“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა რამდენიმე ქალაქის საკრებულოში უკრაინის დროშა გადმოფინეს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ბათუმის საკრებულოში უკრაინის დროშა გადმოფინეს.
როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლაშა კილაბერია “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებს, ამ ფორმით უკრაინელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებენ, ამავე დროს კი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიციას არ იზიარებენ. მისივე თქმით, უკრაინის დროშა საქართველოს მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე გამოიფინა.
„ქართულ ოცნებას“ ეყო გამბედაობა და ხელი ვერ შეგვიშალა ამ პროცესში, ჩვენ ხელისუფლების გასაკეთებელს ვაკეთებთ, რადგან ისინი ამას ვერ ბედავენ. მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინას, ამ მიზნით გადმოვფინეთ უკრაინის დროშა. მსგავსი აქცია-პერფორმანსი საქართველოს მასშტაბით სხვა ადმინისტრაციულ შენობებშიც ჩატარდა. ჩვენ არ ვიზიარებთ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას. ღარიბაშვილის განცხადება არ არის ქართველი ხალხის ნება“, - განაცხადა ლაშა კილაბერიამ.
ამასთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რეზო ხარაზის თქმით, ბათუმი უკრაინის სამ ქალაქთან: ტერნოპოლთან, იალტასთან და დონეცკთან არის დამეგობრებული, ბათუმის მერიამ კი „ერთი სიტყვაც ვერ მიაწვდინა თითქმის ოკუპირებულ ქალაქებს“.
მსგავსი აქცია-პერფორმანსი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ასევე გამართეს ოზურგეთისა და ლანჩხუთის ადმინისტრაციულ შენობებთან. უკრაინის დროშა ასევე გადმოფინეს ფოთის მერიის ადმინისტრაციული შენობიდან.
ასევე, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ", უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, მუნიციპალიტეტის შენობაზე უკრაინის სახელმწიფო დროშა გადმოფინა. უკრაინის დროშა გადმოფინეს ასევე ზუგდიდის საკრებულოს შენობიდან.

























