იმ წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ, რომელიც პუტინმა უკრაინაში მიიღო, ის შეშინებულია და ბირთვული შეიარაღებით მუქარის ნაბიჯი სწორედ ამიტომ გადადგა, ეს ვა-ბანკის ვარიანტს ჰგავს, - ამის შესახებ თადარიგის პოლკოვნიკმა, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, აკია ბარბაქაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ეს არის პუტინის მხრიდან მორიგი შანტაჟი. ბარბაქაძე მიიჩნევს, რომ პანიკაში ჩავარდნისა და მსოფლიოს შეშინების საფუძველს ვერ ხედავს და აცხადებს, რომ კრემლს რეალურად ახალი არაფერი უთქვამს.
„სხვათაშორის, პირველად არ ხდება, როდესაც პუტინი მსოფლიოს ბირთვული იარაღით აშანტაჟებს. მან მიიღო პასუხი ცივილიზებული სამყაროსგან, რომ ეს გაუთავებელი შანტაჟია და ამის გაგრძელება აღარ შეიძლება. მათ უთხრეს, რომ მათაც აქვთ ბირთვული იარაღი. სწორედ ამიტომ, მეეჭვება რაიმე შედეგი მიიღო. ასევე რთულად შესაფასებელია მისი ფსიქიკური მდგომარეობა, რომელზეც უკვე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს და აშკარად სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე. ლოგიკაში არ ჯდება ის საქციელი, რომელიც მან ჩაიდინა - სწორ ადგილას შეიჭრა უკრაინაში და ატეხა სისხლისმღვრელი ომი, რომელშიც ბოლომდე გადის, რესურსი არ ჰყოფნის და დაიპირისპირა მთელი ცივილიზებული მსოფლიო. ფაქტობრივად, ის მოექცა დამანგრეველი სანქციების ქვეშ, რომელსაც ის ვერ უძლებს. დღეს იქნება სანქციების დადებიდან პირველი სამუშაო დღე და ჩვენ ვნახავთ, რომ მისი ვალუტისთვის და ეკონომიკისთვის ეს იქნება კატასტროფა.
ვფიქრობ, რომ საქმე იქამდე არ მივა, რომ პუტინმა ბირთვული არსენალი გამოიყენოს. ამას გარდა, დარწმუნებული ვარ, რომ როგორც რუსეთის შეიარაღებული ძალები ვერ აღმოჩნდა იმ სიმაღლეზე, როგორც ისინი ასაღებდნენ თავს, თითქოს უძლეველი არმია ჰყავდათ, მათ ბირთვულ პოტენციალთანაც იქნება კითხვები - ეს არის ძალიან ძველი, 70-იანი წლების დროინდელი შეიარაღება, რომელიც, მეეჭვეება, რომ განახლებული ჰყავდეთ. მათი ბირთვული პოტენციალი ხარისხით ჩამოუვარდება დასავლეთის ბირთვულ პოტენციალს, თუმცა მაინც ძალიან საშიშია მსოფლიოსთვის“, - განაცხადა ბარბაქაძემ.
მან ასევე ისაუბრა რუსეთის ბირთვულ პოტენციალზე და აღნიშნა, რომ კრემლის ბირთვული შეიარაღების მოქმედების არეალი პრაქტიკულად მთელ მსოფლიოს ფარავს.
„რუსეთის ბირთვული პოტენციალი აშშ-ს მთლიანად ფარავს. თვითონ რუსეთი ტერიტორიულად იმხელაა, რომ თავისუფლად წვდება როგორც ციმბირიდან, ისე ევროპული ზონიდან. ასევე კალინინგრადშიც შეტანილი აქვს ბირთვული შეიარაღება. სხვადასხვა სიშორის რაკეტები აქვს - კონტინენტშორისი რაკეტები, რომელიც ფარავს დიდ ტერიტორიებს და ასევე აქვთ „ისკანდერები“. ატომური ბომბი არის დამანგრეველი არამარტო თავისი აფეთქების ძალით, არამედ იმ რადიაციით, რომელიც მთელ მსოფლიოში ვრცელდება. სწორედ ამიტომ, მეეჭვება, რომ აქამდე მივიდეს საქმე. თუ ჰიპოთეტურად დავუშვებთ, რომ რუსეთის უმაღლესი მთავარსარდალი, პუტინი გონებიდან გადადგა, ეს არ არის ერთი ადამიანის ხელში. ეს არის მთელი მექანიზმი, რომელშიც მინიმუმ 2 ან 3 პიროვნება მოქმედებს, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას და შემდეგ ხდება მთელი ჯაჭვი, რომელიც გადის კონკრეტულ ობიექტამდე, რომელმაც ეს რაკეტა უნდა გაუშვას. არამგონია, რომ დანარჩენი შემსრულებლები ამას დათანხმდნენ“, - განაცხადა აკია ბარბაქაძემ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"