთის მიერ დაწყებული ომი საფრთხეს უქმნის როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს სახელმწიფოებრიობას და მთლიანობაში, თანამედროვე ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას.

სამხედრო ესკალაციის მოცემული მასშტაბი და რუსეთის მიერ გაცხადებული ულტიმატუმები ხელყოფენ იმ წესებს, რომლებზეც საერთაშორისო თანამეგობრობის აქტორები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეთანხმდნენ.

სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეში გვიწევს ბრძოლა სუვერენული სახელმწიფოების პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის, რადგან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს საბჭოთა კავშირი 2-ის აღდგენა სურს.

თუ რუსეთი არ შეწყვეტს აგრესიული მოქმედებების განხორციელებას, ეს მას სტრატეგიულად ძვირი დაუჯდება

- უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადი გახადა, რომ 2008 წლის აგვისტოში ომი საქართველოს არ დაუწყია, იგი კარგა ხნის წინ კარგად დაგეგმილი და განხორციელებული რუსული აგრესიის მსხვერპლი იყო. მეტიც, „ტალიავინის დასკვნაც“ რუსულ ინტერესებს იყო მორგებული.

ჩვენი დასავლელი პარტნიორების უმრავლესობა იმას ამბობს, რომ რაც არ უნდა გაეკეთებინა საქართველოს, შედეგი მაინც იგივე იქნებოდა, რადგან საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მაშინ ყველაზე მეტად ავღანეთისკენ იყო მიპყრობილი.

როგორ ფიქრობთ - უკრაინის მოვლენების ფონზე კიდევ დარჩება ხალხი შინ და გარეთ, ვინც თვლის, რომ 2008-ში ომი საქართველომ დაიწყო?

- უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ 2008 წლის ომი რუსეთს წინასწარ დაგეგმილი ჰქონდა. რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაწყებული და განხორციელებული აგრესიული მოქმედებები წარმოადგენდნენ მისი იმ სტრატეგიული გეგმის ნაწილს, რომელიც გულისხმობს ე.წ. გავლენის სფეროების აღდგენას.

სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეში გვიწევს ბრძოლა სუვერენული სახელმწიფოების პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის, რადგან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს საბჭოთა კავშირი 2-ის აღდგენა სურს

კრემლის მიზანია დაუშვებელი, კანონგარეშე მეთოდებით ხელი შეუშალოს ჩვენს ევროატლანტიკურ და ევროპულ მისწრაფებებს, რათა არ ჩამოვყალიბდეთ განვითარებულ, დემოკრატიულ, თანამედროვე სახელმწიფოდ და მოვექცეთ მისი გავლენის ქვეშ.

- რუსეთის შეკავების თემებზე იმსჯელეს ნატო-ს მინისტერიალზე. ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებიც იყვნენ მიწვეულები და გარკვეული გადაწყვეტილებებიც იქნა მიღებული.

მაგრამ, ახლა როცა რუსული აგრესია აქამდე არნახულ მასშტაბებს აღწევს, ფაქტია, რომ კონკრეტული ზომები სასწრაფოდაა მისაღები საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მითუმეტეს, რომ როგორც ჩანს, ეს პროცესი მართლაც საკმაოდ დიდხანს გაგრძელდება.

საქართველოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ თემებზე საკმაოდ იმედისმომცემი განცხადებები გააკეთა ვაშინგტონში მყოფმა აშშ-ს ელჩმა საქართველოში ქალბატონმა დეგნანმა.

რა უნდა გააკეთოს საქართველომ იმ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, რომლებიც დღეს რეგიონშია და როგორ უნდა შევძლოთ ცვალებად გარემოში ჩვენი ინტერესების დაცვა?

- ქართველმა ხალხმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა უკრაინელი ხალხისადმი. ქართველები და უკრაინელები ყოველდღიურად ვართ მომსწრენი იმისა, თუ როგორ ხელყოფს რუსეთი ჩვენს ტერიტორიული მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

თავად 10 წლის ასაკიდან დევნილი ვარ და 21-ე საუკუნეში არ შემიძლია ჩემი მშობლიური ქალაქის, სოხუმის მონახულება. ჩვენ წლებია ამ უსამართლობასთან, უკანონობასთან გამკლავება გვიხდება.

უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ 2008 წლის ომი რუსეთს წინასწარ დაგეგმილი ჰქონდა

შესაბამისად, რუსეთიდან მომდინარე გამოწვევების დაძლევა, უპირველეს ყოვლისა, სიმტკიცეს, მედეგობას მოითხოვს, რაც ჩვენმა ხალხმა, ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა არაერთგზის აჩვენეს.

მიუხედავად ამისა, დღეს, პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოში, პოლიტიკურ აქტორებს შორის არ არსებობს კონსენსუსი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც გვაერთიანებს და ეხება ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას, სახელმწიფოებრიობას.

ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ვითარების საერთო სურათის ანალიზის შედეგად, აუცილებელია პოლარიზაციის დასრულება და კონსოლიდაცია, რათა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი თავისუფლება, ჩვენი შვილების მომავალი. ყველაფერზე მაღლა სახელმწიფოებრივი ინტერესები უნდა დავაყენოთ.

თავად 10 წლის ასაკიდან დევნილი ვარ და 21-ე საუკუნეში არ შემიძლია ჩემი მშობლიური ქალაქის, სოხუმის მონახულება. ჩვენ წლებია ამ უსამართლობასთან, უკანონობასთან გამკლავება გვიხდება

ეს კი გულისხმობს ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე ეროვნული თანხმობის მიღწევას და პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაციის საფუძველზე რუსეთიდან მომდინარე აგრესიის შემაკავებელი ზომების შესახებ სათანადო პაკეტის შემუშავებას. ასევე, სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებისათვის აუცილებელია ახალი ინიციატივების შემუშავება.

მაგალითის სახით შემიძლია მოვიყვანო სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლების მიერ ახლახან გაკეთებული მიმართვა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისადმი.

წერილი ეხება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ესკალაციის ფონზე, საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებას რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების დასაძლევად.

კერძოდ, საუბარია აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის განახლებაზე. აღნიშნულ დოკუმენტში შესატანი ცვლილებების მიზანი იქნება განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება რუსეთიდან მომდინარე აგრესიული მოქმედებების, მათ შორის ჰიბრიდული საფრთხეების შემაკავებელ ღონისძიებებზე და რუსეთის საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხებზე.

ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ვითარების საერთო სურათის ანალიზის შედეგად, აუცილებელია პოლარიზაციის დასრულება და კონსოლიდაცია, რათა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი თავისუფლება, ჩვენი შვილების მომავალი. ყველაფერზე მაღლა სახელმწიფოებრივი ინტერესები უნდა დავაყენოთ

ასევე, აღნიშნულ დოკუმენტში მნიშვნელოვანია აისახოს, რომ 2021 წლის ნატო-ს ბრიუსელის სამიტის გადაწყვეტილებით კვლავ ხდება ხაზგასმა იმისა, რომ საქართველოს აქვს სუვერენული უფლება გარე ჩარევის გარეშე თავად განსაზღვროს მისი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, მათ შორის ნატო-ში წევრობასთან დაკავშირებითაც.

ამ ტიპის ფორმულირებები უკვე აისახა 2021 წლის 10 ნოემბერს, ვაშინგტონში, ხელმოწერილ აშშ-უკრაინის ახალ სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიაში, რომელმაც 2008 წელს ხელმოწერილი ქარტია ჩაანაცვლა.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია, ვიფიქროთ საქართველოს ახალ ფორმატებში გაწევრიანების პერსპექტივაზე. ამ კონტექსტში გამოვყოფდი უკრაინის, დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის ალიანსში საქართველოს ჩართულობის საკითხს. მსგავს გაერთიანებებში შესვლა ქვეყანას მისცემდა დამატებით შესაძლებლობებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, უსაფრთხოების საკითხებზე პარტნიორებთან ურთიერთობების განმტკიცებისათვის.

საუბარია აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის განახლებაზე. აღნიშნულ დოკუმენტში შესატანი ცვლილებების მიზანი იქნება განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება რუსეთიდან მომდინარე აგრესიული მოქმედებების, მათ შორის ჰიბრიდული საფრთხეების შემაკავებელ ღონისძიებებზე და რუსეთის საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხებზე

ასევე, ნატო-ს წევრ ქვეყნებთან ორმხრივ ფორმატებში უფრო მეტად უნდა განვავითაროთ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გეგმები და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ალიანსში ინტეგრაციის პრაქტიკული მექანიზმები თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად.

საბოლოო ჯამში, ერთიანობით, სიმტკიცითა და სწორი სტრატეგიული ხედვით პარტნიორებთან ერთად უნდა შევძლოთ რეალური საფრთხის დაძლევა, რათა დავიცვათ ჩვენი თავისუფლება.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა